მასწავლებლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 20 მარტის 10:00 საათიდან 3 აპრილის 18:00 საათამდე.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე
online.naec.ge.
საგნის გამოცდაში მონაწილეობა არ არის შეზღუდული და გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში:
- ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
- მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
- ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
- ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
- ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორებისთვის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
- მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
- საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;
- უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული;
- ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი;
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები;
- სომხური ან აზერბაიჯანული ენის გამოცდა.
ყველა მსურველს უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.
პრაქტიკოსი მასწავლებლების საყურადღებოდ: 2023 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით რეგისტრაციის უფლება აქვთ მხოლოდ აზერბაიჯანული და სომხური ენების პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებს, ასევე, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს. მათთვის რეგისტრაცია უფასოა.
თუ გამოსაცდელი არ აკმაყოფილებს
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით მასწავლებლის განათლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, იგი ტესტირებაში მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის.
რეგისტრაციის დროს გამოსაცდელი უთითებს მხოლოდ:
- პირად ნომერს;
- საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;
- საგანს, რომლის ჩაბარებაც სურს (შესაძლებელია მხოლოდ ერთი საგნის არჩევა);
- სასურველ საგამოცდო ქალაქს;
- გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9) ან ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში (რესურსცენტრების მისამართები) 13 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
პროგრამა არ მოგცემთ რეგისტრაციის დასრულების საშუალებას, თუ გადახდილი არ გაქვთ ტესტირებაში მონაწილეობის საფასური - 50 ლარი. პრაქტიკოსი და სპეციალური პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია შესაბამისი გამოცდისათვის უფასოა.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
- „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით bogpay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%. Mastercard-ის ბარათის გამოყენებისას - საკომისიო 0 ლარი. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით;
- „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
- „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი;
- „საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაციით - mBank - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.
გადახდილი თანხა სრულად ბრუნდება, თუ მონაწილე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა ტესტირებაზე ან ამ ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადა ტესტირებაში მონაწილეობაზე. განაცხადები მიიღება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.:
ქ. თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
გაითვალისწინეთ, რომ გამოსაცდელს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები.
პროფესიული უნარების გამოცდისა (წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთათვის) და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის რეგისტრაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე და მიეწოდება ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრს.