სიახლეები
ინტერვიუ

„4+1 პროგრამამ ძალიან კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ ახლა, მგონი, თავისი შესაძლებლობა ამოწურა“- კახაბერ ჩუბინიძე, ნახიდურის საჯარო სკოლის დირექტორი
09-02-2023
-
+


„ვფიქრობ, რომ კარგმა მასწავლებელმა ბავშვებისგანაც ბევრი რამ უნდა ისწავლოს“,- აღნიშნავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის დირექტორი კახაბერ ჩუბინიძე. ის ამ თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს და წლების განმავლობაში სკოლის, პედაგოგებისა და მოსწავლეების განვითარებაზე ზრუნავს. 

ნახიდურის საჯარო სკოლა არაქართულენოვანია, იქ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეები სწავლობენ. მთავარი გამოწვევა კი სახელმწიფო ენის სრულყოფილად სწავლაა. დირექტორი ამბობს, რომ ბოლო წლებში ადგილობრივების ინტერესი გაზრდილია და ხშირად, ქართულენოვან მასწავლებლებსა და ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეთა მშობლებს შორის თარჯიმნის როლს სწორედ ბავშვები ასრულებენ. სკოლაში ამ ფაქტით ამაყობენ, რადგან ეს იმის დასტურია, რომ შრომამ შედეგი გამოიღო. 

კახაბერ ჩუბინიძის თქმით, სკოლის კურსდამთავრებულთა, დაახლოებით, 30% სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებს და იქვე აღნიშნავს, რომ 4+1 პროგრამა ძალიან კარგია, თუმცა მან უკვე თავისი საქმე გააკეთა, ახლა კი რაღაც სხვა გარდამავალი ეტაპის დანერგვაა საჭირო. 

ნახიდურის საჯარო სკოლის დირექტორი საკუთარი თავის, სკოლის, პედაგოგების, მოსწავლეებისა და არსებული გამოწვევების შესახებ გვესაუბრა. 

- ბატონო კახა, რამდენი ხანია, რაც პედაგოგიურ საქმიანობას ეწევით?

- 1993 წლიდან მასწავლებელი ვარ, სკოლის დირექტორი კი 2014 წელს გავხდი... სამოქალაქო განათლებასა და ისტორიას ვასწავლი.

- ესე იგი, თქვენც მათ შორის ხართ, ვინც მიიჩნევს, რომ სკოლის ხელმძღვანელი მასწავლებლობიდან უნდა მოდიოდეს...

- ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, დირექტორობის პარალელურად, მოსწავლეებთან ურთიერთობა საგაკვეთილო პროცესშიც მქონდეს. ეს გარკვეული საკითხების უკეთ და ეფექტურად მოგვარებაში მეხმარება.

- და როგორია თქვენი თვალით დანახული თანამედროვე მასწავლებელი?

- მასწავლებლის პროფესია ერთფეროვანი არაფრით არ შეიძლება გახდეს. ჩვენ ყოველდღე გვაქვს მოსწავლეებთან - ახალ თაობასთან შეხება და რამდენ ბავშვთანაც გაქვს ურთიერთობა, იმდენი სიახლეა. ვფიქრობ, კარგმა მასწავლებელმა ბავშვებისგანაც ბევრი რამ უნდა ისწავლოს.

- დირექტორობას დამატებით რა პასუხისმგებლობები და გამოწვევები ახლავს?

- გამოწვევა და პასუხისმგებლობა ნამდვილად ბევრია, მით უმეტეს, რომ არაქართულენოვან სკოლაში ერთადერთი არჩეული დირექტორი ვარ.

- სკოლის ხელმძღვანელობამდე ალბათ რამდენიმე ეტაპი გაიარეთ...

- რა თქმა უნდა... კანონის შესაბამისად, ჯერ იყო ტესტირება, შემდეგ გასაუბრების პირველი ეტაპი... მოგვიანებით, კიდევ ერთი გასაუბრება სამინისტროში და ბოლოს სკოლის სამეურვეო საბჭომ ამირჩია.

- იყო არჩეული დირექტორი, დიდი პასუხისმგებლობაა, ხომ?

- კოლექტივის წინაშე მართლაც უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს და მათ გვერდით დგომა ჩემი პირდაპირი მოვალეობაა.

- არაქართულენოვანი სკოლის დირექტორი ბრძანდებით... ვინ, ვინ და, თქვენ უკეთ იცით, რაში გამოიხატება არაქართულენოვანი სკოლის განსხვავებული სპეციფიკა.

- დიახ, ჩვენი სკოლა არაქართულენოვანია, თუმცა ქართული სექტორებიც გვაქვს, რომლებიც ყოველწლიურად იზრდება. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ თემში სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობა მზარდია.  ყველაზე სასიხარულო და სასიამოვნო ის არის, რომ ეთნიკურად ქართველ პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შორის თარჯიმნის როლს ბავშვი ასრულებს, რაც ჩვენი შრომის თვალსაჩინო შედეგია.

მე ქართულენოვან სკოლაშიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი. ასევე - სომხურენოვანსა და აზერბაიჯანულენოვანში. ცოტა ხნის წინ სტუმრად პარლამენტის თავმჯდომარე, წევრები და ამერიკის ელჩი გვყავდა, მათთანაც სწორედ გამოწვევებზე ვისაუბრეთ.

- გამოწვევები გასაგებია, თუმცა საინტერესოა, თავად რაში ხედავთ გამოსავალს?

- არაქართულენოვან სკოლებს 2 ნაწილად დავყოფდი: ისეთებად, სადაც მოსწავლეებს მხოლოდ გვარი აქვთ არაქართული, გარემო კი ქართულენოვანია; მეორე კატეგორია კი, სადაც ბავშვები სკოლის გარეთ ქართულ საუბარს, ალბათ, თვეში ერთხელ ვერ გაიგებენ. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ჩემი აზრით, სახელმწიფო ენასთან შეხება უნდა გაიზარდოს.

- არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები ხშირად „4+1“ პროგრამას გადიან - შედეგი თუ აქვს ამ ყველაფერს?

- 4+1 პროგრამამ ძალიან კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ ახლა, მგონი, თავისი შესაძლებლობა ამოწურა. ამის გამო, ჩვენთან მე-11, მე-12 კლასებში ქართული სექტორი აღარ გვყავს. თავიდან, ბავშვები ქართულ სექტორზე შემოდიან, შემდეგ კი გამოცდა რომ იოლად ჩააბარონ, აზერბაიჯანულენოვან სექტორზე გადადიან, რადგან ქართულად დასმულ კითხვას ვერ გებულობენ. დაახლოებით, 3-4 წლის წინ გვყავდა კურსდამთავრებულები, რომლებიც ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს - მასწავლებელო, კითხვა ვერ გავიგეო. შეიძლება იფიქროთ - ქართულს 12 წელი სწავლობენ და როგორ ვერ უნდა ჩააბარონო, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ აბარებენ.

- გამოსავალი რაშია, ბატონო კახა?

- ჩვენ ძალიან კარგი პედაგოგები გვყავს და ამ მხრივაც არაა პრობლემა, დეფიციტი ან კვალიფიკაციის ნაკლებობა... სწორედ ამაზე ვესაუბრეთ სტუმრებს - რაღაც გარდამავალი ეტაპი უნდა იყოს, რათა კურსდამთავრებულებმა გამოცდა ჩააბარონ. იმ კურსდამთავრებულებისთვის, ვინც ეთნიკურად ქართველები არ არის და არაქართულენოვან სკოლაში ქართულ სექტორს ამთავრებს, გამოცდების ჩაბარებისას, გარკვეული შეღავათები უნდა იყოს. ისინი არაქართულ გარემოში იზრდებიან და ისე ვერ გაიგებენ კითხვას, როგორც ქართულენოვანი კურსდამთავრებულები.

- თქვენი სკოლის კურსდამთავრებულების რა ნაწილი აგრძელებს სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში?

- დაახლოებით, 30% აბარებს უნივერსიტეტებში. ჩვენ მაკლეინის ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობდით. ორგანიზაცია ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ქართულ უნივერსიტეტებში სწავლას უფინანსებდა. ეს ძალიან კარგი საშუალება და მოტივაცია იყო.

- პედაგოგები ახსენეთ... რამდენი მასწავლებელი გყავთ და არიან თუ არა სერტიფიცირებულები?

- სულ სკოლაში 61 თანამშრომელი გვყავს, მათ შორის, 44 პედაგოგია და თითქმის ყველა - სერტიფიცირებული.

- ამას ისეთი სიმაყით აცხადებთ, გამოცდებს აშკარად ემხრობით. ასეა?

- ჩემი აზრით, გამოცდები პირველ ეტაპზე ძალიან კარგი იყო. ახლა კი საგანს რომ ასწავლი და სერტიფიცირებული 1 ქულით გახდები, კარგი ნამდვილად არ არის.

- დირექტორობის გამოცდაზეც იგივე აზრი გაქვთ?

- გამოცდები, თავისთავად ძალიან კარგია, მაგრამ სერტიფიცირებული და არასერტიფიცირებუ დირექტორებს შორის სხვაობა უნდა იყოს მაგალითად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში - სულ სერტიფიცირებული დირექტორები ვიყავით. მეუხერხულება ანაზღაურებაზე საუბარი, თუმცა როგორ პედაგოგებისთვისაა, სტატუსის მიხედვით განსხვავებული ხელფასი, ვფიქრობ, ჩვენს შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს. გამოცდაჩაბარებულ დირექტორს სხვანაირი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს.

- ისე, ბატონო კახა, როგორი იყო გასული სემესტრი თქვენი სკოლისთვის?

- ძალიან კარგი...  აქტიური და ღონისძიებებით დატვირთული... სიახლეებიც დაინერგა, იგივე რაც შეეხება პირველ კლასში ჭადრაკის სწავლებას - ჩვენ 3 პირველი კლასი გვყავს და მოსწავლეები ამ საგანს მონდომებით სწავლობენ. აღსანიშნავია, რომ ჩემი სკოლის მოსწავლეები ძალიან აქტიურები არიან, ჩართული ვიყავით და ვართ არაერთ საინტერესო პროექტში. ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული მოსწავლეებთან და მოსწავლეებისთვის. სკოლაში წელიწადში მინიმუმ 5-6 პროექტი იმართება.

- როგორ ფიქრობთ, რითაა თქვენი სკოლა სხვებისგან გამორჩეული?

- ჩვენი სკოლა გამორჩეულია, ის არაქართულენოვან სკოლებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. მაგალითად, შარშან ბოლნისის მუნიციპალიტეტის არაქართულენოვან სკოლებს შორის პირველი მოსწავლე გვყავდა, რომელიც „ფლექსის“ პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 წლის განმავლობაში სწავლობდა. ახლა ის სწავლას ქართულ უნივერსისტეტში აგრძელებს. ვფიქრობ, მთავარი მაინც მასწავლებლებისა და მოსწავლეების მოტივაციაა. ამ სკოლაში კოლექტივი, 10-12 წლის წინ, თითქმის ერთდროულად მოვედით. მანამდე ადგილობრივ ახალგაზრდებში სწავლა ასეთი პოპულარული არ იყო. ახლა კი თაობა სწავლისკენ ნელ-ნელა უფრო შემობრუნდა.

- ბოლოს, რას ურჩევდით პედგოგებს, რა მეთოდები გამოიყენონ იმისთვის, რომ მოსწავლეებს ეფექტურად ასწავლონ?

- შემიძლია მასწავლებლებს ერთადერთი რჩევა მივცე - ყველა საქმეს ძალიან დიდი სიყვარულით მიუდექით, ეს საკმარისია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება