სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„შვილი თუ გეუბნება, რომ არ მოსწონს რეპეტიტორი, აუცილებლად უნდა შეცვალო“ - რა შემთხვევაში ცვლიან აბიტურიენტები გამოცდებამდე ცოტა ხნით ადრე მასწავლებელს
15-02-2023
-
+


რეპეტიტორი - კერძო მასწავლებელი, რომელიც აბიტურიენტებს ამა თუ იმ საგანში ამზადებს, ჩვენს ქვეყანაში ერთობ მოთხოვნადი გახლავთ, თუმცა, უნდა გაგიმართლოთ, რომ საგნის კარგი მცოდნე იპოვოთ, რომელიც ბავშვისთვის ამ ცოდნის გადაცემას შესაბამისად შეძლებს და უნივერსიტეტისკენ სავალ გზას გაუხსნის.

მრავალი სტატისტიკური მონაცემით, განათლების სფეროს მოღვაწეთა თუ მშობელთა აზრით დასტურდება, რეპეტიტორი, ფაქტობრივად, ყველა აბიტურიენტს სჭირდება, რადგან სკოლები შესაბამის ცოდნას, რომლითაც მათი მოსწავლე ეროვნული გამოცდების ჩაბარებას შეძლებს, ვერ იძლევიან. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს იშვიათი გამონაკლისებიც. ბოლო წლებში, რეპეტიტორების მოთხოვნა პანდემიურმა პერიოდმა კიდევ უფრო გაამძაფრა.

რა კრიტერიუმებით არჩევენ აბიტურიენტები თუ მათი მშობლები რეპეტიტორს, რა ხდება მაშინ, როდესაც მოსწავლეს მასწავლებელი არ მოსწონს? ამ და სხვა კითხვებით etaloni.ge-მ აბიტურიენტების მშობლებს მიმართა.

მე-12 კლასელი გოგონას მშობელი, შორენა გვირჯიშვილი გვიყვება, რომ რეპეტიტორის ასარჩევად რჩევები იმ ადამიანებისგან მიიღო, ვინც სხვადასხვა საგნის სპეციალისტებს იცნობდა.

შორენა გვირჯიშვილი: მე პირადად შეხება არ მაქვს პედაგოგიურ სფეროსთან. ცუდ მშობლად რომც არ ითვლებოდე, მაინც ვერ გაიგებ პედაგოგის დონეს, მაშინ შენც უნდა იარო რამდენიმე გაკვეთილზე და იმის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება. ამიტომაც, შევეცადე, კომპეტენტური პირებისთვის მეკითხა რჩევა. დავურეკე ჩემი შვილის ნათლიას, რომელიც უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობს და ვთხოვე, ჩვენი საცხოვრებლის ახლომახლო ერჩია ქართულის რეპეტიტორი. მისი რჩევა მივიღე და ასე ვიპოვეთ ქართულის მასწავლებელი, რომლის უკმაყოფილოც არც მე ვარ და რც ჩემი შვილი. ქართულში 800 დოლარი უნდა გადავიხადო სასწავლო წლის განმავლობაში.

ჩემი მეორე შვილი კომაროვის სკოლაში სწავლობს და მისი პედაგოგების დახმარებით ავირჩიე აბიტურიენტი შვილისთვის მათემატიკის მასწავლებელი. 1 500 დოლარი მომთხოვა მათემატიკის მასწავლებელმა. ისე მოხდა, რომ მამიდაჩემი, რომელიც მათემატიკის მასწავლებელია, თბილისში ჩამოვიდა და მითხრა, მასთან ევლო. ახლა ორივესთან დადის. რომ ვიცოდე, მამიდაჩემი არ წავა ისევ თავის ქალაქში, აღარ ვატარედბი იმ რეპეტიტორთან. მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკაში დიდ თანხას ვიხდი და შორსაც არის ჩვენი სახლიდან, იყო შემთხვევები, როდესაც გაკვეთილს უცდენდა, მივიდოდა ბავშვი და ნახევარი საათის დაგვიანებით იწყებდა გაკვეთილს. რომ გავიკითხეთ, პროგრამასაც ჩამორჩენილები ვიყავით. ამიტომაც გადავწყვიტე, მამიდაჩემთანაც ევლო გაკვეთილებზე.

ინგლისურში, ვისთანაც მე-12 კლასამდე დამყავდა, ისევ მასთან დადის, აღარ შევუცვალე პედაგოგი. მე-12 კლასამდე მხოლოდ ინგლისურში ვამზადებდი, სხვა საგანში - არა.

- როგორ იქცევით, როდესაც თქვენს შვილს რეპეტიტორი არ მოსწონს, რამდენად ითვალისწინებთ მის განცდებს თუ შენიშვნებს?

- ჩემი შვილი არ არის ისეთი ბავშვი, რომ საკუთარ თავზე თვითონ იმუშაოს, თავიდან ბოლომდე პედაგოგზეა დამოკიდებული. კი ვეუბნები, პედაგოგი იმიტომ უნდა გყავდეს, რომ შენ შენს თავზე რომ მუშაობ და რაღაცას ვერ გაიგებ, იმ შემთხვევაში დაიხმარო-მეთქი, მაგრამ... ბავშვებმა არ იციან, როგორ მოიქცნენ პედაგოგებთან, როცა მათ ფულს ვუხდით. შეიძლება, არც პედაგოგებმა იციან სწორად მოქცევა მოსწავლეებთან, მაგრამ შენ, ფულის გადამხდელს უფრო მეტი ინტერესი გაქვს ამ შემთხვევაში. არ არიან პატარა ასაკში, ამ ხნისანი ქვეყანას მართავდნენ ჩვენი მეფეები. როცა ფულს იხდი, იქ ცოტა კიდევ სხვა პასუხისმგებლობა გაქვს და სხვაგვარადაც უნდა მოიქცე - უნდა მოითხოვო მაქსიმუმი საკუთარი თავისგანაც და პედაგოგისგანაც. პედაგოგი ფულს იღებს და რა შედეგზე გავა... ექიმივით თავს იზღვევს და მთლიანად ბავშვზე ხდება მერე ხელის შეწმენდა.

თავიდან ბოლომდე ამოვაყირავებდი განათლების სისტემას! როდესაც 12 წლის განმავლობაში ბავშვი სწავლობს ერთ საგანს - მაგალითად, ქართულს... ეხუმრებით, 12 წელი ქართულის სწავლებას, რომელიც კვირაში 5 დღე გაქვს და ამ დროს გამოდიხარ სკოლიდან და რომ არა რეპეტიტორი, შეიძლება ვაჟას და ილიას დაბადებისა თუ გარდაცვალების თარიღები და სხვა ელემენტარული რამ არ იცოდე?! არ ვიცი, რატომ სჭირდება ერთი საგნის შესწავლას 12 წელი და ისიც არასრულყოფილად.

როდესაც არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ატყობ, აუცილებლად უნდა შეცვალო მასწავლებელი. ამას, რა თქმა უნდა, ბავშვი ამბობს და დედამ უნდა დაუჯეროს. როცა მე აბიტურიენტი ვიყავი და სკოლაში ვსწავლობდი, მშობელი ფაქტობრივად არ გვისმენდა და ჩარჩოებში გვაქცევდნენ, გვეუბნებოდნენ, ეს უნდა გააკეთო, იმიტომ, რომ ეს ასეა მიღებული, არ მოგწონს და მერე რა... ეს თაობა კი განსხვავებულია და შენ არ დაგიჯერებს. ჩემი შვილის შემთხვევაში შევცვალეთ კლასიც, რადგან ბავშვს არ უნდოდა. მე რომ მეთქვა, გადასვლა მინდა სხვა კლასში-მეთქი, მშობლები არც მომისმენდნენ. ჩვენ კი ასე თუ ისე, შვილებს ვუსმენთ და ვითვალისწინებთ.

- როდესაც რამდენიმე თვე რჩება გამოცდებამდე, როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამ დროს კარგი რეპეტიტორი მოძებნო შვილისთვის, რომელსაც, მაგალითად არ მოსწონს ის, ვისთანაც მშობელმა მიიყვანა?

- გამორიცხულია, ვეღარსად ჩასვამ და ვერც ძველ პედაგოგს მიუბრუნდები. ამიტომაც არ გამოვიყვანე მათემატიკიდან. პროგრამა გავლილი ექნებათ გარკვეულწილად და უარს გეტყვიან რეპეტიტორები. თან არ აწყობთ, მისმა მოსწავლემ რომ კარგი ქულები არ აიღოს გამოცდაზე.

- რაც შეეხება თანხის გადახდას, წინასწარ რამდენად იღებენ ფულს, რომ მერე ბავშვმა ვეღარსად შეძლოს გაქცევა?

- თანხის გადახდა შეთანხმების ამბავია. ინგლისურში 1 000 ლარი უნდა გადავიხადო სულ. 500 გავუგზავნე. ბავშვს ვუთხარი, ხომ არაფერი გითხრა-მეთქი და არა, პირიქით, მითხრა, როცა გინდა, მაშინ გადამიხადეო. ქართულის მასწავლებელმა მითხრა, 100-100 დოლარი მიხადე თვეშიო, მათემატიკის პედაგოგმა, წლის ბოლოს გამისტუმრეო. ანუ,  ვის როგორ შეუთანხმდები, იმაზეა დამოკიდებული.

კიდევ ერთი მე-12 კლასელის მშობელი, მაკა გელაშვილი გვიყვება, რომ რეპეტიტორი, რომელიც მეგობრის რჩევით შეარჩია, მის შვილს არ მოეწონა, რის გამოც სწავლა შეწყვიტა და განუცხადა, რომ მასთან აღარ ივლიდა.  

მაკა გელაშვილი: ინგლისურზე მოსამზადებელ ცენტრში დადის, სადაც 150 ლარს ვიხდი თვეში. შარშან დაიწყო სიარული და ძალიან მოსწონს ის მასწავლებელი. ეროვნული გამოცდების ტესტებს რომ აწერინებს, ფაქტობრივად, სულ მაღალ ქულებს იღებს.

რაც შეეხება ქართულს, შარშან ვისთანაც დადიოდა, მასთან სიარული აღარ ისურვა ბავშვმა. ის რეპეტიტორი ჩემმა მეგობარმა მირჩია, თუმცა მაშინ არ დავაკვირდი, რომ მისმა შვილმა არცთუ ისე მაღალი ქულა აიღო გამოცდაზე გასულ წელს. ბავშვი გაღიზიანებული მოდიოდა, მეუბნებოდა, რომ როცა რამეს შეეკითხებოდა, მასწავლებელი ან აიგნორებდა ან არასრულყოფილ პასუხს აძლევდა და, შესაბამისად, ის საკითხი გაურკვეველი რჩებოდა. რა თქმა უნდა, დავუჯერე და სხვასთან მივიყვანე, რომელიც ძალიან მოსწონს. ქართულში თვეში 140 ლარს ვიხდი.

მათემატიკაში სკოლაში ძალიან კარგი მასწავლებელი ჰყავდა და საფუძველი კარგი აქვს, მაგრამ პანდემიის გამო ბოლო სამი წელია, გაკვეთილი ფაქტობრივად არ ჩატარებიათ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩატარებოდათ, ეს მასწავლებელი მაქსიმალურ ქულებზე მაინც ვერ გაგვიყვანდა. გავიკითხე და ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი რეპეტიტორი ვინც იყო, იმასთან მივიყვანე. 9 თვეში 1 000 დოლარი მოითხოვა. ნახევარი დეკემბრის ბოლოს მივეცი, 500 დოლარი კი მაისისთვის უნდა მივცე.

რომ იტყვიან, მიკროსკოპულად შევამოწმე სამივე მასწავლებელი, ვისაც, ფაქტობრივად, ჩემი შვილის ბედი ვანდე იცით რაში დავრწმუნდი? კეთილსინდისიერი რეპეტიტორი მოსწავლეს საცდელ გაკვეთილს აუცილებლად შესთავაზებს, რათა შეამოწმოს და დაადგინოს ბავშვის დონე. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაში, ვისთანაც ახლა დადის. მშობლისთვის კი შეფასების კრიტერიუმი შვილის რეაქცია უნდა იყოს და არა ის, რომ რომელიმე მისმა მოსწავლემ ოდესღაც კარგი ქულები აიღო. ასევე, მნიშვნელოვანია, მასწავლებელს ბავშვთან კომუნიკაცია მარტივად შეეძლოს.

- როგორც წესი, ცნობილი რეპეტიტორები ხშირად უარს ამბობენ სუსტი ბავშვების მიღებაზე, რათა მერე არავინ თქვას, რომ მისმა მოსწავლემ გამოცდაზე დაბალი ქულა აიღო...

- ალბათ ასეა, თუმცა ჩემი შვილის შემთხვევა ამის მაგალითად არ გამოდგება, რადგან ძალიან მონდომებული და კარგი ბავშვია. თუმცა, უამრავი მასწავლებელია, რომელიც ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი აბიტურიენტი ჰყავდეს, დიდი შემოსავალი მიიღოს და სულაც არ ადარდებდეს ბავშვის ბედი. ასეთები, როგორც წესი, შედარებით ნაკლები თანხის ფასად ამზადებენ და მშობელი, რომელსაც დიდი შემოსავალი არ აქვს, იძულებულია, მასთან მიიყვანოს შვილი.

Etaloni.ge  თბილისში ცნობილ ქართულისა და მათემატიკის რეპეტიტორებს იმავე თემაზე სასაუბროდ დაუკავშირდა. ორივე მათგანმა ანონიმურობის დაცვა გულახდილი საუბრის სანაცვლოდ გვთხოვა.

მათემატიკის რეპეტიტორი მოგვიყვა: კმაყოფილი მშობელი ყვება შენზე ახლობელთან და მერე იმ ახლობელს მოჰყავს შვილი. როგორც ექიმს შევარჩევთ, ისე ვარჩევთ მასწავლებელს. ექიმი თუ არ გავიკითხეთ, ხომ არავინ მივალთ ისე, ბრმად და არ ვენდობით? სწორედ ასეა მასწავლებელიც და ეს სწორი მიდგომაა. უნდა გავიკითხოთ, რა მეთოდებით მუშაობს, ინდივიდუალურად მუშაობს, ჯგუფურად, რამდენი უზის ჯგუფში... ამ ყველაფერს რომ გაიკითხავს მშობელი, მერე წყვეტს, მოიყვანოს თუ არა შვილი შენთან. არავინ გიმოწმებს დიპლომს და სტატუსს. ეს არის ძალიან გამჭვირვალე - კმაყოფილია ერთი მშობელი, გადასცმს ახლობელს.

- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, აიყვანოთ მხოლოდ კარგი მოსწრების მქონე აბიტურიენტები, რომ საბოლოოდ, გამოცდაზე მაღალი ქულები მიიღოთ, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს, რომ საუკეთესო რეპეტიტორი ხართ?

- რა თქმა უნდა, ყველა რეპეტიტორს სურს, კარგი მოსწრების მოსწავლე ჰყავდეს. როდესაც ერთ წელში უნდა მოასწრო მათემატიკის კურსის გავლა და ხვდები, ვერ ეყოფა ეს დრო... ვისურვებდი, რეპეტიტორი სულაც არ იყოს საჭირო, ისეთი განათლების სისტემა გვქონდეს სკოლებში, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს ასე არ არის. იცით, პანდემიამ ძალიან იმოქმედა მათემატიკაზე. ონლაინ მათემატიკის სწავლა ძალიან რთული იყო ბავშვებისთვის და ეს აშკარად აისახა - წელს განსაკუთრებით სუსტი ნაკადი მოვიდა.

მე თავიდანვე საქმის კურსში ვაყენებ მშობელს. თუ ეროვნული ტესტით 18 ქულაზე შევაფასე მოსწავლე, ვეუბნები, რომ ერთ წელიწადში ამ 18 ქულიდან მაქსიმუმ 27 ქულაზე ავა. მშობლისთვის უნდა იყოს გამჭვირვალე, რა მდგომარეობა აქვს მის შვილს და მერე თავად გადაწყვიტოს, უნდა მას მათემატიკაში მომზადება და არის თუ არა თანახმა, 27 ქულამდე აიღოს მისმა შვილმა. შეიძლება, მეტიც აიღოს, მაგრამ არ უნდა მოატყუო არც მშობელი და არც მოსწავლე, შენ ვალდებული ხარ, სიმართლე უთხრა.

როცა რეალობას აუხსნი, შეიძლება შეცვალოს საგანი და იმ სხვა საგნით გრანტიც აიღოს. როცა ასეთ რჩევას ვაძლევ, ყოველთვის მიჯერებენ. შემოწმების გარეშე კი მოსწავლეს ხელს არ ვკიდებ. ვეუბნები, ის ენერგია, რაც მათემატიკას უნდა დაუთმოს ერთ წელიწადში, უფრო მაღალ ქულას ააღებინებს ისტორიისა თუ გეოგრაფიის მიმართულებით-მეთქი. თუ მშობელს სწორად მიაწოდებ ინფორმაციას, რომელი მშობელი გაწირავს შვილს გამოცდაზე ჩაჭრისთვის ან უნივერსიტეტში გრანტის გარეშე მოწყობისთვის?! მათემატიკა ისეთი საგანია, თუ ვერ იგებ, ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ იმეცადინებ. ისტორიას კი წაიკითხავ და გაიგებ და როცა ერთი წელია დარჩენილი, ამ დროში უფრო მარტივია, ისტორიას შეეჭიდოს ბავშვი, ვიდრე მათემატიკას.

- მაშინ, როდესაც ბოლო თვეებიღაა დარჩენილი და აბიტურიენტს არ მოსწონს ის მასწავლებელი, ვისთანაც დადის, ხვდება, რომ მასთან მეცადინეობით მაქსიმუმს ვერ მიაღწევს და სურს, შეცვალოს, მიიღებთ ასეთ დროს?

- სამწუხაროდ, ჩემთან ვეღარ მოხვდება. ხარისხს ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას და სკოლად არ ვაქცევ სახლს. ერთი ან ორი მოსწავლე მიზის თითო გაკვეთილზე. ვერ მექნება ადგილი, რადგან სექტემბრიდან თუ არა, ოქტომბრიდან მაინც უკვე ყველა ადგილი დაკავებული მაქვს.

ასეთ დროს შემიძლია ვურჩიო, რომ საქართველოში მათემატიკის კუთხით კარგი მასწავლებლების პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს და ყოველთვის მოიძებნება კარგი მასწავლებელი, ვინც მიიღებს. მათემატიკის სკოლა ვისაც აქვს დამთავრებული, შესანიშნავი ახალგაზრდები არიან და თავიანთი ცოდნით ეხმარებიან აბიტურიენტებს, ამზადებენ გაცილებით ნაკლებად, ვიდრე ცნობილი რეპეტიტორი და ხშირად იგივე ხარისხით, როგორც ცნობილი რეპეტიტორები.

- თანხას წინასწარ იღებთ?

- არა და არც მახსენდება მათემატიკის რეპეტიტორი, რომელიც წინასწარ იღებდეს ფულს. მათემატიკა ისეთი საგანია, წინასწარ ვერ აიღებ - გამოგყვება თუ არა მოსწავლე, არ იცი. მშობელი არ უნდა დათანხმდეს წინასწარ გადახდას მათემატიკაში, რადგან, შეიძლება ან თვითონ მიხვდეს, რომ ვერ ასწავლის იმ ბავშვს, ან თავად მოსწავლე. ერთ თვეში ვხვდები, რა შედეგს დავდებ, მოსწავლე კი შეიძლება 3 თვეში მიხვდეს, რომ მათემატიკა არ უნდა. სემესტრულად ან ყოველ თვეში იხდიან, მთელი წლისას ერთად - არავინ.

ქართულის ასევე ცნობილი რეპეტიტორი კი ამბობს, რომ იმ აბიტურიენტებს, ვინც ბოლო თვეებში გადაწყვეტენ მომზადებას ან სხვა მასწავლებელი არ მოსწონთ, არავითარ შემთხვევაში უარს არ ეტყვის და მთელი გულით დაეხმარება.

ქართულის რეპეტიტორი გვიყვება: ბავშვები უმეტესად იმის მიხედვით ირჩევენ რეპეტიტორს, თუ რამდენად პოპულარულია. ალბათ მშობლებიც ასე არიან, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ძირითადად ბავშვები მირჩევენ. ბავშვს ურჩია მეგობარმა, ნათესავმა... რაც უფრო მეტი შენი მოსწავლე აბარებს წარმატებულად, მით მეტს უნდა შენთან მომზადება.

როგორც კი სკოლა დავამთავრე, მოსწავლეები მყავდა და მათთან ერთად ვიზრდებოდი. მოსამზადებელ ცენტრშიც ვმუშაობდი, კერძო სკოლაშიც... ახლა უკვე დიდი გამოცდილება მაქვს და თუ ბავშვი პირნათლად შეასრულებს ჩემს მოთხოვნებს, აუცილებლად კარგად ჩააბარებს.  

რაც შეეხება კარგი მოსწრების მქონე მოსწავლეებს, მე ამის მიხედვით არ ვირჩევ. ვისაც ჩემთან უნდა, ყველას ვიღებ. რასაკვირველია, მირჩევნია, ძლიერი და მედალოსანი იყოს ბავშვი. როცა მოდის, რა თქმა უნდა, ვამოწმებ, მაგრამ არასოდეს ვარჩევ და ამით არ ვამტკიცებ ჩემს უპირატესობას.

- როდესაც გამოცდებამდე ბოლო რამდენიმე თვეა დარჩენილი, მაშინაც იღებთ აბიტურიენტებს?

- რა თქმა უნდა, ვიღებ. ვერ შეეწყო მასწვლებელს, ან ისე უხსნის, რომ ვერ იგებს, ან ძალიან ბევრ ბავშვთან დასვა და ვერ უნაწილებს სათანადო ყურადღებას... ასეთ დროს რა უნდა ქნას აბიტურიენტმა? ჩემთან გადმოვიდა ბავშვი, რომელმაც მითხრა, რომ 12 ბავშვთან ერთად იჯდა და არც ესეს აწერინებდა, სხვები ასწრებდნენ, ეს ვერა... ამის გამო ის ბავშვი აღელდა. შეიძლება, სულაც არ იყო სხვაზე ნაკლები, მაგრამ ვერ გამოხატა თავი. ასეთ შემთხვევაში იცვლიან რეპეტიტორს, მე კი მაშინვე ამყავს და დროსაც გამოვნახავ ხოლმე აუცილებლად. ჩემი მეთოდები მაქვს, რომ რასაც აპროტესტებდა სხვა მასწავლებელთან, იმაზე გავამახვილო ყურადღება და ვასწავლო. ისეთი შემთხვევა კი, რომ ჩემგან გაიქცეს ვიღაც, არ მქონია, ისევე, როგორც არ ჩაჭრილა ჩემი მოსწავლე. ზოგი მაღალ ქულას იღებს, ზოგი უფრო ნაკლებს, მაგრამ... შეიძლება სულაც არ იყოს ის სხვა, ვისგანაც აბიტურიენტი გამოიქცა, სუსტი მასწავლებელი, მაგრამ იმ ბავშვთან ურთიერთობა არ გამოუვიდეს. დედამ უნდა დაუჯეროს შვილს და წაიყვანოს სხვა მასწავლებელთან.

მე აგვისტოშიც ამიყვანია მოსწავლე და ივნისშიც. ამ დროს უფრო მეტ გაკვეთილს ვუნიშნავ. ყოველდღე დამყავდა ერთი ბავშვი, რომელიც ივნისში მოვიდა და ივლისში, გამოცდაზე, საკმაოდ კარგი შედეგიც დავდეთ. ახლა, თებერვალში ავიყავნე ახალი მოსწავლეები. ხვალ რომ გამოცდა ჰქონდეს, დღეს ავიყვან, არ დავიძინებ და ვეცდები, მთავარი პრინციპები ავუხსნა, მთელ ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ.

ზოგი არ კითხულობს ნაწარმოებებს. მე კი ვდგავარ და ვუყვები, სპექტაკლებს ვდგამ. უნდა ნახოთ, „ჯაყოს ხიზნების“ ურმის სცენა როგორ მაქვს დადგმული - წივილ-კივილით და სიცილ-ხორხოცით ვსწავლობთ. ხანდახან ასე უნდა, სპექტაკლივით. ბავშვის ხასიათზეა ბევრი რამ დამოკიდებული - ზოგი უნდა გააცინო, ზოგს მკაცრად უნდა უთხრა. ერთ გოგოს ძალიან მკაცრად ვუთხარი რაღაც და ეს ბოლო 4 გაკვეთილია, ისე კარგად მაბარებს... ესე იგი, იმას სიმკაცრე სჭირდება, სხვაზე კი ამ სიმკაცრემ შეიძლება პირიქით იმოქმედოს. მეთოდი ინდივიდუალურია და უნდა მიხვდეს მასწავლებელი, ვის როგორ მიუდგეს.  


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება