სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ, საინტერესო

სასკოლო ექსკურსიებზე დაწესებული რეგულაციები ისევ ძალაშია - მშობელთა უკმაყოფილების მიზეზები და დირექტორის პოზიცია 
01-05-2023
-
+


სასწავლო წლის ბოლო პერიოდი მაისი-ივნისი, როგორც წესი, სასკოლო ექსკურსიების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თუმცა, ვინაიდან გასულ წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციები ისევ ძალაშია, მოსწავლეებისთვის გარკვეული შეზღუდვები არსებობს. 

სამინისტროს რეგულაციების თანახმად, იკრძალება ექსკურსიები ღამისთევით ან ისეთ ადგილას წასვლა, რომელიც სკოლიდან 150 კმ-ზე მეტით შორსაა. განსაზღვრულია ადგილები, რომლის მიმდებარედაც ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეები არ უნდა მოხვდნენ - მდინარეები, წყალსაცავები და სხვა. გამკაცრებულია ასევე ტრანსპორტირების კონტროლი, ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირებს შორის კი აუცილებლად უნდა იყოს თუნდაც ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.

რას ფიქრობენ აღნიშნულ რეგულაციებზე სკოლის წარმომადგენლები და მშობლები, ამის გასაგებად, etaloni.ge-ს სკოლის დირექტორს და მოსწავლეთა მშობლებს ესაუბრა.

როგორც თბილისის N26 საჯარო სკოლის დირექტორი, ბაია გაბაიძე გვიყვება, სკოლის პასუხისმგებლობის საკითხი მაშინ დგება, თუ საფრთხის დადგომის შემთხვევაში, დაწესებული რეგულაციებიდან რომელიმეს უგულებელყოფა დადასტურდა. 

- უსაფრთხოებაა მთავარი. ექსკურსიას აუცილებლად უნდა ახლდეს თან სამედიცინო განათლების მქონე პირი, ტრანსპორტი უნდა იყოს გამართული, გავლილი ჰქონდეს ტექდათვალიერება, ავტობუსის მოცულობა ბავშვების რაოდენობის შესაბამისი უნდა იყოს და ა.შ. თავის დროზე მიშვებული იყო ექსკურსიების თემა, არადა, სკოლის პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და ცხადია, ყველა რისკი უნდა გაითვალოს. უბრალო ამბავი ხომ არ არის, ბავშვების უსაფრთხოებას ეხება საქმე!

- როგორია ამ ყველაფერში მშობლების ჩართულობისა და პასუხისმგებლობის საკითხი?

- ექსკურსიას უნდა ახლდეს სკოლიდან პასუხისმგებელი პირი და მშობლები. მშობლების გარეშე ექსკურსიაზე წასვლა არ არსებობს, თუმცა მთავარი პასუხისმგებლობა მაინც სკოლაზეა. სკოლაში არის აქტივობები, რომლის განსახორციელებლადაც მშობლის თანხმობა გჭირდება. მშობლებს მოსწონთ დიდი ექსკურსიები და ერთად ყოფნის იდეა, თუმცა ჩვენ ქალაქგარეთ გასვლებს მაინც ვერიდებით და მოკლე ექსკურსიებზე დაგვყავს ინტენსიურად. მაგალითად, მუზეუმებში, ბოტანიკურ ბაღში თუ ქალაქის მიმდებარე სხვა ტერიტორიებზე.

წესი ასეთია: დამრიგებელი შემოდის სამსახურეობრივი ბარათით, სადაც აღნიშნულია, სად მიჰყავს ბავშვები, რა არის ამ გასვლის მიზეზი, ვინ მიჰყავს - სახელობითი სია, რომელი ბავშვები მიდიან, რომელი მშობლები მიჰყვებიან, რა სატრანსპორტო საშუალებით და როგორ მიდიან. ტრანსპორტირება, ავტობუსის დაქირავება უფრო ძვირი ჯდება და ზოგმა შეიძლება ვერ შეძლოს მისი გადახდა.

ამიტომ, როდესაც მუზეუმში თუ დედაქალაქში არსებულ სხვა ადგილას მიგვყავს კლასი, დამრიგებელი, ძირითადად, უთანხმდება მშობელს საათზე და ყველა მშობელს თავისით მიჰყავს, მაგალითად, მუზეუმთან მითითებულ დროს. ანუ იქამდე მიყვანაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს მშობელი. დამრიგებელს ან სკოლის სხვა წარმომადგენელს კი მიჰყავს ის ბავშვები, რომლებსაც მშობლები ვერ მიჰყვებიან და მათ ანდობენ. სკოლიდანაც მხარდაჭერას ვუცხადებთ, რომ მხოლოდ მშობლებისა და დამრიგებლის იმედად არ დავტოვოთ და ორგანიზებას ვუკეთებთ ასეთ გასვლასაც სხვადასხვა ფორმით.

ვცდილობთ, არ ავიღოთ იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, რასაც ვერ გავაკონტროლებთ. ექსკურსიებს ყოველთვის ახლავს თავგადასავლები, როგორც ცუდი, ისე კარგი. რადგან რისკი არსებობს, ყველაფერი უნდა გათვალო.

სჯობს, ქალაქში რა რესურსიც არის და ჯერ ის არ აქვთ ნანახი ბავშვს, ის ვაჩვენოთ. ბოტანიკური ბაღი გვაქვს, თბილისის ზღვაზე კარგი სანახაობაა, მახათას მთა, სადაც შეგვიძლია, ფეხითაც ავიყვანოთ ბავშვები დიდ მანძილზე. უხიფათოა და ტურისტული მარშრუტიც შემუშავებულია - ფეხით მიგვყავს, მოგვყავს...

- თუმცა ექსკურსია, რომელსაც, ძირითადად, შემეცნებითი დატვირთვა აქვს, ალბათ აუცილებელია ბავშვების განვითარებისთვის, ქალაქგარეთ გასასვლელადაც გამოვიყენოთ, თვალსაწიერი გავუფართოვოთ...

- რა თქმა უნდა, მაღალკლასელები ქალაქგარეთაც მიგვყავს. თუმცა, ზოგადად, ექსკურსიას გუნდურობის, ერთად ყოფნის დატვირთვაც აქვს და ეს ახლო მანძილზეც შეიძლება განახორციელო... საბედნიეროდ, ძეგლებით მდიდარი ქვეყანა ვართ და ახლო მანძილზეც შეიძლება შემეცნებითი ექსკურსიის მოწყობა, რაც ასევე გააფართოებს ბავშვის თვალსაწიერს. თან, შორს წაყვანას დამატებითი თანხები სჭირდება, რის დაფინანსებასაც სკოლა ვერ შეძლებს - ტრანსპორტი, კვება... მშობელს კი შეიძლება ამის საშუალება არ ჰქონდეს.

- და მაინც, 150 კილომეტრიანი ზღვარი მშობელთა ნაწილში პროტესტს იწვევს. თქვენი შეხედულება როგორია ამ საკითხზე, ზედმეტად მკაცრ რეგულაციად ხომ არ მიგაჩნიათ?

- ყველაფერი, რაც ბავშვების უსაფრთხოებისთვისაა, ჩემთვის ზედმეტი არ არის. ასე თუ ვიმსჯელებთ, მაშინ მსოფლიო უნდა მოატარო ბავშვებს, პარიზშიც უნდა ჩაიყვანო და სკოლა ყველგან ხომ ვერ წაიყვანს? იყო ორდღიანი ექსკურსიები, მაგრამ რამდენი ცუდი რამ ხდებოდა? ცოტა ზედმეტს ვიღებდით ჩვენს თავზე. წაჰყვებოდა ერთი-ორი მასწავლებელი 20 ბავშვს და... მე თავად მინახავს სხვა სკოლების მოსწავლეების პრობლემები ასეთი ექსკურსიების დროს. ექსკურსია და შორ მანძილზე საინტერესო ძეგლის ნახვა სჭირდებათ, კი ბატონო, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ უსაფრთხოებაა მთავარი. როცა ჩემი რომელიმე კლასი ექსკურსიაზეა, სულ ტელეფონზე ვარ მიჯაჭვული - მივიდნენ მშვიდობით, წამოვიდნენ მშვიდობით, ჩამოვიდნენ მშვიდობით... ბავშვებს უნდა გაფრთხილება!

- სკოლის მხრიდან პასუხისმგებელ პირად, დამრიგებელი ითვლება თუ დირექტორი?

- სკოლა ვისაც უშვებს ექსკურსიაზე, ის არის პასუხისმგებელი, თუმცა სკოლის პასუხისმგებლობა მაინც მთავარია და ამას თავს ვერავინ აარიდებს. შემთხვევითობისგან არავინაა დაცული, მაგრამ ყველაფერი უნდა გქონდეს რეგულაციების მიხედვით და ყველა ზომა - გატარებული. ცხადია, თუ სადმე რომელიღაცა რგოლი დააკელი და ბავშვებს საფრთხე შეუქმენი, შენ, დირექტორი, პასუხისმგებლობას ვერ აირიდებ. დირექტორის თანხმობის გარეშე დამრიგებელი ვერ წაიყვანს ბავშვებს. თანხმობას რომ გასცემ, ცხადია, პასუხისმგებელიც ხდები.

- ტრანსპორტს, როგორც წესი, მშობლები არჩევენ. ამ შემთხვევაში ვისზეა პასუხისმგებლობა?

- ყველაზე კარგი გამოსავალია, სკოლის მიერ სატრანსპორტო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება. ეს შეიძლება ცოტა ძვირი დაჯდეს, მაგრამ ბევრად დაზღვეული ხარ და პასუხისმგებელიც ის კომპანიაა. თუ მძღოლი ფიზიკური პირია, მშობლის შერჩეულიც რომ იყოს, აუცილებელია, შესაბამისი დოკუმენტაცია  წარმოადგინოს სკოლაში, რომელიც დაადასტურებს, რომ ტრანსპორტი გამართულია და მძღოლიც პროფესიონალი. ტრანსპორტი მშობელმა იპოვა, ჩასხდნენ ბავშვები და წაიყვანეს, არ არის სწორი მიდგომა და არც უსაფრთხოების გარანტიაა. კი იტყვიან ხოლმე, ჩვენ მოვაგვარებთო, მაგრამ დირექტორი იმიტომ ხარ, რომ ეს ყველაფერი გააკონტროლო. თავის შვილს სხვა დროს სად წაიყვანს, იმას ვერ გააკონტროლებ, მაგრამ როდესაც ჯგუფურად მიგყავს და სასკოლო ღონისძიება ჰქვია, ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს.

- ხშირად ექსკურსიები მაშინაც ეწყობა, როცა სასწავლო წელი უკვე დასრულებულია. თუ უკვე არდადეგებია, ამ შემთხვევაშიც სკოლა იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას?

- რა თქმა უნდა! სკოლის მოსწავლე ხომ არის და თან, თუ ექსკურსიას ჰქვია სასკოლო ღონისძიება და იქ მონაწილეობს მასწავლებელი, პასუხისმგებელი უკვე სკოლაა. როცა დამრიგებელი მიჰყვება ბავშვებს, აბა ვინ არის პასუხისმგებელი? ზაფხულში, „ბანაკი“ რომ დაარქვას დამრიგებელმა ღონისძიებას და წაიყვანოს ბავშვები, აბა ვინ იქნება პასუხისმგებელი თუ არა ის და სკოლა?

-საპატრულო ეკიპაჟის ჩართვა რა დროს არის მიზანშეწონილი და ყოფილა თუ არა შემთხვევა, რომ დაგჭირვებიათ მათი გაყოლა?

- როდესაც სხვა რეგიონში მიგყავს ბავშვები, იქაურმა პოლიციამ უნდა იცოდეს ამის შესახებ. ჩვენ 112-ზე ვრეკავთ და ვატყობინებთ, სად მიგვყავს ბავშვები. მერე კი თვითონ წყვეტენ, დაგხვდებიან და გამოგყვებიან თუ არა, თუმცა არ მახსენდება შემთხვევა, რომ ჩვენი სკოლის ექსკურსიას საპატრულო ეკიპაჟი სადმე გაჰყოლოდა.

შედარებით განსხვავებულია სკოლის ექსკურსიებთან დაკავშრებით მშობლების პოზიცია. რა თქმა უნდა, მშობლებისთვის, ისევე როგორც სკოლების წარმომადგენლებისთვის, ბავშვების უსაფრთხოება, უპირველესია, თუმცა დაწესებულ რეგულაციებს მაინც ზედმეტად მკაცრად მიიჩნევენ. თბილისის 136-ე საჯარო სკოლის ორი, მე-8 და მე-3 კლასის მოსწავლეების მშობელი, ნატო ცეცხლაძე etaloni.ge-სთან ამბობს, რომ შესაძლოა, ქვეყნის დათვალიერება ექსკურსიით, სკოლაში სწავლის პერიოდში, ბავშვისთვის ერთადერთი საშუალება იყოს და ეს შესაძლებლობა არ უნდა წავართვათ.

- ზედმეტად მკაცრია არსებული რეგულაციები. თუ პატარა კლასებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, არ არის მიზანშეწონილი, 150 კილომეტრზე მეტ მანძილზე წაყვანა, რადგან ბავშვები გზაში იღლებიან და თან, ახლო მანძილზეც ბევრი რამ არის სანახავი. ასევე, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, უმჯობესია, ერთი ობიექტი ანახო და არ მოატარო მთელი ქვეყანა, მაგრამ მაღალი კლასის მოსწავლეებმა, რა თქმა უნდა, 150 კილომეტრზე მეტი უნდა გაიარონ, თორემ მივიღებთ იმას, რომ არც თბილისელს ეცოდინება, კახეთში და დასავლეთ საქართველოში რა ხდება და არც კახეთში მცხოვრებს - თბილისისა თუ დასავლეთ საქართველოს ამბავი. ღირსშესანიშნავი ძეგლის ვიზუალურად ნახვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ფაქტობრივად ექსკურსიებიდან ვიცნობთ ქვეყანას, თორემ მერე, როცა სკოლას დავამთავრებთ და ცხოვრების ფერხულში ჩავებმებით, ვიღას სცალია ამ ყველაფრის სანახავად ჩვენს რეალობაში?! ამიტომ, ვთვლი, რომ კლასების მიხედვით უნდა იყოს დაწესებული კილომეტრების სიდიდე. თუ ხიფათზეა საუბარი, შეიძლება, 10 კილომეტრში დაემართოთ რამე და რა მნიშვნელობა აქვს მანძილს?!

ბავშვმა სხვა სამყარო უნდა ნახოს. მაგალითად, მე, იყალთო რომ ვნახე მე-7 კლასში, მას შემდეგ აღარ ვყოფილვარ იქ. შეიძლება, ცხოვრებაში მხოლოდ იმ ერთხელ გქონდეს შანსი და მერე ვეღარც მოხვდე იქ. ამიტომაცაა აუცილებელი, რაც შეიძლება მეტი კუთხე მოინახულონ სკოლაში სწავლის პერიოდში. თან, ექსკურსიის დროს უფრო კარგად იცნობენ ბავშვები ერთმანეთს, მეგობრდებიან. მასწავლებლებთანაც უფრო ადამიანური კონტაქტები მყარდება. ასე რომ, მივესალმები ექსკურსიებს დიდ მანძილებზე და ალბათ ყველა მშობელი ჩემსავით ფიქრობს. შესაბამისად, ჩემს შვილებს, ყველგან და ყოველთვის გავუშვებ, ოღონდ იყოს ამის შესაძლებლობა.

- როგორ მიგაჩნიათ, ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ხიფათის შემთხვევაში?

- მკაცრი რეგულაციები სწორედ რომ ტრანსპორტზე უნდა იყოს - უსაფრთხო, მოწესრიგებული ტრანსპორტი და მძღოლია ძალიან მიშვნელოვანი და ეს საკითხი როგორც სკოლამ, ასევე მშობლებმა უნდა შეისწავლონ. მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობა მასწავლებელზეც და მშობლებზეც თანაბრად უნდა განაწილდეს, რადგან, როგორც წესი, ერთად იგეგმება ექსკურსია, მხოლოდ დამრიგებელი ხომ არ გეგმავს? ხშირად, მშობლების მოძიებულია ტრანსპორტი, საკვები და ა.შ. თუმცა, სკოლას, რა თქმა უნდა, აქვს პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა საბუთი ხელთ ჰქონდეს, სადაც აკინძული იქნება ის დოკუმენტები, რომელიც დაადასტურებს, რომ ტრანსპორტს გავლილი აქვს შესაბამისი პროცედურები და ა.შ. მასწავლებელი, თავისთავად, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს, მაგრამ მშობელი რომ მიჰყვება ბავშვებს, მანაც უნდა გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა როგორც თავისი შვილის, ისევე სხვა ბავშვების მიმართ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება