მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
- მოგვიყევით ჩაქვის სასულიერო გიმნაზიის შესახებ, რამდენი წელია გიმნაზია ფუნქციონირებს, რამდენი მოსწავლე და მასწავლებელი გყავთ? რით არის გამორჩეული თქვენი სასკოლო გარემო და საზოგადოება?
- მოგესალმებით, 1998 წელს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით დაბა ჩაქვში ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის ბაზაზე დაარსდა ფილიალი ჩაქვის სასულიერო გიმნაზია, 2021 წლიდან კი მეუფის გადაწყვეტილებით გიმნაზიას ეწოდა ჩაქვის წმინდა კეთილმოწამე მეფე დავითის სახელობის სკოლა. 2023 წელს, სულ ახლახან, სკოლამ გაიარა ავტორიზაცია, როგორც ა(ა)იპ ჩაქვის წმინდა კეთილმოწამე დავითის სახელობის გიმნაზიამ. დავიბრუნეთ სახელი გიმნაზიისა, მოგვწონს ის, რადგან გიმნაზიელობა ჩვენთვის ერთგვარი პატივია. 25-წლიან ისტორიაში ჩვენმა გიმნაზიამ შეიქმნა თავისი ტრადიციები, თავისი სახე, რომელსაც ცნობენ, ენდობიან, უყვართ. რაც შეეხება მოსწავლეთა რაოდენობას, დღეს უკვე სკოლაში 200-მდე მოსწავლე და 25 პედაგოგია, რომელთაგან 4 წამყვანის სტატუსითაა, ხოლო სხვები უფროსი მასწავლებლები არიან. გიმნაზიის მისიაა გაზარდოს წარმატებული, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე ახალგაზრდები უსაფრთხო და შესაძლებლობებით მდიდარ გარემოში. აღნიშნულის მისაღწევად ჩვენ მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ეფუძნება ბავშვთა ინტერესებს, სტატისტიკურ მონაცემებს, თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებებს, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების შესაბამისად.
- თქვენ რამდენი ხანია გიმნაზიის ხელმძღვანელი ბრძანდებით და როგორ ან რატომ გადაწყვიტეთ ამ პოზიციაზე ყოფნა?
- გეტყვით, რომ უმთავრესად მასწავლებელი ვარ და შემდეგ ხელმძღვანელი. მიყვარს ბავშვი, მიყვარს სწავლა და სწავლის პროცესი, მიმუშავია საბავშვო ბაღშიც, ერისკაცობაში, ახალგაზრდა ბიჭს. მაქვს სასულიერო განათლება - საბაკალავრო და სამაგისტრო. ვმუშაობდი პედაგოგად არაერთ სასულიერო სასწავლებელში. 2007 წელს კი ასევე ჯერ კიდევ ერისკაცი დავინიშნე ჩვენი სკოლის დირექტორის მოადგილედ, სასწავლო ნაწილის გამგედ და ათი წელი ვიმუშავე ამ პოზიციაზე. 2017 წელს კი მეუფე დიმიტრის გადაწყვეტილებით, რომელიც გახლავთ ჩვენი გიმნაზიის დამფუძნებელი, დავინიშნე გიმნაზიის დირექტორად. მას შემდეგ ვუძღვები ამ საქმეს ბავშვისა და განათლების სიყვარულით. პარალელურად არ შემიწყვეტია პედაგოგიური საქმიანობა.
- მოგვიყევით თქვენ შესახებ, რით განსხვავდება ახლანდელი თაობა თქვენი თაობისაგან? როგორი იყო სასწავლო პროცესი და გარემო თქვენი მოსწავლეობის დროს? ამჟამინდელ სიტუაციას როგორ შეაფასებდით?
- მე ადგილობრივი გახლავართ. დავიბადე და გავიზარდე ქობულეთში, საშუალო სკოლაც აქვე დავასრულე. ვცხოვრობ აქვე ოჯახით, მყავს მეუღლე და ოთხი შვილი. ეს, ცხადია, მიადვილებს ურთიერთობებს, რადგან არასოდეს მახსოვს ჩემი თავი ამ გარემოს გარეშე. ზოგადად გასული საუკუნის 80-90-იან წლების ქართული საბჭოთა სკოლის მოსწავლეები თავისუფლებაზე მეოცნებე თაობა ვართ, რომლის თავზე უამრავმა ქარტეხილმა გადაიარა. ამიტომაც, როგორც მოძღვარსა და ზრდასრულს მიწევს ჩემი თაობის ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობები და როგორც პედაგოგი ვუყურებ ახალ თაობას. სხვაობა, როგორ გითხრათ, თან ძალიან დიდია, თან ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ერთმანეთს ვგავართ თავისუფლების სურვილით, მეამბოხე სულით, რაც ზოგადად ახალგაზრდების თვისებაა და რომელსაც გონიერი უფროსისგან სწორი და დროული რჩევები სჭირდება. თუმცა ახალ თაობას მეტი სივრცე აქვს საძიებლად, მეტი ინფორმაცია, მეტი თავისუფლებაც, მეტი სიბრძნეც და მეტი სისულელეც ასარჩევად და დასამუშავებლად, რომ გზა სწორად გაიკვალონ, სწორი არჩევანი გააკეთონ. ამ ფორმით ისინი განსხვავებული არიან. მეჩვენება, რომ უფრო ნიჭიერები, უფრო შრომისმოყვარეები და მიზანდასახულები. ჩვენ თითქოს უმიზნოდ დარჩენილი თაობა ვიყავით. სახელმწიფო ჩვენ თვალწინ დაიშალა. ეს თაობა, ახლა რომ მერხებთან ზის, შექმნის ახალ საქართველოს. მათ არ იციან მონობა. მე ამისი მჯერა.
- რა მთავარ დარიგებებს აძლევთ მოსწავლეებს? როგორ ზრუნავთ მშობელთა ჩართულობაზე სასკოლო პროცესში?
- უმთავრესი დარიგება ჩემი მოსწავლეებისათვის ჩემგან არის სიყვარულის უნარის განვითარებაზე ზრუნვა, რადგან სიყვარული არის მთავარი მამოძრავებელი ძალა ყველა ასპექტით. თვით ღმერთიც სიყვარულია. ამიტომ ჩემი მთავარი მოწოდება მოსწავლეებისათვის არის ღვთისა და მოყვასის სიყვარულის აღზრდა საკუთარ თავში. ეს უკანასკნელი სასკოლო გარემოში კიდევ უფრო შესამჩნევია.
მშობელთა შესახებაც რადგან აქვე უნდა ვთქვა, გეტყვით, რომ სწორედ სიყვარული გვაერთიანებს ჩვენ, სასკოლო ცხოვრების სამ რგოლს: მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს. არა მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობა, არამედ სწორედ სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობებია გარანტი სკოლისგან საკუთარი ფუნქციების სწორად შესრულებისა. მშობელი გვირჩევს ჩვენ და საჯარო თუ კერძო სექტორებს შორის როცა არჩევანი ჩვენს გიმნაზიაზე კეთდება, ჩვენთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ვფიქრობ, ცოდნასთან ერთად უმთავრესი, რაც მოსწავლეს, მშობელს, თემს გიმნაზიასთან უნდა აკავშირებდეს, ეს სიყვარულია. ჩვენ ვზრუნავთ ამაზე. გიმნაზიის კარი ყოველთვის ღიაა ყველა მშობლისათვის, ისინი მონაწილეობენ გიმნაზიის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
აქვე ვთქვათ, რომ გიმნაზიის შენობაში მოწყობილია წმინდა მეფე არჩილის სახელობის ტაძარი, რომელშიც თვეში ორჯერ აღესრულება წირვა-ლოცვა, მოსწავლეები სურვილის შესაბამისად ესწრებიან მას, იღებენ წმინდა ზიარებას. თუმცა ჩვენთან მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანები არ სწავლობენ, არამედ სხვადასხვა რელიგიებისა თუ კონფესიების მაღიარებლები. მაგალითად, ჩვენთან სწავლობენ ისლამის მიმდევარი ოჯახების შვილები, რომელთაც არანაირი დისკომფორტი არ ექმნებათ, ცხადია.
როცა ასეთი მშობელი გვირჩევს ჩვენ, თავადვე გვეუბნებიან, რომ უნდათ ჩვენთან, რადგან მოსწონთ ჩვენი გიმნაზია, რადგან აქ სიყვარულია, რადგან ჩვენს მოსწავლეებს ფორმა აცვიათ, რადგან ჩვენთან განსაკუთრებული გარემოა, რადგან ჩვენთან კვალიფიციური კადრებია, რადგან ჩვენი კურსდამთავრებულები გამორჩევიან - ვის რა ნიშნით მოვწონვართ. მახარებს ჩვენი ერთობა.
- რით განსხვავდება სასულიერო გიმნაზია სხვა სკოლებისგან? (სასწავლო მეთოდები, მიდგომები და სხვა);
- სასწავლო პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისია. ყურადღება ექცევა უცხოური ენას, განსაკუთრებით, ინგლისური ენას. ასევე სკოლაში ისწავლება ფრანგული ენა, როგორც არჩევითი საგანი. სავალდებულო საგანია ჩვენს სკოლაში „საღვთო სჯული“, რომელიც ისწავლება პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით და ემსახურება ბავშვებში სულიერ და ზნეობრივ აღზრდას. მაღალკლასელებისთვის გვაქვს აქტივობა „შეხვედრა სულიერ მოძღვართან“. ჩვენი მოსწავლეები გარკვეულ საფეხურზე სწავლობენ წმინდა წერილს (ვასწავლი მე). მეხუთე- მეექვსე კლასები სწავლობენ საგანს - ძველი ქართული დამწერლობა.
აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი სკოლის წარჩინებული მოსწავლეები, გარდა იმისა, რომ ოქროსა თუ ვერცხლის მედლებს საქართველოს სახელმწოფოსგან მიიღებენ, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ჩვენი მეუფის მხარდაჭერით შექმნილია ესკიზები ვერცხლისა და ოქროს მედლებისა, რომლებითაც ვაჯილდოებთ ყოველწლიურად წარჩინებულებს. ყოველი წლის ბოლოს სწავლაში წარჩინებულებს ვაჯილდოებთ სიგელებით.
სკოლა განსაკუთრებით აქტიურად თანამშრომლობს საპატრიარქოს განათლების ცენტრთან, მონაწილეობს ყოველწლიურ შეხვედრებში, რომლებზეც ხდება სასკოლო სიახლეების, ახალი მეთოდების განხილვა, გაანალიზება, შეჯერება მათ დასანერგად სასკოლო პროცესებში. ჩაქვის გიმნაზია შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს გამოიყენოს ყველა რესურსი ეფექტური სწავლებისათვის, რაც ხელს უწყობს სწავლის პროცესში მოსწავლის ინტერესისა და მოტივაციის გაზრდას.
- რა არის გიმნაზიის პრიორიტეტი და ის ღირებულებები, რომლებსაც თქვენ მოსწავლეებს უნერგავთ?
- სკოლის პრიორიტეტი თანამედროვე მეთოდებისა და სწავლების დანერგვაა. ვცდილობთ სწავლა ორიენტირებული იყოს თითოეულ მოსწავლეზე ისე, რომ გათვალისწინებული იყოს მათი ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები, მათი ინტერესები. ჩვენთან სწავლის მიზანი მოსწავლისათვის სასარგებლო უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარებაა, მასწავლებლისა და მოსწავლის მიერ
შერჩეული სწავლების საუკეთესო გზების ძიებაა. ჩვენთან ცოდნა არ განისაზღვრება რაოდენობით, არამედ - ხარისხით. ასევე ჩვენი პრიორიტეტია მოსწავლის პასუხისმგებლიან მოქალაქედ ჩამოყალიბება. ვცდილობთ, დავეხმაროთ მოსწავლეს კულტურული და სულიერი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, განვუვითაროთ ისეთი უნარები, როგორიცაა დროსა და სივრცეში ორიენტირება, კრიტიკული აზროვნება და საკუთარი პოზიციის დაცვა, პრობლემის ანალიზისა და სინთეზის უნარები, ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების უნარები, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის, შემოქმედებითი უნარები, ასევე ვცდილობთ აღვზარდოთ მოსწავლე მაღალზნეობრივი ღირებულებებით, იცოდეს ადამიანის ღირსებისა და პატივის პატივისცემა, ტოლერანტობა, თანაგრძნობა და მზრუნველობა, სამშობლოს სიყვარული, კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა, სამართლიანობა და კანონის პატივისცემა. დასახული მიზნის მისაღწევად გვეხმარება საგნობრივი და სადამრიგებლო პროგრამები, ასევე „საღვთო სჯული“, როგორც დამატებითი სავალდებულო საგანი. ამ საგნის სწავლების მიზანი და ამოცანები სწორედ ზემოთქმულით განისაზღვრება.
- სასწავლო წელი უკვე დასრულდა, რა ღონისძიებებს გამოყოფდით ამ პერიოდის განმავლობაში, რომელიც გიმნაზიაში ჩატარდა?
- ჩვენს სკოლას ჰყავს მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეების ბაზაზე თეატრალური დასები, რომლებიც მართავენ წარმოდგენებს გიმნაზიის სივრცეში და მის გარეთ. მიმდინარე წელს რამდენიმე საჯარო სკოლას წარვუდგინეთ საინტერესო სპექტაკლები, რამაც დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა. 2022 წელს ჩვენმა თეატრალურმა დასმა, სახელწოდებით „არია“, მონაწილეობა მიიღო თბილისში საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფესტივალში და ავიღეთ საპრიზო ადგილი. იმავე დასით ადგილობრივ პროექტ „ავტოგრაფშიც“ მივიღეთ საპრიზო ადგილი. მინდა აღვნიშნო მათი განსაკუთრებული ნიჭიერება და თქვენი ამ სტატიის ფარგლებშიც მოვეფერო მათ.
მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ აგრეთვე კონფერენციებში, სხვადასხვა ოლიმპიადაში, კონკურსებში, რომლებშიც ჯილდოვდებიან.
ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ მოწყობილ ყოველწლიურ კონკურსში „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“. ასევე ვასრულებთ პატრიარქის მოწოდებას, დავრგოთ ხე. ბავშვებს ასე ვაყვარებთ ბუნებას, სამშობლოს, ზრუნვას. სკოლაში მოქმედებს სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფი, მაგალითად, ქორეოგრაფიული ანსამბლი „ერისეული“, მუშაობს ხატწერის ჯგუფი, ხალხურ საკრავთა წრეები. ჩვენი ანსამბლები აქტიურად მონაწილეობენ სარაიონო, რესპუბლიკურ და მის ფარგლებს გარეთ ჩატარებულ კონკურსებსა და ფესტივალებში, მარტო მიმდინარე წელს მოიპოვეს არაერთი სიგელი და ჯილდო. მე დიდი გულშემატკივარი ვარ და ვამაყობ მათით.
- რამდენად აქტიურად არიან მოსწავლეები ჩართულნი სხვადასხვა ტიპის (ფორმალურ თუ არაფორმალურ) პროექტებში და თუ შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ მათი მიღწევები;
- ვისაუბრებ მხოლოდ ფაქტებით. ჩვენ აქტიური მონაწილეები ვართ სასკოლო პროექტისა „ყველაზე წიგნიერი“. 2017-2018-2019 სასწავლო წლებში ვიყავით მეორე და მესამე ადგილების მფლობელები. უკვე ვისაუბრეთ სკოლას ჰყავს ქორეოგრაფიული ანსამბლი. ჰყავს თეატრალური დასი. ვმონაწილეობთ სამოქალაქო განათლების ეგიდით ჩატარებულ არაერთ აქტივობაში.
ჩვენი მოსწავლეები ჯანსაღ სპორტულ ცხოვრებასაც ეწევიან. გვაქვს წარმატებები კრივში, ძიუდოში თუ სხვა სპორტულ შეჯიბრებებში.
- როგორია თქვენი მოსწავლეების შედეგები? რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით მათი მიღწევებით?
- ჩვენი გიმნაზია თითქმის 25 წელია დაარსებულია და ეს არც ისე მცირე დროა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები, შევქმენით ჩვენი სახე. ჩვენ გვენდობიან. ვთვლი, რომ საუკეთესოთა შორის ვართ. მიმდინარე წლის აკადემიური მონაცემების ანალიზის მიხედვით მოსწავლეთა 50% მაღალაკადემიური შედეგებით გამოირჩევა. ვცდილობთ თითოეული მოსწავლე იყოს პიროვნება, აღმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები და იცხოვროს ოჯახისა და ქვეყანის საკეთილდღეოდ.
ვთქვათ ისიც, რომ ჩვენს სკოლას აქვს ტრადიცია სხვა სკოლებთან აქტიური მეგობრობისა. ჩვენ დამეგობრებული ვართ ხულოს სასულიერო სკოლასთან, მცხეთის წმ. თორმეტ მოციქულთა სახელობის გიმნაზიასთან. თურქეთის რესპუბლიკაში ქართული დიასპორის დახმარებით ვმეგობრობთ „ჩვენებურებთან“.
- ამასთან, აქტუალურია პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესიც, რამდენ მოსწავლეს ელოდებით ახალი სასწავლო წლიდან და რას სთავაზობს გიმნაზია მათ?
- პირველკლასელთა რეგისტრაციაზე მაღალი მოთხოვნა გვქონდა. ჩაირიცხა 25 პირველკლასელი, რაც ჩვენი პატარა გიმნაზიისთვის მაქსიმალური მაჩვენებელია. მადლობა მათ მშობლებს, რომ თავიანთი შვილები ჩვენს სასკოლო საზოგადოებას მოაბარეს. ვეცდებით მათი მოლოდინი გავამართლოთ.
სასწავლო სივრცეს ყოველთვის სჭირდება სიახლე, ჩვენ გვაქვს გეგმები, რომელთაც მიმდინარე ზაფხულში მივცემთ განსახორციელებელი აქტივობების ფორმას და ვპირდებით ყველას, რომ სასწავლო პროცესი წარიმართება საინტერესოდ და პროდუქტიულად, ხოლო გიმნაზიელობა იქნება მათთვის პატივი. დაგლოცოთ და გაგახაროთ ღმერთმა. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო - საქართველო. ღმერთმა დალოცოს ყველა სკოლა, ყველა მოსწავლე, ყველა მასწავლებელი, ყველა მშობელი. ღმერთმა დალოცოს ყველა სასკოლო გარემო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...