სიახლეები
სიახლეები

საჯარო სკოლის ხელმძღვანელები დირექტორობის სერტიფიცირებაზე საუბრობენ
17-01-2023
-
+


22 დეკემბერს, დირექტორების სასერტიფიკაციო გამოცდა, ელექტრონული ფორმატით, ერთ სესიად ჩატარდება.

დირექტორების მსურვლეთა ტესტირებაზე სულ 3046 პირია დარეგისტრირებული. მონაწილეობის უფლება აქვთ მათ, ვინც 2022 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით გაიარა რეგისტრაცია. პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, დირექტორობის მსურველები  გასაუბრებას გულისხმობს.


აღსანიშნავია, რომ etaloni.ge-სთვის განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მასშსტაბით 1000 სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია სერტიფიცრებული, რომლებსაც სერტიფიცირების პირველი ეტაპის - ტესტირების გავლის ვალდებულება არ აქვთ.  

რას ფიქრობენ სკოლების დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლები და როგორი მოლოდინები აქვთ აღნიშნული სასერტიფიკაციო გამოცდების შემდეგ, ამის გასაგებად etaloni.ge რამდენიმე მათგანს ესაუბრა. 

თენგიზ გულორდავა - თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: 

„გამოცდაზე არ გავდივარ, რადგან ჩაბარებული მაქვს. 2013 წელს, როდესაც გამოცდა ჩავაბარეთ, ტესტებით ზუსტად იყო მორგებული ყველა საკითხი ჩვენს საქმიანობასთან. დირექტორმა თვალდახუჭულმა უნდა იცოდეს ეს ყველაფერი. თუმცა იყო პატარა ხარვეზები. მე პირადად ერთი ქულა დამაკლდა. გავასაჩივრე და სამი ქულა დამიმატეს, კომისიამ იმუშავა ძალიან კარგად. 

სანამ დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდებოდა, მანამდე დირექტორს მინისტრი ნიშნავდა ექსკლუზიური უფლებით, დღეს კი სამეურვეო საბჭო ირჩევს. ეს არის ძალიან მისაღები ფორმა, რადგან სკოლის დირექცია სამეურვეო საბჭოს სახით არის წარმოდგენილი და ამ საბჭომ ყველაფერი ზეპირად იცის - რა ხდება სკოლაში, რა პრობლემებია და ა.შ. დირექტორს კი ძალიან ბევრი ფუნქცია აკისრია და ეს ფუნქციები კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოს. შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს გადასაწყვეტია, ვინ აირჩიოს. მე რომ გამოცდა ჩავაბარე და გავიარე გასაუბრება, სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე ერთხმად ამირჩიეს 13:0 ხმით. არადა, სამი კონკურენტი მყავდა“.

თენგიზ გულორდავა, მიიჩნევს, რომ სკოლის დირექტორად მხოლოდ მან უნდა იმუშაოს, ვისაც მოსწავლეებთან ჰქონია შეხება.

„მხოლოდ დაზეპირება იმ საკითხებისა, რაც ტესტებშია მოცემული, არ უნდა იყოს გადამწყვეტი, რადგან ბევრი ხვდება ამ სფეროში, მანამდე განათლების სისტემასთან რომ არ აქვთ შეხება. ვთვლი, რომ, სკოლის დირექტორი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც, თუნდაც საწყის ეტაპზე, გარკევული პერიოდი შეხება ჰქონდა სკოლასთან. მე პირადად, მანამდე, 25 წელი ვიმუშავე და პედაგოგიც ვიყავი, დირექტორის მოადგილეც, სასწავლო ნაწილის გამგეც, ქალაქის წლის საუკეთესო მასწავლებელიც გავხდი 1989 წელს... ამის მერე წავედი ზევით და ზევით. ასე რომ,  პირდაპირ გამოცდის ჩატარებით დირექტორად დანიშვნას არ ვემხრობი. ბევრი კანდიდატიდან, ვინც ამ გამოცდას აბარებს ახლა, ზოგი ინჟინერია, ზოგი - მშენებელი და ა.შ.“

„მე ისევ ჩემი სკოლის დირექტორობა მინდა. 10 წელია, ამ სკოლის დირექტორი ვარ. 322 ბავშვი ჩავიბარე, იცით ახლა რამდენი ბავშვი მყავს? 1 800. საქართველოში ასეთი წარმატება ალბათ არც ერთ სკოლას არ აქვს. ამიტომაც არის ჩემი სკოლა საუკეთესო არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოში. გასაუბრებაზე ბევრი შეკითხვა იქნება, მაგრამ მე მოსაფიქრებელი არაფერი მაქვს. ვნახოთ, შეიძლება ასაკით დამიწუნონ, უკვე საპენსიო ასაკის ვარ. თორემ არაფერში მომზადება არ მჭირდება“.

თამარ ამზაშვილი - თბილისის N21 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

„სერტიფიცირებული დირექტორი ვარ. შეიძლება, ზოგს აღებული აქვს ეს სერტიფიკატი, მაგრამ თუ მას დირექტორად არ უმუშავია ამ წლების განმავლობაში, ეს სერტიფიკატი უუქმდება. ახლა გამოცდაზე გადიან ისინი, ვისაც გაუუქმდა ეს სერტიფიკატი და სხვა მსურველები. ვინც მოქმედი დირექტორები ვიყავით, ისევ გვინარჩუნდება ეს სტატუსი და ვრჩებით სერტიფიცირებულებად. ზოგმა ყველა ეტაპი გაიარა, მაგრამ მათთვის სასურველი სკოლა ვერ შეირჩა და ვერ დაიწყეს მუშაობა. არის სკოლები, სადაც დირექტორებად დაინიშნენ მოადგილეები და მათ ნაწილს სერტიფიცირება გავლილი არ აქვს. ჩვენ კი შევუერთდებით გასაუბრების ეტაპს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და იქ ხდება გადაწყვეტა, ვინ დარჩება და ვინ - არა“.

თბილისის N21 სკოლის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ტესტები, რაც 22 დეკემბერს დირექტორობის მსურველებმა უნდა ჩააბარონ, დიდად არ განსხვავდება 10 წლის წინ არსებული ტესტებისგან.

„საკანონმდებლო ბაზა არ შეცვლილა და მასზე მორგებული სიტუაციური, ლოგიკური ამოცანები, რაც ჩვენ ჩავაბარეთ, იმისგან დიდად განსხვავებული არ არის. ალბათ გარკვეული ცვლილებები იქნება, როგორც ეროვნულ გამოცდაზეა -  პატარა-პატარა ცვლილებები შეაქვთ. კროსვორდივით არის - ავსებ, თითქოს ერთნაირია, მაგრამ მაინც არის განსხვავება. გეჩვენება, რომ რაც ნანახი გაქვს, უკეთესი იყო, თორემ ერთი და იგივე კითხვები ტრიალებს. 

გასაუბრებასთან დაკავშირებული, რომელზეც გასვლა მეც მომიწევს, არაფერი გამოქვეყნებულა და როგორც ვიცი, არც გამოქვეყნდება. როდესაც პირველად გავედით ამ გასაუბრებაზე, მაშინ მოგვთხოვეს სტრატეგიული გეგმის წარდგენა, ხედვისა და მისიის ჩამოყალიბება, როგორ და რანაირად ხედავდი შენთვის სასურველი სკოლის მომავალს და ა.შ.“

თამარ ამზაშვილი თვლის, რომ შანსი, დირექტორად აირჩიონ, კვლავ აქვს და მიდგომას, რაც სკოლის დირექტორის შესარჩევად არის შექმნილი, დადებითად აფასებს. 

„შანსი ყველას აქვს. შანსი რომ არ იყოს, მაშინ გასაუბრების ეტაპზეც არ გავიდოდი და ხელს ჩავიქნევდი. გასაუბრებაზე გავა ყველა, ვინც ახლა ჩააბარებს გამოცდას და მათ დაემატებიან მოქმედი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები. მერე კი, სამინისტროს შეუძლია, სკოლის სამეურვეო საბჭოს, რომელიც არჩევნებს ჩაატარებს, 2-3 კანდიდატი წარუდგინოს. 

მგონია, რომ ფორმაში მოსაყვანად, პროფესიული ზრდისთვის, ამ ეტაპების გავლა აუცილებელია, რათა წელგამართული შეხვიდე პროფესიაში. მე მაგალითად, ბევრი ახალი რაღაც აღმოვაჩინე. თავი რომ მომქონდა, ყველაფერი კარგად ვიცი მეთქი, აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ არ ვიცოდი. ლაპარაკი გიყვარდეს, ვიცით, მაგრამ როგორც კი დაწერაზე მიდგება საქმე და იმის დამტკიცებაზე, ეს ასე კეთდება თუ ისე, მანდ უკვე გვიჭირს. მერე ისევ სხვისკენ ვიშვერთ ხელს - გამოცდა ჩავაბარე, მაგრამ მათ არ ჩაიბარეს...

ყოველთვის ეყოლება ასეთი ტიპის სქემებს როგორც მოწინააღმდეგეები, ისე მომხრეები. არადა, ეს ის პროცედურებია, რომელსაც აუცილებლად უნდა გავდიოდეთ. ბევრ სხვადასხვა ტიპის სამსახურში მიმუშავია, მაგრამ ამ ჩემი კარიერის ბოლოსკენ აღმოვაჩინე, რომ იმდენად მძიმე და ძნელია დირექტორის ფუნქციის შესრულება დღეს, ძალიან დიდი გამბედაობა და პასუხიმგებლობის გრძნობა უნდა გქონდეს. ლიტონი სიტყვები არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ფაქტობრივად ქვეყანას ვუზრდით მომავალ მოქალაქეებს. როგორი ღირებულებებითაც ჩვენ მათ აღვზრდით, რასაც მივცემთ, ზუსტად ისეთ, მათ მიერ აშენებულ ქვეყანას მივიღებთ და სად ვცხოვრობთ, კი ვხედავთ ყველა. გვინდა, რომ უკეთესში ვიცხოვროთ და უკეთესში რომ ვიცხოვროთ, ჩვენც ცოტა უკეთესები უნდა ვიყოთ. მინდა დირექტორობა და ჩემზე უკეთესი არავინ იქნება - ასე არ გამოვა, თავი უნდა გადადო ამ საქმისთვის“.

თინათინ ჩუბინიძე - სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

„სერტიფიცირებული ვარ მხოლოდ საგანში, რომელსაც ვასწავლი, როგორც დირექტორი - არა. ქიმიის მასწავლებელი ვარ. დირექტორის მოადგილე გახლავართ და ჩვენი დირექტორი რომ გარდაიცვალა, მას მერე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლობაც შევითავსე მანამდე, სანამ ახალს დანიშნავენ. დირექტორების გამოცდაზე არ გავდივარ, რადგან არ მაქვს სურვილი. კარგა ხანია, სკოლაში ვმუშაობ და 7 დირექტორთან მაქვს მოადგილედ ნამუშევარი. დირექტორობა კი ჩემთვის უკვე ნამეტანია“.

თამარ ჩიხლაძე - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

„სასწავლო ნაწილი ვარ სკოლაში და დროებით მაქვს შეთავსებული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი. არ მაქვს დირექტორობის სურვილი. წამყვანი მასწავლებლის გამოცდა ჩავაბარე, პორტფოლიოს ვაკეთებ, თან ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს და არ მინდა ზედმეტი დატვირთვა. ჩვენი სკოლიდან ორი მასწავლებელი გადის დირექტორების გამოცდაზე. ისიც ვიცი, რომ გარეშე პირსაც უნდა ჩვენი სკოლის დირექტორობა და ვნახოთ, რა გადაწყდება“.

ტანია სვიანაძე - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

„გავდივარ დირექტორების გამოცდაზე. რომ გავალ, მერე გეტყვით, რამდენად ადეკვატური იყო ტესტი. ხომ იცით, როგორი რეჟიმი გვაქვს სამსახურში და ვემზადები, როგორც მიხერხდება. დირექტორმა დატოვა თანამდებობა და სკოლაში მასწავლებლად დარჩა. ერთი წელია, რაც მე ვარ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მანამდე მოადგილედ ვმუშაობდი.

რომ ვთქვა, საერთოდ არაფერი ვიცოდი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნამდე, ტყუილი იქნება. კანონმდებლობაც ვიცოდი, ტრენინგებშიც მაქვს მიღებული მონაწილეობა. ახლა კიდევ ვავლებ თვალს ყველაფერს, რამდენადაც ვახერხებ. მთლად უიმედოდ არ ვარ, თუმცა წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ. ამ ეტაპზე ჩვენი სკოლიდან დირექტორობის მსურველი არავინ არის და რადგან მე ვარ ახლა მოვალეობის შემსრულებელი, გამოცდაზეც გავდივარ. სკოლის მართვის გამოცდილება ასე თუ ისე მაქვს, ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვიყავი მანამდე და ჩემს თავზე ავიღე ეს პასუხისმგებლობა. რამდენად შევძლებ, არ ვიცი“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება