„ა - ასოდ ვარ არჩეული, აფორიზმებს დაჩვეული“ - ლექსი, რომელიც 33 ასო-ბგერას ახასიათებს
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; სსრკ-ის სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა. ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
დედაენის დღის აღსანიშნავად, გთავაზობთ პოეტ ნონა ბეჟანიშვილის გამორჩეულ ლექსს:
ანბანი გაყოყოჩდაა
ა ასოდ ვარ არჩეული,
აფორიზმებს დაჩვეული.
არ დავუთმე პირველობა
არც ხმოვანს და არც თანხმოვანს.
ბ
ბ-ბანი ვარ ანბანისა,
ბოდიალი არსად მიყვარს.
მივუძღვები წინ თანხმოვნებს,
ბანს ვაძლევ და გზას ვასწორებ.
გ
გ-გული ვარ ანბანისა,
უჩემობას ვერვინ იტანს.
გედს და გუგულს თუ დახატავთ
გულიც მიუხატეთ წითლად.
დ
დ ასო ვარ დედასავით
საამო და ტკბილზე ტკბილი.
დედამიწას ატრიალებს,
ჩემი ბგერა ხელგაშლილი.
ე
ე-ენით ვარ მოქარგული
გრძელი ტანიც მეტად მშვენის.
რომელი ხართ ჩემნაირი,
ერთი სიტყვით სხვას რომ შველით?
ვ
ვ-ვარდივით ლამაზი ვარ,
ვაი, ვაი, თქვენი ბრალი.
ვერ მაჯობებთ მე ვერც ერთი
ვარ ყველაზე შეუვალი.
ზ
ზ-ზღვასავით მღელვარე ვარ.
მზრუნველიც ვარ,მოალერსეც.
ზურგით დამტავს თანი,ინი,
ზღურბლთან კი მდარაჯობს ვინი.
თ
თ-თეთრი ვარ, ქათქათელა,
ფიქრისთვია მე არა მცხელა.
მიყვარს თოვლი ვეებერთელა,
ზამთარი და ბუხრის ნთება.
ი
იავნანას მე გიმღერით,
სათუთი და ნაზი ბგერით.
"დედაენას",წიგნს სქელყდიანს
მივუხატე ციცქნა ია.
კ
კ-კოხტა და ლამაზი ვარ.
კუდაბზიკობაც კი მიყვარს.
ისე მომიქარგეს ტანი,
ვით კოპწია პატარძალი.
ლ
ლ-ლომივით მიყვარს მეფობა,
ზოგჯერ ზღვასავით ვღელავ.
მამშვიდებს მომდევნო ბგერა
თავს დამტრიალებს ნელ-ნელა.
მ
მიყვარს მაღლა, მაღლა ფრენა,
ვით მიმინოს ნაზი შვება
ისე გადავიფრენ მდელოს
ვცდილობ სიო არ გავსერო.
ნ
ნაზი ვარ, როგორც პეპელა,
ვმეგობრობ ო-სთან და ე-სთან.
დავდივართ ერთად ვნარნარებთ
თქვენ, დანარჩენს რა გადარდებთ?
ო
ო! როგორ მიყვარს ხმოვნები,
ჩემი დები,მეგობრები,
ოქროს გული მაქვს ო-ასოს
ხმოვნებს ძმასავით ვდარაჯობ.
პ
ყველა თანხმოვნის კერპი ვარ,
ანბანშიც ერთადერთი ვარ.
პეიზაჟივით ფერი ვარ,
პეპელასავით ფრთები მაქვს.
ჟ
ჟუჟუნა წვიმის წვეთივით
სუფთა ვარ, ჟღალი ფერის.
ჟღრიალით მუსიკის ჰანგებს
მეც სიხარულით ვყვები.
რ
როკვა,როკვით მივუძღვები
წინ მეგობრებს ჩემსას:
რაე,სან,ტარ,უნ,ფარ,ქან,ღან,
ყველა ერთად ვუკრავთ.
ს
სიასამურის ბეწვივით,
ვარ ფუმფულა,ფერად სერი.
სიცხეს,მზეს ვერ ვეგუები,
მე სიცივე უფრო მშვენის.
ტ
მაღალი და ტანადი ვარ
ვერ დამჩაგრავთ ვერვინ.
სულ ტაატით შემოგირბენთ
ყველა ასოს ფეხით.
უ
უძრავად ვდგავარ ხმოვნებში,
ვემეგობრები ოთხივეს.
სიმართლის პირში თქმა მიყვარს
თუნდაც უკმეხი მიწოდეთ.
ფ
ფ-ასო ვარ ფარფატელა,
ფოთოლივით მოფრიალე.
ღამით მიყვარს ბოდიალი,
კარგად ვუგებთ მე და მთვარე.
ქ
მიყვარს ქოთქოთი,ხმაური.
ხმოვნებში აურზაური.
ვერ ვეგუები სიწყნარეს,
ხანდახან ბევრსაც ვქაქანებ.
ღ
ღონიერი და დიდი ვარ,
ყველა თქვენგანზე მშვიდი ვარ.
ნუ მაწყენინებთ ნურაფერს,
თორემ პასუხს ცუდად გაგცემთ.
ყ
ვარ ყვავილივით საამო
და სილამაზით განთქმული.
მინდვრად ამოსულ ყაყაჩოს
ამშვენებს ჩემით სახელი.
შ
შ-ასო ვარ შაშვისფერი.
მიყვარს შემოდგომის დღენი.
შრომისმოყვარე ვარ დიდად,
მოსავალი,მიწა მიყვარს.
ჩ
ჩ-ასოს მიყვარს სიჩუმე,
ჩამიჩუმიც რომ არ ისმის,
ხმოვნები უფრო მიგებენ,
თანხმოვნებს ჩემი არ ესმით.
ც
ცეცხლოვანი და ლაღი ვარ,
ყველა თქვენგანზე მარდი ვარ.
არ მიყვარს ნელი ფიქრები,
ვიცი ყველას მე გჭირდებით.
ძ
ვარ ძლიერი,როგორც ძეგლი,
მიყვარს ყველაფერი ძველი.
ვეთანხმები გამონათქვამს:
"ერთობაშიაო ძალა".
წ
წ-ასო ვარ წამიერად
იქ გავჩნდები,სადაც მეტყვით.
წიწილასავით ვწრიალებ,
ერთი წამიც ვერ ვჩერდები.
ჭ
ჭორიკანას მეძახიან,
ხმოვნები და თანხმოვნები.
მე კი თქვენ მგონიხართ დიდად
შარიანი, ამრევები.
ხ
მე ხუმარას მეძახიან,
მიყვარს ტკბილი იუმორი.
ხანდახან თუ გავიცინებთ,
ვერ გვაჯობებს ჩვენ სხვა ერი.
ჯ
ჯ-ასო ვარ ჯანიანი,
ჯიუტი და ცოტა ჯმუხიც.
ტყუილად ნუ შემაწუხებთ,
თორემ არ აგცდებათ მუშტი.
ჰ
ჰ-ასო ვარ ჰაერივით
საჭირო და სასარგებლო.
უჩემოდ ვერც ერთი ბგერა
ერთი წამიც ვერ არსებობთ.
ახლა გვეყოს ყოყოჩობა,
ყველას გვიყვარს ჩვენი თავი,
მაგრამ ერთმანეთის გარდა,
არავინ გვყავს საფიცარი.