სიახლეები
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

„გვინდა, მოსწავლეებმა ცოდნით მწვერვალებს მიაღწიონ“- ქეთევან ედიბერიძე, კერძო სკოლა „ანაბასისის“ დირექტორი
16-03-2023
-
+


სწავლა - ახლის ძიება, ერთგვარი მოგზაურობა და აღმოჩენებით სავსე გზაა. ალბათ, დაკვირვებისა და გაბედული ექსპერიმენტების გარეშე, ფაქტობრივად, ვერაფერს აღმოაჩენთ. ეს ძალიან კარგად იმ საგნის მასწავლებლებმა იციან, რომლის მეშვეობითაც სამყაროს ატომურ და მოლეკულურ დონეზე დანახვაა შესაძლებელი.

„ქიმია, შეიძლება ითქვას, რომ საოცრებათა მეცნიერებაა. საშუალება გვაქვს, პატარ-პატარა ექსპერიმენტებით სასწაული მოვახდინოთ“, - ეს სიტყვები ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ დირექტორ ქეთევან ედიბერიძეს ეკუთვნის. ის სკოლის ხელმძღვანელობის პარალელურად, ქიმიას ასწავლის. 

არჩეული პროფესიიდან გამომდინარე, ალბათ, მარტივი მისახვედრია, ცხოვრებას როგორ უდგება - განვითარებაზე ზრუნავს არ წყვეტს, ახალ შესაძლებლობებს ეძებს და გული აღმოჩენებისკენ მიუწევს. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა პროექტსა თუ კონკურსში აქტიურად ერთვება. ის, გასულ წელს, მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენციაზე პრაღაში იმყოფებოდა. მისი კარიერა მხოლოდ სკოლას არ უკავშირდება - 2012-14 წლებში ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იყო, თუმცა მიხვდა, რომ თავისი ადგილი „ანაბასისში“ იყო. 

სკოლა მისმა მეუღლემ, თანამოაზრეებთან ერთად, 1996 წელს დააფუძნა. ქეთევან ედიბერიძე ამბობს, რომ სკოლის ძლიერი მხარე მასწავლებელთა მაღალი კომპეტენცია, პროფესიონალიზმი, განვითარების უდიდესი შესაძლებლობა და დაცულობაა. 

ქეთევან ედიბერიძე etaloni,ge-ს სკოლის, მოსწავლეების, პედაგოგებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა:

- ქიმიის მასწავლებელი ბრძანდებით, ეს პროფესია რატომ აირჩიეთ?

- ზოგადად, კარგი მოსწავლე ვიყავი. ჩემი არჩევანი კი დიდწილად, საგნის მასწავლებელმა განაპირობა. ცდილობდა, რომ შესაბამისი ცოდნა მიმეღო, ლიტერატურით მამარაგებდა, დავალებებს მაძლევდა. სკოლაში ქიმიის კაბინეტიც გვქონდა, ექსპერიმენტებს ვატარებდით.

- და მაინც, ქიმიაში ყველაზე მეტად რამ მოგხიბლათ, იყო მომენტი, როდესაც აღფრთოვანდით და გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღეთ?

- ამოცანებმა, ექსპერიმენტებმა, ტექნიკურმა მხარემ. იმან, რომ ამოცანებს თავს კარგად ვართმევდი - შემეძლო საგანი უფრო სიღრმისეულად შემესწავლა. ამიტომაც, გადავწყვიტე, ცხოვრება ამ პროფესიასთან დამეკავშირებინა.

- თქვენთვის ეს პროფესია აღმოჩენების სამყაროა?

- ქიმია, შეიძლება ითქვას, რომ საოცრებათა მეცნიერებაა. საშუალება გვაქვს, პატარ-პატარა ექსპერიმენტებით, თითქოს, სასწაული მოვახდინოთ. მე რომ სკოლაში ვსწავლობდი, ამ სასწაულად ერთი ნივთიერების სხვასთან შერევით სხვადასხვა ფერის მიღება და მათი ურთიერთქმედება მესახებოდა. ამას მასწავლებელი ისეთი მეთოდით ახერხებდა, რომ მოხიბლული ვრჩებოდი.

- როდის დაფუძნდა „ანაბასისი“?

- სკოლა ჩემმა მეუღლემ, დავით ლაბაძემ თავის თანამოაზრეებთან - მანანა ქავთარაძესა და შალვა თავაძესთან ერთად, 1996 წელს დააფუძნა.

- საინტერესოა, სკოლის სახელი რა დატვირთვის მატარებელია..

- სახელი ერთ-ერთი დამფუძნებლის იდეა იყო. ანაბასისი ბერძნული სიტყვაა და აღმასვლას ნიშნავს. ჩვენც სწორედ ეს გვინდა, პატარა მოსწავლეებმა, რომლებიც პირველ კლასში შემოდიან და არაფერი იციან, ცოდნით, მწვერვალებს მიაღწიონ.

- როგორ ფიქრობთ, ამ მიზნის მიღწევას ახერხებთ?

- ვახერხებთ - თუ შევხედავთ, ჩვენი მოსწავლეები როგორ იზრდებიან და ვითარდებიან, ეს ნათელია. თუმცა, ცოდნის შეძენა ერთჯერადი პროცესი არაა, ის განგრძობითია. მოსწავლეები ჩვენთან გარკვეულ განათლებას იღებენ, რასაც შემდეგ ხვეწენ. საბოლოოდ კი, კარგი სპეციალისტები და რაც მთავარია, კარგი მოქალაქეები ხდებიან.

- თავად თქვენ, რამდენი ხანია, რაც სკოლის დირექტორი ხართ?

- სკოლის დირექტორის პოზიციაზე 2007 წლიდან ვმუშაობდი, შემდეგ 2012-14 წლებში ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი, შემდეგ ისევ სკოლას დავუბრუნდი.

- სკოლაში დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ?

- ჩემთვის პრაქტიკული საქმიანობა - მასწავლებლობა და დირექტორობა საინტერესოა. მიმაჩნდა, რომ ჩემი ადგილი აქ იყო, ამიტომაც დავუბრუნდი. სკოლაში რესურსცენტრის ხელმძღვანელობის პერიოდშიც ვასწავლიდი.

- საგანმანათლებლო რესურსცენტრში მიღებული სამუშაო გამოცდილება სკოლაში გამოგადგათ?

- დიახ. ბევრ მასწავლებელთან მიწევდა ურთიერთობა. მათ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე უნდა მეფიქრა, სკოლებს სხვადასხვა საკითხი ჰქონდათ მოსაგვარებელი, მეც, ამ მიმართულებით, მუშაობას შევეჩვიე. ამიტომაც, რესურსცენტრის უფროსობამ ნამდვილად დიდი გამოცდილება შემძინა. რასაკვირველია, ამ გამოცდილებას ახლაც ვითვალისწინებ.

- როგორც თქვით, საჯარო სკოლაში მუშაობის გამოცდილებაც გაქვთ, შეგიძლიათ მითხრათ, რა განასხვავებს კერძო სკოლას საჯაროსგან?

- ბავშვი ყველგან ბავშვია, თუმცა კერძო სკოლა მშობლებთან უფრო მჭიდრო კავშირითაა გამორჩეული. ისინი თანხას იხდიან და ცდილობენ, რომ ყველაფერში ჩართულები იყვნენ. ამ მხრივ, ჩვენც ხელს ვუწყობთ და აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. გარდა ამისა, კლასში მოსწავლეთა მცირე რაოდენობაა. მთავარ განმასხვავებელ ფაქტორად მაინც მშობელთა დაინტერესებასა და მოთხოვნას გამოვყოფდი - სასწავლო პროცესი მოწესრიგებული და ბავშვების ცოდნა მტკიცე იყოს.

- აქედან გამომდინარე, თქვენი აზრით, მშობლების ჩართულობა სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვისთვის რამდენად მნიშვნელოვანია?

- როდესაც სკოლა და მშობელი თანამშრომლობს და ეს მოსწავლემაც იცის, სწავლის ხარისხი იზრდება. ჩვენც ვცდილობთ, მათ შვილების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ. ამ მიზნით, ტესტირებებსაც ხშირად ვაწყობთ, შემდეგ კი შედეგებს მშობლებს ვაცნობთ.

- პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო, რატომ უნდა აირჩიონ „ანაბასისი“, რას სთავაზობთ?

- ყოველწლიურად, ძირითადად, 45-50 პირველკლასელს ვიღებთ. მშობლებმა არჩევანი მოტივირებულ, კარგად მომზადებულ მასწავლებლებზე და მოწესრიგებულ სასწავლო გარემოზე უნდა შეაჩერონ. სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მოსწავლემ ცოდნა მიიღოს და ამავდროულად, შემოქმედებითი და სპორტული უნარები განივითაროს. ჩვენ მათზე მაქსიმალურად ვზრუნავთ.

- რა არის თქვენი სკოლის ძლიერი მხარე?

- სწორედ მასწავლებელთა მაღალი კომპეტენცია, პროფესიონალიზმი, განვითარების უდიდესი შესაძლებლობა და დაცულობა.

- საუბრისას, რამდენჯერმე თქვენი ქიმიის მასწავლებელი ახსენეთ, მის მეთოდებს, მოსწავლეებთან ურთიერთობისას, თქვენც იყენებთ?

- რა თქმა უნდა, ქიმია მარტო ფურცლით არ ისწავლება. ბავშვებს პრაქტიკული მაგალითიც თუ არ აჩვენე, ფასი არ აქვს, ვერ დაიმახსოვრებს და ვერ გამოსახავს. ამიტომაც, ყოველთვის ვცდილობ, რომ საგაკვეთილო პროცესი ექსპერიმენტებით დატვირთული იყოს. სკოლაში გვაქვს „მკვლევართა კლუბი“. ვფიქრობ, ბავშვს საგანი უნდა აინტერესებდეს და ამ შემთხვევაში, ისწავლის. მასწავლებელმა კი ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მოსწავლეს საგანი მოაწონოს. ამიტომაც, ხშირად ვახორციელებ პროექტებს, ვმონაწილეობთ კონფერენციებში.

- კონკრეტულად, რა პროექტებზეა საუბარი?

- გასულ წელს, საბუნებისმეტყველო მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენციაზე, პრაღაში ვიყავით. მანამდე საქართველოში ჩატარდა „ილიაუნის“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიასთან პროექტი. მასში მოსწავლეებთან ერთად ვმონაწილეობდი. სკოლის ლაბორატორიაში, სახამებლისგან პოლიეთილენის მსგავსი შესაფუთი მასალა დავამზადეთ. გავიმარჯვეთ და შემდეგ მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენციაში ვმონაწილეობდი. ამ წარმატების მიღწევას მოსწავლეების გარეშე ვერ შევძლებდი.

- თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ განვითარებაზე ზრუნავთ...

- დიახ, ასეა. ვფიქრობ, რომ მასწავლებელი, პირველ რიგში, მაინც მასწავლებელი უნდა იყოს. და რადგან ამ პროფესიის წარმომადგენელი ხარ, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ წინ წაიწიო. მასწავლებელთა პროფესიული ზრდის სქემა პირველად რომ დაინერგა, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სკოლის მასწავლებლისათვის ალტერნატივა არსებობდა, ჩემი სკოლის ყველა მასწავლებელი, ჩემი ხელმძღვანელობით, ჩავერთეთ. ვფიქრობ, რომ ამით ნამდვილად დიდი გამოცდილება მივიღეთ. მასწავლებლებმა უფროსისა და წამყვანის სტატუსი მოიპოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ამით დანამატებს არ ვიღებთ. ალბათ, ეს პროფესიულია - წინსვლა და იმ ფერხულში ჩართვა გვინდა, რასაც განათლების სამინისტრო გვთავაზობს.

- აქვე გკითხავთ, მასწავლებლების გამოცდის ფორმატი მოგწონთ?

- სკოლაში 45 მასწავლებელი გვყავს, აქედან 20 წამყვანია, დანარჩენი უფროსი. ჩემი აზრით, მასწავლებელმა კომპეტენცია უნდა დაადასტუროს. თუმცა, აქვე, სკოლაში პრაქტიკულ საქმიანობასაც ყურადღება უნდა მიექცეს. გამოცდებთან დაკავშირებით, მასწავლებლებს მეტი ინფორმირებულობა სჭირდებათ. მიმაჩნია, რომ მასწავლებელმა გამოცდის ჩაბარებით სტატუსი უნდა მიიღოს, მაგრამ გამოცდის ჩაუბარებლობა სკოლის დატოვების საფუძველი არ უნდა გახდეს. საგამოცდო საკითხები, სწავლებაში რაც სჭირდებათ, იმასთან შესაბამისობაში უნდა იყოს.

- მოსწავლეებზე უნდა გკითხოთ, რამდენად აქტიურები არიან?

- ისინი სხვადასხვა პროექტში მონდომებით ერთვებიან, ინიციატივას თავადაც იჩენენ. როგორც აღვნიშნე, ჩვენს სკოლაში მკვლევართა კლუბი მუშაობს და მოსწავლეები ძალიან აქტიურობენ. მათთვის, თუნდაც, ქიმიაც აღმოჩენების სამყაროა. ისინი „ილიაუნის“ ყოველწლიურ, სამეცნიერო პიკნიკებში მონაწილეობენ. იმდენად აქტიურები არიან, რომ გასულ წელს კონკურსიც კი გამოვაცხადეთ, ვინ წავიდოდა. 30-მა მოსწავლემ ისურვა, რომ პიკნიკის მონაწილე ყოფილიყო, ჩაეტარებინა ექსპერიმენტები. ისინი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს მასპინძლობდნენ.

- თქვენთვის, როგორც დირექტორისთვის, მოსწავლეებთან ყოველდღიური ურთიერთობა მნიშვნელოვანია?

- ეს აუცილებელი კომპონენტია, ასე პულსზე ხელი გვიჭირავს. მოსწავლეთა დამოკიდებულება, მოტივირება, ყველაზე კარგად გაკვეთილებზე იგრძნობა.

- „ანაბასისის“ კურსდამთავრებულები გამოცდებს რამდენად წარმატებით აბარებენ?

- ჩვენი სკოლის არჩევის ერთ-ერთი მიზეზი ესაა. ჩვენი კურსდამთავრებულები გამოცდებზე ნამდვილად დიდ წარმატებას აღწევენ, ყველა მათგანი სტუდენტი ხდება. ბევრ მათგანს გრანტიც აქვს. აბიტურიენტებს მოსამზადებელ პროგრამასაც ვთავაზობთ, ეს სკოლის განვითარების გეგმაშია ჩადებული.

- რა არის თქვენი სამომავლო მიზნები?

- ვცდილობთ, ბევრ ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსსა თუ პროექტში მივიღოთ მონაწილეობა. მოსწავლეები სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე არიან ჩართულები, მოხსენებით გამოდიან, თანატოლებს მდგრადი განვითარების, ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციას აცნობენ. ასევე, მინდა, რომ პროექტებში მასწავლებლებმაც იაქტიურონ, ევროპაში წავიდნენ და იქაური გამოცდილებით დაბრუნდნენ. მაგალითად ერთ-ერთი პედაგოგი ესტონეთში იყო, გამოცდილებას გაეცნო, რაც სკოლისთვის სასარგებლოა. მით უმეტეს, რომ კერძო სკოლები არ ვართ განებივრებული განათლების სამინისტროს ისეთ პროგრამაში ვიყოთ ჩართული, რითაც ევროპის სკოლებს დავუკავშირდებოდით. ამიტომ, გზებს ჩვენით ვპოულობთ.

- ბოლოს, რას ურჩევდით აბიტურიენტებს, როგორ აირჩიონ სამომავლო პროფესია?

- პროფესიათა ჩამონათვალს გულდასმით გაეცნონ და სადაც საკუთარ თავს დაინახავენ, არჩევანი მის სასარგებლოდ გააკეთონ. მთავარია, რეალიზდნენ და შესრულებული სამუშაოთი სიამოვნება მიიღონ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება