მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პარლამენტის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა წლების წინ საკუთარი შვილები სკოლიდან გამოიყვანა და გადაწყვიტა, მათთვის ისეთი განათლება მიეცა, როგორსაც თავად თვლიდა საჭიროდ. ახლა კი ერთ-ერთმა მისმა შვილმა სკოლაში სიარული განაახლა.
ვახტანგ მეგრელიშვილი თელავში დაიბადა და გაიზარდა. იქ დაამთავრა სკოლაც. მის ოჯახს უნდოდა, სწავლა სამედიცინოზე გაეგრძელებინა და მანაც დაუჯერა - სტავროპოლში წავიდა და იქ ჩააბარა. პროფესიით ქირურგია. მერე კი ქირურგიის პროფესორისა და პარლამენტის ჯანდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, ლადო ჭიპაშვილის თანაშემწე გახდა და ასე მოხვდა პარლამენტში.
პოლიტიკაში შემთხვევით აღმოჩენილი, ასევე მოულოდნელად, თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელთა რიგებში აღმოჩნდა და მისი პრორექტორიც გახდა. მერე გადაწყვიტა, თავისივე კერძო სკოლა ჰქონოდა და დააარსა კიდეც. მოგვიანებით კი თავისი წილი გაყიდა და პარლამენტში გადაინაცვლა.
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრი დღევანდელ განათლების სისტემას ბოროტებას უწოდებს. სამი შვილის - 16 წლის მარიამის, 15 წლის ნათიას და 12 წლის კონსტანტინეს მამა, etaloni.ge-სთან განათლების სისტემაზე თავის შეხედულებებსა და შვილების თავისუფლებაზე საუბრობს.
ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლება, ისევე, როგორც სხვა სოციალური პრობლემატიკა, ჩვენს საზოგადოებაში არ არის პრიორიტეტი. განათლების სისტემა იმდენად არაეფექტურია, რომ საჯარო დისკუსია რომ გაიხსნას, თუ რა პრობლემებია აქ, ვერავინ დაიცავს, ეს ყველას გაუჭირდება. ფაქტობრივად, ყველა დაინახავს საჭიროებას, რომ სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ რამე, მაგრამ ზუსტად არსებული პოლიტიკური სიტუაცია განაპირობებს იმას, რაც გვაქვს. ყურადღება მუდმივად გადააქვთ დაპირისპირებაზე, ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ევროკავშირის სტატუსის მიღება თუ ა.შ. ამ საკითხების მიღმა განათლება იმდენად არაპრიორიტეტულია დღევანდელი მოქმედი პოლიტიკოსებისთვის, რომ ფაქტობრივად, ეს იცავს სერიოზული კრიტიკისგან. განათლების კომიტეტში მთელი წელი არც ერთი საინტერესო საკითხი არ გაგვირჩევია. ამდენი ფული სახელმწიფოს განათლებაში არასოდეს ჩაუდია, მაგრამ რამდენად ეფექტურია ამ ფულის ხარჯვა და რა შედეგებს გვაძლევს, ამაშია პრობლემა. არც დრო გვრჩება და არც ენერგია სერიოზულ საკითხებზე მსჯელობისთვის.
- სიტუაციის გამოსწორების მცდელობა აშკარაა - ტარდება პედაგოგების, დირექტორების გამოცდები, მიმდინარეობს ახალი სტანდარტების დანერგვა სკოლებში და ავტორიზაციის პროცესი...
- თითოეული ეს საკითხი საკამათოა. პოლიტიკა, რომ სახელმწიფომ მასწავლებლებიც გაზარდოს, გამოცდებიც ჩაუტაროს, სკოლებიც არემონტოს, ბავშვები ტრანსპორტით ატაროს, არ არის ცენტრალიზებულად შესაძლებელი. ჩვენ თუ დასავლური დემოკრატიისკენ მივისწრაფვით, განსაკუთრებით გვჭირდება მრავალფეროვნება. საბჭოთა სისტემიდან უნდა გადავიდეთ და საბაზრო ეკონომიკისთვის უნდა მოვამზადოთ ბავშვები და უნდა გავზარდოთ თავისუფალი საზოგადოების წევრებად. ამის გაკეთება ცენტრალიზებულად, სამინისტროს მიერ, პრინციპულად არასწორია. პრობლემა გვაქვს ზოგადად განათლების პოლიტიკასთან და არა რაიმე კონკრეტულ პროგრამასა თუ საკითხთან. კომბინაციაში მგონია ყველაფერი არასწორი და არა ისე, რომ რომელიმე კონკრეტული სასიკვდილო ცოდვაა და იმას თუ გავაკეთებთ ან არ გავაკეთებთ, ამით გვეშველება ან დავიღუპებით.
- მრავალფეროვნებისა და თავისუფლების გამოვლენა გგონიათ ის, რომ თქვენი შვილები არ დადიან სკოლაში? მოგვიყევით, როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება.
- ჩემი ერთი შვილი, შუათანა წავიდა წელს სკოლაში, თვითონ გამოთქვა სურვილი. გადაწყვიტა, რომ აინტერესებდა. 4 წელი სახლში იყო და... ახლა სკოლა მისთვის სრულიად განსხვავებული შინაარსის არის, ვიდრე იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სკოლაში ყოველთვის ჩვეულებრივად დადიოდნენ. ეს მისი გადაწყვეტილება იყო და არა ჩემი ან სხვისი. მე-11 კლასშია ახლა და თბილისის პირველ გიმნაზიაში დადის. უმცროსი, რომელიც ახლა 12 წლის არის, შეიძლება, მომავალ წელს წავიდეს, თუ მოისურვა. რომელ კლასშიც უნდა, მივიდეს.
- საკუთარი სკოლა გქონდათ, სადაც თქვენი შვილები დადიოდნენ. გამოდის, თავადაც ვერ ააწყვეთ ისე კერძო სკოლის სისტემა, როგორც გინდოდათ?
- დადიოდნენ ჩემს სკოლაში, მაგრამ თავიდანვე რა პოზიციაც მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, ყოველთვის ხმამაღლა ვამბობდი. მხოლოდ ვიღაცის შვილებზე კი არა, ჩემს შვილებზეც ვლაპარაკობდი. პრობლემები, რომლებიც სხვისი შვილებისთვის მინდოდა ამერიდებინა, ჩემს შვილებსაც ემუქრებოდა და ამიტომ გადავწყვიტე ისე მოვქცეულიყავი, როგორც თავად ვთვლიდი საჭიროდ. ჩემი აზრით, ამ ჩემმა გადაწყვეტილებამ ამ 4 წლის გასვლის შემდეგ გაამართლა და ახლა უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება როცა მივიღე, არ შემშლია და სწორად მოვიქეცი. საბოლოო შედეგს კი მომავალი გვაჩვენებს.
- გვახსოვს გახმაურებული ამბავი, როდესაც ლენტეხში მამაკაცი დააპატიმრეს, რადგან შვილებს სკოლაში არ ატარებდა და თვლიდა, რომ მათ ასე უკეთესად ზრდიდა... სასკოლო, საბაზო განათლება ხომ კანონით სავალდებულოა და თქვენ რამდენად გქონდათ ამის უფლება?
- იქ ალბათ სხვა პრობლემა იქნებოდა. არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია და არ ვიცი, რის გამო დააპატიმრეს. რამდენადაც ვხვდები, საქართველოში უშუალო სანქცია არ არსებობს ამ ქმედებისთვის. თუ არადა, მე მზად ვარ ვიდავო და მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი შემიძლია ამ პროცესის მოგება, თუ ვინმე შემედავება, რომ ჩემს შვილებზე მას უფრო შესტკივა გული ან მან უფრო იცის, როგორ ჯობია ჩემი შვილების აღზრდა. აქედან გამომდინარე, არანაირი ადმინისტრაციული პრობლემა არ მქონია ამ წლების განმავლობაში, თუმცა გეთანხმებით, ისე ჩანს, თითქოს ვალდებულება არსებობს, რომ ბავშვები სკოლაში აუცილებლად უნდა ვატაროთ. ეს მართლაც გასარკვევი საკითხია.
- თქვენ არავინ დაგკავშირებიათ, არავის უკითხავს, რატომ არ დადიოდნენ თქვენი შვილები სკოლაში?
- არა. მე რომ სხვა ვყოფილიყავი, შეიძლება ვინმეს ინტერესი გამოეჩინა, მაგრამ საჯაროდ მქონდა გაცხადებული ეს ამბავი და ალბათ არ უნდოდათ ჩემთან საჯარო დისკუსიაში შემოსვლა.
- როგორ შეიძლება სკოლის მიღმა მიიღო განათლება, როგორია ეს გზები და რამდენად კმაყოფილი ხართ საკუთარი შვილების განათლებით?
- ფიქრობთ, შეუძლებელია, ადამიანი გაიზარდოს სკოლის მიღმა? მთავარი პრობლემა, რაც მგონია რომ არასწორია, ეს არის სკოლაში ბავშვების იძულებით ტარება. ეს რეალურად ამ ბავშვების ცხოვრების მიმართ დამოკიდებულების არასწორად წარმოდგენაა ბავშვობიდანვე. მთავარი ის არის, რომ რაღაცის გაკეთება გიწევს იძულებით და ასევე პრობლემაა ის დამოკიდებულება, რომელიც ბავშვების მიმართ არის საჯარო სკოლებში. იმას კი არ ვთვლი პრობლემად, მათემატიკას როგორ ასწავლიან ან ქართულის პროგრამა როგორ არის შედგენილი, არამედ ზოგადად დამოკიდებულება სავალდებულო განათლების მიმართ. ამიტომაც, მიმაჩნია, რომ მშობელს უნდა ჰქონდეს უფლება, თავისი შვილების აღზრდის მეთოდი თავად გადაწყვიტოს, თუ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ ჯობია. მერე ფიქრობ, როგორ უნდა გაატარონ ბავშვებმა დრო უფრო ეფექტურად - ანუ, რა უნდა ისწავლონ, სად გაერთნონ... დასავლეთში გავრცელებული პრაქტიკაა, როდესაც ოჯახები, რომელთა შვილებიც სკოლაში არ დადიან, ერთმანეთს ეკონტაქტებიან და მათი შვილები ერთმანეთთან ურთიერთობენ. შესაბამისად, ურთიერთობის ნაკლებობა არ არის.
საბჭოთა კავშირის დროს ყველა იძულებული იყო, ერთი და იგივე ცხოვრების წესით ეცხოვრა და თუ ასე არ მოიქცეოდნენ, სისტემა დასჯიდა. ამან კი წაშალა მშობლის პასუხისმგებლობა საკუთარი შვილის აღზრდის მიმართ. აქედან არის ეს უცნაური წარმოდგენები იმის შესახებ, რომ განათლება თუ აღზრდა მხოლოდ ერთი ფორმით შეიძლება და სხვაგვარად არა.
ნაბიჯს ვერ გადადგამ რეგულაციის გარეშე. მასწავლებლები დაკავებულები არიან იმით, სანქციები როგორ აირიდონ და მოერგონ იმ რეგულაციებს, რომელსაც მუდმივად უწესებენ სამინისტროდან და ბიუროკრატიული ქაღალდების შევსებით არიან დაკავებულნი იმის მაგივრად, რომ ბავშვებთან იურთიერთონ. როდესაც უამრავ განსხვავებულ ბავშვს ერთსა და იგივე რაღაცას „ატენი“, რა თქმა უნდა, განსხვავება აღარ რჩება.
- კერძო სკოლის მფლობელი ისევ თუ ხართ და სკოლების მოწყობის როგორი ფორმა მიგაჩნიათ მისაღებად?
- აღარ ვარ, 2017 წელს გავყიდე ჩემი წილი და გამოვედი სკოლის მენეჯმენტიდან, როცა სერიოზულად დავკავდი პოლიტიკური საქმიანობით, თუმცა ბავშვები რომ სკოლიდან გამოვიყვანე, მაშინ ჯერ კიდევ მქონდა. მთავარი პრობლემა ის მექანიკური წესებია, რომელსაც გაუაზრებლად უნდა დაემორჩილოს როგორც ბავშვი, ისე მასწავლებელი. ეს იძულებითი წესრიგი ქმნის იმ ძალადობრივ საჭიროებას, რაც თითქმის ყველა ბავშვზე აისახება.
მოტივაცია, რატომაც უნდა ისწავლოს ბავშვმა, ძალადობა ხდება. ძალადობა მე არ მიმაჩნია აღზრდის სწორ ფორმად. ყოველ შემთხვევაში, წინააღმდეგი ვარ, რომ ეს ფორმა გამოვიყენო ჩემს შვილებზე. მე მაქვს ამის უფლება და სხვების არ ვიცი. სანამ ამას არ გაიაზრებენ მშობლები, ისინი მუდმივად დაემორჩილებიან ამ სისტემას. მე მინდა ისეთი სისტემა, სადაც მშობელს ექნება არჩევანი - სკოლაში უნდა ბავშვის აღზრდა, სახლში თუ როგორ. უნდა არსებობდეს არჩევანი, როგორც სხვა დანარჩენი ადამიანური საქმიანობის სფეროში. ხომ სხვადასხვაგვარ პროდუქტებს ვყიდულობთ ადამიანები? წარმოიდგინეთ, ყველა ერთნაირი ტელეფონით რომ დავდიოდეთ. ეს ხომ არ გამოვა? ეს ხომ საბჭოთა კავშირში გვქონდა და არ გამოგვივიდა და ახლა რატომ შევინარჩუნეთ ეს სისტემა, სხვა რამემ არ გაამართლა და ეს კარგი იყო? ამ ამბავს პოლიტიკაშიც ვაპროტესტებ უკვე წლებია და მათ შორის ჩემი უშუალო ქმედებითაც. ჩემმა შვილმა თავად მიიღო გადაწყვეტილება და წავიდა სკოლაში.
უკვე 15 წლის არის და თავისი ნებით წავიდა. მისთვის ახლა არანაირი პრობლემა აღარ არსებობს. ის რომ არ ყოფილიყო სახლში ამ წლების განმავლობაში, არ გაეაზრებინა, რომ მასზეა დამოკიდებული, წავა სკოლაში თუ იმუშავებს, ამ თავისუფალ ნაბიჯსაც ხომ ვერ გადადგამდა? ამ თავისუფლებაში მდგომარეობს ყველაფრის შინაარსი.
- სკოლაში დაბრუნება გამოცდების ჩაბარებით მოახერხა? ახლა რას აპირებს?
- დიახ, ექსტერნატის გამოცდები ჩააბარა. ახლა მე-12 კლასში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე-11 კლასშია. ჯერ არ ვიცი, რას აპირებს.
- მშობლები ასწავლიდნენ, რეპეტიტორები თუ როგორ იღებენ თქვენი შვილები განათლებას?
- სხვადასხვა კომბინაციით - ჩვენ, მასწავლებლები და თვითონაც დადიან სადღაც და რაღაცებს სწავლობენ.
- უფროს შვილს რა ინტერესები აქვს?
- უფროსი ჩინურით არის დაინტერესებული, ფარიკაობს... რას აპირებს, ვერ გეტყვით.
- არ აპროტესტებდნენ თქვენი შვილები, ყველა მათი თანატოლი რომ სკოლაში დადიოდა მათ გარდა?
- ჩემი შვილი გვერდით მიდგას ახლა და ეღიმება - აპროტესტებდნენ კი არა, ბედნიერად გრძნობდნენ თავს. მეკითხება, ვინც ამას გეკითხება, თვითონ გააპროტესტებდა, სკოლაში რომ არ ევლოო. კლასელები სულ მეუბნებოდნენ, რა იღბლიანი ხარო. ვფიქრობ, პატარაც მოინდომებს სკოლაში წასვლას. მოუნდება, წავა, არ მოუნდება, არ წავა.
არავითარი პოზიტიური ნაბიჯი არ გადაუდგამს ჩვენი განათლების სისტემას. არიან გამონაკლისები, რომლებიც წარმატებებს აღწევენ. მასწავლებლებიც არსებობენ, ამ სისტემის მიუხედავად მაინც რომ ავლენენ ნამდვილი მასწავლებლობის უნარს თუ ტალანტს, ადამიანურად ურთიერთობენ ბავშვებთან. ეს ადამიანობაა, რაც რჩება სისტემის მიღმა, თორემ სწორედ ეს სისტემა ყველანაირად ცდილობს, მოკლას ყველანაირი შესაძლებლობა. შეუძლებელია ამ სისტემაში წახალისება წარმატებულობის, განსხვავებულობის და ა.შ. ცდილობენ, ყველა ერთ ყალიბში მოგვაქციონ.
სკოლაში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის უფსკრულია. ისინი თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ, მოსწავლეები - თავისი. ბავშვებს ამხელა პრობლემები აქვთ და ვერ ურთიერთობენ მასწავლებლებთან, არადა, ისინი პასუხისმგებლები არიან ამ ბავშვების დალხინებაზე, მაგრამ ფუნდამენტში არასწორი პრინციპები აქვს ჩადებული ჩვენი განათლების სისტემას და ხანდახან გამორჩეული ადამიანების მიერ შეიძლება რაღაც სხვა მოხდეს, მაგრამ ეს ამ ადამიანების დამსახურებაა და არა მასწავლებლების.
- გვითხარით, რა მიგაჩნიათ გამოსავლად.
- მე თუ რაიმეს ვაკრიტიკებ, მისი მოხსნა მიმაჩნია გამოსავლად. ამის გამოსავალია მრავალფეროვნება. თქვენს შვილს, როგორც გინდათ, ისე ასწავლეთ, მაგრამ მე დამანებეთ, რომ ჩემს შვილს ისე ვასწავლო, როგორც მე ჩავთვლი საჭიროდ.
-თქვენი სკოლაში სწავლის დრო როგორ გახსენდებათ?
- ბავშვობიდან მომყვება ეს პროტესტი. საბჭოთა სკოლაში ვსწავლობდი, სადაც არავის აინტერესებდა არც ჩემი და არც ჩემი კლასელების ამბები. მერე კი აღმოვაჩინე, რომ ამ 30 თუ 40 წლის შემდეგ, რაც მე სკოლაში არ ვყოფილვარ, იქ ისევ ისეთი აურაა, იგივეს ასწავლიან და იგივე აზროვნების ხალხი მუშაობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ილია უკვდავია!“- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...