მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
3 აგვისტოს, როდესაც რაჭაში, შოვში, საშინელი ტრაგედია დატრიალდა - მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა კურორტი მთლიანად წალეკა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იქ სკოლის მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ.
მოგვიანებით გაირკვა, რომ შოვის ტყეში რუსთავის კერძო სკოლა „რეცას“ მოსწავლეები იყვნენ დაბანაკებულნი. საბოლოოდ, 60 მოსწავლე და მათი მასწავლებელი სტიქიას უვნებლად გადაურჩნენ.
ბავშვები შოვის ტყეში სკოლის დირექტორმა, ვახტანგ აბაიშვილმა წაიყვანა. როგორც ის etaloni.ge-სთან ყვება, მოსწავლეებისთვის საზაფხულო ბანაკს, 2004 წლიდან დღემდე, ყოველ ზაფხულს, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში აწყობს.
- ბატონო ვახტანგ, 60 მოსწავლე რა მიზნით გყავდათ რაჭის ტყეში წაყვანილი?
- 2004 წლიდან მიმყავს ბავშვები სხვადასხვა ადგილას და იქ ვაწყობთ ბანაკებს ჩვენი კარვებით, ჩვენი გენერატორით, სამზარეულოს მოწყობილობით, ჩვენი ტრანსპორტით და ა. შ. ასე, დავდივართ რაჭაში, სვანეთში, ჯუთაში, ლანჩხუთში, ხევსურეთში...
- რა ხდებოდა შოვში იმ დღეს და როგორ გადაურჩით თქვენ და თქვენი მოსწავლეები საშინელ სტიქიას, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა?
- ჩემი 60 მოსწავლე მყავდა წაყვანილი. შოვის ზემოთ ვიყავით დაბანაკებულები, სადაც მდინარის წყალი ვერ ამოაღწევდა. მე კარავს ისეთ ადგილას არ გავშლი, სადაც შეიძლება, რაიმე საფრთხე დაემუქროთ ბავშვებს, თუმცა 21 მოსწავლე იმ დროს უძირო ტბაზე იმყოფებოდა, დანარჩენები კი ტყეში, ბანაკში. წინ და უკან დავრბოდი, რომ რაციით დავკავშირებოდი. ცოტა დაბლა ჩამოვედი, ტბაზე მყოფებს რომ დავლაპარაკებოდი და უკან ვეღარ დავბრუნდი, დაბლა დავრჩი. როცა საბოლოოდ გავარკვიე, რომ ყველა კარგად ვიყავით, მაშინვე გავავრცელე ინფორმაცია და მშობლებს შევატყობინე, კარგად ვართ და არ იდარდოთ-მეთქი. მეორე დღეს ვერტმფრენმა გადმოაფრინა ჩვენი მოსწავლეები ტყიდან.
ჩვენი სკოლის ოთხი მანქანა იქ, ტყეში დარჩა და ჩამოსაყვანია. როგორც კი გზა გაიხსნება,დავიბრუნებთ მანქანებს.
- რა ნახეთ სტიქიისას თქვენი თვალით?
- ღვარცოფი რომ მოდიოდა, იმას ვუყურე და გადაღებულიც მაქვს - ავტომანქანები და კოტეჯების სახურავები მოჰქონდა...
- ბავშვები გებარათ. ალბათ ძალიან ინერვიულეთ მათ გამო...
- ჩემი ყველა მოსწავლე სამშვიდობოს იყო და და მათ არაფერი შეხებიათ. როგორც გითხარით, ისეთ ადგილას კარავს არ გავშლი, სადაც რაიმე მცირე საფრთხე მაინც არსებობს. სვანეთში ისეთ ადგილას გავშალეთ კარავი, 5 კილომეტრს გავდიოდი წყლის მოსატანად და ეს მაშინ, როცა შემეძლო, მდინარესთან დავბანაკებულიყავით, მაგრამ მთავარია, ბავშვები დაცულები იყვნენ. ძალიან ფრთხილი ვარ ამ საკითხში. სანამ ბავშვებს წავიყვან, ჩავდივარ, იმ ადგილს ვათვალიერებ და მერე მიმყავს ბავშვები.
- შოვის ტყე საშიში არ არის? გარეული ცხოველები არ არიან?
- დათვი არის რაჭაში, მაგრამ საშიში არ არის, რადგან დათვი შენთან არ მოვა, შენ თუ მიხვალ, იმ შემთხვევაში დაგესხმება თავს და ეს იციან ჩემმა მოსწავლეებმა.
- ასეთი ბანაკის მიზანი რა არის?
- „პატარა უფლისწული“ ხომ გაქვთ წაკითხული? ეგ არის მიზანი - ურთიერთობები. ასე ერთმანეთს ვეფერებით, ერთმანეთზე ვზრუნავთ, ურთიერთობას სწავლობენ ბავშვები. ცხოვრება უნდა ასწავლო ბავშვს. უფრო სწორედ, კი არ უნდა ასწავლო, უნდა დაანახო!
- გოგონებიც დაგყავთ?
- რა თქმა უნდა?! მშობლების გარეშე დავდივართ. გოგონები ამზადებენ საჭმელს, ბიჭები ქვაბებს რეცხავენ და ა. შ. პირველკლასელებიც კი დამყავს სწორედ ასეთი ცხოვრების სასწავლებლად.
- რამდენი დღით დაგყავთ ასე, ბანაკად ბავშვები?
- ორი კვირით ან 12 დღით. ახლა არ დაგვცალდა, 9 დღე გამოგვივიდა. გენერატორი, სინათლე, სამზარეულო, პროდუქტები... ყველაფერი მიგვაქვს. ახლაც ყველაფერი გვქონდა წაღებული. ჯუთაშიც ვაპირებდით წასვლას, მაგრამ იქაც გზა ყოფილა გაფუჭებული და სანამ არ გავარკვევ, რომ უსაფრთხოა ყველაფერი, მანამდე არ წავიყვან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას