მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ჩემმა პედაგოგიურმა საქმიანობამ დამარწმუნა, რომ ყველაზე დიდი სიყვარული არის ის, რაც მოსწავლეებს შენგან რჩებათ“, - ეს სიტყვები ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორს, მთვარისა ახვლედიანს ეკუთვნის.
პროფესიით ქართული ენის ფილოლოგისთვის სკოლა, ფაქტობრივად, ყველაფერია. როგორც თავად ამბობს, სხვა სამსახურზე არასოდეს უფიქრია - ბოლომდე მიჰყვა იმ მოწოდებას, რაც საკუთარ თავში ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში აღმოაჩინა. განსაკუთრებით იმით ამაყობს, რომ ბარდნალის საჯარო სკოლა ლადო ასათიანის სახელს ატარებს - ეს მისთვის დამატებითი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა.
მთვარისა ახვლედიანი სკოლის ისტორიის ფურცლებზე საკუთარ სათქმელს წერს, იგი მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს, გარდა ამისა, მასწავლებლებისთვის მისაბაძი მაგალითი, მოტივატორია და ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ როდესაც მასწავლებლების გამოცდები დაიწყო, ერთ-ერთი პირველი გახლდათ, ვინც წარმატებით ჩააბარა.
დირექტორი ლექსებსაც წერს - სათქმელს ხშირად სწორედ პოეზიის საშუალებით გადმოსცემს და ამბობს, რომ ყველზე დიდი პატრიოტიზმი პროფესიონალიზმია.
სკოლის, საკუთარი თავის, მოსწავლეების, პედაგოგებისა და არსებული გამოწვევების შესახებ მთვარისა ახვლედიანი Etaloni,ge-ს ესაუბრება:
- ქალბატონო მთვარისა, რამ განაპირობა, რომ მასწავლებელი გახდით?
- ეს არის პროფესია, რომელიც, ფაქტობრივად, პირველი კლასიდანვე შევიყვარე. 4 და ვიყავით - დავსვამდი ხოლმე და გაკვეთილებს ვუტარებდი, ასე ვთამაშობდი. პროფესიის სიყვარული დაწყებითი კლასების მასწავლებლის დამსახურებაცაა, მერე და მერე კი, რა თქმა უნდა, სხვა პედაგოგებისაც. როგორც უკვე აღვნიშნე, სხვა პროფესიაზე არასოდეს მიფიქრია - ეს თვალციმციმა გოგო-ბიჭები დარდს მავიწყებენ და ენერგიით მავსებენ.
- რამდენი ხანია, რაც ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი ხართ?
- 2003-2004 სასწავლო წლიდან მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო 2006 წლიდან, უკვე ორგზის არჩეული დირექტორი ვარ.
- გარდა დირექტორობისა, რომელიმე საგანს თუ ასწავლით?
- დიახ, ქართული ენის ფილოლოგი ვარ და უმეტესწილად, უფროსკლასელებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი.
- თქვენი სკოლა ლადო ასათიანის სახელობისაა, რა დამატებით პასუხისმგებლობები ახლავს ამას?
- ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა... მოსწავლეებს ვეუბნები ხოლმე:
„რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
თუ მამულს თავი არ ანაცვალე, -
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,
მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს.“
ვცდილობ, ეს საჭირბოროტო საკითხი, რაც ლადო ასათიანმა წამოჭრა, მოსწავლეებსაც აღელვებდეთ. ხშირად ვუმეორებ: ლადო ასათიანის სკოლის კურსდამთავრებულებს მეტი პასუხისმგებლობა გაქვთ-თქო და ამ ყველაფერს მოსწავლეებიც, პედაგოგები კარგად იაზრებენ. მადლობა ღმერთს! ლადო ასათიანის შთამომავლები დადებითად გვაფასებენ, ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენი სკოლა სახელს ღირსეულად ატარებს და ამაზე დიდი შეფასება ჩემთვის არ არსებობს.
- ოდესმე სხვა სკოლაში გადასვლაზე თუ გიფიქრიათ?
- არაერთხელ შემოუთავაზებიათ, რომ ქალაქში წავსულიყავი და დირექტორად მუშაობა იქ გამეგრძელებინა, მაგრამ ვამბობ - თუკი სკოლის დირექტორი უნდა ვიყო, ლადო ასათიანის სახელობის სკოლის ხელმძღვანელობაზე უკეთესი რა უნდა იყოს. იქ ვდგავარ, სადაც უნდა ვიდგე - ამაზე ფიქრი კი ახალ-ახალი ენთუზიაზმით მავსებს.
- როგორც ვიცი, ლექსებს წერთ, როდის დაიწყეთ და რა არის თქვენი სათქმელი?
- დიახ, შიგადაშიგ ვწერ ხოლმე... მე-3 კლასში დავიწყე, მეექვსეში გადავდიოდი, როდესაც კლასშიც წავიკითხე... შემდეგ სკოლაში ქართულის ახალი მასწავლებელი მოვიდა და ლექსებს კედლის გაზეთშიც მიქვეყნებდა, რაც ჩემთვის უდიდესი მოტივაცია იყო. მახსოვს, ერთხელ, როდესაც მე-10 კლასში ვიყავი, გალაკტიონ ტაბიძეზე ლექსების კონკურსი ჩატარდა. ვხუმრობ ხოლმე - მხოლოდ მაშინ შევბედე გალაკტიონს. ამის შემდეგ სტუდენტობაში, ჩემთვის და სამეგობროსთვის ვწერდი, მერე და მერე სოციალურ ქსელში ვათავსებ ხოლმე. ლექსი არჩილ ტატუნაშვილსაც მივუძღვენი, მერე შინდისის გმირებზე, ალექსანდრე ონიანზეც დავწერე. ლექსი წიგნში - „პედაგოგთა შემოქმედება“, შევიდა. ასე ვარ, სათქმელს ლექსად ამოვთქვამ ხოლმე.
- როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი მასწავლებლისა და ზოგადად, ადამიანისთვის?
- ადამიანი შენი ფესვებიდან, მშობლიური კუთხიდან უნდა იწყებოდე! ყველაზე მთავარი უნდა იყოს ის, სად მეტ სარგებელს მოუტან შენს ქვეყანას. მე მაინც, ყველაზე დიდ პატრიოტიზმად პროფესიონალიზმი მიმაჩნია. ხშირად, შეიძლება, უკუკავშირს ვერ იღებ, მაგრამ სინდისისა და მშობლიური კუთხის წინაშე პირნათელი უნდა იყო - ესაა უმთავრესი. პედაგოგიურმა საქმიანობამ დამარწმუნა, რომ ყველაზე დიდი სიყვარული ისაა, რაც მოსწავლეებს შენგან რჩებათ. მართალია, დრო მიდის, ასაკი გვემატება, თუმცა ახალგაზრდობას ბავშვებთან ურთიერთობით ვინარჩუნებთ. მე კიდევ დამრჩა გასაცემი და უნდა მოვასწრო... შემიძლია თამამად ვთქვა - ძალიან საინტერესოა, იმდენად, რომ სხვაგან მუშაობა ვერც წარმომიდგენია. ამდენწლიანი პედაგოგიური გამოცდილების შემდეგაც ვამბობ - მოსწავლეებთან ურთიერთობა მიყვარს, მათთან ბოლომდე ვიხარჯები.
- და მაინც, რა არის სკოლაში ისეთი, რამაც ასე მოგხიბლათ და დღემდე ერთგულად ემსახურებით?
- როდესაც გულანთებული და თვალანთებული მოსწავლეები შემოგციცინებენ, გენდობიან, შენი სჯერათ - ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და იმავდროულად, სასიამოვნო.
- ასეთ დამოკიდებულებას რა განაპირობებს, ქალბატონო მთვარისა?
- დიდ სითბოსა და სიყვარულს გავცემ, პასუხად კი ბავშვებისგანაც იმავეს ვიღებ. ზოგადად, მოსწავლეებს გაკვეთილებზე თავისუფლებას, მსჯელობის საშუალებას ვაძლევ, ვაჩვენებ, რომ ჩემთვის თითოეული მათგანის აზრი უმნიშვნელოვანესია... ვმსჯელობთ, სხვადასხვა საკითხს განვიხილავთ. ჩემი საგანი ზუსტი მეცნიერება არ არის, ამიტომაც, თავისუფალი აზრის ადგილი ყოველთვის მოიძებნება. იმის დანახვა, რომ მოსწავლე პედაგოგისთვის მნიშვნელოვანია, თავისთავად, დადებით დამოკიდებულებას განაპირობებს.
- გაკვეთილებზე თავისუფლება ახსენეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი სასწავლო პროცესში?
- როდესაც მოსწავლე თავის, თუნდაც მცდარ აზრს, თავისუფლად გამოთქვამს, ნიშნავს, რომ პოზიციის გამოხატვის არ ეშინია, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენ მცირეკონტინგენტიანი სკოლა გვაქვს, რაც საშუალებას გვაძლევს, მოსწავლეებთან, ფაქტობრივად, ინდივიდუალურად ვიმუშაოთ. სათქმელის თავისუფლად გამოთქმა კი ისაა, რაც მომავალშიც გამოადგებათ - ასე ბევრად თავდაჯერებულები იქნებიან.
- გამოდის, გაკვეთილზე დისკუსიისთვის ადგილს ყოველთვის ტოვებთ?
- რა თქმა უნდა... სხვაგვარად ჩვენი გაკვეთილები წარმოუდგენელია. ახლა, მე-11 კლასში „გამზრდელი“ გავიარეთ. წარმოიდგინეთ, მერამდენედ ვხსნი, თუმცა ყოველ ჯერზე რაღაც ახალს აღმოვაჩენ ხოლმე. მოსწავლეებს ვეუბნები, რომ კონკრეტულ სიტუაციას ან პერსონაჟს ახლებურად შეხედონ, აზრი თამამად გამოთქვან და დისკუსია გამართონ. დამოუკიდებლობა, თავისუფალი მსჯელობა და საკითხის ზნეობრივ ჭრილში განხილვა - ამას ვასწავლი მოსწავლეებს.
- ამდენი წელია პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევით, მრავალი თაობა გაზარდეთ, ასწავლეთ... ამ ხნის განმავლობაში, რა არის ის, რაც მოსწავლეებისგან თავად თქვენ ისწავლეთ?
- მოსწავლეებისგან ვისწავლე, რომ ამქვეყნად არაფერია ისეთი კარგი, ვიდრე სიყვარული უშურველად გასცე და აკეთო კეთილი საქმე. ნებისმიერ სასიკეთო ნაბიჯს ბავშვებიც უცებ აიტაცებენ ხოლმე და გულწრფელად გეტყვით - იმაზე კარგი არაფერია, როდესაც მოსწავლეებისთვის მაგალითი ხარ და გენდობიან. მოსწავლეებმა კი საკუთარი თავის მიმართ უფრო მომთხოვნი და მობილიზებული გამხადეს. ჩემი სიტყვა და საქმე რომ ერთია, სწორედ ეს იწვევს ნდობას.
- როგორ ფიქრობთ, რით არის თქვენი სკოლა განსაკუთრებული?
- ჩვენ - სკოლის თანამშრომლები, მოსწავლეები, მათი მშობლები, ფაქტობრივად, ერთი თბილი, შეკრული ოჯახი ვართ. ერთმანეთის სიხარულს, ტკივილს, მიღწევებს... ვიზიარებთ. ჩვენი სიხარული მთელი თემის, სოფლის გასაზიარებელია. გამორჩეულები ვართ იმითაც, რომ, მაგალითად, 2014 წელს ჩვენი სკოლის მოსწავლე „საქართველოს ეტალონი“ მოსწავლე გახდა. ასევე, სკოლას ლადო ასათიანის სახელი მივანიჭეთ, „ცაგერობა“, „ლადოობა“ ჩვენი სკოლით დაიწყო და გაიხსნა. მთელი კულტურული საზოგადოება ჩვენს სკოლაში მობრძანდა, მათ შორის იყო ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი, რომელმაც „ეტალონის“ დროშა ჩამოგვიტანა. მაშინ გავხსენით აბრაც. მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრით სკოლის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფურცელი ჩავწერეთ. მიხარია, რომ ამის ინიციატორი და ამავე დროს, სკოლის დირექტორი ვიყავი. გარდა ამისა, ჩვენს სკოლას ყველა კურსდამთავრებული უმადლის. ყველა საზოგადოებაში დიდი ნდობით ვსარგებლობთ და ღირსეულ კონკურენციას ვწევთ - ტოლს არავის ვუდებთ. ახლა, ლადო ასათიანის იუბილეები ჩვენით იწყება. პოეტის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებენ, საპატრიარქოს ტელევიზიიდან ჩამობრძანდნენ, სკოლაც გადაიღეს. შემიძლია ვთქვა, რომ სკოლისთვის ბევრი საინტერესო ფურცელი იწერება.
- რას იტყვით კურსდამთავრებულებზე, რამდენად წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს?
- აღსანიშნავი და უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს წარმატებით აბარებენ. გასულ წლებში, ასევე, ჩვენმა კურსდამთავრებულმა - ჩემმა შვილმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ქართულსა და გერმანულში ყველაზე მაღალი ქულა მიიღო. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელშიც აგრძელებენ. ისინი წარმატებით საქმიანობენ. გარდა ამისა, ჩვენი მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მოადგილე - ორივე ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები არიან. ასევე, ამავე სკოლაში სწავლობდა პარლამენტის წევრი სერგო ხაბულიანი, რომელიც ახლაც ჩვენი ერთგული გულშემატკივარია. ჩვენი კურსდამთავრებული იყო მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი - ავთანდილ ნემსიწვერიძე. ბატონი გოჩა მანდარია შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორია - იგი ჩვენს სკოლაში სწავლობდა, შემდეგ გადავიდა ქუთაისში. ძალიან ბევრი კურსდამთავრებული გაგვიზრდია და დღეს მშობლიური სკოლა ყველასთვის თბილად გასახსენებელია.
- როგორი იყო თქვენი სკოლისთვის 2022 წელი?
- ნაყოფიერი იყო, არც ონლაინრეჟიმი დაგვჭირდა, სწავლაც ხალისით მიმდინარეობდა... შემოდგომით ძალიან კარგი ღონისძიებები გაიმართა - „ლადოობა“, შემოდგომის ზეიმი. ყველაფერში აქტიურად ჩავერთეთ, დიდი მოწონება დავიმსახურეთ... ზოგადადაც, სწავლაში შეფერხება არ გვქონია, სასკოლო ინიციატივების კონკურსში გავიმარჯვეთ და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. აგვისტოში გვაცნობეს, რომ წინასწარ შერჩეულ სკოლებს შორის მოვხვდით და მერე უკვე, ოქტომბერში, გამარჯვებულ სკოლებს შორის ვიყავით. პროექტი იყო -„ჩვენი სკოლის მწვანე ეზო“. ჩვენ უკვე მსოფლიო ბანკის პროექტში ვართ ჩართული, სამუშაოები, ალბათ, ზაფხულში დაიწყება. ძალიან გვინდოდა ეზო გაგვეკეთებინა, 1-ელ დეკემბერს ვიყავით განათლების სამინისტროში და სასკოლო ინიციატივებისთვის 3 ათასი ლარი ჩაგვერიცხა. თანხა თუნდაც მცირედი ყოფილიყო, ჩვენი პროექტის საშუალებით რომ მივიღეთ, კიდევ ერთი მიღწევა და სასიამოვნო ფაქტი იყო. ეს პროექტი მარტ-აპრილში უნდა განვახორციელოთ და ეზო მოვაწესრიგოთ. გარდა ამისა, მასწავლებლებმა საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები ჩაატარეს.
- მასწავლებლებზეც მინდა გკითხოთ, არიან თუ არა ისინი სერტიფიცირებულნი?
- ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებულია, 22-დან 10 - წამყვანია. წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ჯერ კიდევ 2019 წელს, მე და მათემატიკის მასწავლებელმა მოვიპოვეთ. მუდამ ვცდილობ, რომ ჩემი პედაგოგებისთვის მაგალითი ვიყო. ამის დასტურია ისიც, რომ 2 წლის შემდეგ, დანარჩენებიც წამყვანები გახდნენ.
- როგორია თქვენი აზრი მასწავლებლის გამოცდასთან დაკავშირებით?
- ცოტა მტკივნეულ საკითხს მივადექით. ხანდახან ვფიქრობ, მეტისმეტიც ხომ არ მოგვდის, როცა მასწავლებლის დიპლომი და იმ ადამიანის სერტიფიკატი, რომელსაც პედაგოგიური განათლება არ მიუღია, თანაბრდება. სიმართლე გითხრათ, ამას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ. რა თქმა უნდა, საგნის საგნის ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ პედაგოგობა კიდევ ფსიქოლოგიას, ბავშვებთან მიდგომების ცოდნას მოითხოვს, რასაც მასწავლებელი უმაღლესი განათლების მიღებისას სწავლობს. ახლა, ამ კუთხით, სკოლაში შესვლა გაადვილდა. თუმცა, მეორე მხრივ, მასწავლებლების განვითარებაზე ზრუნვა, კარიერული წინსვლა - ეს ძალიან კარგია, მივესალმები და მომწონს. ამის დასტური ისიცაა, რომ როგორც კი გამოცდები დაიწყო, მომზადების გარეშე, მაშინვე გავედი და პედაგოგებს მაგალითი მივეცი. ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ გასულ ზაფხულს ჩატარებული გამოცდებით უკმაყოფილო ვარ.
- კონკრეტულად, რა არის თქვენი უკმაყოფილების მიზეზი?
- ეს ჩემს სოციალურ ქსელშიც დავწერე. წამყვანი ვარ, დარჩა ერთადერთი საფეხური - მენტორი, რომლისთვისაც მიმაჩნია, რომ მზად ვარ. მართალია, სტატუსი მინისტრის ინდივიდუალური ბრძანებითაც ენიჭება, მაგრამ მე არ მინდოდა ისეთი სტატუსი, რომელიც ვინმეს შეიძლება დაუმსახურებლად მიეჩნია. გავედი გამოცდაზე, მაგრამ უკმაყოფილო დავრჩი, რადგან 47 ქულა მივიღე, მენტორობისთვის კი 54 იყო საკმარისი.
- გასაჩივრების შედეგად რაიმე შეიცვალა?
- აპელაციაზე 1 ქულაც კი არ შეცვალეს და ჩავთვალე, რომ იმ 50 ლარის უკან დაბრუნებაც კი არ უნდოდათ. ახლა დასვენებულ გონებაზე რომ დამსვა, იმ დავალებებს უკეთ ვერ დავწერ იმიტომ, რომ გაკვეთილის ძლიერი და სუსტი მხარეები საუკეთესოდ მქონდა ჩამოყალიბებული. ამიტომაც გულდაწყვეტილი ვარ. თუ კიდევ ასე უნდა ჩატარდეს გამოცდები, არც ვიცი გავალ თუ არა.
- ახლახან დირექტორების გამოცდებიც ჩატარდა, ამასთან დაკავშირებით როგორია თქვენი დამოკიდებულება?
- გამოცდა ჩაბარებული მაქვს, ჩემი სერტიფიკატით ყველგან წასვლა შემიძლია, მაგრამ ახლა ამას ნამდვილად არ ვფიქრობ. საერთოდ, დირექტორის გამოცდები როცა ჩავაბარე, ვთვლიდი, რომ ძალიან საჭირო იყო. ორჯერ ჩავაბარე საკმაოდ მაღალ - 87, 85 ქულაზე. გარდა ამისა, აქვე აღვნიშნავ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის გამოცდებიც ჩაბარებული მაქვს, შემდეგ კონკურსი ჩაიშალა, თორემ კონკურენტი არ მყავდა.
- რაც შეეხება მოსწავლეებს, რამდენად აქტიურები არიან?
- ახლა სკოლაში 53 მოსწავლე გვყავს, აქტიურობენ. რასაც შესთავაზებ, ყველაფერზე თანახმა არიან, სამოქალაქო განათლების კლუბი გვაქვს, ასევე ეკოკლუბი. საერთაშორისო მარათონი იყო, რომელშიც ჩაერთნენ, ბევრი სერტიფიკატი აქვთ მიღებული. არაფორმალური განათლება, პროექტები - ეს ის საკითხებია, რაც ძალიან აინტერესებთ.
- როგორ ფიქრობთ, სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობა რამდენად მნიშვნელოვანია?
- მიმაჩნია, ყველა სკოლისა და ზოგადად, დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემის სუსტი წერტილია, რომ მშობლებისგან მოთხოვნები მეტია, ვიდრე საკუთარი შვილების დახმარებისა და ხელშეწყობის მცდელობა. ზუსტად ასე იყო ამდენი წელი. აღვნიშნავ, რომ პანდემიამ რაღაცები შეცვალა, რადგან როდესაც ონლაინ გაკვეთილები ტარდებოდა, მშობლები ცოტა მეტად ჩაერთნენ. ხშირად, ისეა, რომ მათ ქულა უფრო აინტერესებთ, ვიდრე რეალური ცოდნა. კიდევ ერთ პრობლემაზე გეტყვით - ჩვენთან კარგი კოლეჯის გახსნას აპირებდნენ, სადაც თანამედროვე, საინტერესო პროფესიები ისწავლებოდა. მისი გახსნა ვერ მოხერხდა, რადგან არც ერთი სკოლიდან, არც ერთი მსურველი არ გამოჩნდა. ეს, რა თქმა უნდა, არასწორი მიდგომაა. როდესაც მასწავლებელი ხედავს, რომ მოსწავლეს სხვა მიდრეკილებები და მისწრაფებები აქვს, ის მშობელს რჩევას აძლევს, თუმცა რამდენად გაითვალისწინებენ, ეს უკვე მათი საქმეა.
- ფიქრობთ, რომ პროფესიული სასწავლებლებისადმი მოსწავლეების ამგვარ დამოკიდებულებას მშობლები განაპირობებენ?
- დიახ, მშობლებს არ უნდათ და აქედან გამომდინარე, მოსწავლეებიც ამბობენ, უმაღლესში ვაბარებთო. არადა, ხშირად ხდება, რომ დამთავრების შემდეგ, პროფესიას იცვლიან და ხელობა უფრო გამოადგებათ ხოლმე. თუმცა, ჩვენ არაფერი შეგვიძლია ეს მშობლისა და მოსწავლის გადასაწყვეტია. გვაქვს საუბარი, როგორ შეიძლება საკუთარი ასპარეზი და მოწოდება იპოვონ, მაგრამ ამას ნაკლებად ითვალისწინებენ.
- ბოლოს, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რას ურჩევდით აბიტურიენტებს, როგორ გააკეთონ სწორი არჩევანი?
- რასაც ყოველთვის ყველას ვურჩევ - არჩევანი საკუთარი მოწოდებით, შესაძლებლობებისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით, გააკეთონ. ახლა მახსენდება ფრაზა - „ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს“. ყველას რჩევა შეიძლება მიიღონ, დაფიქრდნენ, მაგრამ სადაც თავიანთ თავს დაინახავენ, იმ გზას უნდა დაადგნენ. არ მისდიონ იმას, რომ რომელიღაც პრესტიჟული პროფესიაა, არ მიბაძონ არავის. ასევე, თუ მათ ქართულ ენასა და ლიტერატურასთან ერთად, მშობლიური კუთხისა და ქვეყნის სიყვარულს ჩავუნერგავ, ჩავთვლი რომ ჩემი მისია შევასრულე.
ვეტყოდი: იყვნენ თავდაჯერებულები და კუთხის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანონ. ამის მაგალითი ჩვენი ახლადშესვენებული კოლეგა - გელა ლიპარტელიანი იყო. მოსწავლეებს ის ცოცხალ მაგალითად ექცათ. მათ ლადოს ლეჩხუმი საამაყოდ უნდა ჰქონდეთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...