საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები საინტერესო და გამორჩეულ აქტივობებში ერთვებიან.
ამჯერად, 3 ივნისს პროექტი - „ვიზიტი ანუ სვლა მშვიდობის მშენებლობისთვის“ გაიმართა. მასში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის და წეროვანის N3 საჯარო სკოლის დევნილი მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პროექტი გაცნობა-დამეგობრების აქტს, სხვადასხვა ტიპის კოლაბორაციებით, „სამშვიდობო განათლების“ ფარგლებში, წარმოადგენდა. მისი ავტორი - სოფიკო გორგილაძეა. პროექტის გენერალური სპონსორია ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი - Isnc. აქტიური მხარდამჭერი და განმხორციელებელი სკოლის პედაგოგები და უშუალოდ მისი დირექტორი ლალი მელივა.
როგორც სკოლაში ამბობენ, პროექტის ხელმძღვანელების მიერ შერჩეული პროფესიონალი პედაგოგების მხრიდან, ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა სხვადსხვა აქტივობებით დახმარებოდნენ მოსწავლეებს, როგორც ადგილობრივ, ასევე სტუმრებს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაში, ჰქონდეთ განსხვავებული და თავისუფალი აზრის გამოხატვის, პატივისცემისა და მიმღებლობის უნარი.
პროექტი - „ვიზიტი ანუ სვლა მშვიდობის მშენებლობისთვის“, საინტერესო და სახალისო აქტივობებით გამოირჩეოდა.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ ისტორიკოსის, სამოქალაქო განათლების პედაგოგის- ირმა კვანჭიანის მხრიდან ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა, სხვადსხვა ტიპის მასტერკლასებით სამზეოზე გამოეტანა ის ცოდნა და უნარები, რასაც წლის მანძილზე განიხილავდა მოსწავლეებთან ერთად. როგორც ადგილობრივმა, ასევე მოწვეულმა მოსწავლეებმა მასწავლებლის მიერ მიცემული დავალება ჯგუფური მუშაობის პრინციპით გენიალურად შეასრულეს და საქართველოს, უკრაინის, „მშვიდობიანი რუსეთის“ (ასეთად წარმოიდგინეს), ევროკავშირის, ამერიკის წარმომადგენლებად გადანაწილებულებმა შექმნეს მშვიდობის სახლი, სადაც მთავარი, სტრატეგიულად, ეკონომიკურად და კულტურად მნიშვნელოვანი პრიორიტეტები ფერად სლოგანებად და ნახატებად გამოიტანეს შენობის ფასადზე.
თითოეული ქვეყნის ჯგუფს ჰყავდა ბრმა კენჭისყრით არჩეული ლიდერი და სწორედ მათ გააჟღერეს იდეები, რომელიც მატერიალურად, შენობის მაკეტის სახით წარმოადგინეს.
„მშვიდობის სახლის“ ხურო კი თავად ქალბატონი ირმა გახლდათ და სიმბოლურად, მტრედებშეყუჟული, არაჩვეულებრივი, ორიგინალუი იდეებით „სავსე“ სახლიც დაიდგეს...
პროექტის მთავარი გზავნილი მშვიდობის მშენებლობა გახლდათ. სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში ომი და სისხლისღვრა აქტუალური ტერმინებია. ჩვენი ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, ჯერ ისევ, გადაუჭრელ პრობლემად და მთავარ მისიად ითვლება. პატარა სახელმწიფოსთვის ძალადობრივი, ქმედება სიკვდილის ტოლფასია, ამიტომ მნიშვნელოვანია მოლაპარაკების გზით, დიალოგით გაყინული კონფლიქტების მოგვარება. პროექტის შემდეგი ეტაპი გახლდათ „კრეატივ ჯგუფი“ ინგლისურენოვანი სექციით. ორ გუნდად დაყოფილმა მოსწავლეებმა ინგლისურის პედაგოგ თეონა ბაიაშვილისგან მიიღეს 2 ტიპის როლური დავალება:
ერთმა ჯგუფმა აფხაზ თანატოლებს მიწერა წერილი. მეორე ჯგუფმა უკრაინელი თინეიჯერების როლი მოირგო, მათ რუს თანატოლებს განუმარტეს, რატომ უნდა დასრულდეს ომი და რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობიან შერიგებას, მიუხედავად ამდენი უდანაშაულო მსხვერპლისა.
სამუშაო ენად ინგლისური აირჩიეს, რადგან თითოეული გზავნილი გასაგები და ზუსტად აღქმული ყოფილიყო მოწინააღმდეგე მხარისთვის და ენობრივ ბარიერს არ შეექმნა აზრის გაბუნდოვანების პრობლემა.
მოსწავლეებმა ამ ეტაპსაც იდეალურად გაართვეს თავი. გარდა წერილის მიწერისა, გუნდის წევრებმა ფლიპჩარტზე გამოიტანეს სამშვიდობო სლოგანები:
1- Achieving peace is a journey- მშვიდობის მიღწევა მოგზაურობაა;
2- Each of us are born for peace' თითოეული ჩვენგანი მშვიდობისთვის ვართ დაბადებული;
3- Let's plant ideas that can grow peace-მოდი, დავრგოთ იდეები, რომლებიც მშვიდობას გაზრიან;
4- Physically far away, spiritually close - ფიზიკურად შორს, სულიერად-ახლოს;
5- Invisable thread is between us- ჩვენს შორის უხილავი ძაფია.
პროექტში სახელოვნებო მიმართულებით 2 სექცია გამოიყო:
მუსიკალური გუნდის მუშაობას წარმართავდა სკოლის ხალხური შემოქმედების ანსამბლის ხელმძღვანელი ნინო ბიბილაური, მან წარმატებული, კოლაბორაციული აქტივობა განახორციელა სკოლის შემოქმედებითი გუნდის და სტუმრად მოწვეულ მოსწავლეებთან. მუსიკის პედაგიგის დახმარებით, ერთიანი შემოქმედებითი ძალისხმევით, ადგილზე შეისწავლეს და შეასრულეს სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებები და საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
მხატვართა გუნდის მუშაობას წარმართავდნენ სახვითი ხელოვნების პედაგოგები - მარი მჟავია და მარიამ დავითიძე. მათი დახმარებით მოსწავლეებმა შექმნეს ომისა და მშვიდობის თემაზე შესანიშნავი ნახატები. ამავე გუნდის მუშაობაში ჩაერთო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მარი თაბაგარი, რომელმაც შექმნა ნახატი „დაკარგული სამშობლოს დაბრუნების იმედით“. მოსწავლეემა ორი ნახატი საჩუქრად გადასცეს წეროვანის N3 სკოლას.
დასასრულს, მთელი გუნდი სკოლის სტადიონზე შეიკრიბა და მეგობრული მატჩი გამართეს.
სკოლის ადმინისტრაცია და პროექტის ხელმძვანელები უდიდეს მადლობას უცხადებენ ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტს - Isnc აქტიური მხარდამჭერისთვის. მის ხელმძღვანელებს - ელიკო ბენდელიანს, ნინო კალანდარიშვილს, მარუ მჭედლიშვილს. წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგებს - მანანა ჩოხელს, ნანა გიგაურს, ფერიდე გაგოევას.
ჩვენი სკოლის პედაგოგებს, რომლებმაც სრულიად უსასყიდლოდ, დიდი გულისხმიერება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და გუნდურობა გამოავლინეს პროექტის მიმდინარეობის პროცესში. მადლობა მოსწავლეებს არაჩვეულებრივი პრეზენტაციებისთვის, ნახატებისთვის და მუსიკალური შესრულებისთვის“,- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: