სიახლეები
ეტალონი

„კიდევ არაერთი მოსწავლე გაგეხარებინოთ“- ახალციხის, ვანის, ზუგდიდის, სიღნაღის და ოზურგეთის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ
06-06-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ის პროექტია, რომელიც უკვე მრავალი წელია მოსწავლეთა განვითარებასა და მათი ცოდნის წარმოჩენაზე ზრუნავს. მისი მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან.

2 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2023 წლის ახალციხის, ვანის, ზუგდიდის, სიღნაღის და ოზურგეთის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში პირველ და მეორე ადგილებზე გასულმა მოსწავლეებმა თანაბარი ქულები დააგროვეს, თუმცა ზუგდიდში ანანო თორდიამ, ხოლო სიღნაღში ლალიკო კოჭლამაზაშვილმა კითხვებზე პასუხების გაცემას უფრო ნაკლები დრო მოანდომეს და შესაბამისად, თავიანთ მუნიციპალიტეტებში გამარჯვებაც სწორედ მათ მოიპოვეს. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 16 მაისიდან დაიწყო და ივლისის ჩათვლით გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.

სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან „ეტალონმა მოსწავლეებმა“ სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა ისაუბრეს:

ლია მაჭარაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი „ეტალონს“ იმისთვის, რომ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავს. მოხარულები ვართ იმით, რომ უკვე ზედიზედ მეორე წელია, რაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ ჩვენი სკოლიდანაა. ვფიქრობ, ამ პროექტში მიღწეული წარმატება მომავალში წინსვლის საწინდარია. ამიტომაც „ეტალონის“ ჯგუფს მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ - კიდევ არაერთი მოსწავლე გაგეხარებინოთ.

რაც შეეხება სალომე ზედგინიძეს, ის ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე მოსწავლეა, პირველი კლასიდან ჩვენს სკოლაში სწავლობს. ყველა დადებითი ადამიანური თვისებებითაა დაჯილდოებული. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ოქროს მედალსაც მიიღებს. ჩვენ საბაზო საფეხურის სკოლა ვართ, ჩვენგან მოსწავლეები საშუალო საფეხურზე, სხვაგან გადადიან. „ეტალონში“ მიღწეული წარმატება, სალომეს სხვაგანაც გაჰყვება. აღსანიშნავია, რომ ის ძალიან კარგად ხატავს, სკოლაში პერსონალურ გამოფენებს აწყობს. გარდა ამისა, ქარგავს, ქსოვს, სხვადასხვა ნაკეთობებს ამზადებს. არის ეკოკლუბის წევრი, სხვადასხვა წრეებში აქტიურადაა ჩართული. ასევე, ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე დადის. ერთი სიტყვით, ძალიან განათლებული და მიზანდასახული მოსწავლეა. „ეტალონში“ გამარჯვებით მოტივაცია კიდევ უფრო გაეზარდა, რაც ჩვენთვის სასიხარულოა.

მაია კურტანიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის ეტალონის პედაგოგი:

სალომე ზედგინიძე ძალიან კარგი, ნიჭიერი, მიზანდასახული და წარმატებული მოსწავლეა. მასზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია, ძალიან მეგობრული და აქტიურია. საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მიღწეული წარმატება ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, ასევე სკოლისთვის ძალიან საამაყოა. მეორე წელია, რაც მუნიციპალიტეტში გამარჯვებულის ტიტულით ვსარგებლობთ. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია და ამხელა წარმატება, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, კმაყოფილები ვართ. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი მასწავლებლები გვყავს, მათი ნამუშევარი კი მოსწავლეთა მიღწევებში აისახება - ეს სწორედ მათი შრომის შედეგია. დიდი მადლობა „ეტალონს“ ასეთი კარგი კონკურსისთვის.

სალომე ზედგინიძე, ახალციხის ეტალონი მოსწავლე - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლა:

სიმართლე გითხრათ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პირველი ადგილის დაკავებას ნამდვილად არ ველოდი. მეგონა, რომ ათეულში ან ხუთეულში მოვხვდებოდი. იმის გაგება, რომ „ეტალონი მოსწავლე“ გავხდი, ძალიან გამიხარდა, ჩემთვის ემოციური იყო. მთელ სკოლას გაუხარდა. მიღწეული შედეგით თავდაჯერებულობა მომემატა, დავრწმუნდი, რომ მეტი შემიძლია. ახლა უკვე ვფიქრობ, რომ შემიძლია კომპიუტერიც დავიმსახურო და სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრო. ფინალური ეტაპისთვის სამზადისი უკვე დავიწყე, გარკვეული ტიპის ლიტერატურას გავეცანი. 

ნია მეფარიშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი სკოლისა და მოსწავლეებისთვის „ეტალონში“ მიღწეული წარმატება, სასკოლო ცხოვრებაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ეს სკოლისთვის ავტორიტეტი და პრესტიჟია. სწორედ ამიტომ, მადლობა „ეტალონს“ ასეთი კარგი პროექტისთვის. რაც შეეხება მოსწავლეს, მის ასეთ წარმატებას ნამდვილად ველოდი. მთელი ჩემი გუნდი და თავად მეც, დარწმუნებული ვართ, რომ ეს ბავშვი მომავალშიც გაგვანებივრებს და თავის სკოლას ბევრ წარმატებას მოუტანს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ გამარჯვებას იმსახურებდა, ნამდვილად მონდომებული და მიზანდასახული მოსწავლეა. ზოგადად, კონკურსში სხვა მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთნენ, მის დაწყებას ძალიან ელოდებოდნენ.

შორენა ოჩხიკიძე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის ეტალონის პედაგოგი:

ავთანდილი ძალიან ყურადღებიანი და ბეჯითი მოსწავლეა. დაკავებულია არამხოლოდ საკლასო, არამედ კლასგარეშე აქტივობებითაც, ძალიან კარგად საუბრობს ინგლისურად. რა დავალებაც უნდა დაავალო, მობილიზებულია და უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება. ცდილობს, რომ ღირსეული მოქალაქე იყოს, ჩართულია სხვადასხვა აქტივობაში, კლუბურ მუშაობაში.

ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ მოსწავლემ წარმატებას ასეთ მასშტაბურ პროექტში მიაღწია. დირექტორმაც ძალიან აღელვებულმა დამირეკა და მიღებული შედეგის შესახებ შემატყობინა, აფორიაქებული ვიყავი. ძალიან გვეამაყება ეს შედეგი. თითოეული მოსწავლის წარმატება კი ჩვენი წარმატებაა. წლების შემდეგ ჩვენს მოსწავლეს რომ ფინალში ასპარეზობა უწევს, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ავთანდილ ოჩხიკიძე, ვანის ეტალონი მოსწავლე - ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლა:

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პირველი ადგილის დაკავებას არ ველოდი. ძალიან აღელვებული ვარ, ცოტა ვნერვიულობ კიდეც. ველოდები ფინალურ ეტაპსაც, მაინტერესებს, რა შედეგს ვაჩვენებ, ვემზადები კიდეც. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველი ადგილი დავიკავე, ეს ასევე, დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.

ლულა ხვიჩავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი სკოლის, მოსწავლეების წარმატება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, ისეთ მასშტაბურ პროექტში, როგორიც „ეტალონია“. ეს ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა, მასწავლებლისა და დირექტორისთვის ამაზე უფრო სასიხარულო რა უნდა იყოს. მოსწავლეების წარმატება ჩვენი მთავარი მიზანი და საზრუნავია. ძალიან მეამაყება, რომ ჩემი სკოლის მოსწავლე ზუგდიდის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა.

რაც შეეხება ანანო თორდიას, ის ძალიან კარგი მოსწავლეა, ათოსანია, აქტიურადაა ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. მე პირადად „ითვინინგ“ პროექტს ვხელმძღვანელობ და მასში აქტიურად მონაწილეობს, ეს ინგლისურენოვანი საერთაშორისო პროექტია. ასევე, ეკოსკოლის მასწავლებელი ვარ, რომლის საქმიანობაშიც ანანო აქტიურად მონაწილეობს.

თეა ფიფია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის ეტალონის პედაგოგი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მიღწეული წარმატება ძალიან გვახარებს. ეს დანარჩენი მოსწავლეებისთვისაც მოტივაციის წყაროა. ზოგადად, ჩვენი მოსწავლეები კონკურსებში დიდი მონდომებით და აქტიურად ერთვებიან. რაც შეეხება ანანოს, ის ძალიან კარგი, ნიჭიერი, ბეჯითი და მიზანდასახული მოსწავლეა. ვიცოდით, რომ წარმატებას მიაღწევდა, მისმა შედეგმა ყველა უზომოდ გაგვახარა. დადებითი მოლოდინები გვაქვს ფინალისთვისაც. „ეტალონი“ ძალიან მომწონს, მოსწავლეების მოტივირებისთვის კარგი პროექტია. ჩემი აზრით, ასევე კარგი იქნებოდა, კონკურსი მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში რომ არ იმართებოდეს.

ანანო თორდია, ზუგდიდის ეტალონი მოსწავლე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა:

დავიწყებ იმით, რომ ძალიან მიხარია პირველი ადგილი რომ დავიკავე. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, გამიხარდა. ტესტები არ იყო რთული, ჩემი აზრით, საშუალო სირთულის იყო. სიჩქარეში ზოგიერთი კითხვა კარგად ვერ გავიაზრე, თუმცა უმეტესობას სწორი პასუხი გავეცი. ძალიან გახარებული ვარ და ახლაც ემოციებში ვარ. რაც შეეხება ფინალს, მოლოდინებზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ, თუმცა იმედი მაქვს, რომ კარგ შედეგს მივიღებ. ტესტირებაში მონაწილეობისთვის წინასწარ არ მიმეცადინია, ზოგადი ცოდნით გავედი. კითხვები კი ისეთი საგნებიდან იყო, რაც მე მიყვარს და მაინტერესებს. ამ გამარჯვებით მეტად მოტივირებული და თავდაჯერებული ვარ, რაც ფინალშიც გამომადგება.

მაია ოზბეთელაშვილი, გია მოსეშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის საჯარო სკოლის დირექტორი:

მისასალმებელია, რომ ლალიკო კოჭლამაზაშვილმა ამ ასაკში ასეთ წარმატებას მიაღწია, ის ძალიან მოტივირებული ბავშვია, კარგი მოსწავლეა, მასალას ყველა საგანში კარგად მიჰყვება და მიხარია, რომ სწორედაც ჩვენმა მოსწავლემ მოიპოვა „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან მომწონს, კარგად შედგენილი კითხვები და ფორმატია, თუ ასე გაგრძელდება, მოსწავლეებისთვის, მათი მოტივირებისა და განვითარებისთვის კარგი იქნება. ლალიკოს კლასში ნამდვილად წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეები სწავლობენ, მათზე კლასელის მიღწევა, რასაკვირველია, დადებითად აისახა.

ქეთევან ნანდოშვილი, გია მოსეშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის საჯარო სკოლის ეტალონის პედაგოგი:

ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან კარგ პროექტია, რომელიც ბავშვებში მოტივაციასა და სწავლის სურვილს ზრდის. თავად მოსწავლეს ეს წარმატება უზომოდ გაუხარდა, ეს მეტად გააქტიურებს და მასზე დადებითად აისახება. ზოგადად, ჩვენი სკოლა ინტელექტუალურ პროექტებში ხშირად ერთვება. როდესაც კლასში შევდივარ, ხოლმე მოსწავლეები „ეტალონში“ მონაწილეობის სურვილსა და მზაობას გამოთქვამენ. მათ დაინტერესებაზე დარეგისტრირებულთა რაოდენობაც მეტყველებს. რაც შეეხება ფინალს, წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ-ერთ საპრიზო ადგილს მაინც დაიკავებს.

ლალიკო კოჭლამაზაშვილი, ზუგდიდის ეტალონი მოსწავლე - გია მოსეშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის საჯარო სკოლა:

გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი ადგილის დაკავების იმედი არ მქონდა, რადგან კონკურენცია დიდია და არიან ისეთი ბავშვები, ვინც მაღალ ქულებს იღებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ თავდაჯერებული არ ვიყავი, რაც გამარჯვების შემდეგ, გარკვეულწილად, შეიცვალა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით გავიმარჯვე, ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. მე „ეტალონში“ ადრეც ვმონაწილეობდი, ტესტები ჩემთვის ამჯერადაც საინტერესო აღმოჩნდა, ახალი ინფორმაციაც გავიგე. ფინალური ეტაპისთვის მომზადება უკვე დავიწყე.

ნინო ღლონტი, ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ მონაწილეობით მოსწავლეებმა თავიანთი თავი და ცოდნის აუცილებლობა დაინახეს. რეზი გოლიაძე ასაკით პატარაა, მე-8 კლასში სწავლობს, ინტელექტ-ჩემპიონატში პირველად ჩაერთო. ველოდით, რომ წარმატებას მიაღწევდა, ის მრავალმხრივ ნიჭიერი, გონიერი ბავშვია, ყველა საგანში ერთნაირად ძლიერია - ათოსანია. ჩემი აზრით, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, რომელიც მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ზრუნავს. უნდა აღვნიშნო, რომ კარგი იქნებოდა, თუ მხოლოდ დისტანციურ ფორმატში არ წარიმართებოდა, მაგალითად, მეორე ეტაპი მაინც რომ პირისპირ ფორმატში ტარდებოდეს.

მანანა ჯახუტაშვილი, ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის ეტალონის პედაგოგი:

ჩვენმა მოსწავლემ რომ „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა, ეს მთელი სკოლისთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა. ინტელექტ-ჩემპიონატში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, მათთვის ეს კონკურსი საინტერესოა. რაც შეეხება რეზის, ის მერვეკლასელია, „ეტალონში“ წელს პირველად ჩაერთო, მისი წარმატება მოულოდნელი არ იყო, მრავალმხრივ განვითარებული ბავშვია. გარდა სასკოლო საგნებისა, სხვა საკითხებითაც ინტერესდება. ძალიან აქტიური და მოტივირებული მოსწავლეა. მისი წარმატება ყველასთვის სასიხარულო იყო. უკვე დავიწყეთ ფინალისთვის მომზადებაც.

რეზი გოლიაძე, ოზურგეთის ეტალონი მოსწავლე - ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლა:

„ეტალონში“ მონაწილეობა პირველად მივიღე, გამარჯვებას არ ველოდი, ამიტომაც ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ პირველი ადგილი დავიკავე. ჩემთვის ტესტები საინტერესო იყო. კონკურსისთვის გარკვეულ მასალას წინასწარ გავეცანი. ზოგადად, სასკოლო ღონისძიებებში აქტიურად ვერთვები. ჩემთვის მოტივაციაა ის, რომ „ეტალონი მოსწავლე“ გავხდი, ამან მეტად თავდაჯერებული გამხადა.


ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება