სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„მაქვს ამბიცია, წარმატებული სკოლების ათეულში ვიყოთ და განათლების ჰაბი იყოს ვანში“ - თეონა ადეიშვილი ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
14-07-2023
-
+


თეონა ადეიშვილი გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლას უკვე წლებია ხელმძღვანელობს, წელს დირექტორების გამოცდაზეც გავიდა, ორივე ეტაპი წარმატებით გაიარა და საბოლოო გადაწყვეტილებას ელის. etaloni.ge-სთან საუბრისას ამაყად აცხადებს, რომ აქვს ამბიცია, იყოს წარმატებული სკოლების ათეულში და ამ მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ამბობს, რომ მუდმივი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ არ უშინდება სიახლეებს. ქალბატონი თეონას თქმით, განათლება ისეთი პროცესია, თუ სიახლეებზე არ ორიენტირდი, მაშინ გაჩერებული ხარ! ამიტომ მუდმივად ეძებს გამოწვევებს და აღნიშნავს, რომ მანამდე უნდა სცადო, ვიდრე საწადელს არ მიაღწევ.

სკოლის ხელმძღვანელი ამ უშრეტი ხასიათითა და დიადი მიზნებით, აგრძელებს თავის საქმიანობას და გაჩერებას არ აპირებს, მანამ, სანამ განათლების ჰაბი არ იქნება ვანში!

რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს განათლების სისტემა? რას უნდა აძლევდეს სკოლა მოსწავლეებს? რამდენად სწორია მასწავლებლების შეფასების სქემა და როგორი უნდა იყოს სკოლის ლიდერი? - ამ კითხვებზე Etaloni.ge-სთან  გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი საუბრობს. 

- როგორ შეაფასებდით სასწავლო წელს?

- წლევანდელ სასწავლო წელს დადებითად შევაფასებდი, სწავლების პროცესი იყო პოზიტიური, სასკოლო საზოგადოებაც აქტიურად იყო ჩართული. ჩვენი სკოლა დიდი გამოწვევის წინაშე დგას, გავდივართ ავტორიზაციას და იმისთვის, რომ ყველაფერი მწყობრში გვქონდეს, იგრძნობოდა მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების მაქსიმალური მობილიზაცია, რაც ძალიან მახარებს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ თემში ჩვენი სკოლის პოპულარიზაცია გაიზარდა, ეს კი იმან გამოიწვია, რომ გვქონდა არაერთი სასწავლო-შემეცნებითი აქტივობა, ასევე სასკოლო პროექტი, რომელიც კომპლექსურ დავალებებს მოიცავდა და გავაზიარეთ საჯარო კონფერენციებზე. გვყავს წარმატებული მოსწავლეები, ახლა აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ და ვიმედოვნებთ, კარგ შედეგებს დადებენ. მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო პროექტებშიც აქტიურად და საკმაოდ წარმატებით ვერთვებოდით, გლობალურ კონფერენციაშიც ვმონაწილეობდით, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარადგინეს სკოლაში მიმდინარე პროცესები. გამოვარჩევდი: „მწვანე ჯილდოში“ სკოლის ჩართულობას, სადაც ჩვენი სკოლის მასწავლებელი ნახევარფინალში გადავიდა; eTwinning-ის პროექტს, სადაც  ევროპული სტატუსი მოგვენიჭა; გვყავს ასევე ერთი მენტორი მასწავლებელი; ჩვენი მოსწავლე, რომელიც ბოლო წლებში ოჯახური მიზეზების გამო სხვა სკოლაში გადავიდა, სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და 270 000 დოლარის გრანტი მიიღო. მოგვწერეს, რომ ეს წარმატება სწორედ ჩვენის სკოლის დამსახურება იყო. ის ჩვენი პირველი მერცხალია... დაე, ბევრმა მოსწავლემ დაიმსახუროს სხვადასხვა უნივერსიტეტის გრანტი საქართველოს ფარგლებს გარეთაც. 

- ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს... თქვენი აზრით, იძლევა სკოლა საჭირო დონის განათლებას და რატომ არის ამდენად აქტუალური რეპეტიტორების საკითხი?  

- ნამდვილად! სკოლას შეუძლია, მისცეს მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება, მაგრამ მე-12 კლასში, როცა 12 წლის მანძილზე მიღებული ცოდნის გადამეორება და კომპლექსურად გავლა ხდება საჭირო, უხეშად, რომ ვთქვათ ეზარებათ მოსწავლეებს და ამიტომაც არის „ტრენდული“ რეპეტიტორი. ზუსტად ისინი, რომლებიც ძალიან კარგი რეპეტიტორები არიან, ჩემი სკოლის მასწავლებლები გახლავთ და იგივენაირად იხარჯებიან, როგორც იმ საგაკვეთილო, 45 წუთის განმავლობაში. მიმაჩნია, რომ რეპეტიტორობა არის უფრო მარტივი, მათ არ უწევთ კომპლექსურად საგნის გააზრება და მიწოდება, რად უნდათ მე-2 და მე-3 კლასელებს უცხო ენაში რეპეტიტორები? მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს არის ტრენდი, რომელსაც მივდევთ ყველანი. 

- არსებობს ამის გამოსწორების გზა, თუნდაც განათლების სისტემაში რაღაც ცვლილების საფუძველზე?

- მე ვთვლი, რომ შესაძლებელია, ეს მარტივად გამოსწორდეს მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში პროფილური საგნების სწავლით. მოსწავლეები გაძლიერებულად ისწავლიან მხოლოდ 3-4 საგანს, დანარჩენ საგნებს მარტივად, კურიკულუმებით გაივლიან. ამ შემთხვევაში, ბავშვი საგნის კომპლექსურად გააზრებასაც შეძლებს და შესაბამისი ცოდნაც ექნება ეროვნული გამოცდებისთვის. თუმცა ჩვენ, მხოლოდ ეროვნული გამოცდებისთვის არ ვამზადებთ მოსწავლეებს, ეროვნულ გამოცდებზე არის ისეთი დაბალი ბარიერი, რომ ის ყველა მოსწავლემ უნდა გადალახოს, ჩვენ ვცდილობთ, აღვზარდოთ ისეთი პიროვნებები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ეროვნულ სასწავლო მიზნებს. მოსწავლეს თუ მეცნიერული ცოდნა არ ექნება, მას ექნება სწავლის უნარი, ეცოდინება, როგორ უნდა ისწავლოს, როგორ გადაანაწილოს პრიორიტეტები და შეეძლება თავისი სწავლის დინამიკის განსაზღვრა, როცა ბავშვს ეს უნარები გააჩნია, მას თავისუფლად შეუძლია ერთ წელში საფუძვლიანად მოემზადოს და დაძლიოს ეს გამოცდები, არამარტო ბარიერი გადალახოს, არამედ მაღალ შედეგზე გავიდეს. თუ პროფილური სწავლება დაინერგება, ვფიქრობ მოსწავლეები ამ უნარების გაუმჯობესებას შეძლებენ და მივიღებთ მოქალაქეებს, რომლებიც იქნებიან არა მხოლოდ ეროვნული, არამედ ნებისმიერი გამოცდისთვის მზად. 

- რადგან სისტემაში ცვლილებებს შევეხეთ... განათლების მინისტრი მუდმივად საუბრობს სიახლეების დანერგვაზე, მზად არის სკოლები ახალი გამოწვევებისთვის? 

- განათლება ისეთი პროცესია, რომ თუ სიახლეებზე არ ხარ ორიენტირებული, მაშინ გაჩერებული ხარ, დგახარ! განათლება არის მუდმივი განახლება, მუდმივი სიახლე. გატესტე? არ გამოვიდა? - ახალი უნდა გააკეთო! მანამდე უნდა ეცადო, სანამ არ გამოვა და მე ვფიქრობ, რომ ეს გამოწვევა ძალიან კარგია, მე-3 თაობის ეროვნული გეგმის აგების პროცესი სკოლაში არ იყო მარტივი. გამოწვევა არის სკოლების ავტორიზაცია, დირექტორთა და მასწავლებელთა გამოცდები, ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და ჩვენ მუდმივად „მუშა“ მდგომარეობაში ვართ, ეს კი იმის საშუალებას იძლევა, რომ მრავალფეროვანი გავხადოთ სასწავლო პროცესი. თუ მუდმივად რაღაც ერთი გვექნება, ამან შეიძლება არ გაამართლოს და უნდა ჩავანაცვლოთ, მაგალითად ტემპერატურა თუ არ დაწია ერთი სახის წამალმა უნდა შევცვალოთ... თუ რატომ ვართ განათლების კუთხით დაბალ დონეზე, მიზეზები უკვე ვიცით, ახლა გამოსწორების გზები უნდა ვიპოვოთ, თუ ერთმა არ გაამართლა სხვა ხერხს მივმართოთ და ასე გავაგრძელოთ მანამ, სანამ საწადელს არ მივაღწევთ. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ეტაპზე დაიდება ის შედეგი, რაც უნდა დაიდოს და საქართველოს მიღწევები განათლებაში საგრძნობლად წინ წავა.

- ახსენეთ მიზეზები... რა არის ის მთავარი, რის საფუძველზეც ამბობთ, რომ განათლების დონე დაბალია? 

- იმდენად კომპლექსურია ეს მიზეზები ერთ ფაქტორად დასახელება ძალიან რთულია. ჩვენ, სადაც გვაქვს ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის წაკითხულის გაგება-გააზრება. შესაბამისად ჩვენ სკოლებში სწავლება არ მიდიოდა ისე, როგორც უნდა წასულიყო, ვასწავლიდით წერა-კითხვას და ვერ ვასწავლიდით გაგება-გააზრებას, ამის შემდეგ წამოვიდა G-PriEd, ახალი სკოლის მოდელი, დაწყებით საფეხურზე ამ კუთხით ბევრი აქტივობა მუშაობს. ჩვენ, ამ კუთხით დაწყებით კლასებში ვატარებდით კვლევას და გამოვლინდა, რომ მე-4 კალასში ორი წლის წინ გაცილებით დაბალი მაჩვენებელი იყო, ვიდრე ახლა, ისევე, როგორც სხვა კლასებში და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრესი არის! ანუ სწორი მიმართულებით მივდივართ და ვაგრძელებთ მუშაობას, რომ სწორი კურსიდან არ გადავუხვიოთ. 

- ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ შედეგებზე გასასვლელად მასწავლებლების როლი უმთავრესია... ხშირად აღნიშნავენ, რომ დოკუმენტაციამ, მასწავლებლები მოწყვიტა მოსწავლეებს, რას ფიქრობთ ამაზე? 

- მე ვფიქრობ, რომ აქ ძალიან ბევრ დოკუმენტზე არ არის საუბარი, თუმცა ბიუროკრატია ცოტა, რომ გამარტივდეს ძალიან კარგი იქნება. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ცოტა საწერი და ბევრი გასაკეთებელი, თუმცა ჩემს სკოლას, მასწავლებლების ჩატარებული აქტივობები, თუნდაც სტატუსის ამაღლების მიზნით, ძალიან დაეტყო. ვფიქრობ, როცა ყველა ეს აქტივობა ჩატარებული გაქვს, დაწერა სირთულეს აღარ წარმოადგენს. მაშინ, როცა არ გაქვს გაკეთებული, ამის შეთხზვა რასაკვირველია რთულია. ჩემი სკოლის მაგალითზე გეტყვით, რომ მასწავლებელი გარემოსდაცვით პროექტს ახორციელებდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეთა მონაწილეობით, არაერთი აქტივობა ჩატარდა. ერთ დღეს, ლაშქრობა მოეწყო, სადაც ბევრი სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა, ბავშვებმა იყიდეს ნაყინები და მეც იქვე, რამდენიმე კომპეტენტურ პირთან ერთად ვიდექი, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბავშვები ნარჩენებს იქვე დაყრიდნენ, გულის კანკალით ველოდებოდი რას იზამდნენ ჩემი ბავშვები. მათ ერთჯერად პარკში მოათავსეს ნაყინის ქაღალდები, გამოართვეს სხვებსაც, გაკვანძეს და ურნაში ჩააგდეს, ამით ძალიან ვიამაყე, ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ მასწავლებელი შედეგზე გავიდა. სკოლაში ყველგან არის ყვავილები, ბავშვების ნამუშევრებითაა გარემო გაფორმებული, იმედია თავის ქებად არ ჩამითვლით, მაგრამ ირგვლივ ყველაფერი ულამაზესია. არ გვქონია შემთხვევა, რომ ბავშვს ყვავილი დაეზიანებინოს ან რაიმე სპეციალურად გაეფუჭებინოს. დღესასწაულებისთვის სამზადისში ყველა კლასის, ყველა მოსწავლეა ჩართული. ეს ყველაფერიო კი სწორედ იმ აქტივობების შედეგია, რომლებსაც მასწავლებლები ატარებენ. მასწავლებელი ვერასდროს დაწერს იმას, რის გაკეთებასაც აპირებს, ან რასაც აკეთებს სასწავლო პროცესში, ეს ფურცელზე არ იწერება, ყველა შემოქმედ მასწავლებელს ეს აქვს ტვინში! 

- აღნიშნეთ, რომ მასწავლებლები გავიდნენ შედეგზე, თუმცა ამით არ უმაღლდებათ კვალიფიკაცია, ყველაფერი ისევ დოკუმენტაციით განისაზღვრება... რამდენად სწორი იქნება პედაგოგთა საქმიანობის შეფასება მიღწეული შედეგების საფუძველზე? 

- მხოლოდ შედეგს ვერ დაეყრდნობი მასწავლებლის შეფასებისას. მე შეიძლება კლასში მყავდეს მხოლოდ ერთი მოსწავლე, მასთან ვმუშაობდე მაქსიმალურად და ვდებდე მასში ყველაფერს, თუმცა მოსწავლის უნარები არ მაძლევდეს შედეგზე გასვლის საშუალებას, ამის გამო მასწავლებელი არ უნდა დაიჩაგროს. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი მიზანია, სასკოლო ოლიმპიადებში მოსწავლეთა მაღალი შედეგები, გამარჯვებული მოსწავლეების რაოდენობა, მაგრამ აქამდე ვერ მივდივართ და რა არის ამის მიზეზები? - ჩვენ ყოველთვის ვსვამთ ამ კითხვას, მიზეზი არის ის, რომ ოლიმპიადებზე არსებული სტანდარტი ძალიან მაღალია, მეორე ის, რომ ოლიმპიადებს მაღალი დონის უნარები სჭირდებათ, თუკი მე არ მყავს ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი მასწავლებელი ვარ, არამედ ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ რაღაც არ არის შესაბამისობაში სასწავლო სტანდარტსა და ოლიმპიადის მოთხოვნებს შორის. მოსწავლის ფუნქციური უნარის შეფასება ძალიან რთულია. მასწავლებელი უნდა შეფასდეს კომპლექსურად, როგორი მასწავლებლები მყავს ყველაზე მეტად ვიცი მე - სკოლის დირექტორმა, როგორები ვართ ჩვენ სასკოლო საზოგადოების თითოეულმა წევრმა და მთელმა თემმა იცის.

- ყოველთვის დადებითი კუთხით აფასებთ თქვენს პედაგოგებს... რა არის თქვენი წვლილი, ამდენად საიმედო პედკოლექტივის ფორმირებაში? 

- ვფიქრობ ბევრმა ფაქტორმა განაპირობა ეს, ერთი არის - მოტივაცია. მაქვს უნარი, რომ ავანთო ჩემ ირგვლივ არსებული ადამიანები და მივცე მათ სტიმული: ვიყოთ საუკეთესოები და ჩვენს სკოლას საპატიო ადგილი ჰქონდეს. მეორე მომენტი კი - ფინანსებია, რაც უფრო მეტი მოსწავლე გყავს, მეტი კლასია და მეტი საათი გაქვს, ეს კი, პირდაპირ მიბმულია ანაზღაურებაზე. ჩვენ მზად ვართ, რომ გავაკეთოთ ის მაქსიმუმი, რაც საუკეთესო შედეგის დასადებად დაგვეხმარება. როცა ერთხელ გაჟღერდა თუ რამდენად კარგია ჩვენი სკოლა, ყველა მასწავლებელს გაუჩნდა ამბიცია... ამ ტემპის დაგდებას არ ვაპირებთ! 

- ანაზღაურების საკითხსაც შევეხეთ... რთული და ხშირად კონფლიქტურია საათების გადანაწილების პროცესი, როგორ უმკლავდებით ამას? 

- ეს საკითხი ძალიან კარგად მაქვს მოგვარებული, არ ვერთვები ამ პროცესში. მასწავლებლები სხდებიან და თავად ანაწილებენ ვის, რამდენი საათი ეკუთვნის. იმ შემთხვევაში თუ არსებობს რაიმე კითხვის ნიშნები, რასაკვირველია ვაგვარებ, თუმცა თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო 5 წლის მანძილზე შემთხვევა არ მქონია, რომ ვინმე საათს ითხოვდეს და არ იყოს ამის შესაძლებლობა. სკოლას მარტო დირექტორი ვერ მართავს, ეს ერთობლივი შედეგია.

- როგორ მოახერხეთ, რომ თითქმის ყველა დირექტორისთვის აქტუალური პრობლემა, ამდენად კარგად გაქვთ მოგვარებული სკოლაში? 

 - როცა კლასები არის, არის რესურსი, რომ მასწავლებლებს საკმარისი საათების რაოდენობა ჰქონდეთ და ყველა პედაგოგი მყავდეს დაკმაყოფილებული. იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა დგება ეს პრობლემა, გათვლას ვაკეთებ ლიდერ მასწავლებლებზე, მათი მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე. 

- ქალბატონო თეონა, დირექტორების შერჩევის მეთოდსაც შევეხოთ, როგორ შეაფასებთ ამ მიდგომას? 

- ეს საკმაოდ რთული პროცესია. ტესტი საკმაოდ მრავალფეროვანი და თანამედროვეა, შესაბამისად ვფიქრობ რთული იყო. გასაუბრებაზე იმდენად კომფორტული, სასიამოვნო და პოზიტიური გარემო გვხვდება, რომ ამ ეტაპის გავლა არც ისე რთულია, ორივე ეტაპი წარმატებით გავიარე და ველოდები სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას. 

- და ბოლოს, როგორც სკოლის დირექტორისთვის, რა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც განათლების სფეროში ხართ? 

- მთავარი მიზეზი არის ის, რომ უზომოდ მიყვარს ჩემი საქმე და ერთგული ვარ მისი, მაქვს ამბიცია ჩვენი სკოლა იყოს წარმატებული სკოლების ათეულში და განათლების ჰაბი იყოს ვანში! იმიტომ, რომ ვანი არის პატარა ქალაქი, ჩვენი ბავშვები ბევრ რამეს არიან მოკლებულნი, დიდი ქალაქებში მცხოვრები ბავშვებისგან განსხვავებით. მინდა მათ ხარისხიანი განათლება შევთავაზო, რომ არა მარტო საქართველოს უნივერსიტეტებისთვის მოემზადონ, არამედ ქვეყნის ფარგლებსაც გასცდნენ. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება