სიახლეები
სიახლეები

პორტფოლიოს წარდგენა და შეფასება - რა იცვლება აბიტურიენტებისთვის სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად
07-03-2023
-
+


თბილისის სამხატვრო აკადემიაში 2023 წელს აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსი ახალი ფორმატით ჩატარდება

2023 წელს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, აკადემიის რექტორის მიერ ინიცირებული სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში, საბაკალავრო პროგრამებზე აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსი პირველად ჩატარდება ახალი ფორმატით. ამ თემასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სამხატვრო აკადემიის რექტორმა ყარამან ქუთათელაძემ ისაუბრეს.

ბრიფინგზე აღინიშნა, რომ სამხატვრო აკადემიის აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა 2023 წლის შემოქმედებითი კონკურსის დებულება. დებულების თანახმად, სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში შემუშავდა შემოქმედებითი კონკურსის ახალი ფორმატი, რომელიც შეესაბამება სახელოვნებო და არქიტექტურის პროგრამების მოთხოვნებს და საშუალებას იძლევა, უფრო ზუსტად შეფასდეს თითოეული აბიტურიენტის შემოქმედებითი შესაძლებლობები. აქამდე სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების, დიზაინის, მედიახელოვნებისა და არქიტექტურის ფაკულტეტების ყველა პროგრამის აბიტურიენტებისთვის შემოქმედებითი ტური მხოლოდ ხატვაში ტარდებოდა, მაგრამ ამგვარი გამოცდა არ იძლეოდა შესაძლებლობას, შეფასებულიყო აბიტურიენტის მიერ არჩეულ პროგრამასთან დაკავშირებული მისი შემოქმედებითი უნარები.

2023 წლიდან აბიტურიენტების მისაღები შემოქმედებითი კონკურსი (მისაღები გამოცდა არქიტექტურის, სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და მედიახელოვნების საგანმანათლებლო პროგრამებისთვის) ჩატარდება შემდეგი ფორმატით:

1. პორტფოლიოს წარდგენა და შეფასება;

2. გამოცდა ხატვაში (სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და მედიახელოვნების ფაკულტეტების პროგრამების აბიტურიენტებისათვის) ან ხაზვაში (არქიტექტურის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აბიტურიენტებისათვის).

პორტფოლიოს მეშვეობით შესაძლებელი იქნება აბიტურიენტის მხატვრული უნარებისა და შემოქმედებითი პოტენციალის მრავალმხრივად შეფასება, რადგან ის არის აბიტურიენტის მიერ დროის გარკვეულ ეტაპებზე სხვადასხვა მასალით/ტექნიკით (ფერადი ფანქრები, ფერადი ფლომასტერები, პასტელი, წყლის საღებავი - აკვარელი, აკრილი, ტემპერა, გუაში და სხვა) შესრულებული ნამუშევრების კრებული.

პორტფოლიოში უნდა იყოს, სულ მცირე, 15 ნამუშევარი: ხუთი - შავ-თეთრი, გრაფიკული მასალით შესრულებული, ხუთი - ფერში შესრულებული და ხუთი - აბიტურიენტის მიერ შერჩეული თავისუფალი კომპოზიცია, რომლებიც, მისი მოსაზრებით, მაქსიმალურად წარმოაჩენს მის ინდივიდუალურ, მხატვრულ/შემოქმედებით შესაძლებლობებს.

შემოქმედებითი კონკურსის პირველი კომპონენტის - პორტფოლიოს - შეფასებისას დადებითი ქულის მიღების შემთხვევაში აბიტურიენტები დაიშვებიან შემოქმედებითი ტურის მეორე ეტაპზე - ხაზვის ან ხატვის გამოცდაზე. ხაზვის გამოცდა ჩატარდება ერთი დღის განმავლობაში, ხატვის გამოცდა კი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და შესრულდება ორი საგამოცდო ნამუშევარი: ერთი - შავ-თეთრი, გრაფიკული და ერთი - ჩანახატი ფერში.

პორტფოლიოებსა და საგამოცდო ნამუშევრებს გაეცნობა და ანონიმურად შეაფასებს სამხატვრო აკადემიის რექტორის ბრძანებით შექმნილი შემოქმედებითი კონკურსის შემფასებელი რამდენიმე კომისია, რომლებიც დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდება.

აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული 2023 წლის შემოქმედებითი კონკურსის დებულება, რომელშიც განმარტებულია თითოეული კომპონენტის მოცულობა, ფორმატი, მასალა და ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები, დღეს, 6 მარტს, გამოქვეყნდება სამხატვრო აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე - art.edu.ge.

ინფორმაციისთვის: მიმდინარე წლის 9 მარტს, 12:00 საათზე, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში აბიტურიენტებისთვის ჩატარდება ღია კარის დღე, რომელზეც დასწრება თავისუფალია. დეტალურ ინფორმაციას შემოქმედებითი კონკურსის შესახებ აბიტურიენტებს აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, ფაკულტეტების დეკანები, სასწავლო და ხარისხის მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლები გააცნობენ.

2023 წლის 9 მარტიდან სამხატვრო აკადემიაში ამოქმედდება საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც აბიტურიენტებს მიაწვდის ინფორმაციას და უპასუხებს მათთვის საინტერესო შეკითხვებს აკადემიაში ან სატელეფონო ცხელის ხაზის მეშვეობით. ინფორმაცია ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებისა და საკონსულტაციო ცენტრის სამუშაო საათების შესახებ გამოქვეყნდება სამხატვრო აკადემიის ვებ- და ფეისბუქგვერდებზე.

როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით სამხატვრო აკადემიაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აკადემიის რექტორის, ყარამან ქუთათელაძის, ინიცირებულ სრულიად ახალ და თანამედროვე კონცეფციის შესაბამისად შემუშავებულ სახელოვნებო განათლების რეფორმაზე, რომელიც გულისხმობს ე.წ. ახალი აკადემიის შექმნას. რეფორმით გათვალისწინებულია: ახალი ლოგოსა და ვებგვერდის შექმნა; სამხატვრო აკადემიის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა - ახალი პროგრამების აკრედიტაცია, მათი თანამედროვე სტანდარტებთან სინქრონიზაცია და არსებული პროგრამების თარგმნა უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მიზნით; საერთაშორისო სახელოვნებო რეზიდენციების შექმნა; ყოველწლიური ახალგაზრდული არტბაზრობისა და ფესტივალის გამართვა; თანამშრომლობა მსოფლიოში ცნობილ სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებთან; სტუდენტებისთვის თავისუფალი სახელოსნოებისა თუ დამატებითი სოციალური სივრცეების მოწყობა და სხვა.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ყველაზე მარტივ გამოცდას აბიტურიენტები ასახელებენ - „ამ საგნით ეროვნულები დავამთავრე“

მასწავლებლების 4 საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

„გარკვეული საკითხები მეტ კონცენტრაციას მოითხოვდა“

„შემაცილეთ, ხალხი არ ხაართ?!“ - მასწავლებლის გამოცდაზე აპლიკანტმა 10 წუთი დაიგვიანა

პიროვნება
სკოლები

მეცადინეობები მოიცავს არაფორმალურ და სახალისო აქტივობებს

სკოლის 12-მა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო საზაფხულო ბანაკში - ერთიანი საქართველო ევროპისთვის

ორივე ღონისძიება შთამბეჭდავად, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

სიახლეები
საზოგადოება