„და აწვალებდა მას სიკვდილამდე ქართული მზე და ქართული მიწა“- დაბა მესტიის N1 სკოლის სააქტო დარბაზში საინტერესო პროექტი განხორციელდა
01-12-2022
დაკოპირებულია
-
+
დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ხორციელდება.
ამჯერად, სკოლის სააქტო დარბაზში მესტიის N1 საჯარო სკოლის (პროექტის ხელმძღვანელი: სვეტლანა მჭედლიანი); მიხეილ ხერგიანის სახელობის N2 საჯარო სკოლის (პროექტის ხელმძღვანელი: თაკო საჯაია); გიმნაზიის (პროექტის ხელმძღვანელი: თაკო საჯაია) და ლენჯერის საჯარო სკოლის (პროექტის ხელმძღვანელები: ლია და თამუნა შუკვანები), მასწავლებელთა და მოსწავლეთა მონაწილეობით პროექტი - „და აწვალებდა მას სიკვდილამდე ქართული მზე და ქართული მიწა“, გაიმართა.
პროექტის მიზანი მასწავლებელთა დღის აღნიშვნა და ვაჟა-ფშაველას პოეზიის მსმენელთა გულებამდე მიწვდენა იყო. თავად ვაჟა-ფშაველაც ერთ დროს მასწავლებელი იყო და დიდ თონეთში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გახსნილ სკოლაში მუშაობდა.
ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მესტიის N1 საჯარო სკოლის 1-ლი კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელ თამილა ჩართოლანის, მე-2 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელ ნინო გულბანის, მე-3 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელ მადონა მჭედლიანის, მე-4 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელ ნინო ჩართოლანის, ხოლო მე-6, მე-7, მე-9, მე-11 კლასების მოსწავლეები მასწავლებელ სვეტლანა მჭედლიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობები განახორციელეს.
მე-7 კლასის ნიჭიერმა მოსწავლე, ნიკოლოზ გაბლიანმა ვაჟა-ფშაველას შემდეგი სიტყვა მიუძღვნა: „ვაჟავ, ლექსების მწერალო, ვაჟავ, ქართველო მთხრობელო, „შვლის ნუკრის დამწერელო", ქართველების მახარობელო. ვაჟავ, შენი ლექსები უყვარს ქართველ ერს, შენი მოთხრობები უყვართ ბავშვებს და იტყვიან: ოჰ, რა არის ქართველის გულით დაწერილი წიგნი. შენ, ლუკავ, რაზიკაშვილო, რა დამწერლობა გაქვს, „შვლის ნუკრის ნაამბობი" რომ წავიკითხე, მაშინ მივხვდი, რა კარგი დამწერლობაა ქართული დამწერლობა, ქართველის ხელით დაწერილი წიგნი. და შენ, ვაჟა-ფშაველავ, ქართული ენის ამყვავებელო, ქართველი ერის მახარობელო, ქართულ ენაში დიდი წვლილის შემტანო, შენ ქართველო, რა კარგი ლექსები და მოთხრობები გაქვს“.