სიახლეები
სიახლეები

15 წელი აგვისტოს ომიდან - „ვითომ ისევ ცოცხლები ჰყავს ორივე და ვითომ ისევ ბედნიერია თავისი პატარა, ლამაზი ოჯახით“
08-08-2023
-
+


ოკუპირებული ტერიტორიები, მოუშუშებელი ჭრილობები და 15-წლიანი ომის ქრონიკა... ასეთ დროს სიტყვები ზედმეტია. etaloni.ge წარმოგიდგენთ მინიატურას, რომელიც აგვისტოს და ზოგადად ომის ტრაგედიას ზუსტად ასახავს:

„ ცეცხლი დალიოს შენმა პირმა, მე რო მთელი დღე გასული ვარ და ბავშვი შენ იმედზე მყავს დატოვებული, ეგრე უნდა ისხამდე უაზროდაა?! დღეს მაინც ნუღა დალევ, ასრუტუნებდა წუხელ ბავშვსა და სიცხემ არ მისცეს, მეშინია. რო გაიღვიძებ და აბრძანდები კიდე, ყიყლიყოები შევწვი და ჭამეთ ორივემა. მერე სუპია მაცივარში და ის გააცხელე. პაპიროსიც ამოგიტანე, ოღონდ გაფრთხილებ, აქაურობა აღარ გაბუღო, ხო უნდა შეიგნო, რო ბავშვია სახლში ან რას იკლავ თავსა, შენ მოწიე ცეცხლი“...

ლილიმ ბუტბუტით შემოდგა ყიყლიყოებიანი ლანგარი ქათქათასუფრიან მაგიდაზე, ორი თეფში მიუწყო ლამაზად, ხელსახოცებით და ჩანგლებით, სიგარეტის კოლოფიც იქვე დადო, მერე ახალგარეცხილი პატარა კაბები ამოიღო ტაშტიდან, დედა გენაცვალოს შენ, ჩემო ჭიკჭიკა გოგოო, სახეგანათებულმა ჩაულაპარაკა ჩუმად და სარეცხის თოკზე გადაფინა ჭრელი პეპლებივით.

ცოტა ხანს კიდევ იტრიალა ოთახში ფეხისწვერებზე, ბოლოს თოკზე ასხმული თმის სარჭები, ნემსის შეკვრები თუ პატარა სარკეები ჩამოიკიდა, უზარმაზარი, უჯრულა ჩანთაც აიღო, კარი ჩუმად გაიხურა და მეზობელს მიუკაკუნა.

- შენ შემოგევლე, მარინე დეიდა, შეეხვეწა კარში ჩამდგარ ასაკოვან ქალს, ჯერ სძინავთ და იქნებ დახედო მერე ჩემებსა, ასრუტუნებდა ნუციკოს წუხელ და სიცხემ არ მისცეს, მეშინია.

- ნუ გეშინია, გოგო, ნუ ხარ ფეთიანი, ნერვებს გაუფრთხილდი მეთქი, ათასჯერ მითქვამს. მე აქ არა ვარ, მისცემს და ნინელი ექიმს გადმოვუყვან მაშინვე, თან დატუქსა, თან თბილად გაუღიმა ქალმა.

- შენ გაიხარე, ჩემო მარინე დეიდა, ცისფერი, სივრციანი თვალები გაუნათდა ლილის, ნეტა გვერდიგვერდ რო არ შემოვესახლებინეთ, რა მეშველებოდა. მე რო ეზო-ეზო დავწანწალებ ორი კაპიკისთვის, შენ იმედად ვტოვებ ბავშვსა, თორე, აბა, მართლა ჩემი ქმრის იმედი სადღა მაქვს, ლამისაა გალოთდეს. თან მეცოდება, შენც იცი, რა ბიჭი იყო და როგორ უძღვებოდა ოჯახსა, მაგრამ ყველა ერთნაირად ხო ვერ იტანს დარდს და ვარამს, ერთ წამში დაგვიმარხა ამხელა სახლ-კარი ომმა.

- ვიცი, ლილი, ყველაფერი ვიცი, გენაცვალოს მარინე. წადი ახლა, თუ მიდიხარ და მშვიდად იყავი, არაფერს გავუჭირვებ შენებსა, გაუღიმა ისევ მარინემ.

- კარგი აბა, ჩემო მარინე დეიდა, გაუღიმა ლილიმაც და კიბეზე დაეშვა, მერე უცებ მოტრიალდა, არ იცი, რა მირჩია ერთმა ქალმაა ჩემი კლიენტი როა, აი, ნუციკოსთვის რო მაძლევს ხოლმე ლამაზ კაბებს. მოსიარულე ბაზრობასავით რო ხარ და სახელიც შესაფერისი გქვია, ადექი და ბარემ ლილის ბაზრობა დაირქვი, ვითომ ლილოს ბაზრობააო. ეგ არის მარკეტინგი და რეკლამაო. ეგრე არქმევენ ფირმები და ასაღებენ საქონელსაო. ჰოდა, დღეს უნდა მოვსინჯო. თუ გაამართლებს, ველოსიპედით გავახარებ ჩემს ჭიკჭიკა გოგოსა და ვალასაც ახალი ბოტასები უნდა ვუყიდო, სულ შემოეფლითა და ჩუსტებით ასეირნებს ბავშვსა. ლილი კიბეებზე დაეშვა და მალე შორიდან მოისმა მისი ენერგიული ხმა.

- აბა, ლილის ბაზრობაა, ლილის ბაზრობაა. მარინე ლილის ხმას უგდებდა ყურს ჩაფიქრებული, მერე, ეს ხმა რომ მიწყდა, სახლში შებრუნდა.ცოტა ხანში კარზე მიუკაკუნეს.

- გამარჯობა, ქალბატონო, ლილის ვეძებ, აქ ცხოვრობს? ჰკითხა ახალგაზრდა, უცნობმა ქალმა.

-კი, შვილო, აგე, მანდ, მარინემ ლილის კარისკენ მიუთითა, და რატომ ეძებთ, ხომ მშვიდობაა?

- კი, კი, ჩემი გოგოს ტანსაცმელი გადავუწყვე შვილისთვის და ვიფიქრე, ბარემ მანქანით წავუღებ მეთქი, გაუღიმა ქალმა, სწრაფად დაამატა, მე ლილისგან ვყიდულობ ხოლმე რაღაცებს.

მარინე ჩაფიქრდა, მერე ლილის ბინის კარი შეაღო, მობრძანდითო, ქალს შეუძღვა. ქალმა ღარიბულ, მაგრამ გაწკრიალებულ ოთახს მოავლო თვალი, ბავშვის საწოლზე გადაფენილი კოპლებიანი კაბის დანახვაზე გაეღიმა, მარინეს მიუტრიალდა.

- ბავშვი სადაა, ლილი იმდენს მიყვება ხოლმე მასზე, რომ... მარინე ცოტა ხანს ჩუმად იყო, მერე მაგიდაზე დადებულ ორ თეფშს ფრთხილად გადაუსვა ხელი და ძლივსგასაგონად თქვა.

- არ ჰყავს ლილის ბავშვი, შვილო, არც ქმარი ჰყავს ლილის. ომის დროს ბომბი დაეცა მაგათ სახლს და ლილის თვალწინ ჩაიყოლა ორივე. ამან კიდე, გამწარებულმა, სხვა რო ვეღარაფერი მოიფიქრა, ადგა და ასე გააგრძელა ცხოვრება, ვითომ ისევ ცოცხლები ჰყავს ორივე და ვითომ ისევ ბედნიერია თავისი პატარა, ლამაზი ოჯახით.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნახატები, ასევე მათ მიერ შესრულდა ხალხური ცეკვები, სიმღერები და საგალობლები




მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში

მოსწავლეებმა საოცარი სამსახიობო ოსტატობით შეძლეს ჯადოსნური პერსონაჟების განსახიერება


საინტერესო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სიახლეები
საზოგადოება