ვერონიკა ვართანიანი წყალთბილის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეა.
ის წელს სკოლას ამთავრებს და შესაბამისად, პროფესია უნდა აირჩიოს.
თავის თემაში ვერონიკა პროფესიის არჩევის სირთულეებზე, თავის ოცნებებსა და მოლოდინებზე გვესაუბრება.
ესეს უცვლელად გთავაზობთ:
„ყველასთვის ცნობილია, რომ ადამიანმა სწორად დაგეგმოს თავისი მომავალი და პირადი ცხოვრება, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროფესიის სწორად შერჩევას. როდესაც ირჩევ ამა თუ იმ პროფესიას, გააზრებული უნდა გქონდეს თუ რამდენად იქნება შენზე მორგებული. უნდა აკეთო ისეთი საქმე რომელიც სიამოვნებას განიჭებს და სარგებლის მომტანი იქნება როგორც შენთვის, ისე გარშემომყოფებისთვის. პროფესია არ უნდა იყოს იძულებით შერჩეული, შრომა ადამიანის განუყოფელი ნაწილია. ყველამ კარგად უნდა იცოდეს შრომის ფასი იმიტომ, რომ ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში წარმატებას მხოლოდ კეთილსინდისიერი და დაუღალავი შრომით მიაღწევს.
დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ თუკი თავიანთი შვილები ვერ ისწავლიან უმაღლეს სასწავლებელში, ეს იქნება ტრაგედია და ზოგჯერ უაზროდაც კი ხარჯავენ ფულს პრესტიჟულ ფაკულტეტზე მოსახვედრად. სწავლის დამთავრების შემდეგ კი თითქოს უსუსურები ხდებიან და არ იციან, რას მოჰკიდონ ხელი ცხოვრებაში. აი, მე კი ასე არ ვფიქრობ.
ჩემი აზრით, თუ ადამიანს აქვს პროფესია და მას შეუძლია შექმნას რაიმე სასარგებლო საკუთარი ხელით, ასეთები ცხოვრებაში არ დაიკარგებიან და ისინი შეძლებენ საკუთარი სურვილების განხორციელებას, მომავლის სწორად წარმართვას. გარდა ამისა, მათ სახელმწიფოც ეხმარება. მე უკვე სკოლას ვამთავრებ და ამდენად ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიის სწორად შერჩევა. გადაწყვეტილი მაქვს დავრჩე საქართველოში, აქ ვისწავლო და აქ გავაგრძელო ჩემი კარიერა.
ჩემი მიზანია დავეხმარო ხალხს, მივანიჭო მათ სიამოვნება ჩემი ხელობით და მეც ვაკეთო საყვარელი საქმე. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ადვილად მივედი ამ გადაწყვეტილებამდე.
ჩემი პირველი ოცნება იყო გავმხდარიყავი სტიუარდესა, მაგრამ რადგან დედისერთა ვარ, ჩემთვის და დედისთვისაც ძნელი იქნებოდა დედისგან შორს წასვლა, დაშორება, ამიტომ ბავშვური ოცნება ოცნებადვე დარჩა. გარდა ამისა, ადვილი არ არის მოვშორდე მიწა-წყალს, სადაც დავიბადე, გავიზარდე, სადაც გავატარე ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლები. ძალიან მინდოდა მესწავლა პოლიციის აკადემიაში, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო არც ამ ოცნებას ეწერა განხორციელება, თუმცა შესაძლებლობის შემთხვევაში მზად ვარ ეს ოცნება ავიხდინო და ვისწავლო პოლიციის აკადემიაში. იმედი მაქვს, რომ მე ამას მოვახერხებ.
აი, ერთ დღეს დადგა ის დროც, როდესაც ვკითხე ჩემს თავს, თუ რა უნდა გამეკეთებინა სკოლის დამთავრების შემდეგ და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ცხოვრებას რეალურად უნდა შევხედო და ვაკეთო ისეთი რამ, რაც კარგად მეხერხება და თანაც ჩემი საქმე ჩემთვის სიამოვნების მომნიჭებელი უნდა იყოს და არა იძულებითი სასჯელი.
ძალიან, ძალიან მიტაცებს დიზაინერისა და სტილისტის პროფესიები. თანაც ვთვლი, რომ ეს პროფესიები ძალიან ახლოს არიან ჩემს ბუნებასათან, ჩემს ხასიათთან. მსიამოვნებს, როდესაც ლამაზ ადამიანს ვხედავ, და თან ვიზუალურადაც კარგად გამოიყურება. იმაზე დიდი სიამოვნება რა უნდა იყოს, როდესაც ჩემი სალონიდან გასული გოგონა ირგვლივ სილამაზეს და სიხარულს გაასხივებს. მე კი გახარებული, ასმაგი ენერგიით შევუდგები ჩემი საქმის კეთებას. პრაქტიკული თვალსაზრისითაც დაფასებული იქნება ჩემი ხელობა და ესთეტიკური თვალსაზრისითაც, რადგან ეს პროფესია ყოველთვის და ყველგან საჭიროა. აი, ამიტომ მსურს ვისწავლო ხელობა და გავხდე კარგი პროფესიონალი.
თუ მე ჩემი პროფესია მეყვარება და გულით მოვეკიდები საყვარელ საქმეს, დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში ყოველთვის წინ წავიწევ, დაუღალავი შრომით ავისრულებ ჩემს ოცნებას, თან ხალხსაც გამოვადგები. ჩემი ცხოვრების მიზანიც ხომ ეს არის - ვიცხოვრო ჩემი პროფესიით და ვაკეთო საყვარელი საქმე“.
იხილეთ ფოტო