პირველკლასელთა სკოლაში მიღების ასაკი შესაძლოა არ შეიცვალოს - განმარტება
06-03-2023
დაკოპირებულია
-
+
განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, პარლამენტის წინაშე 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას, გასული წლის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად პირველკლასელთა რეგისტრაციისას ასაკის ცვლილება დაასახელა.
სხვათა შორის, როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა და სკოლებში ის ბავშვები დაუშვეს, ვისაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებოდა, ამილახვარმა განმარტა, რომ ვადა ყოველ წელს შეიცვლებოდა და საბოლოოდ 31 დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებიც მივიდოდნენ სკოლაში.
აქედან გამომდინარე, მოლოდინი, ვადების შეცვლისა, წელსაც არსებობს; მით უმეტეს, განათლების კომიტეტის სამოქმედო გეგმაში ეს საკითხი გაწერილია. სწორედ ამიტომ, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა, გიორგი ამილახვარს ვადების დაკონკრეტება მოსთხოვა, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ როგორც კი დაასრულებენ ვითარების შესწავლას, სკოლების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუმცა ამილახვარმა ისიც დასძინა, რომ თარიღი შესაძლოა წელს არც შეიცვალოს:
„პირველკლასელთა რეგისტრაციის ასაკს რაც შეეხება, ვამუშავებთ ანალიტიკურ ინფორმაციას სასკოლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით; მესმის, პირველკლასელთა რეგისტრაციის თარიღი ცნობილია და მოკვლევის შემდეგ შეგვეძლება თქმა, წელს გვექნება ასაკის ერთი ბიჯით აწევის შესაძლებლობა თუ სამწუხაროდ, ეს თარიღი უცვლელი დარჩება“, - განმარტა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ.