სიახლეები
სიახლეები, სკოლები

25-ის ნაცვლად 29 ბავშვი პირველ კლასში - რას ელოდებიან სკოლის დირექტორები სასკოლო ასაკის გადაწევის შემდეგ
17-05-2023
-
+


2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.გასულ სასწავლო წელს სკოლაში შესვლის უფლება იმ პატარებს მისცეს, ვისაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებოდა. მანამდე კი ეს თარიღი 16 სექტემბრამდე იყო განსაზღვრული.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, 16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა ქვეყანაში დაახლოებით 5000-ია. 2023-2024 სასწავლო წელს პირველკლასელი სულ 60 000-მდე ბავშვი გახდება.

როგორც სამინისტრო აცხადებს, შესაბამისი საბიუჯეტო თანხა, უკვე მოძიებულია და სისტემაც მზად არის. პირველკლასელთა მისაღებად მზად არიან დირექტორებით, თუმცა ვარაუდობენ, რომ ცვლილების გამო საკლასო ოთახში მოსწავლეთა რაოდენობა გაიზრდება. შეგახსენებთ, რომ ზოგადი განათლების კანონის მიხედვით, თითო კლასში ბავშვების რაოდენობა 25 უნდა იყოს, თუმცა, სამინისტროსთან შეთანხმებით, ამ რიცხვის გაზრდა 29 ბავშვამდეა დაშვებული.

Etaloni.ge დაინტერესდა, როგორია სკოლების მზაობა, რამდენი პირველკლასელის დამატებას ელოდებიან და რა სახის ხარჯების გაწევა მოუწევთ სკოლებს?!

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია სულავა გვიყვება, რომ ბავშვების მოზღვავების შემთხვევაში, სკოლას კიდევ ერთი პირველი კლასის გახსნის საშუალება აქვს, თუმცა ასეთ მატებას არ ელოდებიან.

- ინფრასტრუქტურაც საკმარისი გვაქვს და არც კადრების პრობლემაა, თუმცა ბავშვების განსაკუთრებულ მოზღვავებას არ ველოდებით. ჩვენი სკოლა დიდი არ არის, 50 ბავშვის, ანუ ორი კლასის ლიმიტი გვაქვს და თუ უფრო მეტი ბავშვი გვეყოლება, გადავანაწილებთ ამავე კლასებში. 1-ელი კლასის კიდევ დამატება რომ დაგვჭირდეს, ასეთი მოლოდინი არ მაქვს. თუმცა თუ იქნება აუცილებლობა, ლიმიტს აუცილებლად გავზრდი, რადგან ინფრასტრუქტურა გვაძლევს ამის საშუალებას და არც კადრების პრობლემაა.

- როდესაც კლასში 25-ის მაგივრად უფრო მეტი ბავშვია, ეს ხომ სწავლის ხარისხზე მოქმედებს?

- ზოგადად, მასწავლებლების მოთხოვნა არის ის, რომ კლასებში იყოს ბავშვების მცირე რაოდენობა, რადგან მიაჩნიათ, რომ უკეთეს შედეგზე გავლენ. ამის შესახებ კულუარებშიც მომისმენია და პირად საუბრებშიც მასწავლებლებისგან და რაღაც ნაწილში შეიძლება, მეც დავეთანხმო, თუმცა ვფიქრობ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და სტანდარტთან მიახლოება შეიძლება ნებისმიერი რაოდენობის მოსწავლესთან, თუ მასწავლებელი კომპეტენტურია, იცნობს სტრატეგიას და იცის მუშაობა. თუ პედაგოგი არ არის კომპეტენტური, მაშინ იმ კლასშიც კი, სადაც ცოტა ბავშვია, შეიძლება განათლების ხარისხის დაბალიც მაჩვენებელი იყოს.

...

მარნეულის N5 საჯარო სკოლის დირექტორი, ლელა ხარშილაძე ამბობს, რომ რადგან ყველა საკლასო ოთახი დაკავებული აქვთ, ახალი კლასის დამატებას ვერ შეძლებენ, მოთხოვნა კი ბევრად მეტია, ვიდრე მათი შესაძლებლობა.

- შარშან 4 პირველი კლასი გვქონდა. 16 ბავშვის დამატება მოგვიხდა. სამინისტროს თანხმობით, 29-მდე შეიძლება შევავსოთ კლასი და დავიმატეთ ის 16 ბავშვიც. ახლა 116 ბავშვი გვყავს პირველ კლასში. წელსაც დაახლოებით იგივე სიტუაციას ველოდებით. და-ძმების დარეგისტრირების ეტაპი იყო და ნახევარი უკვე შეივსო. ზუსტად ვიცი, რეგისტრაცია რომ დაიწყება, რამდენიმე წუთში შეიძლება ადგილი აღარ იყოს. ასე ვართ რამდენიმე წელია და წელსაც ასე იქნება. მერე კი მოგვიწევს, კიდევ დავამატოთ თითო კლასში 4-4 ბავშვი. ჩვენი სკოლა მოთხოვნადია და რომ იყოს საშუალება ფართის მხრივ და 2-3 კლასით მეტი გავხსნათ, ზუსტად ვიცი, ყველა გაივსებოდა. ინფრასტრუქტურა გამართული გვაქვს, მილენიუმის პროგრამის ფარგლებში გაკეთებული სკოლაა, მაგრამ 4 კლასზე მეტს ვერ მივიღებთ, რადგან ყველა ოთახი დაკავებულია.

- ბავშების სიმრავლე რამდენად აისახება სწავლის ხარისხზე?

- ცნობილია, რომ 15 ბავშვიან კლასში უფრო ადვილია მაღალი აკადემიური მაჩვენებლის მიღწევა, ვიდრე 25 და 30 ბავშვთან, მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში, ამასაც ვერ ვგრძნობ, არ მოქმედებს. დიდად არაფერი იცვლება, 25 ბავშვია კლასში თუ 29. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, მხოლოდ 25 ბავშვი გვყავდეს კლასებში, მაგრამ სხვა საშუალება არ არის, უნდა დავამატოთ. რამდენიმე წელია, ასეა ჩვენს სკოლაში. ასე რომ, ასაკის ეს ცვლილება ჩვენზე ბევრად არ აისახება. ქართული სკოლა ვართ და 65% არაქართველი სწავლობს ჩვენთან - ქართველებსაც უნდათ ჩვენს სკოლაში და არაქართველებსაც.

...

რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის დირექტორი, მარეხ ქათამაძე ამბობს, რომ მისი გათვლით, სკოლას, ასაკის გადაწევის გამო, მხოლოდ 2-3 ბავშვის დამატება მოუწევს, რაც ფაქტობრივად არაფერს შეცვლის.

- რომ გითხრათ, დიდი ნაკადი მოდის ჩვენს სკოლაში ამ ასაკის გადაწევის გამო, ასე არ არის, ალბათ 2-3 ბავშვი დაგვემატება, შარშანაც ასე იყო. ბევრი მშობელი წინააღმდეგია, ასეთ პატარა ასაკში შემოიყვანოს ბავშვი სკოლაში. შესაბამისად, რეზერვიც გვაქვს და რესურსიც, არც პედაგოგის დამატება მჭირდება და არც ინფრასტრუქტურის ცვლილება. შარშანდელის მსგავსად, არც წელს ველოდები რაიმე ისეთ ნიშნულს, რომ ცვლილების შეტანა დამჭირდეს ამ ყველაფერში. მონახაზი გვაქვს, ვიცით, ვის უნდა მოსვლა.

...

გორის N3 საჯარო სკოლის დირექტორ ვახტანგ სუხიტაშვილის აზრით, 29 ბავშვი კლასში არ არის ის რაოდენობა, რომ ამის გამო ბავშვებს სწავლებაში პრობლემები შეექმნათ.

- ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში ჩემი მრავალწლიანი მუშაობიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ პირველ კლასში ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობა შესაძლებელია  გაიზარდოს  მინიმუმ  15 მოსწავლით ან  მაქსიმუმ  25  მოსწავლით. აქედან გამომდინარე, მაქვს გონივრული მოლოდინი, რომ 2023-2024  სასწავლო  წელს სკოლაში გაიხსნება ოთხი პირველი პარალელური კლასი. იმ შემთხვევაში, თუ პირველ კლასში ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობა იქნება კიდევ უფრო  მეტი, გაიხსნება  მეხუთე  პირველი კლასიც. სკოლის ინფრასტრუქტურა გვაძლევს  ამის საშუალებას. რაც შეეხება  კლასებში მოსწავლეთა რაოდენობას, სკოლა  იმოქმედებს ეროვნული სასწავლო გეგმის  მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომ თითოეულ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატებოდეს 25 მოსწავლეს. იმ შემთხვევაში კი, თუ მოსწავლეთა უფრო ნაკლები რაოდენობა მოვა, რომელიც არ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გაიხსნას დამოუკიდებელი მეხუთე პირველი კლასი, ვიმოქმედებთ ეროვნული სასწავლო გეგმის  მიხედვით და მოსწავლეებს  გადავანაწილებთ თანაბრად პარალელურ კლასებში, ისე რომ თითოეულ პირველ კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრებოდეს  29 მოსწავლით. ამ ეტაპზე სკოლას აქვს საშუალება თავისუფლად  გაიხსნას ხუთი პირველი კლასი. ამის თაობაზე თავის დროზე  მივაწოდე ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ვნახოთ, დრო გვაჩვენებს...

- 29 ბავშვი სკოლისთვის მომგებიანია, მაგრამ სწავლების ხარისხზე რამდენად აისახება?

- ჩემი აზრით, ეს საერთოდ ვერ მოახდენს გავლენას  სწავლების ხარისხზე. ამ მიზეზით არც ერთ პირველკლასელ მოსწავლეს არ შეექმნება სწავლების ხარისხის პრობლემა. სკოლაში გვყავს ძალიან გამოცდილი და კვალიფიციური  დაწყებითი კლასების  მენტორი, წამყვანი და უფროსი  პედაგოგები. ამის საშუალებას ასევე  გვაძლევს   სკოლის ინფრასტრუქტურაც - დიდი  და  ფართო  საკლასო ოთახები და   დაწყებითი კლასებისთვის გათვალისწინებული  ხარისხიანი  სასკოლო  ინვენტარი.  

....

თბილისის N72 საჯარო სკოლის დირექტორი, მანანა კიკაჩეიშვილი ამბობს, რომ სასკოლო ასაკის ცვლილების გამო კლასის დამატებას ოთახის არარსებობის გამო მათი სკოლა ვერ შეძლებს.

- ამ ცვლილების გამო კატასტროფულ მატებას არ ველოდებით, თუმცა ფიზიკურად ოთახიც არ გვაქვს, კლასი რომ დავამატოთ. 25-ის მაგივრად, ალბათ ყველა კლასში 29 ბავშვამდე ავალთ. 6 პირველი კლასი გვყავს. ორი რუსულ სექტორზე და 4 ქართულზე. რუსულ სექტორზე დიდი მოთხოვნა არ იყო, თუმცა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა წლის განმავლობაში გამოიწვია მატება. სამინისტროსთან შეთანხმებით ვამატებდით - 27-28 ბავშვი გვყავს თითო კლასში. სადაც 25 ბავშვია, არც 3-4-ს დამატებაა პრობლემა, თუმცა, რა თქმა უნდა, სასურველია, კლასში 25 კი არა, 20 ბავშვი იყოს. მოთხოვნად სკოლებში კი ამის ფუფუნება არ გვაქვს. სხვა, ჩვენს მეზობლად მდებარე სკოლებს კლასების დამატების საშუალებაც აქვთ. ჩვენთან კი, როგორც კი საყოველთაო რეგისტრაცია გამოცხადდება, რამდენიმე წამში შეიძლება შეივსოს და დახუროს ბაზა. არის სკოლები, სადაც 2-3 დღის განმავლობაშია ბავშვების დარეგისტრირების საშუალება. იმ სკოლების ხარჯზე უნდა გაიხსნას დამატებითი კლასები. ალბათ ცოტა სკოლაა, ვინც ჩვენსავით ვერ დაამატებს კლასს, თორემ ახალ სკოლებში არის კლასების დამატების საშუალება. რეგისტრაციის ყველა ეტაპი რომ დამთავრდება, მერე აცხადებს განათლების სამინისტრო დამატებით რეგისტრაციას და მაშინ ეძლევათ საშუალება მშობლებს, განცხადების საფუძველზე დავიმატოთ. მანამდე კი სკოლამ უნდა განაცხადოს, რამდენი ბავშვის მიღების საშუალება აქვს.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ავტორიზაციის ექსპერტთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა - ვადები და სხვა დეტალები

მშობლების საყურადღებოდ - ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

4 წელი „უფასო პროგრამაზე“ სწავლისთვის ეს წინაპირობა უნდა დააკმაყოფილოთ - რა ცვლილებები შეიტანა დაფინასნების წესში განათლების სამინისტრომ



პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ქარცივაძე პასუხობს


სკოლები

სკოლაში ჩატარდა ესეების კონკურსი და გაიმართა საინტერესო აქტივობა - „სურვილების დაფა“ 

„ვულოცავთ ლილიტს, ყველა წარჩინებულ მოსწავლეს და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების სავალ გზაზე“

„ინოვაციური მიდგომებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსწავლეთა აღზრდასა და მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში“

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

სიახლეები
საზოგადოება