მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ედუარდ გოგრაჭაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
ჩვენ საკმაოდ დიდხნიანი ურთიერთობა გვაქვს „ეტალონთან“. ჩვენი ბავშვები ამ ინტელექტუალურ შეჯიბრში ყოველთვის მონაწილეობდნენ. გასულ წელსაც ასევე, ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლამ მოიპოვა 1-ელი ადგილი და ძალიან მიხარია, რომ წელსაც ასე მოხდა. გამარჯვებას ველოდებოდით, რადგან ჩვენი მოსწავლეების შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ. მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსისთვის მასწავლებლები, სხვადასხვა მიმართულებით ყოველთვის ამზადებენ ბავშვებს, რამაც შედეგი გამოიღო. ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ და ვულოცავთ მამუკას გამარჯვებას.
სამონაზვნე ბარბარე (მეგრელაძე), საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის დირექტორი:
„ეტალონის“ ჩემპიონატში ჩვენი სკოლიდან თითქმის ყველა მოსწავლეა ჩართული. ბავშვები კლასში პატარ-პატარა შემეცნებითი სახის შეჯიბრებებს აწყობენ. ეს ძალიან უწყობს ხელს მათი პრეზენტაციის, კვლევის, ძიების უნარების განვითარებას. ამ დროს, ბავშვები ფიქრობენ და ისე იღებენ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება „ეტალონის“ პროექტს, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო კონკურსია. ვფიქრობ, რომ გამარჯვებული 1 კი არა, მთელი სკოლაა. 1-ელ ადგილის მფლობელი მამუკა ცინცაძე ბეჯითი, გამორჩეული ყმაწვილია, უპირველეს ყოვლისა, თავისი ზნეობით. ყურადღებიანია, ოჯახიდან იცის, უმცროს-უფროსს როგორ მოექცეს. ერთხელაც არ გვინახავს აღელვებული. ყოველთვის მშვიდი, წყნარი და სხვის მიმართ კეთილგანწყობილი ბავშვია. ძალიან მოწესრიგებული და დაინტერესებულია სწავლით. იცის, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს ნებისმიერ მასწავლებელს და მათთან გადის კონსულტაციებს თუ რამე სჭირდება. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო „ეტალონს“ და მის გუნდს იმისთვის, რომ ბავშვებს ასეთ ცოდნას აძლევენ.
ირა აბულაძე, საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის დირექტორის მოადგილე:
„ეტალონი“ - ეს არის ძალიან დიდი პროექტი მომავალი თაობებისთვის. ფაქტობრივად ახალგაზრდებს საყრდენს, საფუძველს უმაგრებს დასაწყისშივე. მთავარია, ბავშვს ცოდნის საფუძველი ჰქონდეს ძალიან ძლიერი და ეს პროექტი ამას აკეთებს. ჩვენი გამარჯვებული მოსწავლე მე-11 კლასელია. ამ პროექტისთვის მადლობა მის ხელმძღვანელს ბატონ გოჩასა და მის გუნდს, რომ ისინი მომავალ თაობას აძლიერებენ, ცოდნას უღრმავებენ, რომ ხვალ მათი სახით ძლიერი დასაყრდენი ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება ჩვენს მოსწავლეს, მინდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ 2022 წელში გამარჯვებული ჩვენი სკოლის ისევ ამ კლასის მოსწავლე ლადო ფუტკარაძე იყო. რა თქმა უნდა, ამან მოსწავლეებში მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა. მთელი კლასი (ეს ჩემი სადამრიგებლო კლასია) ველოდებოდით ერთად, როდის დაიგეგმებოდა „ეტალონის“ ჩემპიონატი, გამოცხადდებოდა რეგისტრაცია და გაიმართებოდა ტური. მთელი კლასი ვემზადებოდით, რა თქმა უნდა, პედაგოგებთან ერთად. ყველა საგნის მასწავლებელი იყო ჩართული ამ საქმეში, არა მარტო მე-11 კლასზე მაქვს საუბარი, არამედ, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებზეც. რა თქმა უნდა, დადგა ეს ნანატრი დღეც, ძალიან კარგად იყვნენ ბავშვები მომზადებულები. წინა წლების „ეტალონის“ ჩემპიონატები გვქონდა ერთად მოსმენილი. ყველა კითხვა გავაცნობიერეთ, როგორ სცემდნენ პასუხებს, როგორ მსჯელობდნენ. ეტაპობრივად ვაანალიზებდით, ვმსჯელობდით, მათ ხელმძღვანელთან ერთად. რა თქმა უნდა, მე-2 ტურისთვის განსაკუთრებული მზადება იყო. ეს ბავშვები ერთმანეთს იმდენად ეხმარებოდნენ, განსაკუთრებით ლადო ფუტკარაძე, რადგან მას მეტი გამოცდილება ჰქონდა. მამუკა ცინცაძე, რომელიც გამარჯვებულია, მისი ბიძაშვილია მასთან ერთად სწავლობს ნინი ცინცაძე ასევე, რომელიც უძლიერესი მოსწავლეა. ეს ბავშვები ერთმანეთის გვერდით იყვნენ. მე, პირადად ველოდებოდი, რომ ჩემი ერთი მოსწავლე მაინც გაიმარჯვებდა. ამპარტავნობაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ეს ბავშვები იმდენად მომზადებულები იყვნენ, რომ უმაღლესი ქულები აიღეს. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი მოსწავლის გამარჯვებას ველოდებოდი იქიდან გამომდინარე, რომ ნახევარი წლის განმავლობაში ვემზადებოდით ამ პროექტისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა „ეტალონის“ გუნდს ასეთი ძლიერი პროექტებისთვის, მოსწავლეების განვითარებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის. ჩვენ გვყავს ისეთი ბავშვები, რომლებიც კიდევ ბევრჯერ მოუტანენ ჩვენს სკოლას გამარჯვებას.
მელანო ზოიძე, საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:
გამარჯვებული, ჩვენი სკოლის მოსწავლე მამუკა ცინცაძე ძალიან მონდომებული, მშრომელი და მოაზროვნე ბავშვია. მისგან ნამდვილად გვქონდა მოლოდინი, რომ გაიმარჯვებდა და წარმატებას მიაღწევდა. ჩვენი სკოლიდან აქტიურად იყვნენ ბავშვები ჩართულნი ამ პროექტში და ემზადებოდნენ, მეცადინეობდნენ წინასწარ. შუახევში პირველ 10-ეულში ჩვენი სკოლიდან იყვნენ ბავშვები. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პროექტია, ბავშვებს მოტივაციას უმაღლებს. გამარჯვება კი უფრო მეტ სტიმულს აძლევს მათ, შემდგომ სხვებიც მაქსიმალურად ცდილობენ მოემზადონ და მომავალში თავადაც მიაღწიონ წარმატებას.
მამუკა ცინცაძე - გამარჯვებული მოსწავლე, საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლა:
დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდი, თუმცა ასეთ შედეგს არ ველოდი, რადგან იყო ისეთი კითხვები, რომლებზეც პასუხები არ ვიცოდი თუმცა, საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით. დიდი მადლობა „ეტალონის“ ჯგუფს ამ პროექტისთვის. პირველად გავედი ნახევარფინალში და ამან დიდი ემოციები გამოიწვია ჩემში. ჩემპიონატში გამარჯვებამ დიდი სტიმული მომცა, რადგან ეს ნიშნავს წარმატებას არა მარტო ამ პროექტში, არამედ სხვა სფეროშიც. ამიტომ, ვფიქრობ, ეს მიღებული ცოდნა მომავალშიც აუცილებლად გამომადგება.
ხათუნა ხმალაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
ტრადიციულად ყველაზე ეროვნულმა სოციალურ საგანმანათლებლო პროექტმა „ეტალონმა“ წარმატებულთა შორის წარმატებულები გამოავლინა, მეამაყება, რომ ერთ ერთი საპრიზო ადგილის მფლობელი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე ზედგინიძეა. მადლობას ვუხდი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ლია მაჭარაშვილს და სკოლის თითოეულ თანამშრომელს, მშობლებს მხარდაჭერისთვის და ვულოცავ დამსახურებულ წარმატებას, პროექტი „ეტალონი“ მუნიციპალიტეტების, სკოლების, მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების ჩართულობით გამორჩეული, ყველაზე მოთხოვნადი ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო პროექტია და სკოლების და მოსწავლეების 100%-იანი ჩართულობით გამოირჩევა. შემეცნებით-ინტელექტუალურ ღონისძიებაში მოსწავლეები ხალისით, ინტერესით და აქტიურად არიან ჩართულები, ხდება მოსწავლეების მოტივირება, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების უნარ-ჩვევების განმტკიცება და განათლებით დაინტერესება. მშობლები შვილების წარმატების წუთების თანამონაწილეები არიან, მასწავლებლები ამაყობენ საკუთარი მოსწავლეებით, აღნიშნული პროექტით ხდება ქართული ნიჭიერების აღმოჩენა, წარმოჩენა და წახალისება. მადლობა მინდა გადაუხადო სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი „ეტალონის“ ავტორსა და აკადემიურ დირექტორს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, შემოქმედებით გუნდს აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის, ახალგაზრდების დაინტერესებისათვის, წარმოჩენისათვის და წახალისებისათვის!
ლია მაჭარაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის დირექტორი:
ნამდვილად ველოდებოდით ჩვენი მოსწავლის გამარჯვებას, საკმაოდ წარმატებული, ათოსანი მოსწავლეა, ის ყოველთვის გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, შემოქმედებითი უნარებით - ქარგვით, ძერწვით. ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა საქმეს, რასაც ხელს მოკიდებს. 1-ელი ადგილის იმედიც გვქონდა, მაგრამ ასაკით უფროს ბავშვებთან უწევდა პაექრობა და ნერვიულობდა. თუმცა, სამომავლო მიზანია 1-ელ ადგილზე გასვლა. ეს საპრიზო ადგილი მისთვის მოტივაციის მიმცემი გახდა. სალომემ კიდევ უფრო დიდი მიზნები დაისახა, აქვს გეგმები, რომელთა განხორციელებაზეც ორჭოფობდა, მაგრამ ახლა პასუხისმგებლობის გრძნობა მეტად მოემატა, თავის შესაძლებლობებში დარწმუნდა ნამდვილად ვიცი, რომ დასახულ მიზნებს მიაღწევს. ზოგადად ეს ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებს შესაძლებლობების წარმოჩენაში ეხმარება და სხვადასხვა უნარს უვითარებს, თავდაჯერებულობას, პასუხისმგებლობის გრძნობას მატებს. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა „ეტალონის“ გუნდს, რომ შესაძლებლობებს აძლევს ბავშვებს ცოდნა წარმოაჩინონ. ძალიან წარმატებული პროექტია. სამომავლოდ ვიცი სკოლები, რომლებიც აპირებენ თქვენთან თანამშრომლობას. ჩემპიონატის ჩატარება ონლაინ ფორმატით კარგია, მაგრამ ვფიქრობ, ადგილზე რომ გაიმართოს უკეთესი იქნება. კარგი იქნება რაიონებში შეხვედრები, რეალურ სივრცეში კიდევ უფრო მეტი ეფექტი ექნება ამას. ზოგადად ძალიან დიდი მადლობა „ეტალონის“გუნდს, რასაც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის აკეთებს. ყველა მოსწავლე გამარჯვებულია, ვინც ფინალში გადავიდა. ყველა ახალგაზრდას წარმატებას ვუსურვებ. თითოეული მათგანი არის ჩვენი ქვეყნის სახელი. რაც მეტი წარმატებული ახალგაზრდა იქნება, მით მეტად წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყანაც. განათლება ჩვენი ქვეყნის და ყველა ადამიანის განვითარების საწინდარია.
მაია კურტანიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი
სალომე ძალიან კარგი მოსწავლეა, აქტიური, მეგობრული, წარმატებული, განათლებული - ბევრს კითხულობს. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, მაგრამ ყველა აქტიურად იყო ჩართული ამ პროექტში. ძალიან მოგვწონს, მოსწავლეებისთვის ძალიან კარგია, მოტივაციის მიმცემი. დიდი მადლობა მინდა, გითხრათ ამ პროექტისთვის. ჩემი გოგონაც იყო 2022 წლის „ეტალონი მოსწავლე“ ამ სკოლიდან... ჩვენი სკოლა საბაზოა და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი კარგი ბავშვი მიდის. თუმცა, სხვა სკოლიდანაც ველით მისგან ბევრ წარმატებას.
სალომე ზედგინიძე - მეორე ადგილზე გასული მოსწავლე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლა:
სიმართლე, რომ გითხრათ ნამდვილად არ ველოდებოდი მე-2 ადგილზე გასვლას. ვიდეოშიც ჩანს ჩემი გაოცება. ქულები, როდესაც გავიგე რატომღაც მეგონა, რომ უფრო მაღალქულიანები გავიდოდნენ, ამიტომ სრული შოკი იყო ეს ჩემთვის. წინასწარ ვემზადებოდი სკოლაში, ასევე ვმეცადინეობდი დამოუკიდებლად. თავიდან ცოტა გამიჭირდა კითხვებზე პასუხის გაცემა, რადგან ვფიქრობდი, რომ უფრო მაღალკლასელებისთვისაა გათვლილი, ვიდრე მე-8 მე-9 კლასელებისთვის, მაგრამ მაინც მიხარია და კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით. საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ შემიძლია მიზანს მივაღწიო. მე-2 ადგილზე, რომ გავედი ეს უდიდესი მიღწევაა ჩემთვის.
ნათელა კოჭლამაზაშვილი, მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
აღვნიშნავ, რომ უკვე მრავალი წელია, რაც ჩვენი სკოლა თანამშრომლობს „ეტალონთან“. აქტიურად ვართ ჩემპიონატშიც ჩართული. რაც დაიწყო, ეტალონის ჩემპიონატები, მას შემდეგ მონაწილეობენ მასში ჩვენი სკოლის მოსწავლეები. გვყავდა რაიონის გამარჯვებული „ეტალონი მოსწავლე“. წელსაც კარგი მოლოდინი გვქონდა. ლელა ლევერაშვილი, რომელიც მე-3 საპრიზო ადგილის მფლობელია არის საუკეთესო მოსწავლე. საბაზოს საფეხურის კურსდამთავრებული. მან, ასევე ჩემი პირველი კომპიუტერის პროგრამის ფარგლებში, პორტაბელური კომპიუტერი დაიმსახურა. აქტიურად მონაწილეობს სასკოლო კონფერენციებში, რეგიონულ და რესპუბლიკურ კონკურსებში. აქედან გამომდინარე მისგან კარგი მოლოდინი გვქონდა, მაგრამ მოულოდნელობის ეფექტი ამ ყველაფერს მაინც ახლავს ხოლმე. მჯობნის მჯობნი არ ილევა, კონკურსში საუკეთესო მოსწავლეები მონაწილეობდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ბევრად უფრო სასიხარულოა, რომ რჩეულ მოსწავლეთა შორის მან საპრიზო ადგილი ღირსეულად დაიკავა. მადლობა ეტალონის მთელ ჯგუფს, ბატონ გოჩას და ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვნის ჩვენი მოსწავლეების წარმატებულად წარმოჩენაში. სასიამოვნოა, რომ ჩვენი თანამშრომლობა „ეტალონთან“ მრავალი მიმართულებით გაგრძელდება.
ლეილა ლევერაშვილი, მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:
წლებია მე ვარ „ეტალონის“ პედაგოგი და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ბავშვები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ამ პროექტში. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ წელს მეტად აქტიურები იყვნენ წინა წლებთან შედარებით. ჩვენი მოსწავლისგან, ლელასგან წარმატების მიღწევის მოლოდინი გვქონდა, რა თქმა უნდა. ლელა ერთ-ერთი გამორჩეული ათოსანი, აქტიური მოსწავლეა, ასევე არის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ კანდიდატი. ის სხვადასხვა პროექტებში, კონკურსებში ყოველთვის აქტიურად ერთვება, სადაც წარმატებას აღწევს.
ლელა ბადურაშვილი - მესამე ადგილზე გასული მოსწავლე, მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლა:
რა თქმა უნდა, ვემზადებოდი ჩემპიონატისთვის, რადგან მე-3 ტურში გადავედი ეს ეტაპი მეტად საპასუხისმგებლო იყო, ვიდრე დანარჩენი ორი ტური. ჩემპიონატამდე ვცდილობდი, წამეკითხა ბევრი წიგნი, გავცნობოდი ინფორმაციებს, რაც გამომადგა. ეტალონმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა და თავდაჯერებულობა შემმატა. „ეტალონში“ ძალიან აქტიურად ვარ ჩართული, მე-8 კლასიდან ყოველ წელს ვიღებ მონაწილეობას. თუმცა, მე-3 ტურში პირველად გავედი. ამდენ ნიჭიერ ბავშვთან ერთად, რომ მომიწია მონაწილეობის მიღება ეს ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო იყო.
ასევე იხილეთ:
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...