მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წიგნის სამყაროდან გადმოსულ ადამიანს ოდესმე შეხვედრიხართ? მით უმეტეს, ისეთი წიგნიდან, როგორიც „პატარა უფლისწულია“, ადამიანს, რომელთან საუბრისასაც ფიქრობ, რომ ეგზიუპერის მოთხრობას კითხულობ და უკვე ელოდები, როდის გეტყვის - „შენ ვალდებული ხარ, იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე“. თითქოს ჩაგესმის სიტყვები - „ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც, მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს“. აი, აქ კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თუკი ვინმეს ეს ახსოვს, ერთ-ერთი ნამდვილად კერძო სკოლა „ჰელიოსის“ დირექტორი ქეთევან ვეშაპიძე უნდა იყოს.
მართლაც, ეგზიუპერის პერსონაჟი თუ იტყოდა იმას, რაც ინტერვიუს მიმდინარეობისას სკოლის დირექტორმა აღნიშნა - „მომავალი თაობის კრიტიკა დიდების ყველაზე დიდი შეცდომაა“.
ბავშვებზე უზომოდ შეყვარებულმა, პროფესიით ექიმმა, 2016 წელს ისეთი სკოლის გახსნა გადაწყვიტა, სადაც მოსწავლეებს მხოლოდ ცივი კედლები კი არა, სითბო, სიყვარული და პატივისცემა დახვდებოდათ. სახელი - „ჰელიოსიც“ ამიტომ შეირჩა, მზე ხომ უდიდეს ენერგიასა და სითბოს გასცემს. ქეთევან ვეშაპიძე ფიქრობს, რომ სკოლა სახელს ამართლებს. მათ, ამჟამად, 209 მოსწავლე ჰყავთ. იციან თითოეული მათგანის ტკივილი და სიხარული. როგორც დირექტორი ამბობს, ერთი დიდ ოჯახი არიან.
სკოლის პროფესიონალი კადრები მოსწავლეებს ინტერესებზე მორგებულ გარემოს სთავაზობენ. 2022 წელს კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადი ჰყავდათ, რომლებმაც ეროვნული გამოცდები დიდი წარმატებით ჩააბარეს.
ქეთევან ვეშაპიძე etaloni,ge-ს სკოლის, მოსწავლეების, პედაგოგებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა:
- პროფესიით ექიმმა, ცხოვრება მაინცდამაინც სკოლას რატომ დაუკავშირეთ?
- ეს ბავშვების მიმართ დიდი სიყვარულის გამო მოვინდომე. მინდოდა, რომ მათთვის ძალიან კომფორტული, სასიამოვნო, ოჯახური და კარგად მოწყობილი გარემო შემექმნა. სკოლაში, სადაც მოსწავლეებს მხოლოდ ცივი კედლები ელოდებათ, სწავლა არაკომფორტულია. ბავშვი უნდა გაიხსნას, ფსიქოლოგიურად თავისუფალი უნდა იყოს. ჩვენ სწორედ ისეთი გარემო შევქმენით, სადაც ბავშვებს დიდი სიყვარული, იმედი და ნდობა ელოდებათ.
- ახალ პროფესიაში საკუთარი თავი იპოვეთ?
- ბავშვებს ადამიანებისთვის დადებითი მუხტი მოაქვთ. ჩემთვის ახალი პროფესია, თითქოს, გამოცდა იყო. დღესაც არ ვარ დარწმუნებული ეს გამოცდა ჩავაბარე თუ არა. ბუნებით მაძიებელი ვარ, საკუთარი თავისგან ყოველთვის უფრო მეტს და მეტს მოვითხოვ. ასე ვარ ბავშვებთანაც, ვეუბნები - არ დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გვაქვს დღეს და ვიზრუნოთ უკეთესობისათვის. ასე ვცხოვრობ მეც და ვაჩვევ მოსწავლეებსაც. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში ბავშვებს ნაკლებად უსმენენ. მათში ძალიან დიდი ძალისხმევა და ყურადღება უნდა ჩავდოთ, რადგან ჩვენი მომავალი მათზეა დამოკიდებული. შესაბამისად, თუ მათ შესაბამისი გარემო და განწყობა არ შევუქმენით, არ ექნებათ მოტივაცია, რომ ჩვენზე იზრუნონ.
- თქვით, რომ დღეს ბავშვებს ნაკლებად უსმენენ, როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ამას?
- ჩვენ ბავშვებთან ურთიერთობა დავკარგეთ. ვხედავ თითოეულ მშობელს, ცხოვრების დაკავებული რეჟიმიდან გამომდინარე, შვილებისთვის აღარ სცალიათ. ეს ცხოვრებამ მოიტანა. ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს ბავშვებისთვის ვაკეთებთ, მაგრამ სინამდვილეში, მათ ბევრ რამეს ვაკლებთ. გვინდა, რომ ყველაფერი მოვასწროთ, თუმცა რეალურად, ვერაფერს ვერ მოვასწრებთ, რადგან მომენტს ხელიდან ვუშვებთ და ბავშვებთან ურთიერთობის შესაძლებლობას ვკარგავთ. ასეთი ბავშვები, რა თქმა უნდა, ცხოვრებაში არ დაიკარგებიან, თუმცა ისინი, თითქოს, მაინც გულგაციებულები არიან. გული აქვთ ნატკენი, რადგან როდესაც მშობლები სჭირდებოდათ, ისინი მათ გვერდით არ იყვნენ.
- ბავშვებზე ძალიან თბილად საუბრობთ, საინტერესოა, როგორები არიან ისინი თქვენი თვალით დანახული?
- ჩემი თვალით დანახული ბავშვები ცხოვრებაზე ძალიან შეყვარებულები, ლაღები არიან. ყოველთვის ვესაუბრები, რომ ერთმანეთის გატანა, მოსმენა, მხარდაჭერა ისწავლონ. ნათქვამია, ასჯერ რომ ჩასძახებ, ერთხელ მაინც ამოტივტივდებაო. ასე ილექება ბავშვის გონებაშიც ყველაფერი, თუ ოდესმე სითბო უნახავთ.
- ზოგადად, ხდება ისე, რომ უფროსები ახალგაზრდებს ხშირად აკრიტიკებენ, არ მოსწონთ ახალი თაობა, როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ასე?
- ეს დიდების ყველაზე დიდი შეცდომაა. ჩვენ ჩვენი ცხოვრება გავიარეთ, იმ ეპოქამ ჩაიარა. ახლა ახალი ეპოქა და შეხედულებები მოდის. ახალგაზრდები ამ ცხოვრებას სულ სხვა თვალით უყურებენ. ჩვენც მათი თვალით ცხოვრების ყურებას უნდა მივეჩვიოთ. ამბობენ ხოლმე - სულ სხვა თაობა მოდისო. მოდის, ძალიან კარგი, ჯანსაღი თაობა და ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად ჯანსაღ გარემოს შევუქმნით. ჩვენ თუ გამუდმებით ვაკრიტიკეთ და ვიძახეთ ჩვენი თაობა უკეთესი იყოო, ამით კარგ საქმეს არ გავაკეთებთ და ვერაფერს მივაღწევთ. ბავშვების სამყარო ისეთია, მასში ყოფნა ყველაზე დიდი ბედნიერებაა.
- თქვენი აზრით, თქვენი სკოლა რითაა გამორჩეული?
- ჩვენი სკოლა მართლაც რომ გამორჩეულია. ის პატარაა, 230 მოსწავლეზე გვაქვს ავტორიზაცია. პატარა სკოლაში კი თითოეული ბავშვის ტკივილი და სიხარული ვიცით. მათ ინდივიდუალურად ვუდგებით. აი, სახლში მრავალშვილიანი დედა როგორც მოიქცეოდა, ისეთი მდგომარეობაა. ამით ნამდვილად გამოვირჩევით.
- მაინტერესებს, სახელად „ჰელიოსი“ რატომ შეარჩიეთ?
- სახელი ჩვენი შერჩეულია. მზისგან ძალიან დიდი სითბო, ენერგია მოდის, ის ნათელია - ჰელიოსი ამიტომ შეირჩა. გვინდა, ბავშვებს მზესავით ნათელი და თბილი მომავალი შევუქმნათ.
- როგორ ფიქრობთ, ამას ახერხებთ?
- ვახერხებთ, რადგან ბავშვები ძალიან თბილები არიან, ყველას ჩახუტება, სითბოს გამოხატვა უნდა. ამიტომაც, მიზანი მიღწეული გვაქვს.
- პირველკლასელთა რეგისტრაცია, დაიწყო, ყოველწლიურად, დაახლოებით, რამდენ მოსწავლეს იღებთ?
- საშუალოდ, 30-32 მოსწავლეს ვიღებთ და ორ პარალელს ვხსნით. თითოეული ბავშვის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს. ეს ჩვენს სკოლას გამოარჩევს და მშობლებსაც, ალბათ, ეს იზიდავთ. ჩვენ 6 საათამდე ვმუშაობთ, დაკავებული მშობლების ბავშვები აქ მეცადინეობენ. ჩვენ ისინი სხვადასხვა მუზეუმში, თეატრში დაგვყავს და არაფერს ვაკლებთ.
- კონკრეტულად, რას სთავაზობთ პირველკლასელებს, რატომ უნდა აირჩიონ თქვენი სკოლა?
- პირველი კლასიდან ინგლისური გაძლიერებულად ისწავლება, გაკვეთილი ყოველ დღე ტარდება. მე-3 კლასიდან, არჩევითი რუსული, გერმანული ან ფრანგული ენებია. მე-4 კლასიდან კიდევ ერთი ენა ემატებათ, რომელსაც თავად აირჩევენ. სკოლაში 4 ენის სწავლის საშუალება გვაქვს - ინგლისური, რუსული, გერმანული და ფრანგული. გარდა ამისა, მე-4 კლასის ჩათვლით, ორჯერადი კვებაა. შემდეგ ერთჯერადი. ვთავაზობთ, მცირერიცხოვან კლასებს. ჭადრაკი, მეტყველების კულტურა და ხატვა ჩვენთან სკოლის გახსნიდან ისწავლება და ამ საგნებს მე-4 კლასის ჩათვლით გადიან.
- რა გამოწვევების წინაშე დგახართ და ზოგადად, რა განასხვავებს კერძო სკოლას საჯაროსგან?
- მთავარი გამოწვევა მასწავლებლების როტაციაა. კარგი კადრის მოძებნა ძალიან ჭირს, ვინაიდან დანამატის გაცემა, რომელსაც საჯარო სკოლაში იღებენ, ჩვენს სკოლას არ შეუძლია. იქნებ, საშუალება თუ იქნება, სამინისტრომ კერძო სკოლების მასწავლებლებსაც გადმოხედოს, რადგან ისინიც იმავე სამუშაოს აკეთებენ. შეიძლება ითქვას, უფრო რთულსაც, რადგან დილიდან საღამომდე სკოლაში არიან. ზოგადად, ჩემი აზრით, საჯარო სკოლებში მაინც არ არის ის მდგომარეობა, რაც კერძოშია. აქ გარემო ბავშვის ფსიქიკაზეა მორგებული, სწავლების სხვადასხვანაირი მიდგომა მოქმედებს. ისე კი, კარგი კადრების დეფიციტი, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის პრობლემაა.
- თუმცა, ამავდროულად, შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებლები გამოცდებს აბარებენ, სტატუსს იმაღლებენ...
- ვერ ვიგებ იმას, რომ ახალდამთავრებული გამოცდას აბარებს და მაშინვე უფროსი მასწავლებელი ხდება. მიმაჩნია, რომ პედაგოგმა ეს სტატუსი წლების განმავლობაში, პრაქტიკული გამოცდილებით და არა გამოცდის ჩაბარებით, უნდა მიიღოს. იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ის გამოცდაჩაბარებული სკოლას გაუძლებს. ამიტომ, ეს სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ბავშვთან მუშაობა შეუძლია. სტატუსი უნდა იძლეოდეს მაშინ, როდესაც მასწავლებელს ბავშვთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ჩემი აზრი ასეთია, რამდენად კომპეტენტური ვარ ამ ამბავში არ ვიცი.
- დირექტორების გამოცდასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?
- ამ გამოცდის ჩაბარება მე არ მიწევს. საერთოდ, კვალიფიკაციის კურსებს გავლა და ახალი გამოცდილების შეძენა ჩვენი თაობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. სწავლა სიკვდილამდეო, ნათქვამია. თანდათან ახალი მეთოდები შემოდის. ჩვენი ქვეყანა ამისთვის თითქოს ჩაკეტილია, უფრო უნდა გამახვილდეს ყურადღება, თუ რა სახელმძღვანელოებით ისწავლება საზღვარგარეთ. მეტი სიახლე უნდა შემოვიდეს, ეს წინსვლისთვის აუცილებელია. მივესალმები გამოცდებს, ტრენინგებს, პირიქით, ვითხოვ კიდეც. ჩვენ „ინგლისურის სახლთან“ ვთანამშრომლობთ, მიხარია, როდესაც მოდიან და პედაგოგებს ამოწმებენ. ასეთ თანამშრომლობას ძალიან მივესალმები.
- მოსწავლეებზე უნდა გკითხოთ, რამდენად აქტიურები არიან?
- ისეთი აქტიური მოსწავლეები გვყავს, თვითონ გვთავაზობენ რაღაცებს. ძალიან ბევრ აქტივობას ვატარებთ. ბავშვები სკოლის ცხოვრებით არიან დაკავებული. ეს მათთვის საინტერესოა.
- რაც შეეხება კურსდამთავრებულებს, რამდენად წარმატებით აბარებენ გამოცდებს?
- ჩვენ, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი გამოშვება გვყავდა. პატარა სკოლა ვართ, დამამთავრებელ კლასში სულ 5 მოსწავლე იყო, მერე ერთი საჯაროში გადავიდა. დარჩენილი 4 მოსწავლიდან, რეპეტიტორთან არც ერთს არ უვლია. ერთმა 100%, მეორემ 70% გრანტი მიიღო, ერთს ოქროს მედალი აქვს. ჩვენთან 2016 წელს შემოსულმა ბავშვებმა 6 წელი ისწავლეს და ჩვენი ბაზით ასეთ კარგ შედეგს მიაღწიეს.
- როგორ ფიქრობთ, სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობა მნიშვნელოვანი ფაქტორია?
- დიახ, ნამდვილად უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ელექტრონული ჟურნალი გვაქვს. ასე თითოეული მშობელი პედაგოგებთან დაკავშირებულია. აქვთ სატელეფონო კომუნიკაცია. ყველანაირად ჩართულები არიან, რაც მოსწავლეებისთვის სასარგებლოა.
- როგორი იყო 2022 წელი თქვენი სკოლისთვის?
- წარმატებული და ნაყოფიერი. ავტორიზაცია მეორედ გავიარეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იყო. ახლა ახალი ხედვებითა და გეგმებით შევუდგებით მუშაობას. გარდა ამისა, გაგვახარეს კურსდამთავრებულებმაც. ბევრი გასვლითი ღონისძიება გვქონდა. აქტიური სასკოლო ცხოვრებით ვცხოვრობთ.
- რა არის თქვენი მიზანი, რას გინდათ, რომ თითოეულ მოსწავლესთან მიაღწიოთ?
- პირველ რიგში, სამშობლო აუცილებლად უნდა უყვარდეთ, რადგან ის ერთადერთია. ამ სამშობლოს ვერაფერზე გაცვლი, განსაკუთრებით, ქართველი. მეორეც ის, რომ არ უნდა დატოვოს ქვეყანა. მესმის, ფინანსური მდგომარეობა და სხვა ფაქტორები, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ. საქართველოს, ფაქტობრივად, ყოველთვის უჭირდა, მაგრამ ღალატი საშინელებაა. ზოგადად, ღალატი ფართო ცნებაა... როდესაც სამშობლოს უღალატებ, შეგიძლია შვილსაც უღალატო. არ მინდა, რომ ჩემს ბავშვებში ღალატი იყოს. მინდა ბავშვებმა იცოდნენ, რომ ღალატი ყველაზე მდაბიო, სასტიკი და მტკივნეულია. ასევე, აუცილებელი არაა, რომ ყველა ექიმი, პროფესორი, იურისტი გახდეს. რა პროფესიასაც დაეუფლება, მთავარია, უყვარდეს - მინდა ამას მივაღწიო.
- პატრიოტიზმზე საუბრობთ, როგორ გგონიათ, სამშობლოს მიმართ რამდენად აქვთ ეს დამოკიდებულება თქვენი სკოლის მოსწავლეებს?
- პატარებს ალბათ იმდენად არა, მაგრამ უფროსებს ეს გრძნობა უფრო უღვივდებათ. ამ საკითხზე მოსწავლეებთან მუშაობაა საჭირო.
- ბოლოს, რას ფიქრობთ, მოსწავლეებსა და პედაგოგებს როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ?
- მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა მეგობრული უნდა იყოს, მაგრამ ზღვარს არ უნდა გასცდეს. ბავშვი მასწავლებელს პატივს უნდა სცემდეს, უნდა იცოდეს, რომ პედაგოგი არასოდეს გაწირავს, არ გამოარჩევს. თუ ასეა, ესე იგი მასწავლებელს თავისი ფუნქცია შეუსრულებია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...