სიახლეები
სკოლები

„მე ალისა ვარ და საოცრებათა ქვეყანაში ვცხოვრობ“ - სხალთის საჯარო სკოლის პედაგოგი ქეთევან ჩემია სხალთა-ხიხანის ხეობის შესახებ
10-10-2023
-
+


აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის პედაგოგი ქეთევან ჩემია, სხალთა-ხიხანის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება და მეტად საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. 

როგორც თავად აღნიშნავს, სხალთა-ხიხანის ხეობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი და ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლით გამორჩეული ადგილია საქართველოში.

პედაგოგი ამ ლამაზ კუთხეს ხოტბას ასხამს - „როცა მეკითხებიან, თუ სად ვარ, ჩემი პასუხია: „მე ალისა ვარ და საოცრებათა ქვეყანაში ვცხოვრობ!“ - აღნიშნავს პედაგოგი.

ამისთვის - მადლობას უხდის უფალს და სხალთის საჯარო სკოლის დირექციას. როგორც თავად ამბობს, მხარე სვანეთს აგონებს. განსაკუთრებული სიხარულით კი ავსებს ქრისტიანი და მუსლიმი ქართველების ერთიანობა.

„მათ ურთიერთობებში სრული ჰარმონია, გულწრფელი და მართალი, ბუნებრივად ლამაზი და ხანდახან... სიამაყით გულის ამვსები“, - ამბობს ის.

პედაგოგის წერილს უცლელად გთავაზობთ:

„ის, რაც ყოველ ქართველს გულისფიცარზე უნდა ეწეროს!

ხულო უფლის მოციქულების ნაფეხურებიანი მიწაა. ანდრია პირველწოდებული პირველად ხულოში მოვიდა საქადაგებლად, სოფელ დიდაჭარაში ააგო პირველი ტაძარი.

უწყლო სოფელში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა და როგორც ქართლის ცხოვრება მოგვითხრობს, იქ მაშინვე წყარო ამოჩქეფდა!

ისტორიკოსები

სხალთის მონასტერი ზემო მთიან აჭარაში, ხულოში, სოფელ ყინჩაურშია.

მამათა ეს მონასტერი თურქთა სამასწლოვანი ბატონობის შემდეგ აჭარაში ერთადერთი გადარჩენილი ტაძარია.

მე - „ალისა საოცრებათა სამყაროში“

სხალთა-ხიხანის ხეობა ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი და ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლით გამორჩეული ადგილია საქართველოში...

აქ ყველაფერს ისტორიული მნიშვნელობის დაღი აზის...

აქ ყველაფერი უნიკალურია...

სხალთისკენ მიმავალებმა შუახევის ცენტრიდან ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე ათიოდე კილომეტრში ზამლეთიდან გადავუხვიეთ მარჯვნივ,  და სანამ სხალთას მივეახლები - გიმნაზისტკასავით მიფრთხიალებს გული.

მე ვიცი მდინარე სხალთის ნაპირზე ეულად მდგარი სხალთისა და ხიხანის ხეობაში XII-XIII საუკუნეში აგებული ტაძრის სიდიადე... ხიხანის ციხე, ფურტიოს თაღოვანი ხიდის, ციხიყელისა და ვარდციხის ციხეთა კომპლექსის ნანგრევების შესახებ... და მინდა შეგახსენოთ თქვენც -

აჭარა, ულამაზესი აჭარის მაღალი მთის მხარე...

სხალთის მონასტერი აქ - ხულოს თემის სოფელ ყინჩაურშია... თურქთა სამასწლოვანი ბატონობის შემდეგ აქ ერთადერთი ტაძარია, რომლის სასწაულმოქმედი ძალა შორიდანაც იგრძნობა.

მის შესახებ ადგილობრივები სხვადასხვა ვერსიას ყვებიან. ერთერთის თანახმად, თამარ მეფეს მის ლაშქრიანად თავსხმა წვიმის დროს ამ ტერიტორიაზე მდინარის სანაპიროზე უზარმაზარი დატოტვილი მსხლის ხისთვის შეუფარებიათ თავი, ხისთვის, რომლის ტოტები ცას სწვდებოდა, თურმე...

იმ დღეს

მეფეს უფლისთვის აღუთქვამს, რომ გამარჯვებით დაბრუნების შემთხვევაში, აქ ტაძარს ააგებდა...

...

გამარჯვებით უკან დაბრუნებულ თამარ მეფეს ღვთისადმი აღქმის შესასრულებლად და მდინარის სანაპიროზე ტაძრის ასაგებად კირითხუროები გაუგზავნია, რომელთაც სამუშაოების დაწყებამდე მსხლის ხის მოჭრა უცდიათ, მაგრამ ვერ შეძლეს, თურმე... გადმოცემის თანახმად, ხეს ყოველდღე ჭრიდნენ და ვერ მოჭრეს, რადგან ნახევრად მოჭრილი მსხლის ხე ისევ და ისევ, სასწაულებრივად მრთელდებოდა მანამ სანამ ბრძენმა არ ურჩიათ, საღამოს ცულები დაჰკარით ხეს და ზედ დატოვეთ, ეს უშველისო...

ასეც მოქცეულან და მეორე დღეს, ხე, მართლაც წაუქცევიათ, მაგრამ მოცელილი მიწას ისეთი გრუხუნით დახეთქებია, რომ ბრძენს უწინასწარმეტყველებია – აქ აგებული ტაძარი ბევრი განსაცდელის მომსწრე გახდება, მაგრამ ვერაფერი მოერევა, ყველაფერს უდრტვინველად გაუძლებსო...

იმ დღიდან მდინარისთვის და იქ გაშენებული სოფლისთვის (მ)სხალთა - სხალთა უწოდებიათ!

...

და მერვე ასწლეულია დგას სხალთის ტაძარი ღვთის სადიდებლად და კაცთა სიამაყედ!

...

1989 წლის 19 აპრილს სხალთაში მეწყერი ჩამოწვა და 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საქართველოს პატრიარქი სხალთას მათი სულის მოსახსენებლად ეწვია და იმავე წლის 29 მაისს, 300 წლის განმავლობაში დადუმებული სხალთის ტაძრის ზარის ექო საქართველოს დედო ზარების ექოს შეეხმიანაო, წერს ისტორიკოსი ეთერ დეკანაძე.

და სხალთის მამა მონასტერი მას შემდეგ ფუნქციონირებს…

მეტიც:

ხულოს უფლის მოციქულთა ნაფეხურები ატყვია...

ანდრია პირველწოდებული საქადაგებლად პირველად ხულოში ჩამოსულა და სოფელ დიდაჭარაში აუგია პირველი ტაძარი, სადაც ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაუსვენებია და როგორც „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს, უწყლო სოფელში მაშინვე წყარო ამოჩქეფებულა!

ამ ტაძარში იქადაგეს პირველად სახარება...

ანდრია პირველწოდებულის ხელით გაინათლა აჭარლობა, მისი დადგენილი წესითა და ტიპიკონოთ დაიწყო წირვა-ლოცვა.

მისი მადლი შეგეწიოთ!

...

სხალთა -  როგორც ისტორიული ადგილი, როგორც გონიერი ადამიანების საცხოვრისი...

გასაოცრად საიმედო ხელშია...

...

მსოფლიოს ულამაზეს მაღალმთიან - ალპებში, კარპატებში... გარდა ტიბეტისა - ყოფნის გამოცდილებას ჩემმა სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი კალაში ცხოვრებამ აჯობა...

ვიცხოვრე იქ, სადაც უახლოესი მეზობლები კიდევ უფრო მაღლა მთაში მცხოვრები მგლები იყვნენ და ხანდახან თოვლში დათვის ნაფეხურებს ვპოულობდით... სამაგიეროდ იმ ოჯახის იმედი გვქონდა ბოლომდე, სადაც პატარა ლომები ბორისი და მათე იზრდებიან... ხოლო ჩემზე მზრუნველობა არ ბეზრდებოდა რაულ გულბანს - ჩემი სკოლის ბატონ დირექტორს... იქაურობა ვერ მოვიბეზრე... და მაინც, ახლა კალის ნაცვლად სხალთაში ვარ და ისევ ისე ვერ ვიბეზრებ აქაურობას... ზღაპრულ სამყაროს და როცა მეკითხებიან, თუ სად ვარ, ჩემი პასუხია: „მე ალისა ვარ და საოცრებათა ქვეყანაში ვცხოვრობ!“

...

ამისთვის - მადლობა უფალს და სხალთის საჯარო სკოლის დირექციას... აქაურობა სვანეთს მაგონებს იმ განსხვავებით, რომ აქ მჭიდრო დასახლებაა და განსაკუთრებული სიხარულით მავსებს ქრისტიანი და მუსლიმი ქართველების ერთიანობა, მათ ურთიერთობებში სრული ჰარმონია, გულწრფელი და მართალი, ბუნებრივად ლამაზი და ხანდახან... სიამაყით გულის ამვსები...

ასეთ რამეს კიდევ სად ნახავ?

ალბათ, ნახავ, მაგრამ მე ჩემს ასაკში პირველად ვნახე და სიხარულით ავისვსე... გაბღენძილი დავდივარ მამალი ინდაურივით - ეს აჭარაა - ეს ჩემი საქართველოა! - და პათეთიკის არაფერი მეტყობა, ეს ყოველდღიური ცხოვრებაა, ჩვეულებრივი... სრულიად რეალური...

უკუნეთი ღამეა...

შორს მთებში ჩაკარგულ სახლებს გავყურებ ყველა მათგანში შუქი ჭიატობს და თვალს მიკრავს ნიშნად იმისა, რომ სრულფასოვანი ცხოვრება გრძელდება და კიდევ იმის ნიშნად, რომ, ქვეყანა, სადაც ასეთი დასახლება არსებობს, ქვეყანა, რომელსაც მაღალმთიანი აჭარა აქვს და მას პატრონის ხელი ატყვია - საქართველოს წარსულს და მომავალს ერთმანეთში აწნავს და იმედით ავსებს -

საქართველოში უკეთესი წლები წინ არის!

ამას წინ ვერაფერი დაუდგება და ვისაც ამაში ეჭვი შეაქვს...

მობრძანდით

სხალთაში და ჩემთან ერთად დატკბით აქაური მთით და ხალხის გულისხმიერებით, ჩემთან ერთად იამაყეთ ადგილობრივებით, ადამიანებით, ვისაც ჩემი აქ ყოფნის თითქმის ერთი თვის მანძილზე არსად, არცერთ დონეზე უბრალო ბილწსიტყვაობაც კი, გინებაზე აღარაფერს ვამბობ, არ დაცდენია, და არა ჩემს პატივსაცემად... ბევრმა აქ ჩემი არსებობის შესახებაც არაფერი იცის... მე კი... არც ერთი ჩხუბი და აყალმაყალისთვის არ მომიკრავს თვალი და ყური და როგორ არ ვთქვა, რომ მე „ალისა ვარ საოცრებათა ქვეყანაში!“

...

სხვა საოცრებებსაც აუცილებლად გაგიმხელთ, რადგან ვიცი, რომ თქვენ, ჩემო უძვირფასესებო, ზუსტად ისევე შეჰხარით საქართვლოს მომავალ ბედნიერ ცხოვრებას, როგორც მე... სწორედ აქიდან - სხალთა-ხიხანის ხეობა ხულოს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილიდან - სხალთიდან ჩანს შუქის ჭიატი გვირაბის ბოლოს...

და

მადლობა, უფალს! 

დაილოცოს აქაურობა! მიწიერ სამყაროში პირველი ადგილია, სადაც სახარება იქადაგეს და პირველი ტაძარი აიგო. აქ ანდრია პირველწოდებულის ხელით გაინათლა აჭარლები, ტაძარში მისი დადგენილი წესითა და ტიპიკონოთ დაიწყო წირვა-ლოცვა…დაილოცოს აქაურობა!“, - წერს ქეთევან ჩემია

 

ფოტოებზე: ციხისყელის და ვარდციხის ციხეთა კომპლექსი, ფურტიოს თაღოვანი ხიდი და სხალთა ამ ღამეს...


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება