სიახლეები
სკოლები, პიროვნება, ინტერვიუ

„შეიძლება ქიმიკოსები და ბიოლოგები არ გამოვიდნენ, თუმცა სკოლამ უნდა აღზარდოს ადამიანები“ - ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი  ვიოლა აკობიძე
27-03-2023
-
+


მოსწავლეების სიყვარული, მათ საჭიროებებსა და წინსვლაზე მუდმივი ზრუნვა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ვიოლა აკობიძისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მას მიაჩნია, რომ სკოლამ პირველ რიგში, კარგი ადამიანი უნდა აღზარდოს და შემდგომ იზრუნოს, მისთვის საგნის შეყვარებაზე.

ის დირექტორობამდე 15 წელი ამავე სკოლაში ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლად მუშაობდა და კარგად იცის მოსწავლეთა საჭიროებები. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და დროებით სკოლას ჩამოშორდა, საბოლოოდ მაინც განაახლა თავისი კარიერა და უკვე, 2 წელია, რაც მას ხელმძღვანელობს. დირექტორობასთან ერთად კი პედაგოგიურ საქმიანობასაც არ ჩამოშორებია. 

როგორც თავად გვიამბობს, ბავშვებს ის ძალიან უყვართ და მის დანახვაზე თვალები სიხარულისგან უბრწყინავთ. ეს კი  ხელმძღვანელს მთელი სასკოლო საზოგადოების წინაშე ორმაგ პასუხისმგებლობას სძენს.

„მე თუ არ ვეყვარები ბავშვს საგანს ვერ ისწავლის, ამიტომ ძალიან თბილად ვუდგები მოსწავლეებს... ზოგადად ძალიან მიყვარს ბავშვები. მოსწავლე ყოველთვის გრძნობს, როცა დირექტორს/მასწავლებელს ის უყვარს... ბავშვი არის სუფთა დაფა და მასზე ყველაფერი იწერება“, -  etaloni.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი ვიოლა აკობიძე.

სწორედ ბავშვების სიყვარული შთააგონებს მას ბევრ იდეას, რომელთა განხორციელებასაც მომავალში აპირებს. მისი ერთ-ერთი მიზანია, სკოლას სპორტ დარბაზი ჰქონდეს, რათა სწავლას მოწყურებულმა ბავშვებმა თავიანთი შესაძლებლობები და უნარები ყველას წინაშე სრულყოფილად წარმოაჩინონ.

მოსწავლეებთან ურთიერთობაზე, მათთან მიდგომებსა და დირექტორის პასუხისმგებლობის შესახებ etaloni.ge-სთან ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვიოლა აკობიძე საუბრობს.

- ქალბატონო ვიოლა, რას ნიშნავს თქვენთვის სკოლის დირექტორობა?

- ამავე სკოლაში ბიოლოგია-ქიმიის მასწავლებლად დაახლოებით 15 წელი ვმუშაობდი. ამავდროულად ვიყავი სასწავლო ნაწილი, შემდგომ გარკვეული მიზეზების გამო საცხოვრებლად  სხვაგან გადავედი... უკვე 2 წელია დავბრუნდი ამ სკოლაში, ოღონდ დირექტორის სტატუსით.

ჩემი გადმოსახედიდან, სასკოლო საზოგადოებისთვის დირექტორი მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს. აუცილებელია სკოლაში შექმნას სასკოლო კულტურა და იყოს საგანმანათლებლო ლიდერი. სკოლის ხელმძღვანელს ბევრი პასუხისმგებლობა აკისრია...

- რა პასუხისმგებლობები ახლავს მას?

- პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და ყოველდღიურად ვგრძნობ ამას, რადგან ხელმძღვანელი და მენეჯერი ხარ ისეთი ცოცხალი ორგანიზმი როგორიც სკოლაა, მეტ ყურადღებას საჭიროებს. ხელმძღვანელმა, გარდა ყველა იმ სასწავლო მიღწევებისა, რაც უნდა დაინერგოს სკოლაში, თვალი უნდა ადევნოს მოსწავლეთა ყველა მიღწევას, ასევე ფოკუსირებული უნდა იყოს როგორც მოსწავლეების წინსვლაზე, ასევე მასწავლებლების ჩართულობაზე, ცოდნის ამაღლების მხრივ. როცა გრძნობ, რომ შენი მასწავლებლები და მოსწავლეები არიან  მონდომებულნი, რაც შეიძლება მეტი იმუშაონ და არ ჩამორჩნენ დღევანდელი თანამედროვე ტექნოლოგიების, სწავლების მეთოდებს და პროცესებს, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოითხოვს დიდ პასუხისმგებლობასა და შრომას, თუმცა ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა.

- მოსწავლეებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?                                                            

- ამავე, ახალშენის დასახლებაში ვცხოვრობ, სკოლასთან ახლოს. ჩემი სახლიდან ფეხით გადმოვდივარ სკოლაში, როგორც კი ბავშვები დამინახავენ ყველას ეუბნებიან, რომ ვიოლა მასწავლებელი/დირექტორი მოდის და შემოსასვლელი კარის ორივე მხარეს განლაგდებიან, გაბრწყინებული თვალებით შემომცქერიან, მელოდებიან... მათი გაბადრული სახეებიდან ყველაფერი ჩანს...

- როგორ მოახერხეთ ასეთი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ბავშვებთან განსაკუთრებული მიდგომები გაქვთ?

- სკოლამ აუცილებლად უნდა გაზარდოს სხვადასხვა სპეციალობის ადამიანი, თუმცა შეიძლება ვერ გამოვიყვანო ჩემი მოსწავლეებისგან ქიმიკოსები, ბიოლოგები, ფილოლოგები, მაგრამ მე უნდა აღვზარდო ადამიანი - ეს ჩემი ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი დევიზია. მე თუ არ ვეყვარები ბავშვს საგანს ვერ ისწავლის, ამიტომ ძალიან თბილად ვუდგები მოსწავლეებს... ზოგადად ძალიან მიყვარს ბავშვები. მოსწავლე ყოველთვის გრძნობს, როცა დირექტორს/მასწავლებელს ის უყვარს... ბავშვი არის სუფთა დაფა და მასზე ყველაფერი იწერება.

- მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მხრივ, როგორი მდგომარეობაა თქვენ სკოლაში?

- მინდა აღვნიშნო, ახალგაზრდა მშობლების ტენდენციაა - ქალაქის სკოლებს ირჩევენ. სოფლიდან 13-14 ბავშვის გადინებაა და ამიტომ მცირეკონტინგენტიანი დარჩა ჩემი სკოლა. გაიზარდა მიგრაცია... მაგრამ ამის მიუხედავად, ყველა აქტივობა, რაც ხორციელდება ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ყოველი დღე, რაც გაწერილია, გათვლილია იმაზე, რომ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება გაუმჯობესდეს და სასწავლო პროცესში ჩართულობა გაიზარდოს... ამაში ყველანი ჩართულები ვართ. ბავშვები ტვინების ბრძოლაში იღებენ მონაწილეობას, მყავს წარჩინებული მოჭადრაკე, მათემატიკის ტურში გამარჯვებული, საგნობრივ ღონისძიებებს ვატარებთ... მართლწერის საკითხებზე, წერასა და მხატვრულ კითხვაზე ვამახვილებთ ყურადღებას. გვყავს გამორჩეული მოსწავლეები. ჩვენ გვაქვს ასევე ხეზე დამამუშავებელი საამქრო, სადაც წრეების მიხედვით ჩართული გვყავს ბავშვები და თავიანთ ნაკეთობებს აკეთებენ და გამოფენებს ვაწყობთ შემდგომ...


- და ქალბატონო ვიოლა, ის მოსწავლეები, რომლებსაც არ აქვთ მოტივაცია, მათთან როგორი მიდგომები გაქვთ, როგორ ცდილობთ სწავლის წყურვილი გაუჩინოთ?

- დიახ, მაქვს მიდგომები. ყველა კლასშია დაბალი, საშუალო და მაღალი მზაობის ბავშვები. მასწავლებლებთან პედსაბჭოს შეხვედრასა და თათბირზე, ნებისმიერ დროს განვიხილავთ, რა შეიძლება გავაკეთოთ მათი აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად - რა კუთხით სჭირდებათ დახმარება. ამ დროს მშობლის ჩართულობაა აუცილებელი, თუმცა თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ისეთი შემთხვევა არ გვქონია, რაც სკოლაში ვერ მოგვიგვარებია. შეიძლება ბავშვმა გაკვეთილი ვერ მოამზადოს, მაგრამ სკოლაში არის იმის საშუალება, რომ  დავეხმაროთ მას, რადგან მცირეა ბავშვების რაოდენობა...  გაკვეთილს კლასშივე ვასწავლით, რომ არ ჩამორჩეს სხვებს.

- როგორც აღნიშნეთ მცირეკონტინგენტიანი სკოლაა, მშობლებს ქალაქისკენ მიუწევთ გული... რატომ არის ასეთი ტენდენცია?

- მშობლები ფიქრობენ, თუ ქალაქის სკოლაში შეიყვანს ბავშვს, იქ უკეთ ისწავლის...  რეალურად, პირველკლასელი იქ უფრო ისწავლის, სადაც 32 ბავშვია, თუ იქ სადაც მოსწავლეთა მცირე რაოდენობაა? თუ ბავშვს სწავლა უნდა სოფლის სკოლაშიც ისწავლის... რა მხრივ არ დაველაპარაკეთ მშობლებს, რომ ბავშვები არ გადაიყვანონ, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. სამწუხაროდ, არ გვყავს აბიტურიენტები, როგორც აღვნიშნე მცირეკონტინგენტიანი სკოლაა და სულ 9 კლასია. მე-9 კლასის დასრულების შემდგომ ბავშვები გადიან რაიონის სკოლებში და მინდა უფრო მეტი ვიმუშაო, რომ ბავშვების მოდინებას ხელი შევუწყო და გაიხსნას ჯგუფები. მინდა აღვნიშნო ასევე, რომ სხვა სკოლებისგან განსხვავებით, ჩვენ კვებაც გვაქვს სკოლაში. ხონის რაიონში 25 სკოლაა, მხოლოდ ჩვენთანაა კვება...

- ეს თქვენი ინიციატივა იყო?

- ახალშენი, იმერეთში ძველი კათოლიკური სოფელია. აქ ცხოვრობენ იტალიიდან ჩამოსული მისიონერები. ისინი ეხმარებიან ადამიანებს. აქედან გამომდინარე, მათ გადაწყვიტეს, რომ რადგან ბავშვებს უწევთ სკოლაში დიდი ხნით ყოფნა, კვებაზე ეზრუნათ და ხელშეკრულება გავაფორმეთ ერთ-ერთ საცხობთან. სკოლაში ბუფეტი არ გვაქვს, თუმცა მძღოლი გვყავს აყვანილი და ტრანსპორტი გვემსახურება, ყოველ დილით მოაქვს მზა საკვები, რომელსაც დიდ დასვენებაზე მივართმევთ ბავშვებს... ხარჯებს სპონსორი ორგანიზაცია უზრუნველყოფს.

- როგორც ახსენეთ წარმატებული მოსწავლეები გყავთ, ამაში მასწავლებლის როლიც მნიშვნელოვანია...

- რა თქმა უნდა! სკოლა არის მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი. პრიორიტეტია მოსწავლეები... ჩვენ სკოლაში ყოველი საგნის მასწავლებელი სერტიფიცირებულია. ისინი ყველაფერს აკეთებენ და არაფერს იშურებენ, მოსწავლეთათვის ცოდნის ამაღლებისთვის. გვყავს ძალიან კარგი და მოტივირებული მასწავლებლები. მე ყოველ დღე მაქვს მათთან შეხება, შევდივარ გაკვეთილზე... ვაკეთებ რეფლექსიას, ვარ ყურადღებით, რომ თუ რაიმე უჭირს მოსწავლეს მას დავეხმარო.

- მშობლები სასწავლო პროცესში არიან ჩართულნი?

- დიახ, ბავშვის განვითარებისთვის ეს ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. მშობლებთან ურთიერთკავშირი და რა თქმა უნდა, მშობლების აქტიურობა სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. ახლა კომუნიკაცია უფრო მარტივია, არსებობს სოციალური ქსელები, შეგიძლია მიწერო მშობელს, გაესაუბრო და საქმის კურსში ამყოფო. არდადეგების დროს მშობლებს ვაფრთხილებ, რომ ბავშვებს საშინაო დავალება გააკეთებინონ და შეუმოწმონ, რადგან იცოდნენ, რომ მშობლებს აინტერესებთ მათი განვითარება. ჩემი აზრით, მშობელი და მასწავლებელი ერთნაირად  უნდა იყვნენ ჩართული ბავშვის განვითარების საქმეში.

მაგალითად, საზაფხულო არდადეგებზე მათ დავურიგე გარკვეული დავალებები, რომლებიც უნდა შეესრულებინათ. ასევე გვქონდა შესანიშნავი ერთკვირიანი საზაფხულო ბანაკი... ეს ბევრ რამეს აძლევს მათ. მშობელი არის ჩვენი დამხმარე... მასწავლებლებს, დირექტორსა და მშობლებს შორის უნდა იყოს ძალიან მჭიდრო კავშირი, რადგან ჩვენი პრიორიტეტი არის ბავშვი. ჩვენ საერთო ძალებით უნდა გავიდეთ მათ შედეგებსა და მიღწევებზე.

- თქვენს მოსწავლეებს ყველაზე ხშირად რას ურჩევთ?                                 

- მათ ყოველთვის ვეუბნები, რომ იყვნენ ზრდილობიანები, არ მოიქცნენ ცუდად, იყვნენ კეთილები. უყვარდეთ სიტყვები: ბოდიში, მაპატიე, მადლობა... და შემდგომ საგანი... ეს თუ იცის ახალგაზრდამ და ამ სულისკვეთებით აღიზრდება, მე დარწმუნებული ვიქნები, რომ მასში არაფერი ცუდი არ იქნება...

- რა განსხვავებაა სოფლისა და ქალაქის სკოლის მოსწავლეებს შორის?

- სკოლიდან ერთ-ერთ სპექტაკლზე წავიყვანეთ ბავშვები. ჩვენი, სოფლის სკოლის მოსწავლეები ძალიან მოწესრიგებულად და ზრდილობიანად იქცეოდნენ. მათი ქცევა განსხვავდებოდა ქალაქის მოსწავლეების ქცევისგან... ჩემი აზრით, სოფლის ბავშვები, ცუდად არ ჩამითვალოთ, სხვანაირად იზრდებიან, ისინი შრომას ხედავენ, ხვდებიან, რომ სოფელში მათი მშობლები დაკავებულნი არიან, მუდმივად შრომაში... ასევე, სწავლას, რაც შეეხება - ქალაქის სკოლებში ყველა ემზადება, რადგან ბევრი არიან კლასში და საკითხები გაუგებარი რჩებათ, ამიტომ ბავშვი იძულებულია კერძო მასწავლებელთან იაროს... ჩემს სკოლაში, 45 წუთში ფაქტობრივად მოსწავლეებს ვამზადებთ, რადგან კლასში მხოლოდ 5-6 ბავშვია... ამას ვეუბნები ყოველთვის მშობლებს, რომ ეს ინვესტიცია, როცა სტუდენტები გახდებიან შემდგომ ჩადონ მათ განვითარებაში და ნუ წაიყვანენ ქალაქის სკოლებში.

- განათლების სისტემასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, მოგწონთ?

- ჩემი შესასწორებელი განათლების სისტემას არაფერი აქვს, მაგრამ ერთი მინდა შემეძლოს, მათ ადგილზე სატრენინგო მასალებს უფრო დავხვეწდი, უფრო მოვარგებდი ჩვენს სკოლებს, იმიტომ რომ, რასაც ვესწრებით უფრო არის ზოგადი... უფრო ღრმად უნდა ჩახედვა, ჩვენ სკოლებზე მორგება... მინდა, ჩვენი ტრადიცია არ დაიკარგოს, უფრო იცოდნენ ჩვენი მწერლები, ქართული კულტურა...

- დირექტორების და მასწავლებლები გამოცდაზე რას ფიქრობთ?

- ძალიან კარგია, მე ვიყავი გამოცდაზე, მიუხედავად იმისა, რომ ბარიერი ვერ გადავლახე (დამაკლდა სულ რამდენიმე ქულა) მაინც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და კმაყოფილი ვარ, რომ გავედი... ვიცი უკვე რაზე უნდა გავამახვილო ყურადღება და რა არის პრიორიტეტი, მეც ვიმუშავებ ჩემ თავზე და როცა კიდევ ჩატარდება გავალ და უფრო კარგ შედეგს ვაჩვენებ. ამავეს ვფიქრობ მასწავლებლების გამოცდებზეც - აუცილებელია... პედაგოგი, როგორც დირექტორი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს... დირექტორისა და მასწავლებლის საქმიანობა კომპლექსურია, ამიტომ ეს გამოცდები აუცილებლად უნდა იყოს.

- რომ არა დირექტორი ვინ იქნებოდით, სად ხედავთ თქვენს თავს?

- ისევ და ისევ სკოლაში, რომ არა დირექტორი ისევ მასწავლებელი ვიქნებოდი. 59 წლის ვარ და ამ დროის განმავლობაში ეს საქმე მიკეთებია მხოლოდ...

- თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს წარმატებული სკოლა?

- რესურსცენტრის შეხვედრაზეც გამიჟღერებია ეს - სკოლებს შორის უნდა იყოს ურთიერთთანამშრომლობა. რომელიმე ქალაქის სკოლაში, რომელსაც პარალელური კლასები აქვს, როცა მოსწავლე გადადის სოფლის სკოლიდან, კარგი იქნებოდა, თუ დირექტორი ნახავდა განცხადებას. მე მაგალითად, წავიკითხავდი საიდან მოდის მშობელი, რომელი სკოლიდან, სად ცხოვრობს და ვკითხავდი, რატომ თქვენ სოფელში არ გსურთ ისწავლოს ბავშვმა ?  ის მეტყოდა არგუმენტებს, ამას მე ჩემს თანამშრომელ დირექტორებს ვეტყოდი და ვურჩევდი, რომ მიაქციოს ყურადღება... ესაა კოლეგიალობა. ასე ის სკოლაც და სოფელიც იარსებებს, სადაც მოსწავლეთა გადინებაა...

- რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

- ვიბრძოლებ იმისათვის, რომ გავზარდო კონტინგენტი, ეს არის ჩემი პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი... ასევე, სკოლა 7 წელიწადში გახდება 100 წლის. მას არასდროს ჰქონია სპორტ დარბაზი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ სასკოლო ღონისძიებებისთვის. ძალიან მიჭირს ზამთარში სასკოლო ღონისძიებების მოწყობა, ყველაფერს აკეთებენ ბავშვები და მინდა მთელი მუნიციპალიტეტიდან, საკრებულოდან, მერიიდან და რესურსცენტრიდან ყველა დაესწროს და ნახოს როგორი მომზადებული არიან ბავშვები, თუმცა ამის საშუალებას არ მაძლევს ჩემი შენობა... ეს გეგმა მაქვს... მე მაქვს ბიუჯეტში გარკვეული დანაზოგი და მინდა დახმარება, რომ ამ სკოლაში ჩემი დირექტორობის პერიოდში ავაშენო სპორტ დარბაზი...


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება