„პირველ სამეულს მერია ფულად ჯილდოს გადასცემს“- „ქედის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ის პროექტია, რომელიც უკვე მრავალი წელია მოსწავლეთა განვითარებასა და მათი ცოდნის წარმოჩენაზე ზრუნავს. მისი მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან.
23 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2023 წლის „
ქედის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა,
ტიტულის მფლობელი გახდა - ზვარეს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მათე გათენაძე.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა.
კონკურსის თანაორგანიზატორები არიან ქედის მუნიციპალიტეტის მერია და ქედის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 16 მაისიდან დაიწყო და ივლისის ჩათვლით გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.
სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.
ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ
etaloni.ge-სთან „ეტალონმა მოსწავლემ“, მუნიციპალიტეტის მერმა, მერიის წარმომადგენლებმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, სკოლის დირექტორმა, და „ეტალონის“ პედაგოგმა ისაუბრეს:
მათე გათენაძე - „ქედის ეტალონი მოსწავლე“, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლა:
ტესტირებისთვის წინასწარ მოვემზადე, თუმცა „ეტალონში“, მუნიციპალური მასშტაბით, პირველი ადგილის დაკავებას არ ველოდი. როდესაც გავიგე, რომ „ეტალონი მოსწავლე“ გავხდი, გამიხარდა. ტესტებიც მომეწონა, საინტერესო კითხვები იყო, სხვადასხვა წიგნი მქონდა წაკითხული და ზოგიერთზე პასუხს ამის საშუალებით მივხვდი. რაც შეეხება ფინალს, დადებითი მოლოდინი მაქვს და ვნახოთ, რა იქნება. იმ მოსწავლეებს, ვისაც მონაწილეობა უნდათ და შეიძლება გარკვეულწილად შიში აქვთ, ვეტყოდი, რომ აუცილებლად ჩაერთონ. წარმატებას ვუსურვებ, გამარჯვებით დავრწმუნდი რომ თუ მოინდომებ ნამდვილად ყველაფერი ახდება.
როლანდ ბერიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი:
არაერთხელ მითქვამს, რომ „ეტალონი“ ძალიან წარმატებული პროექტია და ყველა მოსწავლეს წარმატებას ვუსურვებ. აქვე, მინდა, რომ ქედის მუნიციპალიტეტში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს მივულოცო. მათ მერია უახლოეს პერიოდში, სიმბოლურად, ფულად ჯილდოს გადასცემს. ჩვენ „ეტალონთან“ წლებია, რაც ვთანამშრომლობთ და რა თქმა უნდა, არამხოლოდ ამ, არამედ ყველა იმ პროექტთან, რომელიც ბავშვის განვითარებასა და ცოდნის ამაღლებას ხელს შეუწყობს, მომავალშიც ვითანამშრომლებთ. ყველა მოსწავლეს ვეტყოდი, რომ შემეცნებით ღონისძიებებში რაც შეიძლება მეტი აქტიურობა გამოიჩინონ. ნუ დასწყდებათ გული იმაზე, რომ შეიძლება ვერ გაიმარჯვონ. მაგალითად, პირადად მეც, არაერთ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა თავიდანვე არ გამიმარჯვია, მაგრამ საბოლოოდ, მივაღწიე გამარჯვებას.
ეკატერინე ქაჯაია, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი:
პირველ რიგში, მინდა ყველა იმ მოსწავლეს მივულოცო, ვინც „ეტალონში“ წარმატებას მიაღწია. ჩვენთან პირველ ადგილზე - მათე გათენაძე, მეორეზე - ანრი მამუჭაძე, ხოლო მესამეზე - საბა დიასამიძე გავიდა. აღსანიშნავია, რომ მეორე და მესამე ადგილზე გასულებს, ორივეს 80-80 ქულა აქვთ, თუმცა მეორე ადგილზე გასულმა სისწრაფით აჯობა. ჩვენ ამ პროექტს ყოველწლიურად მხარს ვუჭერთ. გვიხარია, რომ ჩვენი ახალგაზრდები „ეტალონში“ ასეთი ინტერესითა და ენთუზიაზმით ერთვებიან. ჩვენი მუნიციპალიტეტი ინტელექტ-ჩემპიონატს ფინანსურად უჭერს მხარს. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეებისთვის ფულადი ჯილდო - 500, 300 და 200 ლარის ოდენობით გვაქვს დაწესებული. „ეტალონთან“ თანამშრომლობის გაგრძელებას, რასაკვირველია, მომავალშიც ვაპირებთ. მადლობა ასეთი საინტერესო ღონისძიებებისთვის და იმისთვის, რომ ამ საქმეში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჩვენც გვაქვს.
ნათია ბარამიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის წარმომადგენელი:
ჩემი აზრი კონკურსთან დაკავშირებით, დადებითია. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ „ეტალონი“ მოსწავლეებს სტიმულს აძლევს. ამით კი საკუთარი ნიჭის, ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობა ეძლევათ - ეს კი მათ ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მოხარული ვართ „ეტალონთან“ თანამშრომლობით. ჩვენ ახალგაზრდების წარმატებისთვის ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ.
დურმიშხან შავიშვილი, ქედის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
ზოგადად, „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო კონკურსია, რომელშიც დიდი მონდომებით, აქტიურად ერთვებიან. ხშირად კითხულობენ ხოლმე, როდის ჩატარდებაო. ასე რომ, ინტერესი საკმაოდ დიდია. ასეთ მასშტაბურ კონკურში წარმატება მოსწავლისთვის დიდი სტიმულია. ჩემი აზრით, მასში მონაწილეობით მოსწავლეები ბევრად უფრო მოტივირებული იქნებიან როგორც სწავლაში, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში.
გოჩა გათენაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის დირექტორი:ვფიქრობ, ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია, რომელში მონაწილეობითაც მოსწავლეებს მოტივაცია უმაღლდებათ. ჩემი აზრით, კონკურსში მიღწეული წარმატება - თუნდაც ათეულში მოხვედრა, ბევრს ნიშნავს.
რაც შეეხება „ქედის ეტალონ მოსწავლეს“, მათე გათენაძე აკადემიური მოსწრებითა და ყოფაქცევით ყოველთვის გამოირჩეოდა. ცდილობს, რომ მასთან ერთად, წარმატებული მთელი კლასიც იყოს - გუნდურ მუშაობაზეა ორიენტირებული. ათოსანი არ არის, თუმცა მოტივირებული, მიზანდასახული და თავდაჯერებული მოსწავლეა, რაც წარმატების მიღწევაში ხელს უწყობს. მისი მიზნების განხორციელებას ახერხებს. ბოლო პერიოდია, რაც სპორტითაა დაინტერესებული. უნდა აღინიშნოს, რომ მეგობრული და კომუნიკაბელური ადამიანია.
ფრიდონ ქობულაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის ეტალონის პედაგოგი:
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა. მოსწავლეები მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან. მათე კარგი მოსწავლეა, მოტივირებული, ძალიან უყვარს მათემატიკა და ქართული ენა. ფინალისთვისაც დადებითი მოლოდინები გვაქვს, წარმატებას ვუსურვებ მათეს. რაც შეეხება, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“, ნამდვილად კარგი პროექტია.
ასევე იხილეთ:
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე