მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ვამაყობ იმით, რომ მთელ სოფელში ზოია მასწავლებლად მიცნობენ - ეს ჩემთვის უდიდესი სიხარული და ბედნიერებაა“, - ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლის დირექტორი ზოია თიგიშვილი.
პროფესიით ფილოლოგმა ეს თანამდებობა 1990 წელს დაიკავა, მას შემდეგ სკოლას ერთგულად ემსახურება და სამსახურის შეცვლაზე არასდროს უფიქრია, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, ანდეზიტის სკოლა მისთვის ძალიან ძვირფასია. ფიქრობს, რომ პროფესიის არჩევისას შეცდომა არ დაუშვია და გადაწყვეტილებით დღემდე კმაყოფილია.
ზოია თიგიშვილის თქმით, დირექტორისთვის აუცილებელია, რომ საგანსაც ასწავლიდეს - ასე მოსწავლეებთან ყოველდღიურ კონტაქტს ინარჩუნებს და მათი ინტერესების შესახებ მეტი იცის. აღნიშნავს იმასაც, რომ, წლების განმავლობაში, მოსწავლეებმა ბევრი რამ ასწავლეს, მათგან სითბოსა და სიყვარულს ყოველდღიურად იღებს.
დირექტორი ქართულსა და ჭადრაკს ასწავლის. ეს უკანასკნელი მისთვის ახალი გამოცდილება და გამოწვევა იყო.
სკოლის, საკუთარი თავის, მოსწავლეების, პედაგოგებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ზოია თიგიშვილი Etaloni,ge-ს ესაუბრა.
- თავდაპირველად, მინდა გკითხოთ, მასწავლებლის პროფესია რატომ აირჩიეთ?
- ამის მოწოდება ბავშვობიდან მქონდა, დავსვამდი ხოლმე მეგობრებს, ვასწავლიდი, მათზე ვზრუნავდი. შემდეგ კი ამ ყველაფერმა ჩემს არჩევანზეც იმოქმედა.
- შეგიძლიათ თამამად თქვათ, რომ თქვენი პროფესია გიყვართ?
- დიახ, ასეა. ნამდვილად არ შევმცდარვარ, როდესაც არჩევანი გავაკეთე. თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, ისევ მასწავლებლობას ავირჩევდი. არ ვნანობ და არც არასდროს ვინანებ.
- რამდენი ხანია, რაც ამ სკოლის ხელმძღვანელი ხართ?
- ამ სკოლის დირექტორი 1990 წლიდან ვარ. მანამდე აქ დაწყებითი სკოლა ფუნქციონირებდა და გამგე ვიყავი. შემდეგ, ჩვენი ინიციატივით, შევძელით, რომ საბაზო სკოლად გადაგვეკეთებინა. ამის შემდეგ დირექტორი ვარ, ერთხელ არჩეული, ახლა კი მოვალეობის შემსრულებელი.
- კონკრეტულად, რა გზა გაიარეთ საბაზო სკოლის გასახსნელად?
- როგორც გითხარით, დაწყებითი სკოლა ფუნქციონირებდა, თუმცა იყო მოსწავლეთა საკმარისი კონტინგენტი, ასევე პროფესიონალი პედაგოგებიც. უდიდესი სურვილი მშობლებმაც გამოთქვეს და მიზანს მივაღწიეთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამაში ჩემი დიდი წვლილია.
- გარდა დირექტორობისა, თუ ასწავლით რომელიმე საგანს?
- დიახ, ფილოლოგი ვარ, მე-4 - მე-9 კლასის მოსწავლეებს ქართულს ვასწავლი. ასევე, პირველკლასელებს ჭადრაკს. ახალგაზრდობაში ვთამაშობდი, შემდეგ ტრენინგები რომ გამოცხადდა, სკოლაში ჭადრაკის მცოდნე მხოლოდ მე აღმოვჩნდი, ტრენინგი გავიარე და პირველკლასელებს ვასწავლი. ეს ჩემთვის ახალი გამოცდილება და გამოწვევაა.
- პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება მიმდინარე სასწავლო წლიდან დანერგა, რას იტყვით თქვენ, როგორც საგნის პედაგოგი, რამდენად ითვისებენ მოსწავლეები?
- უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი საგანია, მოსწავლეებს უყვართ, აინტერესებთ და მონდომებით სწავლობენ. თუმცა არის ერთი ფაქტორი - თამაში ჩაწერით უნდა დააწყებინო, ყველა ოპერაციას ზეპირად ვერ შეასრულებენ. ჩაწერას კი იმიტომ ვერ ახერხებენ, რომ ბავშვებმა ასოები არ იციან. კარგია, რომ მეორე კლასში ემატება. ალბათ პირველ კლასში იქნება პრაქტიკა და მეორეში, როდესაც წერას ისწავლიან, თეორია.
- როგორ ფიქრობთ, დირექტორისთვის მოსწავლეებთან ყოველდღიური ურთიერთობა რამდენად მნიშვნელოვანია?
- მოსწავლის ბუნების ცოდნისთვის აუცილებელია, რომ საგანსაც ასწავლიდე. ამდენწლიანი პედაგოგიური გამოცდილება მაქვს და ვხედავ, რომ მოსწავლეთა ფსიქოლოგია, მიდგომები ყოევლთვის იცვლება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მას თვალყური ადევნო.
- ამდენი წელია ამ სკოლაში ასწავლით, არასდროს გიფიქრიათ სამუშაო ადგილის შეცვლაზე?
- ამ სოფელში პატარა - 21 წლის მოვედი, აქ გავიზარდე, ამიტომ სურვილი ნამდვილად არასდროს მქონია. აქაურობა მიყვარს და ჩემთვის ძვირფასია.
- როგორ ფიქრობთ, თქვენს სკოლას სხვებისგან რა გამოარჩევს?
- ზოგადად, ჯანსაღი თაობა გვყავს, ჩვენი სკოლიდან გადასულ ბავშვებს მე-12 კლასი ოქროს მედლებით დაუმთავრებიათ, რაშიც ჩვენი დიდი წვლილიცაა. აქტიურად ვმონაწილეობთ ხოლმე სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტში. ბევრ ღონისძიბაზე, პრეზენტაციასა და პროექტზე შემიძლია საუბარი, რაშიც ჩართულები ვყოფილვართ. ასევე, ჩემი სკოლა პირველია მუნიციპალიტეტიდან, რომელიც etaloni.ge-ში ჩაერთო. ამით ძალიან ვამაყობთ, რადგან თქვენთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნოა.
- თქვენ მოსწავლებს მე-9 კლასიდან ემშვიდოებებით, რა სირთულეები ახლავს ამ ეტაპს?
- ეს მართლაც რთულია. ბავშვებსაც ძალიან უჭირთ, როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებათ, არ არსებობს, რომ სკოლაში არ შემოიარონ, რომელიმე ღონისძიებას არ დაესწრონ. მათგანაც ვგრძნობთ მონატრებას. შემდეგ ნელ-ნელა ახალ სკოლებს ეჩვევიან. ეს ორივე მხარისთვის რთულია.
- თქვენი აზრით, საბაზო და საშუალო საფეხურის სკოლებს შორის რაიმე განსხვავება?
- ჩემი აზრით, საბაზო სკოლებში მეტი კეთილგანწყობა და უკეთესი დისციპლინაა. მე-10, მე-11 და მე-12 მაინც უფრო თავისუფლებისმოყვარე ბავშვები არიან, ასეთი ასაკი აქვთ.
- მოსწავლეები სასკოლო ცხოვრებაში რამდენად აქტიურად ერთვებიან?
- ამჟამად, სკოლაში 53 მოსწავლე გვყავს. ასე მგონია, რომ პროექტებსა და ღონისძებებში დღევანდელი მოსწავლეები ბევრად უფრო აქტიურები არიან, ვიდრე ძველი თაობის. პრაქტიკული ცოდნა უკეთესი აქვთ, თეორიული ძველებს უკეთესი ჰქონდათ. ისინი სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ერთვებიან.
- ძველი და ახალი თაობა ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, ძირითადად, რა განასხვავებთ მათ?
- მიმაჩნია, რომ ძველი თაობის მოსწავლეები ბევრად შეზღუდულები იყვნენ, ახლანდელ ბავშვებს კი მეტი თავისუფლება აქვთ. ეს ჩემი აზრით, პლუსია. დღეს მოსწავლეებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. წეღან სწორედ ამ საკითხზე ვესაუბრებოდი პედაგოგს. ძალიან მომწონს მათი სითამამე, თავისუფლება. თუნდაც, კომპლექსური დავლებების შესრულების პროცესში, მოსწავლეების მხრიდან მოწოდებული ბევრი სიახლე ჩნდება.
- მრავალი წლის განმავლობაში თქვენ, როგორც მასწავლებელმა, მოსწავლეებისგან რა ისწავლეთ?
- პირველ რიგში, მე ბავშვების სიყვარული ვისწავლე და ამას მათგანაც ვგრძნობ. არ მახსოვს გაკვეთილიდან ისე გამოვსულიყავი, ბავშვები რომ არ ჩამხუტებოდნენ. ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. ამიტომ არ მიფიქრია სხვაგან წასვლაზე. ვამაყობ იმით, რომ მთელ სოფელში ზოია მასწავლებლად მიცნობენ. ეს ჩემთვის უდიდესი სიხარული და ბედნიერებაა.
- მასწავლებლის გამოცდებზე უნდა გკითხოთ, როგორია თქვენი დამოკიდებულება?
- სკოლაში სულ 15 პედაგოგი ვართ. 2 მყავს უსტატუსო, დანარჩენები უფროსი მასწავლებლები არიან, 1 მენტორია. გამოცდები მასწავლებლის შესაძებლობას ნაწილობრივ ავლენს. არის ერთი ფაქტორი, თუ მასწავლებელი ემოციურია, შეიძლება მან გამოცდა ვერ ჩააბაროს, თუმცა, ამავდროულად, საუკეთესო პედაგოგი იყოს, ემოციურობა ძალიან მოქმედებს.
- ახლახან დირექტორების გამოცდაც იყო, თქვენი აზრი გაგვიზიარეთ...
- პირადად მე, დირექტორების გამოცდა 2-ჯერ ჩავაბარე. ისევ მინდოდა გამოცდაზე გასვლა, მაგრამ ვერ მოვახერხე, რადგან 2013 წელს გვარის პირველი ასო - „ტ“, „თ“ ასოთი შევცავლე, ამის გამო საბუთები არ მიიღეს. ზოგადად, ეს გამოცდებიც მომწონს.
- ასევე, მაინტერესებს, კომპლექსურ დავალებებთან დაკავშირებით თქვენი დამოკიდებულება, რამდენად ეფექტურია?
- კომპლექსურ დავალებაში მოსწავლეებმა პრაქტიკული სამუშაო აუცილებლად უნდა შეასრულონ, რაც ბავშვებს ძალიან კარგად ამახსოვრდებათ, საკითხზე წარმოდგენა, შეიძლება ითქვას, რომ უკეთ ექმნებათ. ბოლოს, მოსწავლეებთან კომპლექსური დავალება - „ძალა ერთობაშია“ გავაკეთე. დავიწყე ამით - რა ახატია საქართველოს გერბს, რატომ გვჭირდება ერთიანობა სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკისა და რამდენიმე მოთხრობის საფუძველზე. ეს აქტივობა მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო.
- სკოლაში ახალგაზრდა კადრები გყავთ?
- ყველაზე უფროსი მე ვარ, ახალი კურსდამთავრებული მყავს ქართული ენის მასწავლებელი, ძალიან კარგი ახალგზარდაა. მე-3 თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას შესანიშნავად იცნობს და მახარებს, რომ ასეთი პროფესიონალია, მას უფროსი მასწვალებლის სტატუსი აქვს.
- რას ფიქრობთ, მოსწავლეებს მასწავლებლის პროფესიისადმი ინტერეს აქვთ?
- 5 წლის წინ არ ჰქონდათ, მაგრამ დღეს აქვთ. სხვანირად უყურებენ ამ პროფესიას. მოსწონთ, რომ მასწავლებელი, თუ სტატუსი აქვს, ფინანსურად ყოველთვის გამართულია. კლასშიც რომ ვესაუბრები, ბევრს გამოუთქვამს სურვილი, რომ პედაგოგობა უნდა.
- პირადად თქვენ, გყავთ მისაბაძი პედაგოგი?
- დიახ, მყავდა სკოლაში სწავლის პერიოდში და მერე უმაღლესში - ნინო უსტიაშვილი. უბედნიერესი ვიყავი, რომ მისი სტუდენტი გავხდი. სწავლა რომ დავამთავრეთ ეს ქალბატონი თავის ყველა ნასტუდენტართან ჩავიდა და გაკვეთილებს დაესწრო. ზუსტად მისი დამსახურებაა, რომ დაწყებითი სკოლა საბაზოდ გადაკეთდა. ქალბატონი ნინო განათლების სამინისტრომდე გამომყვა, დაუმტკიცა, რომ სოფელს საბაზო საფეხურის სკოლა სჭირდებოდა. ამ საქმეში უდიდესი წვლილი ასევე ბატონ ოთარ ქათამაძეს მიუძღვის.
- ბოლოს, რას ურჩევდით მასწავლებლებს, როგორ წარმართონ სასწავლო პროცესი ეფექტურად?
- მათ ბავშვები უნდა დააინტერესონ, ამას თითოეული პედაგოგი თავისებურად აღწევს. მე, როგორც ქართულის მასწავლებელს, შემიძლია მოთხრობიდან ერთი მონაკვეთი ვუთხრა, დაინტერესდნენ და შემდეგ სახლში გაეცნონ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...