სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

მეტყველების 8 დარღვევა, რომელიც ბავშვს სწავლაში ხელს უშლის - სპეციალისტი საყურადღებო ნიშნებს ასახელებს
23-03-2023
-
+


„მთელი ბავშვობა მეგონა ჩემი თავი შტერი, გაუნათლებელი, რადგან ყველა მასწავლებელი მაგას მეუბნებოდა. ხანდახან კითხვა არ შემეძლო. მერევა ასოები... რაღაცას წავიკითხავ, მგონია, რომ ეს არის და რაღაც სხვა არის... სანამ ჰოლანდიაში არ წავედი და ინგლისურის სწავლა არ დავიწყე... იქ მასწავლებელმა მითხრა, შვილო, წადი, დისლექსიაზე შეიმოწმე თავი, უეჭველი დისლექსიკი ხარო. არც ვიცოდი, ეგ სიტყვა რა იყო... საქართველოში 14%-ს სჭირს დისლექსია. მე რომ სპორტსმენი არ ვყოფილიყავი, მთელი ცხოვრება არ მეცოდინებოდა, რომ დისლექსიკი ვარ“, - მოყვა ერთ-ერთ ინტერვიუში ფეხბურთელმა მერაბ კაშიამ.

როგორც Etaloni.ge-სთან ენისა და მეტყველების თერაპევტი, ჯუნა ცისკაძე ამბობს, დისლექსიის და სხვა მსგავსი ტიპის დარღვევების ადრეულ ასაკში აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, ამაში კი ლომის წილი მასწავლებლებს უნდა მიუძღვოდეთ. არადა, თერაპევტის ინფორმაციით, მასწავლებლების უმრავლესობისთვის მსგავსი ტიპის დარღვევები განიხილება როგორც სიზარმაცე და უნიჭობა.

ჯუნა ცისკაძემ სათითაოდ განგვიმარტა ის დარღვევები, რომელიც მოსწავლეს სწავლაში უშლის ხელს და რჩევებიც მოგვცა.

- რა ტიპის მეტყველების დარღვევები უშლის ხელს ბავშვს სწავლასა და კითხვაში?

- მეტყველების ძირითადი დარღვევები, რომლებიც ბავშვებს სწავლის პროცესში ხელს უშლის, არის ენაბორძიკობა, დისლექსია, ტაქილალია, ბრადილალია, დისლალია, დისგრაფია, აკალკულია, ADHD - იგივე ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი.

ენის ბორძიკი - მეტყველების დარღვევაა, რომელსაც ახასიათებს ცალკეული ბგერების, მარცვლების ან მთელი სიტყვის უნებლიე გამეორება, ბგერების არაბუნებრივი გაწელვა, მეტყველებისას დაუგეგმავი პაუზები, რომელთა დროსაც ადამიანი ვერ ახერხებს ბგერის წარმოთქმას. ენაბორძიკობის მქონე ბავშვები აცნობიერებენ რა პრობლემის არსებობას, ეზრდებათ შფოთვის დონე, ცდილობენ ნაკლებად იაქტიურონ სოციუმში, ხდებიან ჩაკეტილები. მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილისთვის არიან მომზადებული, არ იჩენენ ინიციატივას. ენაბორძიკობის დიაგნოზის მქონე ზრდასრულები, გამოკითხვისას, ხშირად უსვამენ ხაზს იმას, რომ სკოლის პირველი წლები ყველაზე სტრესული პერიოდი იყო მათ ცხოვრებაში.

ტაქილალია - ამ ტიპის დარღვევის მქონე ბავშვები ხასიათდებიან აჩქარებული მეტყველების ტემპით, ახასიათებთ სიტყვების და ფრაზების გამეორება, შესაძლოა მეტყველება მსმენელისთვის ნაწილობრივ ან სრულად გაუგებარი იყოს. 

ბრადილალია მეტყველების დარღვევის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა, რომელიც ხასიათდება მეტყველების შენელებული ტემპით.

დისლალია ბგერათა წარმოთქმის დარღვევაა. ამ ტიპის დარღვევის დროს ბავშვს შეუძლია საუბარი და აზრის ჩამოყალიბება, თუმცა ვერ წარმოთქვამს, ვერ ანაცვლებს კონკრეტულ ბგერებს. მაგალითად, „შ“ ბგერის ნაცვლად ამბობს „ს“ ბგერას, გრძელ სიტყვებში მარცვლებს ცვლის. დისლალიის მიზეზი შესაძლებელია იყოს ფიზიოლოგიური პრობლემა - პირის ანატომიური აგებულება, სხვადასხვა გადატანილი დაავადება, დაქვეითებული სმენა, სამეტყველო გარემო. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის შეცდომები 6-7 წლამდე არ ითვლება საგანგაშოდ.

დისგრაფია წერის უნარის დარღვევაა. ამ ტიპის დარღვევა ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებასთან კავშირში არ არის, დარღვეულია კოორდინაცია და ბავშვს უჭირს წერა. შესაძლებელია სხვა ტიპის მოტორულ დარღვევებსაც შევხვდეთ დისგრაფიის დროს. მაგალითად, ბავშვს არ შეეძლოს შეიკრას ქურთუკზე ღილები, ფეხსაცმელზე თასმა და ა.შ.

აკალკულია ციფრების ამოცნობის სირთულე და მათზე მათემატიკური ამოცანების წარმოების უნარის დარღვევაა. ვითარდება თავის ტვინის ცალკეული უბნების დაზიანების შედეგად, როგორიც შეიძლება იყოს ტრავმა, სისხლის ჩაქცევა და ა.შ.

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი თავს იჩენს სკოლამდელ ასაკში და სკოლაში ყოფნის დაწყებით საფეხურებზე. სინდრომის დამახასიათებელი სიმპტომებია ყურადღების დეფიციტი, გონებაგაფანტულობა, იმპულსურობა, პიჰერაქტივობა. ბავშვებს უჭირთ საგაკვეთილო პროცესის მსვლელობას აუწყონ ფეხი და დამოუკიდებლად მეცადინეობის პროცესი მათთვის ძალიან რთულია.

დისლექსია სწავლის უნარის დარღვევაა, რომელიც ვლინდება წერილობითი ენის აღქმის სირთულეებით - ბავშვს უჭირს, ან არ შეუძლია წაკითხული ტექსტის გაგება. დისლექსიკი ბავშვების შემთხვევაშიც სტრესი, შფოთვა საკმაოდ მაღალ მაჩვენებელზეა. ახასიათებთ დაბალი თვითშეფასება, თავს გრძნობენ სხვა თანატოლებზე ნაკლებად. დისლექსია სწავლის დარღვევის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ექსპერიმენტებით დასტურდება, რომ დისლექსია ინტელექტის ინდიკატორი არ არის.

- დისლქესიაზე ისაუბრა ცოტა ხნის წინ ფეხბურთელმა მერაბ კაშიამ. არსებობს ამ დარღვევის გამოსწორების გზები?

- მერაბ კაშიამ ზუსტად აღწერა საზოგადოების დამოკიდებულება დისლექსიკების მიმართ. ხაზი გაუსვა მასწავლებლების უხეშ მიმართვებს. როგორც წესი, ამ დროს გარშემომყოფების მიერ პრობლემის შეფასება ზედაპირული და არასწორია. „უტვინო“, „შტერი“, „დებილი“ და მრავალი არასწორი და არაკორექტული შეფასებები. ზრდასრული დისლექსიკებისგან ხშირად გვსმენია, რომ მსგავსად ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიუმართავთ მათთვის. ემოციურ მდგომარეობასაც რომ დავაკვირდეთ, ამბობს რომ იყო დაკომპლექსებული და საკუთარი თავი ეგონა მართლა „უტვინო“. საბედნიეროდ, მისი მომავალი განვითარდა კარგად, არ დარჩა საკუთარ კომპლექსებში, ეს ყველას არ გამოსდის, ამიტომ გვმართებს მეტი ყურადღება და დაკვირვება საზოგადოებას, განსაკუთრებით მასწავლებლებს და მშობლებს.

სრულად ამ პრობლემის გამოსწორება არ ხდება, მისი ხარისხის შემცირება ხდება დამხმარე საშუალებებით და სპეციალური მეთოდებით. როგორც გითხარით, ინტელექტზე გავლენა არ აქვს დისლექსიას. დისლექსიკ ადამიანებს ხშირად უფრო მეტად განვითარებული აქვთ ხოლმე სხვა ტიპის უნარები და ამის ხარჯზე აკომპენსირებენ კითხვის უნარის სირთულეებს. ასეთი ადამიანები მხედველობის დახმარებით, ვიზუალური მასალით, სმენით, შეხებით და ა. შ. სწავლობენ. ადრეულ ასაკში უფრო მარტივია ამ ყველაფერთან გამკლავება, ბავშვი განვითარებასთან ერთად ეჩვევა მართვას, ზრდასრულ ადამიანს ყველა ქცევა თუ უნარი უკვე დასწავლილ-განმტკიცებული აქვს და ამიტომაც რთულდება ეს პროცესი.

მქონდა შემთხვევა, როცა ბავშვმა მეტყველება დაიწყო 7 წლის ასაკში. ამის ფონზე გარშემომყოფები მიიჩნევდნენ, რომ სწავლის სირთულეები დაგვიანებული მეტყველებით იყო გამოწვეული და არ მიაქციეს სათანადო ყურადღება. ბიჭი ახლა არის 17 წლის. არის ძალიან მონდომებული და შრომისმოყვარე. ამის ხარჯზე მოახერხა სკოლის პროგრამას არ ჩამორჩენოდა, თუმცა მარტივ, 5 სიტყვიან წინადადებასაც კი 3-4-ჯერ კითხულობდა. ამ ასაკში პრობლემის სიმწვავე მეტად თვალსაჩინოა და დაძლევის გზაც უფრო რთული, ვიდრე სკოლის პირველ წლებში.

- როგორ მიხვდეს მშობელი, რომ მის შვილს ესა თუ ის დარღვევა აქვს და როგორ უნდა მოიქცეს?

- როგორც წესი, ზემოთ ჩამოთვლილ დარღვევათა უმეტეს ნაწილს მშობლები სკოლამდელ ასაკში ამჩნევენ. თუმცა, გარკვეული დარღვევები, მაგალითად, დისლექსია, აკალკულია, დისგრაფია სკოლამდელ ასაკში ხშირად შეუმჩნეველია იმის გამო, რომ ბავშვს არ უწევს წერა-კითხვა და მათემატიკური ამოცანების ამოხსნა. მშობელსა და შვილს შორის აუცილებელია ინტერაქცია, მეტი ჩართულობა და დაკვირვება შვილის ყოველდღიურ აქტივობაზე, ამ ტიპის ურთიერთობისას შეუმჩნეველი ვერ დარჩება პრობლემის არსებობა. პრობლემის შემჩნევის შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტთან, ფსიქიატრთან, ნეიროფსიქოლოგთან კონსულტაცია, რომელიც მისცემს რეკომენდაციას კონკრეტულად რა ტიპის ჩარევა იქნება საჭირო ან იქნება თუ არა საერთოდ ამის საჭიროება.

- თუ ყოფილა შემთხვევები, მასწავლებელს აღმოეჩინოს ამ მხრივ რაიმე სახის პათოლოგია?

- სამწუხაროდ, მასწავლებლებს ხშირად უჭირთ კონკრეტული დარღვევის შემჩნევა, თუ დარღვევა არ არის ისეთი თვალსაჩინო, როგორიც არის ენაბორძიკობა, ტაქილალია. ხშირად, მსგავსი ტიპის დარღვევები განიხილება როგორც სიზარმაცე და უნიჭობა. სკოლის პირველ წლებში მასწავლებლის ჩართულობა თითოეულ ბავშვთან აუცილებელია, დაკვირვება მასალის ათვისება-გააზრებისას, რამდენად ახდენს ბავშვი მიწოდებული ინფორმაციის გააზრებას, შეუძლია თუ არა მოყვეს გასული დღეების განმავლობაში შესწავლილი მასალა, ამოიცნოს რიცხვები და ა.შ. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მასწავლებელმა აუცილებლად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, პირველ რიგში, მშობელს და ამის შემდეგ მშობელთან შეთანხმებით დაიგეგმოს სპეციალისტთან ვიზიტი. 

მაგალითად, ბოლო შემთხვევა რაც მახსენდება: პირველკლასელი ბიჭი აკმაყოფილებს ასაკობრივ ნორმებს, საუბრობს და აყალიბებს აზრს, მაგრამ ასოების შესწავლის პროცესში ვერ ამთლიანებს სიტყვებს... ცალკეულ ბგერებს კითხულობს, წარმოთქვამს, თუმცა, სიტყვად ვერ ამთლიანებს. მასწავლებელმა ადრეულ პერიოდში შეამჩნია პრობლემა, მიაწოდა ინფორმაცია მშობელს. სპეციალისტის ჩარევით და ერთობლივი მუშაობით პრობლემა რამდენიმე თვეში თითქმის მოგვარებულია. ასევე, მეორე შემთხვევა, ისევ პირველკლასელი ბიჭი: ადრეულ ასაკში, 3-4 წლისას დაეწყო ენაბორძიკობა, მალევე დასძლია პრობლემა, თუმცა სკოლაში შესვლისას პრობლემა კვლავ გააქტიურდა და ბევრად უფრო მწვავედ. ენაბორძიკობისას ხშირია მსგავსი შემთხვევები, რადგან სკოლის პირველი წლები საკმაოდ სტრესული შეიძლება გამოდგეს ბავშვებისთვის, სტრესის ფონზე პრობლემა მარტივად აქტიურდება.

- რას ურჩევდით მშობლებსა და მასწავლებლებს?

- პრობლემის შემჩნევისთანავე, ან თუნდაც ეჭვის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია. სპეციალისტი მშობელთან შეთანხმებით დაგეგმავს შემდგომ ნაბიჯებს, რომელიც ძირითადად მოიცავს ფსიქოთერაპიას, ენისა და მეტყველების თერაპიას, აკადემიური უნარების თერაპიას და ლოგოპედიას. ინტენსიური მუშაობით შემთხვევათა უმეტეს ნაწილში დარღვევა სრულად ან ნაწილობრივ გამოსწორებადია.

მშობლებს ხშირად უჭირთ შვილებზე დარღვევის შემჩნევისას ამის აღიარება, ეძებენ გამართლებას. სტიგმები საზოგადოებაში ამ და სხვა ტიპის დარღვევების მიმართ საკმაოდ ხელისშემშლელია. იმისთვის, რომ ბავშვთან გატარებული დრო იყოს ნაყოფიერი, სახლის პირობებში მშობელს შეუძლია მარტივი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც დაეხმარებათ ბავშვის უკეთ შეფასებაში და რაც ასევე გაავარჯიშებს ბავშვის კოგნიტურ უნარებს. მაგალითად, ნატიფი მოტორული სავარჯიშოები - მძივების აგება, თასმის შეკვრა, ელვა შესაკრავის გახსნა და შეკვრა, რიცხვების, ასოების, გეომეტრიული ფიგურების ძერწვა... კარგი იქნება მშობლებმა ბავშვებს წაუკითხონ  ზღაპარი და სთხოვონ მოყოლა, უყურონ მულტფილმს ერთად და სთხოვონ პერსონაჟების დახასიათება. ასევე კარგი საშუალებაა ხატვა, გაფერადება და ა.შ.

სკოლამდელ ასაკში მშობელი თუ ვერ აღმოაჩენს დარღვევას, შემდეგ უკვე სკოლის მასწავლებლის როლი გადამწყვეტი ხდება, პედაგოგმა თითოეული მოსწავლის აკადემიურ და კოგნიტურ უნარებს უნდა მიაქციოს მაქსიმალური ყურადღება სწავლის დაწყებისთანავე, არ უნდა გამოარჩიოს წარჩინებული მოსწავლეებისგან. თუ გავიხსენებთ, ჩვენს ბავშვობაში ალბათ ყველას გვყოლია კლასელი, მეგობარი, რომელიც ვერ სწავლობდა. რა ხდებოდა მაშინ? მასწავლებლები, რა თქმა უნდა ყველაზე არ ვსაუბრობ, აღარც კი ეკითხებოდნენ ასეთ ბავშვებს გაკვეთილს, მხოლოდ წარჩინებულ მოსწავლეებზე კეთდებოდა აქცენტი და ეს ყველასთვის ნორმა იყო. არ უნდა დარჩეს არც ერთი მოსწავლე სასწავლო პროცესის მიღმა. დღეს ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, მარტივად შეგვიძლია ვიპოვოთ პასუხები იმ კითხვებზე, რაც შეიძლება ბავშვთან ურთიერთობისას გაჩნდეს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება