მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლები მოსწავლეებს საგნობრივი ცოდნის გარდა სხვა მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს უნდა ასწავლიდნენ. ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლებს ავალდებულებს, მოსწავლეებს განუვითარონ გამჭოლი უნარები და ღირებულებებიც, რომლებიც ოფიციალურ დოკუმენტშია გაწერილი.
ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნებია მოსწავლეს განუვითაროს შემდეგი გამჭოლი უნარები და ღირებულებები:
პრობლემების გადაჭრა, რომელიც მოიაზრებს, რომ მოსწავლეს უნდა შეეძლოს პრობლემის ამოცნობა, აღწერა და გაანალიზება; პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, მათგან ყველაზე ეფექტურის შერჩევა.
კრიტიკული აზროვნება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლემ უნდა შეძლოს ფაქტების, წარმოდგენების, მოსაზრებების კრიტიკულად განხილვა და გაანალიზება; შეკითხვების ჩამოყალიბება და მათზე პასუხის ძიება; არგუმენტირებულად მსჯელობა, ანუ საკუთარი მოსაზრებების დასაბუთება შესაფერისი არგუმენტების, მაგალითების მოყვანით; გონივრული არჩევანის გაკეთება და მისი დასაბუთება.
შემოქმედებითი აზროვნება, რომლის მიზანია ჩანაფიქრის შემოქმედებითად განხორციელება; ორიგინალური იდეების გამოვლენა და ხორცშესხმა; ახლის შექმნა; დასმული პრობლემების გადასაჭრელად არასტანდარტული გზების მოძიება; სწრაფვა გარემოს გარდაქმნა-გაუმჯობესებისკენ; გამოწვევების მიღება, სასკოლო საქმიანობაში გაბედული ნაბიჯების გადადგმა.
თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეს უნდა შეეძლოს სამუშაოს თანასწორად განაწილება და შესრულება ჯგუფური/გუნდური მუშაობის დროს; მზაობა ჯგუფში/გუნდში სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად(მაგ., ლიდერის); განსხვავებული იდეების, შეხედულებების კონსტრუქციულად განხილვა; რესურსების, მოსაზრებების, ცოდნის გაზიარება პრობლემათა ერთობლივად გადაჭრის, გადაწყვეტილებათა ერთობლივად მიღების მიზნით.
კომუნიკაცია მოიაზრებს განცდილის, ნააზრევის მიტანას მსმენელამდე/მკითხველამდე, მათზე შთაბეჭდილების მოხდენას; ინფორმაციის გაზიარება საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი ვერბალური და არავერბალური საშუალებების გამოყენებით; სხვისი მოსმენისა და გაგების უნარი; პიროვნული ღირსების გააზრებისა და დაფასების უნარი.
ეთიკური ნორმების დაცვა: სოლიდარობის განცდა; ემპათია; განსხვავებულობის მიმღებლობა; საკუთარ აქტივობაზე პასუხისმგებლობის გააზრება.
მეწარმეობა, ინიციატივების გამოვლენა და საქმედ ქცევა, რაც გულისხმობს სწავლა-სწავლების პროცესში ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გამოვლენას; ახალი იდეების, მიდგომების, შესაძლებლობების ძიებას და მათი განხორციელება სწავლის გაუმჯობესების მიზნით; მზაობას გამოწვევების მისაღებად, გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად.
დროსა და სივრცეში ორიენტირება, რაც ნიშნავს თანამედროვე რეალობის სივრცულ-დროით ჭრილში გააზრებასა და ინტერპრეტირებას; მულტიპერსპექტიული ხედვას დროითი და სივრცული ფაქტორების გათვალისწინებით.
მნიშვნელოვანია, მოსწავლეს შეეძლოს კვლევა: კვლევითი ამოცანის, კვლევის პროცედურების, მონაცემების მოპოვების გზებისა და აღრიცხვის ფორმების განსაზღვრა; სათანადო რესურსების შერჩევა; კვლევის ჩატარება, მონაცემების აღრიცხვა და სხვადასხვა ფორმით წარმოდგენა/ ორგანიზება; მონაცემების ანალიზი, არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე დასკვნების გამოტანა; კვლევის შედეგების შეფასება; კვლევითი სამუშაოების ჩატარების დროს ეთიკისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
სწავლის სწავლა და დამოუკიდებლად საქმიანობა, რაც ნიშნავს აქტივობის/დავალების ღირებულების განსაზღვრას - მოსწავლემ უნდა დაინახოს, რას შესძენს აქტივობის შესრულება, რა პიროვნულ თუ სოციალურ სარგებელს მოუტანს მას; აქტივობის/დავალების დაგეგმვა - მოთხოვნათა გააზრება და მის შესასრულებლად საჭირო ცოდნის განსაზღვრა; დავალების/აქტივობის მთავარი მიზნის განსაზღვრა; სამუშაოს წარმატებით შესრულების კრიტერიუმების დადგენა; განსახორციელებელი სამუშაოს ეტაპების გამოკვეთა; იმის განჭვრეტა, თუ რა გაუადვილდება, რა გაუძნელდება, რაში დასჭირდება დახმარება; სტრატეგიების მიზანშეწონილად შერჩევა სამუშაოს თითოეული ეტაპისათვის.
სწავლის პროცესის მონიტორინგი - დაფიქრება სწავლის პროცესზე, იმ პირობების და ფაქტორების ამოცნობა, რომლებიც ხელს უწყობს ან აფერხებს წინსვლას, სათანადო ზომების მიღება წინსვლის ხელშესაწყობად; თვითშეფასება ძლიერი და სუსტი მხარების დასადგენად, სუსტი მხარეების გასაძლიერებლად გზების დასახვა; სოციოემოციური მართვა - ნერვიულობის მინიმუმამდე დაყვანა, საჭიროებისამებრ, დახმარების თხოვნა, საკუთარ თავში სიძნელეთა გადალახვის რესურსების პოვნა; შეცდომების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება და წინსვლის წყაროდ გამოყენება; ცალკეული საქმიანობისთვის გამოყოფილი დროის ეფექტურად გამოყენება.
პასუხისმგებლობა - სასკოლო საქმიანობებში (სასკოლო ცხოვრებაში) ნაკისრი ვალდებულების შესრულება; სამუშაოს დადგენილ ვადებში დასრულება და ჩაბარება; საკუთარი ქცევის მართვა, საკუთარ ქცევებზე, სოციალურ აქტივობებზე პასუხისმგებლობის აღება .
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება - ქსელური ძიება; ინფორმაციის გავრცელება; ელექტრონული რესურსის მოძიება და გამოყენება სასწავლო პროცესში.
წიგნიერება - ზეპირი და წერითი მეტყველების გზით ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოყვანის, გაანალიზება-ინტერპრეტირებისა და წარდგენა-გაზიარების უნარი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა