სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„მეკვლეობა ერთი ულამაზესი თეატრი იყო“ - სვანური ახალი წელი და ტრადიციები
30-12-2022
-
+


სვანი პოეტისთვის, ერეკლე საღლიანისთვის ბავშვობა და ახალი წელი მეკვლეობასთან ასოცირდება. როგორც ამბობს, ამ დღესასწაულის მთავარი მოვლენა სწორედ მეკვლე იყო.

ერეკლე საღლიანი ბავშვობასა და ახალ წელთან დაკავშირებულ სვანურ ტრადიციებზე etaloni.ge-სთან საუბრობს.
ერეკლე საღლიანი: თოვლის პაპა არ იყო ჩვენთან, მეკვლეობა უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ. ვისაც კარგი ფეხი ჰქონდა, იმას ეპატიჟებოდნენ მეკვლედ. როგორც მეგრულ ფილმ „კუჩხი ბედინერშია“, ანალოგიური რამ ხდებოდა ჩვენთანაც. ოჯახი ელოდებოდა მეკვლეს. სხვას რომ არ დაესწრო, პირველი უნდა მისულიყო.

- რა მიჰქონდა დაბარებულ მეკვლეს ოჯახში მისვლისას?

- მიჰქონდა ნაძვის ტოტი, რომელიც სიცოცხლის სიმბოლოა. მიჰქონდა ასევე ქადა-პურები, ღორის თავი, რომელიც დოვლათის სიმბოლოა და მოხარშული კვერცხი - სიმაგრის სიმბოლო. ოჯახში შესვლისას ერთ ხელში ნაძვის ტოტი ეჭირა, მეორეში - თეფში, რომელზეც ეს ყველაფერი იდო. 

მეკვლე რომ დააკაკუნებდა, მასპინძელს უნდა ეკითხა - ვინ ხარ, რომელი ფეხბედნიერიო. მეკვლე პასუხობდა, მე ვარ მეკვლეო. რა მოგაქვსო, ეკითხებოდნენ. ბედნიერება, სიუხვე, სიმრავლე, სიმშვიდე, სიამტკბილობა მომაქვსო - ჩამოთვლიდა და ამის მერე უღებდა კარს მასპინძელი. მეკვლეს აუცილებლად უნდა სცოდნოდა სიმღერა. როგორც ამბობდნენ, სიმღერაზე უკეთესი მეკვლე არ არსებობს ახალ წელსო. სიმღერას შეჰქონდა თავისი დადებითი განწყობა და მუხტი. მეკვლე სიმღერით უფალს ევედრებოდა, რომ ბედნიერი ყოფილიყო ის ოჯახი. მასპინძელიც იმას ევედრებოდა უფალს, მეკვლეს ოჯახი ბედნიერი იყოსო.

მეკვლე აუცილებლად მარჯვენა ფეხით უნდა შესულიყო ოჯახში და ეთქვა, შემომიტანია სიკეთე და მთელი სოფლის სანიმუშო იყოს ეს ოჯახიო. ოჯახში, რა თქმა უნდა, გაშლილი სუფრა ხვდებოდა. დაილოცებოდა მეკვლე და ამის მერე მასპინძელი მოვალე იყო, სიმღერითვე გაეცილებინა. ანუ ხალხს ევალებოდა, რომ სიმღერა ყველას სცოდნოდა. 

ორი მეკვლე იყო - ერთი, ვისაც მოიწვევდნენ და მეორე თავად ოჯახის წევრი, რომელიც ჩადიოდა მდინარის პირას, საქონელს წყალს დაალევინებდა. მერე მოზვერს რქაზე სანთელს დაუნთებდა და ეზოში, სადაც დატკეპნილი მიწა იყო, შეიყვანდა ამ რქებზე სანთელანთებულს. ამის მერე მოდიოდა დაბარებული მეკვლე.

მეკვლეები ყველა ოჯახში მიდიოდნენ და მხოლოდ თითო ჭიქით ილოცებოდნენ, მეტ ხანს არ ჩერდებოდნენ. ჩამოივლიდნენ ყველას და ბრუნდებოდნენ თავიანთ სახლებში. შენ თვითონ არ უნდა დაგესწრო მეკვლესთვის, ამ პასუხისმგებლობას ყველა გრძნობდა და ახალი წლის ღამეს არავინ არავისთან მიდიოდა.

- რამდენიმე მეკვლე იყო სოფელში?

- თუ კარაგდ იყო დაცდილი ვინმეს ფეხი, შეიძლებოდა მთელ სოფელს მხოლოდ ერთი მეკვლე ჰყოლოდა. არც ერთი ოჯახი სხვა მეკვლეს არ ინდომებდა, თუ ვინმეზე იცოდნენ, რომ კარგი ფეხი ჰქონდა. მეკვლეს გამოცვლა მაშინ ხდებოდა, თუ რომელიმე ოჯახში, სადაც ის სტუმრობდა, ვინმე გარდაიცვლებოდა. თუ მამა იყო მეკვლე, იტყოდნენ ხოლმე, ამათ კარგი ფეხი აქვსო და მისი შვილით ცვლიდნენ. 

- თქვენც ყოფილხართ მეკვლე, ბატონო ერეკლე?

- კი, ხშირად ვყოფილვარ მეკვლე ჩემს სოფელში, მესტიის რაიონის სოფელ ცხუმარში. იყო შემთხვევა ჩემს ბავშვობაში, როდესაც მეკვლედ მივედი და 10 წლის უშვილო ცოლ-ქმარს ბიჭი შეეძინა იმ წელს. მეორე წელს კი, ისევ მე რომ მივედი, მეორე შვილი ეყოლათ. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვისაც სიხარულის მომტანი იყო. 

იცით, როგორ გავხდი მეკვლე? ერთმა აღმოაჩინა, რომ კარგი ფეხი მქონდა. კაცი მიდიოდა რუსეთში, გზაზე კი მე შევხვდი. იქ გაუმართლა და რომ ჩამოვიდა, თქვა, ერეკლეს საოცრად კარგი ფეხი აღმოაჩნდაო. მერე უკვე ამ ოჯახში ახალ წელსაც მიმიწვიეს, მერე სხვებმაც... 11 წლის ასაკიდან ვიყავი ბევრი ოჯახის მეკვლე.

კანფეტებს ზემოდან ყრიდა უფროსი კაცი - თოვლი მოდისო და ჩვენ, ბავშვები ვიტაცებდით, როგორც თოვლის ფიფქებს. ერთგვარი თამაში იყო. საჩუქრები მეკვლესაც მიჰქონდა ოჯახში და მეკვლეც აუცილებლად უნდა დაესაჩუქრებინათ. ჩემი ტოლი ბიჭი მეკვლედ დადიოდა და ერთ წელს 500 მანეთი მოაგროვა, რაც მაშინ ძალიან დიდი ფული იყო. ფულს პატარა მეკვლეებს აძლევდნენ, დიდებს არ ჰკადრებდნენ. 

- თქვენ რამდენი მოგიგროვებიათ ბავშვობაში მეკვლედ სიარულისას?

- მე მაგდენი არ მომიგროვებია, არ მქონდა ეგეთი იღბალი, მაგრამ მეკვლეობა ერთი ულამაზესი თეატრი იყო.

- თოვლი, ნაძვის ხე - როგორია ბავშვობაში განცდილი ემოციები?

- ჩემი სოფლის დასაწყისიდან ბოლომდე სულ დაღმართია. დავუყვებოდით იმ აღმართს, დავტკეპნიდით კარგად თოვლს და ვციგაობდით. იმხელა სიხარული და სიამოვნება მოჰქონდა... ბევრჯერ ციგაც გადაგვბრუნებია და ამასაც თავისი სიხარული ჰქონდა. 

ნაძვის ხეს ქადა-პურებს ვაბამდით, ტკბილეულს ვაბამდით. ისეთი ლამაზი ნაძვის ხე გვქონდა... 

- რომელია ტრადიციული საახალწლო კერძები სვანების ოჯახში?

- კუბდარი, ლეცვმარი... ასევე, კერძი, რომელიც კანაფისგან კეთდებოდა და ქუნაში ერქვა. სამწუხაროდ, კანაფს ნარკოტიკული თვისებაც აღმოაჩნდა, მაგრამ ნაყოფს კი არა, ფოთლებს ჰქონია ეს თვისება და ჩვენ ნაყოფისგან ვამზადებდით კერძს. კანაფის ზეთი პირველი სამკურნალო საშუალება იყო, კიბოსაც კი მკურნალობდნენ ამით. კანაფის თესლს დანაყავდნენ, ხახვს დააყრიდნენ, ასევე, სხვადასხვა სუნელებს და უგემრიელესი იყო. უდიდესი კულტურა დაიკარგა, რაგან ახლა აკრძალულია მისი მოყვანა. საცივსა და გოზინაყსაც აკეთებდნენ. 

- ახლა ისევ არის მეკვლეობის ტრადიცია შემორჩენილი სვანეთში ამ ფორმით?

- არა, სადღაა, დაიკარგა დროსთან ერთად. თუმცა ზოგიერთ სოფელში არის შემორჩენილი, მაგალითად, ლატალში. სხვათა შორის, ამ მხრივ ეს სოფელი გამორჩეულია - სიძველეებს ინახავენ გულდაგულ. 

სვანებს ჰქონდათ ჩვეულება, რაც სხვაგან არ მხვდება - ძველ წელს მადლობას ეუბნებოდნენ და ასე აცილებდნენ. კარს აღებდნენ, სანთელს დაანთებდნენ, გზას დაულოცავდნენ და მადლობას ეუბნებოდნენ. 

ახალ წელს ყველა ველოდებოდით და იცით რა განწყობა იყო? რაღაც ახალი ხდებოდა ჩვენს ცხოვრებაში. ახალი წელი რომ შემოდიოდა, იტყოდნენ ხოლმე ჩვენში, ცა იხსნება, ხელებს გიწვდის და შენ მზად მყოფი უნდა დახვდეო.

- შვილს რომელი ტრადიცია გადაეცით?

- ვერაფერიც ვერ გადავეცი, რადგან მსგავსი არაფერი ხდება თბილისში, სადაც ახლა ვცხოვრობთ. თუმცა სხვა რამე გადავეცი, რისი გადაცემაც შეიძლებოდა - ღირებულებები, ფასეულობები... ჩემს ბავშობაში სხვა სიხალისე ჰქონდა ამ ტრადიციებს. ახლანდელ ბავშვებს, რომლებსაც ხელში მობილური უჭირავთ და მთელ ინფორმაციებს ფლობენ მისი საშუალებით, ვეღარაფრით მოხიბლავ. ჩვენ სხვა სიხალისე და სიცინცხლე გვქონდა, ბავშვური ცნობისმოყვარეობაც უფრო ძლიერი გაგვაჩნდა, სულ მცირე რამ გვყოფნიდა სიხარულისთვის.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აგრძელებს მომავალი პედაგოგების წამახალისებელ სასტიპენდიო პროგრამას

რა შემთხვევაში არ შეინახავს ელჟურნალი განმავითარებელ კომენტარს - ეს უნდა გაითვალისწინოთ

ცვლილება მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესში - დოკუმენტი

მასწავლებლების დანამატები 2025 წელს ორჯერ გაიზრდება - გადაწყვეტილება უკრაინის პედაგოგებს ეხება

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება