მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სახელმწიფოს სიძლიერე საბოლოოდ მასწავლებლის სიძლიერეზეა დამოკიდებლი - ასე თვლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზი ჭელიძე და დირექტორობის 23 წლიანი სტაჟიდან მიღებულ გამოცდილებას, მთავარ მიღწევებსა და მოსაზრებებს გვიზიარებს. აქვე, იმასაც გვიმხელს, რა მოსწონს განათლების სისტემაში ყველზე მეტად, რა ნაკლებად და რის შეცვლას ისურვებდა:
- 2002 წელს დავინიშნე დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლად. ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის და თავისთავად სკოლებისთვის. პრაქტიკულად განადგურებული იყო ინფრასტრუქტურა. ომის შემდგომ პერიოდში სკოლა პრაქტიკულად „გამოშიგნული“ იყო, გაკვეთილები ორპირ ქარში ტარდებოდა და მოსწავლეები ერთ სკამზე ისხდნენ. ამის შემდგომ ნელ-ნელა გარკვეულწილად გამოსწორდა ვითარება, თუმცა ვერ გეტყვით რომ კაპიტალური რემონტი ჩატარდა დღესაც გვაქვს ეს პრობლემა, მაგრამ სასიხარულო ამბავი ის არის, რომ სკოლა მოხვდა სიაში, რომლის ფარგლებშიც სრულად უნდა რეაბილიტირდეს და მოერგოს თანამედროვე სტანდარტებს.
- სკოლის ხელმძღვანელობის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობებისას და ზოგადად როგორი უნდა იყოს დირექტორი?
- ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ დირექტორი აუცილებლად უნდა იყოს მასწავლებელი. უნდა ჰქონდეს გავლილი ყველა ის საფეხური, რომელსაც მასწავლებელი გადის. მას უნდა ჰქონდეს გავლილი ყველა ის პრობლემა და დაბრკოლება, რომელსაც პედაგოგი გადის. დირექტორი არ უნდა იყოს თავის კაბინეტში გამოკეტილი მიუწვდომელი პირი. 23 წლის განმავლობაში ჩემს კაბინეტში ალბათ 23-ჯერ ვარ შესული. მე იქ ყოფნა მიყვარს, სადაც ჩემი მასწავლებლები არიან, ასე უკეთ ვიგებ რა პრობლემები აქვთ, რა აწუხებთ, რაში სჭირდებათ ჩემი დახმარება, რა მოსწონთ და რა - არა.
სიამაყით ვიტყვი იმასაც, რომ ჩემი დირექტორად მოღვაწეობის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა რომ პედაგოგისთვის საყვედური გამომეცხადებინა, რომ სამსახურიდან დამეთხოვა, არ მქონია შემთხვევა მოსწავლე თავისი უსაქციელობის გამო სკოლიდან გაგვერიცხა და არც ის ყოფილა, რომელიმე მშობელს საჩივარი დაეწერა - ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ სკოლაში არსებობს უდიდესი ურთიერთპატივისცემა, ნდობა და გულწრფელი კომუნიკაცია.
ჩემთვის ალბათ ყველაზე დიდი მონაპოვარი არის ის, რომ შევძელი მოსწავლეებთან ძალიან გახსნილი უშუალო დამოკიდებულება მქონოდა. დღემდე მიზიარებენ და მიყვებიან ყოფილი მოსწავლეები თავიანთი წარმატებების შესახებ, ამიტომ ვფიქრობ, რომ რომ ძალიან ჯანსაღი სკოლა მაქვს მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურულად არ ვართ გამართულები და ტექნიკური რესურსიც არასაკმარისია. გვაქვს ადამიანური, ჯანსაღი დამოკიდებულებები, ურთიერთპატივისცემა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- საუბრის დასაწყისში რესურსების ნაკლებობაზე გაამახვილეთ ყურადღება. სწავლისადმი თანამედროვე მიდგომებს თუ გავითვალისწინებთ უნდა ვთქვათ რომ საგანმანათლებლო რესურსების, ტექნოლოგიების, ლაბორატორიების და ა.შ. გამართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება - პროექტებით სწავლება, განმავითარებელი თუ კომპლექსური დავალებები, აღნიშნული მიდგომები ხომ სწორედ ამაზეა აგებული... რა ხდება ამ მხრივ თქვენთან და როგორ ახერხებთ სწავლის თანამედროვე სისტემების გამოყენებას?
- თავადაც ვასწავლი, ფიზიკის პედაგოგი ვარ, ამიტომ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ შეძლებისდაგვარად, რასაც სკოლის, სოფლის და ჩემი მოსწავლეების რესურსი წვდება იმას ვაკეთებთ. ძალიან მიყვარს კეთებით სწავლება, ამასთან ჩემი მოსწავლეები აქტიურად იღებენ მონაწილეობას კონფერენციებში, კონკურსებსა და სასწავლო შემოქმედებით პროექტებში. არაერთი ჯილდო და სიგელი აქვთ მოპოვებული, რაც ძალიან მახარებს. ზოგადად ვფიქრობ, რომ არაფორმალური კუთხით მოსწავლეთა აქტივობებს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც მათ ახლანდელ განვითარებაზე, ისე სამომავლო წარმატებაზე.
რაც შეეხება სწავლების თანამედროვე მიდგომებს, ზოგადად სიახლეები ჩვენში, ერში გარკვეულ პროტესტს იწვევს, მაგრამ დროთა განმავლობაში ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი კარგია და მოგვწონს. აღვნიშნავდი, რომ განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით ძალიან საინტერესო კომპლექსური დავალებები აქვთ მოსწავლეებს. 2 წლის წინ, როცა კომპლექსური დავალებები პირველად შემოიტანა სამინისტრომ პედაგოგების დიდ უმრავლესობას გარკვეული პროტესტი ჰქონდა და გულწრფელად გეტყვით, არც ერთი პედაგოგისთვის არ დამიძალებია რაიმეს გაკეთება. დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია, პედაგოგებიც მონდომებულები არიან და მოსწავლეებიც.
თუმცა ერთია, თუ გინდა რომ ასწავლიდე, შენც აუცილებლად უნდა სწავლობდე ყოველდღიურად. შეუძლებელია დღეს, 21-ე საუკუნეში ისეთივე მიდგომებით ასწავლო მოსწავლეებს, როგორც ამას 80-90-იანი წლების ბოლოს აკეთებდი. ძალიან ბევრი კარგი სიახლე დაინერგა, თუმცა ბოლომდე ყველა ცვლილებით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ, არის რაღაცები, რაც მომწონს და რაღაცები - რაც არ მომწონს.
- რომელია ის რეფორმები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ?
- რამდენიმე რეფორმას გამოვყოფ, რომლიც განსაკუთრებით მომეწონა და მათ შორის ერთ-ერთი რესურსოთახის შექმნა და სსსმ მოსწავლეების სასკოლო სივრცეში ჩართვაა. ძალიან მიხარია რომ ეს ლაბირინთი წარმატებით გავიარეთ.
მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა სკოლაში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად საგანმანათლებლო სისტემაში მანდატურის შემოსვლა იყო. არ ვიცი სხვები რას ფიქრობენ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მანდატურის სამსახურმა ნამდვილად მოახერხა სასკოლო სივრცეში უსაფრთხო გარემოს შექმნა.
ამასთან, ახლა ეწყობა სკოლაში ექიმის კაბინეტი და ძალიან მიხარია, რომ ამის პარალელურად სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს შეხვედრები ექნება მოსწავლეებთან. გააცნობს და მიაწვდის მათ იმ ძირითად და მნიშვნელოვან ინფორმაციას სამედიცინო მიმართულებით, რომელიც აუცილებელია მოსწავლეებს ჰქონდეთ.
- ქალბატონო გულნაზ, რომელი რეფორმა აღმოჩნდა თქვენთვის ნაკლებად მისაღები და როგორ შეცვლიდით, რომ შეგეძლოთ?
- მოდით მასწავლებლების პოზიციიდან გიპასუხებთ. როგორც იცით, პედაგოგებმა წელსაც ჩააბარეს გამოცდები, მათ ნაწილს გამოცდის ბარიერზე ერთი, ორი ქულა დააკლდა, ზოგმა გაასაჩივრა და 6 ქულა მოემატა, ზოგმა აღარ გაასაჩივრა და ამაზე გულისწყვეტა ჰქონდათ. ვფიქრობ, რომ კი, გამოცდები მნიშვნელოვანია, თუმცა მგონია რომ მასწავლებლებისთვის ტრენინგები უფრო მნიშვნელოვანი და ბევრის მიმცემია. ვთვლი, რომ გამოცდებზე ხშირად, პედაგოგებს ტრენინგები უნდა უტარდებოდეთ.
ამასთან, მგონია როცა პედაგოგს 30-50 წლიანი სტაჟი აქვს გამოცდას აღარ უნდა აბარებდეს. გული მწყდება იმაზე, რომ პედაგოგს არ აქვს დაფასება. ასაკოვან მასწავლებელს უნდა შეეძლოს იმის თქმა, რომ საკმარისია ჩემი მუშაობა და დროა, ახალ კადრს დავუთმო გზა და არ უნდა ეშინოდეს, რომ ვერ შეძლებს საკუთარი თავის შენახვას, წამლის ყიდვას და ა.შ.
სახელმწიფოში მასწავლებელი განსაკუთრებულად უნდა იყოს დაფასებული. თუ სკოლა და მასწავლებელი განსაკუთრებულ საფეხურზე იქნება დაფასების მხრივ, როგორც მატერიალურად, ისე ტექნიკურად ეს მხოლოდ ქვეყანას წაადგება, რადგან მგონია რომ თუ მასწავლებელი ძლიერია, სკოლაა ძლიერი და თუ სკოლაა ძლიერი, სოფელია ძლიერი; სოფლის სიძლიერე კი სახელმწიფოს სიძლიერეა, ყველაფერი ჯაჭვივითაა ბმაში. ამიტომ სიძლიერე და ძლიერი თაობები მაინც ჩვენი, მასწავლებლების კისერზეა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...