მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თამარ გოგიშვილი ბათუმის N26 საჯარო სკოლის დირექტორია, რომელმაც საკმაოდ გრძელი, გამოწვევებით სავსე და საინტერესო გზა განვლო ლექტორობიდან სკოლის დირექტორობამდე. როგორც თავად აღნიშნავს, მეგობრულია, თუმცა საქმეში - მომთხოვნი, რისი წყალობითაც ახერხებს, მართოს მრავალრიცხოვანი კოლექტივი და ეფექტურად იმუშაოს სკოლაში არსებულ, ინკლუზიური სწავლების ცენტრში.
როგორია ეკონომისტის, ლექტორის, პედაგოგის, სპეცმასწავლებლის, ტრენერისა და სკოლის დირექტორის თვალით დანახული სასკოლო განათლება, რაშია მთავარი პრობლემები, რა სტერეოტიპული მიდგომები არსებობს და როგორია ინკლუზიური განათლება ქვეყანაში - ამ თემებზე Etaloni.ge-სთან სკოლის ხელმძღვანელი თამარ გოგიშვილი საუბრობს.
- როგორი იყო გზა ლექტორობიდან სკოლის დირექტორობამდე?
- ვფიქრობ, საკმაოდ რთული და საინტერესო, პროფესიით ეკონომისტი ვარ, ბათუმში არსებობდა დამოუკიდებელი ინსტიტუტი - „მეგობრობა“, სადაც ვიყავი ლექტორი, შემდეგ, 2001 წლიდან გავხდი ეკონომიკის პედაგოგი, მაშინ ეს სავალდებულო საგანი იყო და ვფიქრობ, რომ ახლაც ასე უნდა იყოს, რადგან ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება, ძლიერი ეკონომიკური განვითარება... საკმაოდ დიდი გზა გავიარე, სანამ დირექტორი გავხდებოდი, დავიწყე პედაგოგობით, შემდეგ N18 საჯარო სკოლაში დირექტორის მოადგილედ დავინიშნე; ეს რუსული სკოლა გახლდათ და როცა გაუქმდა, მხოლოდ რუსული სექტორები დარჩა, ჩვენი სკოლა N21 საჯარო სკოლასთან გაერთიანდა, სასწავლო ნაწილიც ვიყავი რუსულ სექტორზე... როცა რუსული სექტორიც გაუქმდა (ნამდვილად ასე იყო საჭირო), დავრჩი პედაგოგად, ვმონაწილეობდი ბევრ პროექტში, მოვიპოვე გრანტი, რომლის ფარგლებშიც სკოლა საჭირო ტექნიკით აღიჭურვა, ჯერ კიდევ, იმ დროს თანამედროვე ტექნიკა საკმაოდ დეფიციტური იყო. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო განათლებითაც დავინტერესდი, დავიწყე სწავლა და სწორედ ამ საგანმა განაპირობა ჩემი დირექტორობა. იმდენად კარგი უნარები ჩამომიყალიბა, რომ სკოლის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავება ჩემთვის სირთულეს აღარ წარმოადგენდა. 2011 წელს მოვიპოვე დირექტორობის სერტიფიკატი, ხოლო N26 საჯარო სკოლაში, 2015 წელს, დისკრეციული უფლებით დავინიშნე დირექტორად.
კრიტიკული პრობლემები არ დამხვედრია სკოლაში, კოლექტივიც ძალიან კარგი მყავს - 41 პედაგოგი და 74 თანამშრომელი. ჩვენი სკოლა განსხვავებული სპეციფიკისაა. მე ასევე ინკლუზიური სწავლების ცენტრის დირექტორი ვარ, რომელიც სკოლაშივე, პირველ სართულზე მდებარეობს. გვყავს 40 ბავშვი, სხვადასხვა დარღვევით, რომლებიც საფეხურების მიხედვით, სპეციალურ ჯგუფებში სწავლობენ. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან არის სახელობო სწავლება, სადაც დღის მეორე ნახევარში მოსწავლეები სხვადსხვა ხელობას ეუფლებიან. ამ ცენტრში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გვაქვს თეატრალური დასი - „ცისარტყელა“ და ყველა წელს ვდგამთ სპექტაკლებს, სადაც როგორც ტიპური, ასევე არატიპური განვითარების ბავშვები მონაწილეობენ. მე სპეცმასწავლებელიც ვიყავი, ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენერი ვარ ამ მიმართულებით და ძალიან სიმბოლურია, რომ სწორედ ამ სკოლისა და ცენტრის დირექტორი გავხდი.
- როგორ შეაფასებთ ინკლუზიურ განათლებას საქართველოში და რა გამოწვევაა ეს პედაგოგებისთვის?
- ჩემის სკოლის მაგალითზე რომ გითხრათ, ინკლუზიური განათლება ნამდვილად ისეთ დონეზეა, როგორც საჭიროა, მაგრამ ნებისმიერ სკოლაში სპეცმასწავლებელი იმდენად გადამზადებულია, რომ პროფესიონალურად თუ არა კვალიფიციურად მაინც მიუდგება მოსწავლეებს. მართალია, ნელ-ნელა მივიწევთ წინ, რომ დაინერგოს ამ ბავშვებისთვის შესაფერისი სწავლება, მაგრამ ის პედაგოგები, რომლებსაც შევხვედრილვარ, არიან მოტივირებულები და საკმაოდ კარგ შედეგებსაც დებენ. საქართველოში ერთადერთი სკოლა ვართ, სადაც სახელობო სწავლებაა და ეს ჩვენთვის დიდი გამოცდილებაა, პედაგოგები ერთმანეთს ვეხმარებით განვითარებასა და მოსწავლეებთან საუკეთესო შედეგებზე გასვლაში.
სკოლაში გვყავს: 2 ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ლოგოპედი, ექიმი, ექთანი და ასისტენტები, 19 თანამშრომელი მხოლოდ ამ ბავშვებზეა მიმაგრებული და მათ ემსახურება. ჩემი სკოლა ადაპტირებულია და ყველანაირი რესურსი გვაქვს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. იმედია, მომავალში ყველა სკოლა ასე იქნება.
- რამდენად ინტეგრირდებიან განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები კლასებში?
- ჩვენ ცენტრში, რომელსაც სრულად აფინანსებს აჭარის განათლების სამინისტრო, მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობენ და ინტეგრაციის პრობლემა არ არის. სკოლაში, როგორც ყველგან, გვყავს 33 ასეთი მოსწავლე, თუმცა არც სკოლაში დგას ეს პრობლემა, კომუნიკაცია და ურთიერთობა ყველასთან ერთნაირია, როგორც მოსწავლეებს შორის, ასევე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის. შემიძლია ვიტრაბახო - ჩემს სკოლაში ყველა თანაბარია და არ არსებობს მსგავსი სტერეოტიპული მიდგომები.
- რას გვეტყვით სტიგმაზე, როგორია მშობლების დამოკიდებულება ასეთი ბავშვების მიმართ?
- ადრე, როცა დავიწყე ამ სკოლაში მუშაობა, მწვავედ იდგა ეს პრობლემა, მაგრამ წლებია, უკვე არ გამოთქმულა პროტესტი, თუ რატომ უნდა სწავლობდნენ ტიპური და არატიპური განვითარების მოსწავლეები ერთად... თითქოს მეტად ჰუმანური და ტოლერანტული გახდა საზოგადოება, ჩემი სკოლის მაგალითზე ნამდვილად ასეა. მიხარია, რომ ამ პრობლემას აღარ ვაწყდებით და მშობლებსაც გააზრებული აქვთ, რომ ეს ბავშვებიც ჩვეულებრივები არიან და უნდა აღვიქვათ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ამ თემაზე და მიხარია, რომ ამან შედეგი გამოიღო.
- სპეცმასწავლებელიც ბრძანდებით... ის რომ მხოლოდ გამოცდაა საჭირო სპეცმასწავლებლად მუშაობისთვის, რამდენად მისასალმებელია თქვენთვის?
- არ მივესალმები, რადგან ჩემი აზრით, ამ სფეროში პრაქტიკული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, მებაღემ ჩააბაროს გამოცდა და გახდეს სპეცმასწავლებელი - ვფიქრობ, რომ არასწორია! ამ სფეროში მინიმალური ცოდნა მაინც უნდა ჰქონდეთ, რადგან ამ ბავშვებთან პრაქტიკული გამოცდილების გარეშე მუშაობა შეუძლებელია! მხოლოდ თეორია არ არის საკმარისი, თუნდაც ტრენინგები უნდა ჰქონდეთ გავლილი და იცოდნენ ექსპერიმენტალური მიდგომები.
- დიდი ხანი არაა, რაც სპეცმასწავლებლები პედაგოგებთან გაათანაბრეს და სტატუსის მიღების უფლება მიეცათ... რა შეიცვალა ამით?
- პირველ რიგში მოტივაციაა მასწავლებლებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ანაზღაურების მატება, ზრდის ხარისხსაც, რადგან იაზრებ, რომ შრომა გიფასდება.
- არსებობს ქვეყანაში სპეცმასწავლებლების დეფიციტი?
- არის და ვფიქრობ, ნამდვილად საჭიროა კადრების გაზრდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მეტი ადამიანური რესურსი. ევროპის პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი დარღვევის მოსწავლეს, ინდივიდუალურად ჰყავს მასწავლებელი, ჩვენ კი, ასისტენტის აყვანა გვჭირდება. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემას დიდი ყურადღება მიექცეს.
- საკმაოდ ბევრი თანამშრომელი გყავთ... როგორ უმკლავდებით ამხელა კოლექტივის მართვას?
- კომუნიკაბელური ვარ და მიყვარს ადამიანები, საქმეში მომთხოვნიც ვარ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გადავაჭარბებ ჩემს ფუნქციას, არასდროს მქონია ავტორიტარული მიდგომა. ვარ მეგობრული და ასეთი დამოკიდებულებით, შემიძლია მივუთითო თანამშრომლებს თავიანთ მოვალეობებზე, არასდროს მქონია კონფლიქტი თანამშრომლებთან, თუმცა მშობლებთან ყოფილა ასეთი შემთხვევა.
- რამ გამოიწვია მშობლებთან უთანხმოება და როგორ მოაგვარეთ?
- მშობელს და მასწავლებელს შორის იყო, ასევე მშობელსა და მეორე მშობელს შორის, ასეთ დროს შემიძლია პრობლემის გადაჭრა ისე, რომ არც ერთი მხარე არ დარჩეს „დაჩაგრული“. მშობელი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული სასწავლო ცხოვრებაში, ისინი არ უნდა საუბრობდნენ უარყოფითად რომელიმე მასწავლებელზე დაკვირვების გარეშე, არ უნდა ითხოვდნენ ზედაპირულად მათ განთავისუფლებას, ხშირია ასეთი ფაქტები, ასეთ შემთხვევაში მე მშობლებს მოვუწოდებ დაესწრონ გაკვეთილებს, შეაფასონ მასწავლებლები, დააკვირდნენ თავიანთ შვილებს და ამის შემდეგ საფუძვლიანად და არგუმენტირებულად განსაჯონ თითოეული პედაგოგი, მოგვცენ რჩევები და ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ. მოხარული ვიქნები, რომ ტრენინგები ჩაუტარდეთ მშობლებსაც.
- რა ტიპის ტრენინგებს გულისხმობთ და როგორ გგონიათ, ექნებათ მზაობა?
- მაგალითად პირველკლასელების მშობლებს ჩაუტარდეთ პატარა ტრენინგები, თუნდაც კლასის დამრიგებლების ხელმძღვანელობით, რათა გაეცნონ სკოლის მოთხოვნებსა და თავიანთ მოვალეობებს, უფლებები ტრენინგების გარეშეც ყველამ კარგად იცის. მზაობას, რაც შეეხება ალბათ უკეთესია თუ ამას ტრენინგს არ დავარქმევთ, რადგან შეიძლება აღარც გაუჩნდეთ მოსვლის სურვილი, აუცილებელია მშობლებთან, ამ ტიპის ხშირ შეხვედრები. ერთად უნდა შევუქმნათ მოსწავლეებს განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, მით უმეტეს ახლა ისეთი თაობა მოდის მაქსიმალურს ითხოვენ, თუმცა თავად რა უნდა გააკეთონ, ავიწყდებათ ხოლმე.
- ახალ თაობაზე ვსაუბრობთ... რა ძირითადი განსხვავებას ხედავთ თქვენსა და ახალ თაობას შორის?
- როცა მოსწავლე ვიყავი, დირექტორის კაბინეტი საერთოდ არ ვიცოდი, სად იყო, ჩემი კარი კი ყოველთვის ღიაა და მოსწავლეები ნებისმიერ საკითხზე მომმართავენ, თან საინტერესოდ მეძახიან - „დირექტორო-მას“, არასდროს მომწონდა ჩვენს დროს ამხელა დისტანცია რომ იყო და ჩემს შემთხვევაში ასე არ არის და მიხარია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მომთხოვნი ვარ და ბავშვებთან ურთიერთობაში სიმკაცრესაც ვამჟღავნებ. თუმცა განვმეორდები, დღეს ახალმა თაობამ, უფლებები მეტად იცის, ვიდრე მოვალეობები. ჩვენ, დერეფანში მასწავლებლის დანახვაზე კედელთან ვიტუზებოდით, ახლა პირიქითაა, თავს ვარიდებთ მოსწავლეებს, რომ არ „გაგვიტანონ“.
- რამ განაპირობა მოსწავლეების ასეთი „სითამამე“?
- სწორედ იმან, რომ ისინი თავიანთ უფლებებს იცნობენ და ეცნობიან, თვლიან, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რასაკვირველია მოსწავლეების უფლებები არ უნდა იყოს დარღვეული, მაგრამ ამის სწორი გააზრება უნდა მოხდეს. ჩვენ ვცდილობთ მოსწავლეებს მივაწოდოთ ინფორმაცია, გავაცნოთ სკოლის შინაგანაწესი, მოვალეობებზეც ვესაუბროთ, პატივისცემა და კულტურა ვასწავლოთ. ჩვენ სკოლაში დავამკვიდრეთ მოსწავლეებთან ერთად წესების შემუშავება და მინდა გითხრათ, რომ საინტერესო აღმოჩნდა მათთვის და გაამართლა კიდეც.
- ქალბატონო თამარ, როგორც ყოფილი ლექტორი, ფიქრობთ, რომ სკოლა მოსწავლეებს უვითარებს იმ უნარებს, რაც საჭიროა უმაღლეს სასწავლებლებში?
- წელს ჩემი სკოლის ყველა კურსდამთავრებულმა ჩააბარა, თუმცა ისინი რეპეტიტორთან ემზადებოდნენ, იმის განცდა არ მაქვს, რომ ჩემი პედაგოგები არაკვალიფიცირებულები არიან და ვერ აწვდიან მოსწავლეებს სათანადო ცოდნას, ეს უბრალოდ, მშობლის მენტალობაა. მაქვს პრაქტიკაში შემთხვევა, როცა მოსწავლემ, მხოლოდ სასკოლო განათლებით, 70%-იანი გრანტით, ჩააბარა სასურველ უნივერსიტეტში და იყო საკმაოდ წარმატებული სტუდენტი. თუმცა ეს, პირველ რიგში ბავშვის უნარებზეა დამოკიდებული, ჩვენთან ფიქრობენ, რომ ყველას სჭირდება რეპეტიტორი.
- როგორ ფიქრობთ, რა არის ამის გამოსწორების გზა?
- ზოგადად მგონია, რომ უმაღლეს სასწავლებელს ყველა არ უნდა ამთავრებდეს, მეც, როგორც მშობელს მინდოდა, ჩემს შვილებს უმაღლესი განათლება მიეღოთ, მაგრამ ვთვლი, რომ პროფესიულ სასწავლებლებსა და კოლეჯებს მეტი ყურადღება უნდა ეთმობოდეს. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის უფლება, როცა მათ ეცოდინებათ, რომ მე-9 კლასის შემდეგ კონკრეტული პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა ექნებათ, ვფიქრობ ინტერესიც გაუჩნდებათ და მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის მათი, რესურსი. დღეს ბევრი დიპლომიანი გვყავს, რომლებიც ვერ რეალიზდნენ, თუმცა არ გვყავს ვიწრო სპეციალისტები.
- ის, რომ პროფესიული სასწავლებლები არ არის აქტუალური, ძველმა, სტერეოტიპულმა დამოკიდებულებამ განაპირობა?
- დიახ, სწორად ასეა, პროფტექნიკური აქვს დამთავრებულიო, რომ გაიგებდნენ ყოველთვის გულისწყვეტით დააყოლებდნენ - „უის“. ხშირად გადავდივარ თურქეთში და გაკვირვებული ვარ, ერთ კონკრეტულ ქალაქში, რამდენი კოლეჯია და რამდენად ექცევა ყურადღება ვიწრო სპეციალობებს. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკურად თურქეთი საკმაოდ ძლიერი ქვეყანაა და ამის განმაპირობებელი ყოველთვის არის განათლება და შესაბამისი დარგის სპეციალისტები ქვეყანაში.
- როგორ უნდა მოხდეს პროფესიული სასაწავლებლების პოპულარიზაცია და როგორ დავაღწიოთ თავი ამ სტერეოტიპულ შეხედულებებს?
- მე ჩემი მოსწავლეები დამყავდა ქობულეთის ერთ-ერთ პროფსასწავლებელში, სადაც ისინი სწავლების სპეციფიკას ეზიარებოდნენ, სხვადასხვა სპეციალობას ეცნობოდნენ და ინტერესიც უჩნდებოდათ - სწორედ ამით უნდა მოხდეს პოპულარიზაცია, განვითარებული ქვეყნების მაგალითს უნდა ვიღებდეთ და სტერეოტიპულ აზროვნებასაც დავაღწევთ თავს.
- და ბოლოს, მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება, რა მოლოდინი და გეგმები გაქვთ?
- დადებითი მოლოდინები გვაქვს. ვაპირებთ, რომ აქტიურად ჩავერთოთ, იმ პროექტებში, რომლებიც ჩვენი სკოლის განვითარებასა და წინსვლას შეუწყობენ ხელს. მთავარი სიახლე ისაა, რომ განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, რებილიტაცია უკეთდება საპირფარეშოებს და ვიმედოვნებთ, რომ მოესწრება სკოლის დაწყებამდე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...