სიახლეები
სიახლეები

საშობაო ღვეზელის მაგიური ამბები და რეცეპტები გურული მასწავლებლებისგან
05-01-2023
-
+


6 იანვრის საღამოს, სანამ შობა დადგება, გურიაში ტრადიციულ ღვეზელებს აცხობენ. საშობაო ღვეზელის სახელით ცნობილ ტრადიციულ ცომეულს ნახევარმთავრის ფორმა აქვს, გულში კი ყველი და მოხარშული კვერცხი უდევს. 

გურულებს სჯეროდათ, რომ ნახევარმთვარის ფორმა ციურ სხეულებსა და მათ სიძლიერესთან იყო დაკავშირებული. კვერცხი კი ხვავის, ბარაქის, ოჯახის სიმტკიცის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. 

ხალხში შემორჩენილი ტრადიციის მიხედვით, ოჯახში იმდენი ღვეზელი უნდა გამომცხვარიყო, რამდენი წევრისგანაც შედგებოდა. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ოჯახიდან გათხოვილი ქალის მოსაკითხად მისვლისას აუცილებლად მიჰქონდათ გურული ღვეზელი.

გურული ღვეზელის ტრადიცია უკვე დიდი ხანია გასცდა გურიის ფარგლებს და მთელ ქვეყანაში იქცა მთავარ საშობაო კერძად. 
როგორია ტრადიციული გურული ღვეზელი და რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის ფუმფულა და გემრიელი გამოგივიდეთ? Etaloni.ge-მ ღვეზელის რეცეპტის გაზიარება გურულ მასწავლებლებს სთხოვა.

ოზურგეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ნინო ცერცვაძე გვიყვება, რომ საშობაოდ მის ოჯახში გურული ღვეზელის გარდა „მუცლის სალოცავიც“  მზადდება, რომელიც ასევე საშობაო ტრადიცის ნაწილია. 

ნინო ცერცვაძე: ცომს მაწვნით ვზელ, საფუარსაც ვუკეთებ და ძალიან ცოტა სოდასაც,  ასევე - ცოტა არაყს, ცოტა შაქარს და ზეთს. სოდით ცომი სირბილეს ინარჩუნებს, არაყი სიფუმფულეს აძლევს. როგორც წესი, როცა მაწვნით და სოდით ზელენ ცომს, საფუარი აღარ უნდა, მაგრამ მე მაინც ვაყრი ამ ყველაფერს - ასეთია ჩემი რეცეპტი. ასე გემრიელი და რბილი ცომი გამოდის. რომ აფუვდება ცომი, სამჯერ ჩავზელ და მეოთხედ რომ ამოვა, ვიწყებ ცხობას.

- გულსართს როგორ უკეთებთ?

- ყველს აუცილებლად ვურევ კარაქს. კვერცხებს კი ვხარშავ და როცა მოიხარშება, გავფრცქვნი და ცოტას ვაწითლებ ტაფაზე, რომ სისველე არ შეჰყვეს. ადრე, შუა ცეცხლის ზემოთ კიდებდნენ მოხარშულ კვერცხებს და ეს შებოლილ არომატს აძლევდა. 
ღვეზელს ვაძლევ ნახევარმთვარის ფორმას და ზოგ კვერცხს მთლიანად ვუდებ, ზოგს - შუაზე გაჭრილს. შევდებ გაზქურაში, ქვემოთ და ვაცხობ. ზემოდან არ მიყვარს კვერცხის მოსმა და ამიტომ, კარაქს ვუსვამ. ძალიან გემრიელი გამოდის. 
საშობაოდ ვაცხობ ასევე „მუცლის სალოცავს“, რომელსაც იგივე გულსართი უნდა. ხაჭაპურის ფორმა აქვს და შიგ 5-6 ცალ კვერცხს ვდებ და ისე ვაცხობ. 

- „მუცლის სალოცავს“ რა ისტორია და დანიშნულება აქვს?

- ტრადიციულად, „მუცლის  სალოცავს“ ოჯახის ბავშვებს მუცელზე  შემოატარებდნენ და თითო ბავშვს სამჯერ შეულოცავდნენ ამ სიტყვებით - „შენი მუცლის სატკივარი აღმა ქარს, დაბლა წყალს“. მეც, როცა ღვეზლების ცხობას ვამთავრებ, ბოლოს ვაცხობ ხაჭაპურის    ფორმის ღვეზელს კვერცხებით. ამ შელოცვას, რა თქმა უნდა, აღარ ვამბობ, მაგრამ  რადგან ასე იყო ჩემს  ოჯახში, მეც ვაგრძელებ ამ ტრადიციას. რამდენი წევრიც იყო ოჯახში, იმდენ კვერცხს დებდნენ ამ „მუცლის სალოცავში“. სამნი ვართ ოჯახში, მაგრამ 5-6 კვერცხს ვდებ. 

- რომელ დღეს ცხვება გურულების ოჯახში ეს ღვეზელები?

- 6 იანვარს, საღამოს ვამზადებ. შობას ეკლესიაში ვხვდებით და ღამის 12 საათამდე უკვე გამომცხვარი მაქვს ხოლმე, რომ შობას ღვეზელებით შევხვდეთ. გურიაში ყველა აკეთებს, შობას არავინ ხვდება გურული ღვეზელის გარეშე.

...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ეკატერინე ქუთათელაძე ამბობს, რომ მის ოჯახში გურულ ღვეზელს ოჯახის უფროსი ქალბატონი, მისი დედამთილი ამზადებს, თუმცა თავადაც კარგად იცის გურული ღვეზელის მომზადება და ტრადიციული რეცეპტი ჩვენც გაგვიზიარა. 

ეკატერინე ქუთათელაძე: ბებიაჩემი იცით როგორ აცხობდა ძალიან გემრიელ გურულ ღვეზელებს? მთელი რიტუალი ჰქონდა. ორი დღით ადრე მოხარშავდა კვერცხებს და შებოლავდა - „მარლაში“ გაახვევდა და კერიაზე დანთებული ცეცხლის თავზე ჩამოკიდებდა. 

შობის ღამეს ბებია ბუხარში ააგუზგუზებდა შეშას და ყველა ზომის ღვეზელს აცხობდა. ტრადიცია იყო, რომ სხვადასხვა ასაკის შესაბამისად უნდა გამოეცხო ღვეზელები - დიდები, შედარებით პატარები და პატარები. შეფუნჩხულ ყველს რომ ეძახდნენ, იმას უდებდა გულში. შებოლილ კვერცხებს ჩაუდებდა და ღვეზელებს ნამგალა მთვარის ფორმას აძლევდა. 

მისტიკური სახეც ჰქონდა ღვეზელების ცხობას. მუცლის სატკივარს ეძახდნენ ლოცვას, რომელსაც ამ დროს წარმოსთქვამდნენ. ადრე ხომ ტიფი და სხვა დაავადებები იყო გავრცელებული და ალბათ ამიტომაც იყო ეს ტრადიცია. ბებია ღვეზელებს მუცელზე შემოატარებდა ოჯახის ყველა წევრს, განსაკუთრებით ბავშვებს და იტყოდა - შენი მუცლის სატკივარი აღმა ქარს და დაღმა წყალსო. სამჯერ შეასრულებდა ლოცვის ბუტბუტით ამ რიტუალს, რის შემდეგაც ყველას უნდა შეგვეჭამა ღვეზელი. არ შეიძლებოდა, დაგეტოვებინა ან გადაგეგდო, ძაღლისა თუ საქონლისთვის დაგეყარა - მთლიანად უნდა შეგვეჭამა.

- თავად როგორ ამზადებთ?

- ჩემი დედამთილი ამზადებს - ოჯახში უფროსი ქალბატონი და სწორედ რომ ბებიების რეცეპტს ვითვალისწინებთ. რძე თუ არის, რძით ვზელთ, თუ არადა, წყლით. უნდა მარილი, საფუარი, ცოტა ზეთი. ბებია ძალიან დიდხანს ზელდა ცომს და ამბობდა, ფქვილმა თქვა, გამაძღე ზელვით და გაგაძღობ ჭამითო. საერთოდ, ძველი თაობის ქალები მჭადისა თუ პურის ცომს ძალიან, ძალიან დიდხანს ზელდნენ. 

- შეფუნჩხული ყველი როგორს ჰქვია?

- შეფუნჩხული ყველი ხელში კარგად დანაწევრებულს, დაჭყლეტილს ნიშნავს. ახლა სახეხით ვხეხავთ ყველს, მაგრამ ადრე ამ ყველაფერს ხელით აკეთებდნენ. ბებია 90 წელზე მეტი ხნის გარდაიცვალა და ბლენდერი რომ ნახა, რომლითაც საცივს ამზადებდნენ, თქვა, მაგაში გაკეთებულ საცივს მე არ შევჭამო, ყველაფერი ხელით უნდა გაეკეთებინა და მთელი გული და სიყვარული ჩაედო. 

შობა გურიაში განსაკუთრებული დღესასწაულია. ახალი წლის დადგომას მაინცდამაინც ვერ ვზეიმობთ - შობა და კალანდობაა ჩვენთვის დიდი დღესასწაული. არ არსებობს ოჯახი, გურული ღვეზელი რომ არ მომზადდეს შობასა და კალანდობას. მიუხედავად იმისა, რომ გათანამედროვებულია სოფელი და ყველას არ ჰყავს მეწველი ძროხა და არ აქვს იმდენი ყველი, რამდენიც ამ ღვეზელების ცხობას სჭირდება, ყიდულობენ და  მაინც აცხობენ. ეს არის წესი, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს ყველა ოჯახში. 

- შებოლილი კვერცით ამზადებთ?

- ჩვენს ოჯახში არა, ჩვეულებრივ მოხარშული კვერცხით ვაცხობთ, მაგრამ არიან ტრადიციული ოჯახები, სადაც ახლაც ბოლავენ კვერცხებს და ამ ნამგალა მთვარის ფორმის ღვეზელებს ქვის კეცებზე, ბუხარში აცხობენ. სულ სხვა გემო და არომატი აქვს იმ ღვეზელს. 

...

სტატია დასაბეჭდად მზად იყო, როდესაც ეკატერინე ქუთთელაძემ გურული ღვეზელის მოტივებზე სპეციალურად Etaloni.ge-სთვის შექმნილი ლექსი გამოგვიგზავნა და გვითხრა, რომ ის თავის კოლეგასთან, მათემატიკის მასწავლებელ იამზე ღლონტთან ერთად დაწერა: 

„გურული პედაგოგი ვარ 
ტრადიციების ქურუმი,
მინდა რომ შემოგთავაზოთ,
ღვეზელის კურიკულუმი. 
კონსტრუქტივისტულ მიდგომით
ფქვილი დავყაროთ ბარაქით,
ცომი რომ ფაფუკი იყოს,
„ვუქნათ“ ზეთი ან კარაქი.
მოხარშულ კვერცხებს შებოლავ,
ცომში ჩააწყობ ფენებად,
ღვეზელი უნდა გადიქცეს 
ცნებად, მკვიდრ წარმოდგენებად.
ბუხრის და ღადარის ნაცვლად, 
ღუმელებია მოდაში, 
თუ გამოაცხობთ, გადახვალთ, 
პირობისეულ ცოდნაში.
ცომი მთვარის ფორმისაა,
 არ გპატიობს დამრგვალებას,
კეცთან მისი პერფორმანსი
ჰგავს კომპლექსურ დავალებას.
ეკოლოგიაც გახსოვდეთ,
თავზე „გადუსვით“ მაწონი,
სასარგებლოა ისეთი,
სასწორი რომ ვერ აწონის.
ისეთი შებრაწულია,
ა, შენ ხარ ჩემი ბატონი
შეფასებაში ვერ უძლებს, 
ვერცერთი ინდიკატორი. 
ყველა წევრზე გამოაცხვე,
გამოხატე პოზიცია,
მუცლის სალოცავები კი,
არის მეტაკოგნიცია.
ბავშვებს მუცელზე ღვეზელებს,
შემოვატარებთ წაღმაო,
შელოცვით ტკივილს გავატანთ
აღმა ქარს, წყალსა დაღმაო,
ძველების ლოცვა-კურთხევით,
ზეცამ იმედი დალანდა,
მრავალი გაგთენებოდეთ
გურული შობა-კალანდა!“

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილება შევიდა მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში 


საბავშვო ბაღების დაფინანსება 16 მილიონით მცირდება - თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ცნობილია

თითოეულ ბავშვზე 100 ლარს მიიღებთ - მუნიციპალური ბიუჯეტი

საქართველოს მასშტაბით დაფინანსდა 14 საგანმანათლებლო დაწესებულების 15 კურსი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 ნოემბერს გამართავს 

პიროვნება

„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“ 

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობაზე დაფუძვნებული მეგობრობა, პოზიტიური ურთიერთობა

„მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა დედის დღისადმი და ფერადი შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიებები“

„დადებითი ურთიერთობები გავლენას ახდენს ბავშვის ქცევით - ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე“ 
სკოლები

დამსწრეთა წინაშე წარდგნენ ასევე კლუბის - „პიგმალიონის“, შემოქმედი მოსწავლეები თავიანთი ლექსებითა და მოთხრობებით 


მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს 

22 ნოემბერს კი,  2022-2023 სასწავლო წლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა 
მოსწავლეები დაუვიწყარი ემოციებით აივსნენ და შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ შინ 
ამ დღესთან დაკავშირებით, XI კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი, სახელწოდებით - „ჩვენ ვსწავლობთ ილია ჭავჭავაძეს“ 
საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება