სიახლეები
სკოლები

„როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება დაწყებით საფეხურზე?“- გაეცანით, ჰერეთისკარის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებლის - იზოლდა ბოჭორიშვილის სტატიას
06-04-2023
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებლი იზოლდა ბოჭორიშვილი აქტიური და წარმატებული პედაგოგია, რომელიც სხვადასხვა საინტერესო პროექტზე მუშაობს და გამოცდილებას კოლეგებს სიხარულით უზიარებს.

წამყვანმა მასწავლებელმა მოამზადა სტატია თემაზე - „როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება დაწყებით საფეხურზე?“. სტატიაში პედაგოგი გვიზიარებს თავის მოსაზრებებსა და გამოცდილებას დაწყებით საფეხურზე მედიაწიგნიერების სწავლების შესახებ.

პედაგოგის სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება დაწყებით საფეხურზე?

მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საგანს ვასწავლით ან რომელ საფეხურზე, თუ გვსურს, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა გამოიმუშავონ უნარები, რომელიც მედიის კვლევას გულისხმობს და რომელიც მედიაწიგნიერების საფუძველს წარმოადგენს, მნიშვნელოვანია მათ შეეძლონ საინფორმაციო წყაროების იდენტიფიცირება და მათი სანდოობის შეფასება. 

მოზარდებს გარკვეული დროის გამოცდილების დაგროვების შემდეგ უკვე აქვთ ჩამოყალიბებული შეხედულებები და თავად განსაზღვრავენ ვინ, ან რომელი მედია-საშუალება მათთვის სანდო და რომელი არა.

მსჯელობა იმაზე, რამდენად არიან ისინი მზად-გაუმკლავდნენ მედიის ზოგჯერ მავნე ზეგავლენას და ახერხებენ თუ არა ამას უმრავლეს შემთხვევაში შეიძლება დაგვიანებული აღმოჩნდეს თუ მათ დროულად, სწავლების დაწყებით საფეხურზევე არ მივაწვდით სწორ, გაფილტრულ ინფორმაციას მედიაწიგნიერებისა და განსაკუთრებით ინფორმაციის სანდოობის შესახებ.

ჩვენი პატარა მოსწავლეებისათვის აუცილებელია განსაზღვრონ თუ რა შეიძლება იყოს ინფორმაციის წყარო: 

1. ჩვენ, მასწავლებლები,  საკლასო ოთახში ვართ ინფორმაციის წყარო. ამასთან, ჩვენ მათ მივუთითებთ  სხვადასხვა წყაროებზე, რომელიც ამა თუ იმ საკითხის შესწავლისას გამოადგებათ. დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის მასწავლებელი ისედაც წარმოადგენს იდეალს, ავტორიტეტს, რომელიც მისთვის გარესამყაროს შეცნობისათვის უპირველეს მეგზურს წარმოადგენს, ამიტომაც მასწავლებლის როლი, როგორც სანდო საინფორმაციო წყარო, განუზომელია მოსწავლეებისათვის და ჩვენგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

2. თანამედროვე სასწავლო გარემო, მრავალფეროვანია როგორც ინსტრუმენტების ასევე წყაროების თვალსაზრისით. დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის მთავარი სანფორმაციო ბეჭდური მედია-ინსტრუმენტი სახელმძღვანელოა.

ვთხოვოთ მოსწავლეებს  შეაჯამონ ნასწავლი მასალა იმის განხილვით ეთანხმებიან თუ არა ისინი წიგნის ავტორების  არჩევანს იმის შესახებ, თუ რა მასალა უნდათ იყოს და რა არ უნდა ყოფილიყო  წიგნში. დაასაბუთონ-რატომ? -- ვაქციოთ თავად ისინი სახელძღანელოს ჰიპოთეტურ ავტორებად. შესაძლოა პირველ რიგში ეს თავის, თემის ბოლოს შეაჯამონ, ხოლო შემდეგ მათ უფრო რთული ამოცანებიც დავუსახოთ.

3. სასურველია - ვასწავლოთ მათ ციტირება სწორად. ვასწავლოთ მათ თავად იქცენ ინფორმაციის წყაროდ, ინფორმაციის მიმთითებლად. პედაგოგებს შეუძლიათ აუხსნან მოსწავლეებს, რომ ციტირების მიზანი არის დაეხმარონ სხვა ადამიანებს იპოვონ და გაანალიზონ წყაროები ისევე, როგორც მოსწავლეები აანალიზებენ მედიის წყაროებს.  

ციტირების შესახებ სწავლებისას ასევე სასურველი და აუცილებელია მოსწავლეებს გავაცნოთ სხვადასხვა საძიებო სისტემები, ვთხოვოთ მათ ამ სისტემებში შეყვანილი  ტერმინების შედეგების შედარება სხვადასხვა მიზნებისთვის. 

4. ხშირად მოვაწყოთ დისკუსია მედიაწიგნიერების საკითხებზე. შეგვიძლია დისკუსია დავიწყოთ მარტივი შეკითხვით - „25 წლის წინ ვინმესთვის იგივე დავალება რომ მიეცათ სად უნდა წასულიყო ინფორმაციის მოსაძებნად? ან თუნდაც 50 ან 100 წლის წინ?“ პასუხი სავარაუდოდ იქნება ბიბლიოთეკაში წასვლა და წიგნებში მოძიება. ვაქციოთ წიგნები ინფორმაციის სტაბილურ წყაროდ, რაც დაეხმარება მათ ჩამოიყალიბონ პოზიტიური განწყობები წიგნების მიმართ, ნაკლები დრო დაუთმონ ინტერნეტს.

დამოკიდებულება წიგნებისადმი და ზოგადად ბიბლიოთეკებისადმი შეიძლება ერთ-ერთ საკვანძო საკითხად ვაქციოთ მედიაწიგნიერების მიმართულებით.

რა შეიძლება ითქვას დღევანდელ დღეზე - რამდენი მოსწავლე დადის ბიბლიოთეკაში ინფორმაციის მოსაძიებლად ინტერნეტის ნაცვლად?  

სასურველია, რომ მოსწავლეეებისათვის ბიბლიოთეკარები, პედაგოგები ან ენციკლოპედიების რედაქტორები ინფორმაციის უმეტესობის მთავარ მცველებად იქცნენ.  მოსწავლეები უნდა ენდობოდნენ მათ გადაწყვეტილებას, თუ რომელი რესურსების ნდობა შეიძლება და რომლების არა.  

მაგრამ, ამავდროულად, ეტაპობრივად ავუხსნათ ჩვენს პატარა მოსწავლეებს, რომ ინტერნეტში სანდოობის ხარისხი არც ისე მაღალია. ეს იმას  ნიშნავს, რომ მოსწავლეებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები წყაროების შესახებ და შეაფასონ ინფორმაციის სანდოობა. დაფიქრდნენ იმაზე, თუ ვინ არიან ინფორმაციის სანდოობის გარანტორები ასეთი ტიპის მსჯელობა კარგ შესაძლებლობას გვაძლევს ვიფიქროთ და დავაფიქროთ მოსწავლეები იმაზე, თუ როგორ ვეძებთ ინფორმაციას, რა უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს ვაწყდებით ინტერნეტში არსებულ ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომით.  

რაც მთავარია, ვასწავლოთ მათ, როგორ  უნდა გამოიყენონ სხვისი ინტელექტუალური საკუთრება, რა არის პლაგიატი და რატომ არის არაეთიკური და დამაზიანებელი  წყაროდან სიტყვასიტყვით გადმოწერა ციტირების ან მითითების გარეშე;  

თუ გვსურს, რომ მოსწავლეებმა თავად მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელი საინფორმაციო წყაროების გამოყენებაა საუკეთესო ინფორმაციის ცოდნად გადაქცევისთვის, სკოლის შიგნით და მის გარეთ, მაშინ მათ უნდა ვასწავლოთ, თუ როგორ უნდა განსაჯონ ეს წყაროები და რატომ არის მათი განსჯის კრიტერიუმები მნიშვნელოვანი.  

ჩვენ, მასწავლებლებს დაწყებით საფეხურზე შეგვიძლია, რომ მედიაწიგნიერების საკითხების სწავლებას თამაშის სახე მივცეთ.

მოსწავლეებმა შეიძლება მოირგონ ჟურნალისტის როლი, დაწერონ სტატიები გამოსაქვეყნებლად, შექმნან საკუთარი „კედლის გაზეთი“, ჩაწერონ მცირე ზომის ვიდეო-რეპორტაჟები, აუდიო-პოდკასტები. დაასურათონ ნასწავლი მასალა, როგორც ფოტო-სიუჟეტები და ა.შ.

ასეთი ტიპის სწავლება მათ ზუსტად დაანახებს იმ სირთულეებს, რომელიც ინფორმაციის მოგროვება, დამუშავებას და გავრცელებას ახლავს. თავადვე შეაფასებენ ერთმანეთის მიერ ერთი და იგივე ტექსტის ინტერპრეტირების ხარისხს, სანდოობას. შეძლებენ დააკვირდნენ და თავადვე გაარჩიონ - სად გადის ზღვარი რეალურ ფაქტსა და ადამიანის ფანტაზიას შორის. ვაქციოთ მოსწავლეები ჟურნალისტებად, რედაქტორებად, ავტორებად.

დაწყებით საფეხურზე „თამაშით სწავლება“ მედიაწიგნიერების ყველაზე ეფექტურ სტრატეგიად შეგვიძლია ვაქციოთ, რაც ჩვენს მოსწავლეებს დაეხმარებათ ინფორმაციის ზღვაში  ადვილად შეძლონ ნავიგაცია.

                                                                       იზოლდა ბოჭორიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის   საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პორტფოლიოს შედეგების ასახვა დაიწყო

2024 წლის მასწავლებლის გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ ახალი სტანდარტი დაამტკიცა - გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები

 საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება