სიახლეები
სკოლები

„თავისუფალ დროს ყვავილებს ვუვლი, ჩემთან ზამთარშიც გაზაფხულია“-etaloni.ge-ს „მეგობრობის დღიური“ სახალვაშოს სკოლის პედაგოგმა, ნაირა აბაშიძემ შეავსო
24-03-2023
-
+


მოსწავლეებს სკოლის პედაგოგებთან და დირექტორებთან ურთიერთობა, ფაქტობრივად, ყოველდღე აქვთ. თუმცა, ისინი მათ მხოლოდ სასკოლო გარემოში იცნობენ და შეიძლება, ხშირად ვერც წარმოუდგენიათ, თუ როგორ ატარებენ თავისუფალ დროს, რით არიან გატაცებულნი, სად ისურვებდნენ მოგზაურობას... ამიტომაც, მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა, მათი მისაბაძი ადამიანები რაზე ოცნებობენ, რას გეგმავენ, რა არის მათი საყვარელი ნაწარმოები და ა.შ. 

„ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“ - არის etaloni.ge-ს ახალი წარმოწყება, რომელიც ერთგვარ „მეგობრობის დღიურს“ წარმოადგენს და მისი მთავარი მიზანია სკოლის დირექტორები და პედაგოგები გაგაცნოთ არაფორმალური კუთხით, უკეთ წარმოვაჩინოთ, როგორც პიროვნება. 

დღეს, etaloni.ge-ს „მეგობრობის დღიური“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნაირა აბაშიძემ შეავსო. 

- გაიხსენეთ სკოლის პირველი დღე, როგორც მოსწავლემ და როგორც პედაგოგმა.

- ძნელია, ათეული წლების შემდეგ მეხსიერებაში ამოატივტივო 6-7 წლის ბავშვის ემოციები და გაიხსენო სკოლაში მისვლისას გამოწვეული განცდები. თუმცა, მაინც მახსოვს პირველი დღე სკოლაში. მაშინ, სასწავლო წლის ბოლოს, სანამ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს გააცილებდნენ სკოლიდან, მომავალ პირველკლასელებს იბარებდნენ სკოლაში. მე იმის გამო, რომ დედაჩემს არ ეცალა, კოლმეურნეობის ჩაის კრეფდა, გვიან წამიყვანა სკოლაში, იქ მისულს ასაკოვანი მასწავლებელი დამხვდა, ბიბლიოთეკაში შემიყვანა, რამდენიმე შეკითხვა დამისვა, თავზე ხელი გადამისვა და წიგნი მაჩუქა. მე მას გზად მეზობლის ეზოში მოწყვეტილი ვარდი ვაჩუქე. შეიძლება ვიღაცისთვის დაუჯერებელი იყოს, მაგრამ გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ იმ ვარდის სურნელი დღესაც მახსოვს და ის წიგნიც, მაშინ რომ მაჩუქეს.

რაც შეეხება სკოლაში მასწავლებლად შესვლის პირველ დღეს, ბუნებრივია, კარგად მახსოვს. მაშინ 20 წლის ვიყავი, მესამე კურსის სტუდენტი. სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ მუშაობდა ძალიან მკაცრი და პედანტურად მომთხოვნი პიროვნება, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი მედეა ხალვაში. მისმა დახვედრამ ცოტა შემაშინა, დამაბნია კიდეც, რადგან, მისი აზრით, გუშინ სკოლადამთავრებულ ბავშვს რა უნდა გამეკეთებინა, როგორ უნდა დამემორჩილებინა მოსწავლეები, ან რა უნდა მესწავლებინა მათთვის? ის მალე დარწმუნდა, რომ ცდებოდა. სასწავლო წლის ბოლოს მომიბოდიშა და აღიარა, რომ შეცდა ჩემი შეფასებისას. მე მისი მადლიერი ვარ, მისმა რეაქციამ გამაძლიერა და მასწავლა წინააღმდეგობების დაძლევა.

- თქვენი საყვარელი მწერალი/პოეტი:

- მსოფლიოში იმდენი გენიალური მწერალი და პოეტია, რომ ძნელია გამოარჩიო რომელიმე მათგანი, მაგრამ ჩემთვის მაინც განსაკუთრებულია ვაჟა-ფშაველა, თავისი უკიდეგანო სიბრძნითა და ფილოსოფიური სიღრმით. სანთლისა და ლამპის სინათლეს მონატრებულმა გენიოსმა ფიჩხის სინათლეზე შექმნა ის გენიალური ქმნილებები, რომლითაც მსოფლიო შეაზანზარა. მის გენიას ჯერ კიდევ ვერ ვწვდებით, ვერ ვითავისებთ ქართველები, თორემ სულ სხვანაირი საქართველო გვექნება.

 - თქვენი საყვარელი წიგნი:

- ძალიან მიყვარს ონორე დე ბალზაკის „შაგრენის ტყავი“. ვფიქრობ, ეს წიგნი ბევრს აძლევს დღეს ნებისმიერი ეროვნების ადამიანს. თანამედროვე სამყაროში, როცა ადამიანები, ყოფით პრობლემებში ჩაძირულნი, კომფორტს დაწაფებულნი, ივიწყებენ ყველაზე მთავარ ღირებულებას - სიცოცხლეს, ვერ აცნობიერებენ, რომ ეს არის ის, რაც ფასდაუდებელია. ამის გაგება მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როცა გრძნობენ სიკვდილის მოახლოებას, მაგრამ უკვე გვიანღაა. ასე ემართება ამ წიგნის მთავარ გმირსაც, იგი მატერიალური პრობლემების გადასაწყვეტად, ოცნებების ასასრულებლად სატანას ურიგდება და სიცოცხლის შემოკლების ხარჯზე თანხმდება ოცნებების ასრულებას, მაგრამ როცა აცნობიერებს შეცდომას, ცდილობს ყველაფერი დათმოს სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, მაგრამ ამაოდ, ვერ ერევა სატანურ ძალას.

- რომელი მასწავლებელი გიყვარდათ სკოლაში და რატომ?

- ვფიქრობ, მასწავლებელი რომ გიყვარდეს, ამისათვის საჭირო სულაც არ არის, მისი საგანი გიყვარდეს. მე პირადად ის მასწავლებელი მეძვირფასებოდა, და ახლაც ასეა, რომლის საგანი, მათემატიკა, არათუ მიყვარდა, მძულდა კიდეც.  ეს ქალბატონი ლალი ფირცხალაიშვილია. ის ახლა ქ. ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში მოღვაწეობს. ამ მასწავლებელს საოცარი უნარი ჰქონდა, ბავშვის სულში ჩაეხედა და მისი წრფელი სული დაენახა. მე ერთი გაუბედავი, მგრძნობიარე გოგო ვიყავი, რომელიც ძალიან განვიცდიდი იმას, რომ არ შემეძლო ამ საგანშიც ისე გამომეჩინა თავი, როგორც ამას სხვა საგნებში ვახერხებდი. ამას ლალი მასწავლებელი უთქმელად ხვდებოდა. ამიტომ მას ჩემთვის არც მაღალი ნიშანი დაუმადლებია და არც მსუბუქი საყვედური უთქვამს. ამ მასწავლებელზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო. ის ხომ იმ დროში მოღვაწეობდა (80-იან წლებში), როცა მასწავლებლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სიმკაცრესა და ზოგჯერ მოსწავლეთა შეურაცხყოფაში, მას ერთხელაც არცერთი მოსწავლისათვის, ყველაზე რთული ქცევის ბავშვისთვისაც კი, უხეშად არ მიუმართავს. ამ ქალბატონმა არც კი იცის, მისმა კეთილშობილმა ბუნებამ როგორ იმოქმედა ჩემზე და განა მასწავლებლებმა ვიცით, ვისზე ვახდენთ გავლენას, რა გზით და რატომ?

- რა გინდოდათ რომ გამოსულიყავით და რატომ?

- ჩემს მომავალ პროფესიაზე მე-5 კლასში დავფიქრდი, როცა ქართულის მასწავლებლად შემოვიდა საგნის ნამდვილი პროფესიონალი, წარმოუდგენლად ენერგიული, შრომისმოყვარე და თავის საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული ქალბატონი გულვარდ დავითაძე. მას შეეძლო თითოეული ბავშვის მინიმალური შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოეყენებინა და, შეიძლება ითქვას, თიხისგან ოქრო გამოეძერწა. მისთვის არ არსებობდა ე. წ. სუსტი მოსწავლე საგანში, ყველა უნდა ყოფილიყო ძლიერი თუ არა, კარგი მაინც. სწორედ ამ შესანიშნავმა პედაგოგმა იმოქმედა ბავშვობიდანვე, რომ მეფიქრა ქართულის მასწავლებლობაზე.

- თქვენი საყვარელი საგანი:

- რა თქმა უნდა, ქართული ენა და ლიტერატურა.

- სამი მთავარი რჩევა, რომელსაც თქვენს მოსწავლეებს მისცემდით?

- სკოლის უმთავრესი ფუნქციაა, მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს სწორი ღირებულებები. ამ მხრივ ყოველ მასწავლებელს საკუთარი ვალდებულება აქვს, მითუმეტეს ლიტერატურის მასწავლებელს. მე ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვეუბნები, რომ თუკი მომავალში ისე ვერ გაძლიერდებიან, რომ ებრძოლონ უსამართლობას, იმდენი მაინც შეძლონ, რომ უსამართლობას ტაში არ დაუკრან, უსამართლობა სამართლიანობად არ გაასაღონ, თეთრს შავი არ უწოდონ და პირიქით.  მეორე რჩევა ის იქნება, რომ აკეთონ სიკეთე უანგაროდ. ახსოვდეთ, რომ სიკეთე ბიზნესი არ არის, რომ ორივე მხარემ მოიგოს - გამცემმაც და მიმღებმაც.  და მესამე, იყვნენ შრომისმოყვარენი, ეს ყველაზე სწორი გზაა სანუკვარი მიზნის მისაღწევად.

- სად იმოგზაურებდით და რატომ?

- სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ჩემი საყვარელი მწერლების, ვიქტორ ჰიუგოსა და ონორე დე ბალზაკის, სამშობლოში. ძალიან მიყვარს ფრანგული ლიტერატურა, არაერთხელ მიმოგზაურია ლიტერატურულ პერსონაჟებთან ერთად წარმოსახვით სამყაროში.

- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

- საკუთარ თავზე საუბარი ყოველთვის მეუხერხულება, თუმცა რადგან საჭიროებაა ამისი, გულწრფელად ვიტყვი, რომ მაგიჟებს უსამართლობა, ვიცი, რომ სიმართლის მთქმელი ბევრს არ უყვარს, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს, რომ ვიყო სამართლიანი, პირდაპირი და  შეურიგებელი სიყალბესა და ფარისევლობასთან.

- რომელი დღესასწაული გიყვართ გამორჩეულად და რატომ?

- დღესასწაულები დიდად არ მხიბლავს, მაგრამ მიყვარს სასწავლო წლის დასაწყისი - სწავლის განახლების ზეიმი, მონატრებული ბავშვების გაბრწყინებული სახეების ხილვა. ირგვლივ გამეფებული სიახლისა და სილამაზის სურნელი.

- ნატვრის თვალი რომ გქონდეთ, რას ინატრებდით?

- ვინატრებდი იმ საშინელი დაავადებების გაქრობას, რომლითაც ადამიანები, განსაკუთრებით ბავშვები იტანჯებიან (ამის გამო ფეისბუქგვერდზე შესვლის მეშინია), ან ვისურვებდი ისეთ ფინანსურ მდგომარეობას, რომ ყველას დახმარება შევძლო, რათა მატერიალური პრობლემების გამო ბავშვები არ იღუპებოდნენ.

- რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

- თავისუფალ დროს ყვავილებს ვუვლი. ეს მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას. ამიტომაცაა, რომ ჩემთან ზამთარშიც გაზაფხულია.

- რაზე ოცნებობთ?

- ვოცნებობ, რომ გაქრეს ის დაუსრულებელი პრობლემები, რაც ვერა და ვერ დაილია ჩვენს ქვეყანაში. ერთიანობა, სიყვარული აღდგეს ადამიანთა შორის, გათითოკაცებას ბოლო მოეღოს,  ქართველმა ქართველში მხოლოდ მოყვარე დაინახოს და ქვეყნის მტერს საერთო ძალით დაუპირისპირდეს.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება