სიახლეები
სიახლეები, სკოლები, ინტერვიუ

„ცოდნის მიღებას დრო უნდა, ხოლო უცოდინარობა სამუდამოა“ - ქეთევან ჩემია, კალას საჯარო სკოლის პედაგოგი
22-03-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის, კალას საჯარო სკოლაში რუსულს ასწავლის, თუმცა პროფესიით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია... მისი პედაგოგიური კარიერა კი აფხაზეთიდან, უფრო კონკრეტულად, ბაბუშარას საშუალო სკოლიდან იწყება, როდესაც 19 წლის პიონერხელმძღვანელი ქეთევან ჩემია, მამამ საკუთარ შემცვლელად მიიყვანა.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და ბევრმა წყალმაც ჩაიარა... ომიც ნახა, დევნილობის ტკივილიც, ემიგრაციაში ყოფნის სევდაც... პროფესიას კი მხოლოდ ამ ქარტეხილების შემდეგ დაუბრუნდა - სხვაგვარად ვერ შეძლო, რადგან მოწოდებით პედაგოგს სწორედ ბავშვების სიყვარულმა გადაატანინა ცხოვრებისეული „ტკივილები“.

სამაგიეროდ, დღეს მისმა მოსწავლეებმა იციან, რომ სწავლა, ესაა უდიდესი შრომა, რისთვისაც არც თავად ზოგავს თავს და მოსწავლეებსაც უხსნის, რომ წლები სჭირდება, იყო განათლებული, ხოლო გაუნათლებლობა ადამიანს მთელი ცხოვრება რჩება.

როგორ აღმოჩნდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჟურნალისტიკაში, რატომ დათმო დისერტაცია, რა გზა განვლო ბაბუშარადან კალამდე? – etaloni.ge-ს ქეთევან ჩემია ესაუბრება, რომელიც იმედს არ კარგავს, აუცილებლად დაბრუნდება მშობლიურ აფხაზეთში.

- ქალბატონო ქეთი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ბრძანდებით. რამ განაპირობა თქვენი არჩევანი?

- მამა იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ამბობენ, რომ ბაბუაც კარგად წერდა, სახლშიც  ძალიან ბევრი წიგნი გვქონდა, რომელთა კითხვა უზომოდ მივარდა.. სწორედ ამან განაპირობა პროფესიის არჩევანი... მით უმეტეს, მამამ ადრე მიმიყვანა სკოლაში მასწავლებლად - 19 წლისა უკვე ვატარებდი გაკვეთილებს და წარმოიდგინეთ, ჩემსა და ჩემს მოსწავლეებს შორის მხოლოდ ორი წელი იყო ასაკში სხვაობა.

ბაბუშარას საშუალო სკოლაში ვასწავლიდი და მაშინ ყველა სკოლა დიდებული იყო... თვითონ სისტემა იყო ასეთი!

დიდი ენთუზიაზმით ვემზადებოდი თითოეული გაკვეთილისთვის და მიუხედავად იმისა, ბევრი წელი გავიდა, დღემდე ვინარჩუნებთ მეგობრულ ურთიერთობებს.

- 2 წლით უფროსი მასწავლებლის გაკვეთილზე ისმოდა ბუზის გაფრენა?

- დიახ... ბავშვები ელოდნენ, გაკვეთილზე რას მივიტანდი ახალს... მაშინ არ იყო ასეთი წვდომა ინფორმაციაზე და მახსოვს ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია რომ გავაცანი, შვილიან-ძირიანად შევისწავლე ყველა დეტალი, რათა ჩემი მოსწავლეებისთვის გაკვეთილი საინტერესო ყოფილიყო.

- და რა უთხარით ვაჟაზე ახალი თქვენს ბავშვებს?

- ბევრი რამ... თუნდაც ის, რომ ბუნების მგოსანმა მოისურვა, ყვავილებით ხელში წასულიყო ამქვეყნიდან! წარმოიდგინეთ, ალუდა ქეთელაური ხევსურული კილოთი წავუკითხე და დირექტორმა, რომელიც გაკვეთილზე მესწრებოდა, მკითხა, კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებას მეგრული კილოთი წაიკითხავო?..

გაკვეთილზე მომზადებული შევდიოდი და ისე ვატარებდი, როგორც მიმაჩნდა სწორად...  მაშინ მეგონა, ვუყვარდი მოსწავლეებს, ახლა კი ვიცი, რომ ეს სიყვარული არ არის!

- აბა, რა არის, ქალბატონო ქეთი?

- ეს არის დანახვა! დაინახო ის, რასაც გთავაზობენ - თუ დაინახე, კიდეც ისწავლი... ესაა ჩემი პირადი აზრი. 23 წელია მასწავლებელი ვარ და ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა არავის გაუუქმებია! ყველა მასწავლებელი, ვინც აფხაზეთიდან წამოვედით, პედაგოგებად დავრჩით!

- რთული იყო თქვენი გზა, ხომ?

- მაშინ საკანდიდატო მინიმუმებს ვაბარებდი... ხარისხის დაცვაზე ვმუშაობდი, ქუთაისში ვცხოვრობდით, რადგან ჩემი მეუღლე თბილისში ვერაფრით წამოვიყვანე - სულ ეიმედებოდა, აფხაზეთში აუცილებლად დავბრუნდებოდით. თბილისამდე გზის ფულიც არ მქონდა, დედამთილის პალტო მეცვა და თავსაფარი მეხურა, ავტობუსის მძღოლს ვთხოვე, გამოცდაზე მივდივარ და უფულოდ წამიყვანე-თქო... 39 წლის ვიყავი, მან კი გარშემომყოფებს ჩემზე მიუთითა, თანხის გადახდა არ უნდა და გამოცდას იმიზეზებს, ნეტავ რისი ჩამბარებელიაო... სხვა გზა არ იყო... რაღაცნაირად გადავიტანე ეს ყველაფერი!

- ეს იყო თავდადება პროფესიის, საქმის მიმართ?

- ვერ შევძელი თავდადება, ვერ მივიყვანე დისერტაცია ბოლომდე... ბიბლიოთეკაში რომ დავჯდებოდი, ერთ ფენოვან ხაჭაპურს ოთხნი ვიყოფდით,

ძალიან ჭირდა, 1994 წელი - ეს იყო მშიერი ქვეყანა და მაშინ ყველა ერთნაირად ვიყავით, მასწავლებლებს ხელფასი არ ჰქონდათ! სხვა გზა არ იყო - წავედი ჟურნალისტიკაში სხვადასხვა წამყვან გაზეთში ვიმუშავე, რკინიგზაში გაზეთსაც ვუშვებდი, თუმცა 2003 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, სამსახურში მისულს გამომიცხადეს - დღეიდან აქ აღარ მუშაობთო... ჩემი ძვირფასი წიგნებიც კი მაკულატურაში ჩააბარეს; როგორც მითხრეს, სულ ფანჯრიდან ყრიდნენ. ამის შემდეგ ვისწავლე „ბრმად ბეჭდვა“... დისერტაციაზე მუშაობა შეწყდა და შემრჩა პედაგოგობის სტაჟი...

- რომელიც ემიგრაციამ „ჩაანაცვლა“?

- იმდენად გაგვიჭირდა, რომ მე და ჩემმა მეუღლემ ისრაელში წასვლა ვამჯობინეთ, შემდეგ იტალიაში... ცოტა ფეხზე წამოვდექით და ბოლოს მაინც საქართველოში დავბრუნდით. მოგვიანებით, კალას სკოლაში დავიწყე მუშაობა...

- მასწავლებლობა თქვენთვის რას ნიშნავს?

- იცით, ბედნიერი წლები იყო აფხაზეთში, მაგრამ უფრო დიდ ბედნიერებას მასწავლებლობა მანიჭებდა; მაშინ მეგონა, რომ მასწავლებლობისთვის ვარ დაბადებული...

- ახლა ასე აღარ ფიქრობთ?

- მასწავლებლობა სულ სხვა რამაა, ვიდრე ვაკეთებ მე! როდესაც სკოლაში მივბრუნდი, აღმოჩნდა, რომ არავის უნდა შრომა. მარტივად რომ ვთქვათ დამხვდა სხვა პირობები, სხვა გარემო, სხვა კონტინგენტი...

- და აბსოლუტურად შეცვლილი საგანმანათლებლო სისტემა, ასეა?

- ასეა, ბავშვებს არ უნდათ შრომა და ეს რომ დავინახე, სახლში მივედი მოსწავლეებთან... არ ვიცი, რამდენად სწორია ეს მიდგომა, მაგრამ ვხედავ, რომ მშობლები კმაყოფილები არიან.

- მიაჩვიეთ შრომას თქვენი მოსწავლეები?

- ვფიქრობ, ნელ-ნელა მიეჩვევიან და ვამაყობ მათით! იციან, რომ სწავლა ძალიან ძნელი შრომაა, ცოდნის მიღებას დრო უნდა, ხოლო უცოდინარობა ეს სამუდამოა... ასეა, ჩემო ძვირფასებო, მე ცხოვრება კი არ გავიარე, გავირბინე.

- აფხაზეთშიც აპირებთ „ჩარბენას“, ქალბატონო ქეთი?

- ჩარბენას არა, აფხაზეთში დაფუძნებას ვაპირებ! ვიცი მოვესწრები!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება