სიახლეები
სიახლეები

ზაზა თელია: „სკოლამ შრომისმოყვარეობა და დისციპლინა მასწავლა, დღემდე ვერ ვიტან საქმის გადადებას“
07-09-2023
-
+


ცნობილი დერმატოლოგი, ზაზა თელია ამბობს, რომ სიმკაცრით გამორჩეულ სკოლაში სწავლობდა და პირველი კლასიდან დაწყებული, დამამთავრებელი კლასის ჩათვლით, გამოცდების ჩაბარება უწევდა. მიაჩნია, რომ თვითონ შრომისმოყვარე უფრო იყო, ვიდრე ნიჭიერი.

ზაზა თელია ასევე ცნობილი ექიმის, ალერგოლოგ-იმუნოლოგის, დავით თელიას შვილია. დედაც პედიატრი ჰყავს. როგორც ამბობს, ექიმობის გარდა, ფეხბურთელობაზე ფიქრობდა, თუმცა ბოლოს მაინც ოჯახურმა ტრადიციამ გადაწონა.

ზაზა თელიას etaloni.ge ბავშვობაზე, სკოლაზე და პროფესიის არჩევაზე ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, როგორ გახსენდებათ ბავშვობა და სკოლაში სწავლის პერიოდი?

- ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. დიდ ოჯახში გავიზარდე. გარდა დედისა და მამისა, ჩვენთან ერთად ბებია, ბაბუა და მამიდა ცხოვრობდნენ და ჩემი და ჩემი ძმის აღზრდაში ისინიც მონაწილეობდნენ. ჩემი ძმისგან განსხვავებით, ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი და უფრო მეტ შენიშვნას ვიმსახურებდი.

ვსწავლობდი ცნობილ სკოლაში, რომელსაც „ბალავარი“ ერქვა. შემდეგ 52-ე სკოლად გადაკეთდა. გაძლიერებული მათემატიკური სკოლა იყო და სიმკაცრით გამორჩეული. შესაბამისად, პირველი კლასიდან მოყოლებული, ურთულესი გამოცდები გვიტარდებოდა და გამოცდებს იმ დროიდანვე ვიყავი შეჩვეული.

ნიჭიერ ბავშვად არ ვითვლებოდი და არც მე ვთვლიდი, რომ ნიჭიერი ვიყავი. უფრო შრომისმოყვარე გახლდით. დიდ სირცხვილად მიმაჩნდა, გაკვეთილზე მასწავლებელს რამე ეკითხა და მე მეთქვა, რომ არ ვიცოდი.

- ამ გადასახედიდან როგორ თვლით, სიმკაცრე აუცილებელია?

- სიმკაცრე ძველებური მიდგომაა. მე 1989 წელს დავიბადე და 90-იან წლებში ვსწავლობდი სკოლაში. მაშინ სიმკაცრე გადაჭარბებული იყო და მათ შორის, ჩვენს სკოლაშიც. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი. რაციონალური მიდგომაა უფრო გამართლებული - ბავშვსა და მასწავლებელს შორის კომუნიკაცია უფრო სხვაგვარი უნდა იყოს, ვიდრე სიმკაცრეზე დაფუძნებული. პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა ბევრად მეტი სიკეთის მომტანი მგონია.

- მშობლებიც მკაცრი გყავდათ?

- დედა - არა, მამა კი. მამა ჩემს სწავლაში არ ჩარეულა, მაგრამ ზოგადად მკაცრი იყო. დედა ყოველთვის გვიცავდა და გვათამამებდა და ვფიქრობ, მშობლების ეს ხასიათი ერთმანეთს აბალანსებდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შენ როგორი განწყობა გაქვს სწავლის მიმართ. არიან უაღრესად ნიჭიერი ბავშვები. ასეთი კლასელები მეც მყავდა, რომლებიც იმის მეათედ დროს ხარჯავდნენ რომელიმე გაკვეთილის სწავლაზე, რასაც მე, მაგრამ...

- მაგრამ თქვენ უფრო ბევრს მიაღწიეთ, ვიდრე სხვებმა...

- დიახ, დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, უფრო მეტს მიაღწია იმან, ვინც უფრო მეტი იშრომა. ნიჭიერება, რა თქმა უნდა, ბევრს ნიშნავს, მაგრამ მხოლოდ ნიჭიერებით წარმატების მიღწევა შეუძლებელია, თუ შრომაც არ ჩადე. შესაბამისად, პირველ ადგილზე შრომა უფრო დგას, ვიდრე ნიჭიერება.

- რა ნიშნებზე სწავლობდით?

- ჩემს დროს უკვე 10 ბალიანი სისტემა იყო და 5-იანი ითვლებოდა 2-იანად, 6 და 7 – 3-იანად. 8-იანი და 9-იანი 4-იანად და 5-იანი იყო 10 ქულა. იყო გარკვეული საგნები, რაშიც 10 ქულა მქონდა და იყო საგნები, რაშიც 8 და 9-იანები მყავდა. 7-იანი, ფაქტობრივად, არცერთ საგანში არ მქონია. შეიძლება, რაღაც ეტაპებზე სწავლა არც მე მინდოდა, და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან ბევრ თინეიჯერს გამოუცდია, მაგრამ იმდენად მეუხერხულებოდა და მრცხვენოდა მოუმზადებელად სკოლაში წასვლა, მაინც ყოველთვის ვსწავლობდი.

- რომელი საგნები გიყვარდათ და საგნის სიყვარული იმაზე თუ არის დამოკიდებული, უყვარს თუ არა მოსწავლეს მასწავლებელი?

- რა თქმა უნდა, მასწავლებელზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე მეტად მიყვარდა გეოგრაფია, მერე -  ბიოლოგია და ისტორია. ინგლისურ ენას საგნად არც ვთვლიდი, რადგან აუცილებელ პირობად მიმაჩნდა ამ ენის ცოდნა. ინგლისურში პირველი კლასიდან სხვა მასწავლებელთანაც ვემზადებოდი.

გეოგრაფიაში ისეთი მასწავლებელი მყავდა, დღემდე საუკეთესო ურთიერთობა რომ გვაქვს. ყველა სხვა მასწავლებლისგან გამოირჩეოდა რაღაც ისეთით, ვერც რომ აღვწერ.

საერთო ჯამში, სკოლამ ბევრი რამ მომცა - შრომისმოყვარეობა და დისციპლინა მასწავლა. ის დისციპლინა დღემდე გამომყვა. ვერ ვეგუები და ვერ ვიტან საქმის გადადებას, მოუმზადებლობას. რაღაც რომ გასაკეთებელი მაქვს, ვერაფრით გადავდებ და ეს სწორედ სკოლის დამსახურებაა!

- პროფესია როგორ აირჩიეთ, როგორ გახსოვთ აბიტურიენტობა?

- თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო კოლეჯი ფუნქციონირებდა. მე-8 კლასი რომ დავამთავრე, ჩავაბარე ამ კოლეჯში. პირველ კურსზე სწავლა რომ დავასრულე, კოლეჯიც დაიშალა. ამასთან დაკავშირებით სტუდენტთა აქციებიც იმართებოდა მაშინ, მაგრამ მოხდა ისე, რომ ვინც იქ გადავედით სასწავლებლად, ისევ სკოლაში დავბრუნდით და დავასრულეთ. ჩემი კლასიდან იმ კოლეჯში 4 მოსწავლე გადავედით და მერე ოთხივე უკან დავბრუნდით. მაშინ 11 კლასი იყო. თავიდან დავიწყეთ მომზადება ეროვნული გამოცდებისთვის...

ჩემი პროფესიის არჩევაზე ოჯახმა იქონია გავლენა. გარშემო აბსოლუტურად ყველა ექიმი მყავდა. სიმართლე გითხრათ, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, პირველი ოთხი წელი არც ვიცოდი, რა მინდოდა. ძალიან ძნელია სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა. მე-4 და მე-5 კურსზე ყოფნისას უკვე ჩამოვყალიბდი, რა მინდოდა. დღევანდელი გადმოსახედიდანაც ვფიქრობ, რომ თუ არა ექიმი, სპორტში უნდა წავსულიყავი. ფეხბურთს ვთამაშობდი, მაგრამ დიდად გამორჩეული არ ვიყავი ამ მხრივაც. შრომისმოყვარე კი ვიყავი, მაგრამ ნიჭიერი - არა. ფეხბურთი და სხვა სპორტი ისეთი რამაა, ზედმეტად უნდა გაგიმართლოს, რომ თავი გამოიჩინო. შეიძლება შრომისმოყვარე იყო და არა - ნიჭიერი, მაგრამ შრომისმოყვარეობასთან ერთად გამართლებაც გჭირდება. 24 საათი უნდა დაუთმო სპორტს, რომ რამეს მიაღწიო.

7 წლის ასაკიდან დავიწყე ფეხბურთის თამაში და გარკვეულ გუნდებშიც ვთამაშობდი. 14-15 წლის ასაკიდან მინი ფეხბურთზე, დარბაზის ფეხბურთზე გადავერთე და საკმაოდ კარგად ვთამაშობდი. მერე უკვე, როდესაც უნივერსიტეტში სწავლა დავიწყე, ნელ-ნელა ჩამოვშორდი ფეხბურთს, თუმცა სპორტი და ფიზიკური აქტივობა არასოდეს შემიწყვეტია. დღემდე, კვირა არ გასულა, რომ არ მევარჯიშა.

- რატომ აირჩიეთ დერმატოლოგია, რით არის მედიცინის სხვა დარგებისგან გამორჩეული?

- დერმატოლოგია მამამ მირჩია და მეც დავუჯერე. გაამართლა და ნამდვილად არ ვნანობ, რომ ეს სფერო ავირჩიე. ეს უაღრესად საინტერესო, უაღრესად რთული და დიდი სფეროა, რომელსაც მუდმივად სჭირდება ცოდნის განახლება. ყველაზე მეტი დიაგნოზი დერმატოლოგიაში არსებობს, ვიდრე ყველა სხვა დარგში ერთად აღებული. თან, ძალიან საინტერესოა ეს დიაგნოზები, მათი დასმა, მკურნალობა... ხშირად ისეთი პაციენტი მოდის, რომელიც ყველგან და ყველასთან არის ნამყოფი და შედეგი არ აქვს, დიაგნოზს ვერ უსვამენ. ჩემთან მოდის, როგორც ბოლო იმედთან. წარმოუდგენელი ბედნიერება და მოტივაციაა მისი შველა.

- რა განაპირობებს ამ ყველაფერს - ცოდნა, ინტუიცია...

- მედიცინაში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე მთავარია, მიხვდე და იცოდე, რა წაიკითხო. შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ დიდ დროს ატარებს წიგნთან და მეც ასე ვარ, მაგრამ რას კითხულობ, ის არის მთავარი! ეს ყველაფერი ისწავლება, მაგრამ რთულად.

- თქვენ ვინ გასწავლათ?

- მამაჩემმა მასწავლა, რა წავიკითხო და რაში დავხარჯო დრო. მე შემიძლია ზუსტად 5 წუთში მივხვდე, გარკვეული ლიტერატურის წაკითხვა და მასზე დროის კარგვა ღირს თუ არა. დიდწილად ამან განაპირობა ჩემი წარმატება და ალბათ კიდევ არის ე.წ. წინათგრძნობა თუ ინტუიცია. ხშირად, მაგალითად, სუფრასთანაც კი უთქვამთ ჩემთვის, რაღაც მჭირს, ანალიზებიც გაკეთებული მაქვს, უამრავ ექიმთანაც ვიყავი, მაგრამ ჩაქნეული მაქვს ხელიო. 10-15 წუთში კი ზუსტი დიაგნოზი დამისვამს. ასე რომ, დიაგნოზის დასმა ინტუიციითაც შეიძლება და ეს, პირველ რიგში, მოდის იქიდან, რომ გაქვს ცოდნა და გარკვეულწილად - გამოცდილებაც.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

21 ივლისს გამოცდა კომპიუტერული ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილში ჩატარდება პედაგოგობის მსურველებისთვის

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილებები შეეხოთ

„გენეტიკით დაწყებული, ბოტანიკით დამთავრებული ყველა თემას ეხებოდა კითხვები“ - აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აფასებენ

იხილეთ 7 საგამოცდო საგნის ტესტი, რომლიც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა - გამოცდები 2024

აბიტურიენტმა, რომელიც მცხეთიდან მოდიოდა, გამოცდაზე დაიგვიანა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ქარცივაძე პასუხობს


სკოლები

სკოლაში ჩატარდა ესეების კონკურსი და გაიმართა საინტერესო აქტივობა - „სურვილების დაფა“ 

„ვულოცავთ ლილიტს, ყველა წარჩინებულ მოსწავლეს და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების სავალ გზაზე“

„ინოვაციური მიდგომებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსწავლეთა აღზრდასა და მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში“

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ბავშვებმა დაათვალიერეს ქუთაისი, ესტუმრნენ ბაგრატის ტაძარსა და სათაფლიას

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება