სიახლეები
სკოლები

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია 148 წლისაა - იხილეთ სკოლის ისტორია
09-02-2023
-
+


ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უძველესი სასწავლებელია განათლება მე-20 საუკუნის ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა მიიღეს. სასწავლებელი 1875 წელს დაარსდა და 2000 წელს სასულიერო გიმნაზიად გადაკეთდა. მრავალჭირნახული სკოლა მოსწავლეთათვის დღემდე ცოდნის ტაძარია. წელს გიმნაზიას 148 წელი შეუსრულდა.

გთავაზობთ, ნაწყვეტს ზეინაბ ბუაჩიძის წიგნიდან - ,,ხარაგაულის ქრონიკები”, სადაც სკოლის ისტორიაა მოთხრობილი:

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია, თავდაპირველად საერო (სამინისტრო), შემდეგ დაბის №1 საშუალო სკოლა და ამჟამად სასულიერო გიმნაზია ერთ-ერთი უძველესი სასწავლებელია არა მარტო ზემო იმერეთში, არამედ მთელს საქართველოში, ეს არის იმ სიტყვების პერიფრაზი, რომელიც გვხვდება 1881 წლის 6 ნოემბრის გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილ წერილში.
ეს სასწავლებელი არა მარტო სიძველითაა გამორჩეული, არამედ იმითაც, რომ აქ განათლება მიიღო მომავალ მეცნიერთა, საზოგადო მოღვაწეთა, ხელოვანთა მთელმა პლეადამ, თანავარსკვლავედმა, რომელმაც ,,გაიელვა XX საუკუნის ქართულ ცაზე” და დიდი კვალი დატოვა ქართულ მეცნიერებასა და კულტურაში: აკად. იოსებ ბუაჩიძე, პროფ. პეტრე ბუაჩიძე, რევაზ თაბუკაშვილი, დევი აბაშიძე და მრავალი სხვა.

აღსანიშნავია, რომ აქ ასევე განათლება მიიღო მრავალმა სასულიერო პირმა. სასწავლებელი 1875 წლის 26 იანვარს (8 თებერვალი) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს დაარსდა. აშკარაა, რომ ეს დღე სპეციალურმა სკოლის გახსნისა და კურთხევისთვის შეარჩიეს. გავა წლები 1918 წელს, იმავე დღეს გაიხსნება საქართველოს ,,ალმა მატერი”, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.


1905-1907 წლებში რევოლუციურმა განწყობამ სასწავლებელსაც გადაუარა, რაშიც დიდი წვლილი სამოელ (ნოე) ბუაჩიძემ შეიტანა, რომელიც აქ 1903-05 წლებში მასწავლებლობდა. ალახანოვ-ავარსკის რაზმელთა გადამწვარი სკოლა ხალხის შემოწირულობითა და სახელმწიფო ხარჯებით მალე აღადგინეს, სწავლა არ შეჩერებულა, რადგან შენობა იქირავეს. მოსწავლეთა რიცხვი თანდათან იმატებდა. 1921 წელს შვიდწლედად, ხოლო 1924 წელს რვაწლედად გადაკეთდა.

1940 წელს მოსწავლეთა რიცხვმა 500-ს მიაღწია. ამ დროს აშენდა სკოლის ახალი შენობა, სადაც მოსწავლეთა ნაწილი გადაიყვანეს, ასე დაარსდა დაბის №2 საშუალო სკოლა.

2000 წელს დაბა ხარაგაულის №1 საშუალო სკოლა სასულიერო გიმნაზიად გადაკეთდა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის სკოლის მაშინდელ დირექტორს, შესანიშნავ პედაგოგს, ქ-ნ ლამარა კურტანიძეს. პედკოლექტივს თავიდანვე ჰქონდა სწრაფვა სარწმუნოებისკენ. საქართველოს მართლმადიდებელმა საპატრიარქომ გადაარჩინა სკოლა განსაცდელისგან. საფრთხე მართლაც დიდი იყო. აღნიშნულ წელს სკოლების ოპტიმიზაციის პროგრამიდან გამომდინარე, გაჩნდა იდეა N1 საშუალო სკოლა, I საფეხურის, 6-კლასიან, სასწავლებლად გადაეკეთებინათ. გაესხვისებინათ მისი ეზო, რადგან დაწყებითი კლასის საფეხურებს ამხელა ფართი აღარ დასჭირდებოდა. სკოლის პედკოლექტივი ბედს არ შეურიგდა, დაირაზმა და დახმარება საპატრიარქოს სთხოვა. მალე სკოლა გამოვიდა სახელმწიფო დაქვემდებარებიდან და მისი შენობა და ეზო, უზუფრუქტის წესით, საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას გადაეცა. ეს იყო დიდი სიხარულის დღე. სკოლა გადარჩა, შეუნარჩუნდა თავისი სტატუსი და პედაგოგიური კადრები, გადაკეთდა გიმნაზიად, გაძლიერდა მთელი რიგი საგნების სწავლება - პირველ რიგში. საღვთო სჯულის.
გიმნაზია დაადგა ახალ, რთულ, განსაცდელებით სავსე გზას. ამ პერიოდში სხვადასხვა სიძნელეებს ისიც დაემატა, რომ მოიშალა სკოლის ინფრასტრუქტურა. მიუხედავად სირთულეებისა ის მაინც მიიწევდა წინ და წარმატებებს აღწევდა ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის მის ღირსეულ პედკოლექტივს.


2015 წლიდან, როცა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი გახდა მისი ყოვლადუსამღვდელოესობა - მელქისედეკ ხაჩიძემ, სკოლის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ამ შესანიშნავმა და კეთილმა მწყემსმა თავის მხრებზე იტვირთა გიმნაზიის პრობლემები, დიდი ძალისხმევისა და უძილო ღამეების შედეგად მოახერხა სასწავლებლის ფეხზე დაყენება.
მეუფე მელქისედეკმა, როგორც იტყვიან, რკინის ქალამნები ჩაიცვა და მოიძია თანხები სასწავლებლის სრული რეაბილიტაციისთვის. ძველი ავარიული სკოლის შენობიდან დარჩა მხოლოდ კარკასი, დანარჩენი მთლიანად გამოიცვალა. დამონტაჟდა გათბობის სისტემა, სკოლამ მიიღო ჭკვიანი დაფები, კომპიუტერები, პირველ კლასელებს გადაეცემათ ლეპტოპები, აშენდა საფეხბურთო სტადიონი, ღია საკონცერტო ესტრადა, მოსწავლეებს ემსახურება სკოლის ტრანსპორტი და სხვა მრავალი. აქ სწავლება უფასოა.

სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია 2016 წელს. მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ღვაწლი კიდევ ერთი მაგალითია იმისა თუ, როგორ ზრუნავდნენ საუკუნეების მანძილზე სასულიერო პირები და ზრუნავენ დღესაც ერის განათლებისა და მომავალი თაობების სასიკეთოდ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სეტყვა, ქარი, ელჭექი... - სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები
საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება