„ვერ წარმომედგინა, რომ მასწავლებლებს აწუხებდათ ის ყოფითი პრობლემები, რაც ჩვეულებრივ ადამიანებს“ - დავით კვირცხალია
რუსთაველის თეატრის მსახიობი, დავით კვირცხალია სამტრედიის მეორე საშუალო სკოლაში სწავლობდა. ამბობს, რომ მასწავლებლებს ღმერთივით აღიქვამდა და ვერ წარმოედგინა, რომ მათაც აწუხებდათ ის ყოფითი პრობლემები, რაც ჩვეულებრივ ადამიანებს.
დავით კვირცხალია
Etaloni.ge-ს სკოლაში სწავლის პერიოდსა და იმ წიგნებზე მოუყვა, რომლებმაც მასზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინეს.
- ბატონო დავით, როგორ გახსენდებათ სკოლაში სწავლის პერიოდი, კლასელები, მასწავლებლები?
- ვგიჟდები ჩემი სკოლის მასწავლებლებზე. მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც ფიქრობდა, რომ მასწავლებელს არ აწუხებდა ჭამის პრობლემა. არ მეგონა, თუ მასწავლებელი იგივე ყოფითი საქმით იყო დაკავებული, რითიც ჩემი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები... ვერ წარმოვიდგენდი, რომ საპირფარეშოში დადიოდნენ. არ ვხუმრობ, მართლა ასე მჯეროდა.
სამტრედიის მეორე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, სადაც საუკეთესო მასწავლებლები იყვნენ. ისინი მხოლოდ იმ საგანს კი არ გვასწავლიდნენ, რომელიც ევალებოდათ, არამედ ქიმიასთან და მათემატიკასთან ერთად ღირსებას, ქცევას გვასწავლიდნენ. ჩემი ფიზიკის მასწავლებელი, ქალბატონი ლილი ჭავჭანიძე ულამაზესი და უსაყვარლესი ადამიანი იყო. არასოდეს გამიცდენია მისი გაკვეთილი, თუ მართლა ავად არ ვიყავი. პატრიოტიზმს გვინერგავდა... ქიმიას მარგო დიმიტრიევა გვასწავლიდა, მათემატიკას - ელენე დონდუა. ჩემი სკოლის დირექტორი კი განუმეორებელი ქეთო სტურუა იყო, რომელიც არც კი გათხოვდა, რადგან მოწოდებით მასწავლებელი იყო და იმით იყო გამორჩეული, რომ ყველას მშობელი გახლდათ. იყო ასეთი ლექსი - „მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი“. სწორედ ასეთი იყო ქალბატონი ქეთო.
- რა ნიშნებზე სწავლობდით?
- ვერ დავიტრაბახებ, რომ ფრიადოსანი ვიყავი, მაგრამ კარგი ოთხოსანი კი გახლდით. მაშინ ხუთბალიანი სისტემა იყო. ახლა ჩემი შვილიშვილი რომ მეუბნება, 8-იანი მივიღეო, ვერ ვხვდები, კარგია და უნდა შევაქო, თუ უნდა გავუჯავრდე.
მამაჩემიც ჩემს სკოლაში ასწავლიდა. მანქანათმცოდნეობა - ასეთი დისციპლინა შემოიღეს მაშინ და რადგან მამა ინჟინერი იყო, ამ საგანს ასწავლიდა. მამაჩემი შესანიშნავი პიროვნება იყო, -დაჯილდოებული სიმღერისა და ხატვის დიდი ნიჭით. შრომის გაკვეთილებსაც ატარებდა... დიდი ავტორიტეტი იყო იმდროინდელი სამტრედიის მეორე საშუალო სკოლაში.
სამტრედიაში იყო მუსიკალური სასწავლებელი და მისი
ხელმძღვანელი ოთარ შანიძე გახლდათ. მას მიჰყავდა მუსიკალური ცხოვრება ამ დიდებულ ქალაქში. ასეთ ატმოსფეროში ვიზრდებოდი და ძალიან კომფორტულადაც ვგრძნობდი თავს. როცა გადავწყვიტე, სამსახიობო ხელოვნებას ვზიარებოდი, საკმაო საფუძველი მქონდა, რომელიც სწორედ ჩემმა სამტრედიამ და მისმა პედაგოგებმა მომცეს. პროფესიის არჩევა იმანაც გადამაწყვეტინა, რომ სკოლის პერიოდში ვმონაწილეობდი სასკოლო რესპუბლიკურ ოლიმპიადებში, სადაც ყველა სკოლა თავისი შემოქმედებით წარსდგებოდა ხოლმე. ჩემი ნიშა კი მხატვრული კითხვა იყო. მუდმივად ყურადღებას ვიქცევდი. გადასარევი დედა მყავდა, რომელიც სულ ცდილობდა, კარგად ჩაცმულს მევლო. უნდოდა, ყველაზე კარგი შვილები ჰყოლოდა. ალბათ ბევრად უფრო კარგი შვილებიც არიან ამქვეყნად, მაგრამ მე და ჩემს ძმასაც არა გვიშავს.
- როგორი წიგნების კითხვა გიყვარდათ?
- სათავგადასავლო ლიტერატურის. ძალიან მიყვარდა ფრანგი მწერლის, ლუი ანრი ბუსენარის „ჩხუბისთავი კაპიტანი“, რომელიც ძალიან კარგი ნაწარმოებია. ერთ ღამეში წავიკითხე. ახლა ჩემს შვილიშვილს ვეხვეწები, წაიკითხე-მეთქი... მიყვარდა ასევე ალექსანდრე დიუმას „სამი მუშკეტერი“. ცოტა მოგვიანებით შემიყვარდა ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“. მე-18 საუკუნის კლასიკა მიყვარდა ძალიან. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დარტანიანი, პორთოსი, ართოსი და არამისი ჩემს გვერდით ცხოვრობდნენ და მათ კარგად ვიცნობდი. თითქოს ერთად ვლაშქრობდით. პატარა ბიჭი ღამღამობით ვკითხულობდი, როცა ყველას ეძინა და ისინი ჩემთვის ცოცხლებივით იყვნენ. დღესაც ამ წიგნების შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. „სამი მუშკეტერის“ სამი ეკრანიზაცია მაქვს ნანახი და ჩემთვის სამივე ერთმანეთზე უკეთესია. მამას თბილისის თეატრებში, ოპერაში დავყავდით. თეატრი ჩემზე თავიდანვე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა.
- ჩხუბისთავიც ხომ არ იყავით?
- ჩხუბისთავი არ ვიყავი, მაგრამ როცა ჩემი კლასელები, ან ის ადამიანები ჩხუბობდნენ, ვინც ღირსეულად მიმაჩნდა, მათ გვერდით ვიდექი და ხშირად მომხვედრია კიდეც. ფიზიკურად ძლიერი ვიყავი, მაგრამ ჩხუბს მხოლოდ სიძლიერე არ იგებს. ჩხუბს სხვა ფსიქიკა უნდა, რომელიც ხელს აგაწევინებს და დაგარტყმევინებს სხვაზე. მე კი მორცხვი ვიყავი და ასეთად დავრჩები.
ჩხუბები და სიკვდილი ჩემს დროსაც ხდებოდა. კინოში მოკლეს სკოლის ერთი მოსწავლე ადრე, კინოში ვიყავით, იქ დაიწყეს ჩხუბი და მოკლეს. სტუდენტი რომ ვიყავი, ნუგზარ მაჭავარიანი მოკლეს, რომელიც ულამაზესი ბიჭი იყო და რამდენიმე ფილმში ითამაშა კიდეც. ზესტაფონელი იყო და იქ ყოფნისას სასიკვდილოდ სცემეს. ღმერთმა დაიფაროს ყველა ბავშვი, მაგრამ რაღაც სასწაული ამ მხრივ არ ხდება ახლა. ასეთი შემთხვევები ყოველთვის იყო და შეიძლება უფრო მეტიც კი. მახსოვს, მოფარიკავე ადეიშვილი მოკლეს და მკვლელმა იცით რა თქვა? წითელი ქურთუკი ეცვა და ამ ფერმა გამაღიზიანაო. ამ მხრივ დალაგებული სიტუაცია არასოდეს ყოფილა. ყველა ბავშვს მოვუწოდებ, საკუთარი ერის ისტორიას სცეს პატივი. ადამიანების ცუდი და კარგი საქციელით ნუ შეაფასებენ ქვეყნის ისტორიას, კარგად შეისწავლონ, ვინ იყვნენ ქართველები, რას ერქვა ქართული ცივილიზაცია და ამით იამაყონ. მხოლოდ იმით არ განსაზღვრონ ქართველობა, მეზობელმა თუ ცოლს სცემა და ვიღაცამ ვიღაც დაჩაგრა.
- თანამედროვე განათლების სისტემას როგორ შეაფასებდით? აკვირდებით თქვენი შვილიშვილის სწავლის პროცესს?
- დიახ, ვაკვირდები და იცით რა მომწონს? ჩემმა შვილიშვილმა გადასარევად იცის ინგლისური. არ ვიცი, როგორ მოახერხა ამდენი. ჩემს დროს ისწავლებოდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული, მაგრამ მაინც არავინ ვიცოდით უცხო ენები. ამ თაობამ კი იცის. ვიღაც ხომ ასწავლით, თავისით ხომ ვერ ისწავლიან?! ისე, ეს ისეთი თაობაა, რომც არ ისწავლონ სკოლაში, მაინც ყველაფერი იციან. ინტერნეტით ყველაფერზე წვდომა აქვთ. ჩვენ დროს უამრავი ნაწარმოები იყო აკრძალული, არ შეიძლებოდა და არ უნდა წაგვეკითხა. ახლა ვერავის ვერაფერს დაუმალავ. თუ ბავშვს ინტერესი აქვს, ყველაფერს გაიგებს და ისწავლის.