სიახლეები
სიახლეები

„მეც პედაგოგი ვარ და  მახარებს, როცა ჩემს გაკვეთილს აქებენ“ - დირექტორები მასწავლებლების მოტივაციის ამაღლებაზე საუბრობენ  
22-09-2023
-
+


მასწავლებლობა - პროფესია, რომელიც თაობების განათლებასა და მათ აღზრდას ემსახურება, თუმცა მოტივაციის გარეშე მიზნის მიღწევა შეუძლებელია. იმისთვის, რომ მასწავლებელი იყოს პროფესიონალი და პროდუქტიული, მნიშვნელოვანია ჰქონდეს მაღალი მოტივაცია. საინტერესოა რა უნდა გააკეთონ  სკოლის დირექტორებმა, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლებისთვის?

ამ კითხვით Etaloni.ge-მ  სკოლის დირექტორებს მიმართა: 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ჯემალ კვარაცხელია: 

მე, როგორც სკოლის დირექტორი და ხელმძღვანელი ყველაფერს ვაკეთებ მასწავლებლების მოტივაციის ასამაღლებლად. ვცდილობ, ჩემი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეთ, დავეხმარო სრულყოფილად წარმართონ სასწავლო პროცესი და საჭირო რესურსებით მოვამარაგო, შესაბამისად ჩემი პედაგოგები საკმაოდ მოტივირებულები არიან, რაზეც მათი მიღწევებიც მეტყველებს და ამით ნამდვილად ვამაყობ. 

ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზი რეხვიაშვილი: 

ვცდილობ, ყველა მასწავლებლის ინტერესი მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. ჩემს სკოლაში, პედაგოგები თვითონ ანაწილებენ გაკვეთილებს, ადგენენ გეგმებს, შემდეგ ერთად განვიხილავთ და საბოლოო გადაწყვეტილებას ვიღებთ - სკოლაში სრული დემოკრატია გვაქვს. მგონია, რომ მასწავლებლების წახალისებაც ძალიან  მნიშვნელოვანია, არა მარტო მოწინავე, არამედ ყველა პედაგოგისთვის. ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ მათი საქმიანობა დაფასებულია. საახალწლოდ საჩუქრებს ვუკეთებ, ვეხმარები კვალიფიკაცია აიმაღლონ და ვცდილობ, ჩავრთო ყველა ტრენინგში, რაც მათ განვითარებაში დაეხმარებათ. 

რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი შალვა ფუტკარაძე:

მნიშვნელოვანია, რომ სკოლა და ინფრასტრუქტურა იყოს იმდენად მოწესრიგებული, რომ მასწავლებლებს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის შესაძლებლობა ჰქონდეთ. პირადად მე, მაქსიმალურად ვცდილობ, ისეთი ატმოსფერო შევქმნა, პედაგოგებსაც, მოსწავლეებსაც და მშობლებსაც, სკოლაში მოსვლა გაუხარდეთ. მასწავლებლებს სჭირდებათ რესურსები, განსაკუთრებით ტექნიკა, ამაზეც ვმუშაობთ და ვცდილობთ, სკოლა მოვამარაგოთ. ალბათ, სასიამოვნო გარემო, ყველა რესურსთან ხელმისაწვდომობა, ჯანსაღი ურთიერთობა და საქმიანობის დაფასება სწორედ ის მთავარი ფაქტორებია, რაც მასწავლებლებს უმაღლებთ მოტივაციას. 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვლადიმერ შენგელია:

მოტივაცია გაიზრდება მხოლოდ იმ  შემთხვევაში, თუ ყველა მასწავლებლის მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება იქნება. დირექტორებს არ უნდა ჰყავდეთ ფავორიტები, ყველა მასწავლებელი, თავიანთი მიღწევების საფუძველზე, თანაბრად და ობიექტურად უნდა ფასდებოდნენ - როცა ასეთი მიდგომაა, ყველა მასწავლებელს უჩნდება მოტივაცია, გააკეთოს უფრო მეტი და იყოს წარმატებული, რადგან გაწეული შრომა აუცილებლად დაუფასდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთის საჯარო სკოლის დირექტორი არკადი მანუჩარიანი:

ვფიქრობ, საკმაოდ რთული საკითხია. ყველაზე კარგი მოტივაცია, მათი შრომის დაფასება და წახალისებაა, როგორც საჩუქრებით ასევე, მორალური მხარდაჭერით. მთავარია, მასწავლებლებს ჰქონდეთ ისეთი გარემო, სადაც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას სიამოვნებით შეასრულებენ. 

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კვათანის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა საკანდელიძე: 

პირადად მე, თუკი სადმე ტრენინგია ყველგან ვუშვებ ჩვენს მასწავლებლებს, ხელს ვუწყობ პროფესიულად გაიზარდონ და მუდმივად განვითარებაზე იყვნენ ორიენტირებულნი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თანამშრომლობითი კულტურა, პედაგოგებს ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, ესწრებიან გაკვეთილებს, თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ კოლეგებს და ერთად ზრუნავენ საერთო მიზნის მისაღწევად - სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლებისთვის. 

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეების საჯარო სკოლის დირექტორი ნატო გორგილაძე: 

პირველ რიგში, ჩვენ, დირექტორები უნდა ვიყოთ მოტივირებულები და პედაგოგებამდე დროულად მივიტანოთ ყველა სიახლე და ინფორმაცია. აგრეთვე, აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი გადამზადების ტრენინგ-კურსებში, კარგია გასვლითი ღონისძიებები, როგორც განვითარებისთვის, ასევე მოტივაციის ამაღლებისთვის. მეზობელ სკოლებთან ერთად საინტერესო ღონისძიებებს ვგეგმავთ, გვაქვს 2 კინოკლუბი და ახლო მომავალში სამდღიან ფესტივალს ვმართავთ, სადაც მთლიანად მუნიციპალიტეტი გვყავს ჩართული, საკმაოდ აქტიურ რეჟიმში ვართ და ეს ტემპიც უმაღლებს პედაგოგებს მოტივაციას. 

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლის დირექტორი ინეზა ციხიშვილი: 

კოლეგიალურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ სკოლაში მართლა კარგი ურთიერთობებია, უშუალო დამოკიდებულებები გვაქვს, ყველაფერს ერთად განვიხილავთ და დიდი შემართებით მივიწევთ ჩვენი საერთო მიზნებისკენ, სკოლაში გამჭვირვალე პროცესებია და ალბათ სწორედ ეს გარემო და ადამიანური ურთიერთობები უმაღლებს პედაგოგებს მოტივაციას. 

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზვანის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ტყეშელაშვილი:

რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ მასწავლებლების მოტივაციისთვის. გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ვაფასებთ ყველა პედაგოგი მიღწევას, ერთად ვზრუნავთ თითოეული პედაგოგის ზრდასა და სკოლის საუკეთესოდ წარმოჩენაზე

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის დირექტორი ლილი სვიაკაური:

დირექტორი თავად უნდა იყოს მაგალითის მიმცემი პედაგოგებისთვის. ყოველთვის ვცდილობ, მასწავლებლებს შევუქმნა კოლეგიალური გარემო, ჩამოვაყალიბოთ ჯანსაღი ურთიერთობა, ამას ნამდვილად ვახერხებთ და მოვდივართ ერთი შეკრული გუნდი, ვართ ღია ყველაფრისთვის - აი ეს უმაღლებთ მოტივაციას პედაგოგებს და საბოლოო ჯამში, მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც აქვთ სურვილი სკოლაში მოსვლის.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ხურციძე:

მასწავლებლებს ვეხმარებით ყოველდღიურ საქმიანობაში, საგაკვეთილო პროცესის სრულყოფილად წარმართვაში, ასევე ხელს ვუწყობთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით - შესაბამისად, სრულყოფილი გარემო, თავისთავად ამაღლებს მოტივაციას. 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ჩერქეზიშვილი:

პირველ რიგში, კომფორტული გარემო უნდა შევუქმნათ პედაგოგებს, მნიშვნელოვანია მათი ჩატარებული გაკვეთილები დავაფასოთ. ასევე აუცილებელია მასწავლებლების ძლიერი მხარეების შემჩნევა და ამის აღნიშვნა. სასურველია, როცა მასწავლებელი დამატებითად იტვირთავს თავს მისი შრომა აღვნიშნოთ... მოტივაციის ამაღლების სხვა საშუალებებიც არის: პრემია, ფულადი ჯილდო, სიგელი და ა.შ. ზოგადად, მეც პედაგოგი ვარ და ძალიან მახარებს, როცა ჩემს გაკვეთილს აქებენ, ეს ჩემს მოტივაციაზე ნამდვილად დადებითად მოქმედებს. ასევე, მნიშვნელოვანი სკოლის შიდა სამზარეულო, სადაც არ უნდა იყოს დაძაბულობა და ყველა თავისუფლად გრძნობდეს თავს. ყველაზე მთავარი კი მასწავლებლის აღიარებაა! 

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლის დირექტორი იულო ხელაძე: 

პირველ რიგში მასწავლებლებს ისეთი გარემო უნდა შევუქმნათ, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მათი საჭიროებები, ხელი შევუწყოთ განვითარებაში და თუ ექნებათ სურვილი ტრენინგების გავლაშიც დავეხმაროთ, თუ საჭირო გახდება ფინანსური მხარდაჭერაც გავუწიოთ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა პედაგოგის ინტერესი დაცული იყოს და იმედია ეს მათ მოტივაციაზეც აისახება. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გენეტიკით დაწყებული, ბოტანიკით დამთავრებული ყველა თემას ეხებოდა კითხვები“ - აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აფასებენ

იხილეთ 7 საგამოცდო საგნის ტესტი, რომლიც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა - გამოცდები 2024

აბიტურიენტმა, რომელიც მცხეთიდან მოდიოდა, გამოცდაზე დაიგვიანა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ქარცივაძე პასუხობს


სკოლები

სკოლაში ჩატარდა ესეების კონკურსი და გაიმართა საინტერესო აქტივობა - „სურვილების დაფა“ 

„ვულოცავთ ლილიტს, ყველა წარჩინებულ მოსწავლეს და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების სავალ გზაზე“

„ინოვაციური მიდგომებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსწავლეთა აღზრდასა და მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში“

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ბავშვებმა დაათვალიერეს ქუთაისი, ესტუმრნენ ბაგრატის ტაძარსა და სათაფლიას

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება