სიახლეები
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

„როცა სასკოლო საზოგადოება დემოტივირებულია, განათლების ხარისხი, ვერ იქნება მისაღებ დონეზე“ - ალექსანდრე კვესელავა, მარტვილის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
20-10-2023
-
+


ალექსანდრე კვესელავა მარტვილის N1 საჯარო სკოლის დირექტორი, უკვე მრავალი წელია, სკოლას უძღვება და განათლების სადარაჯოზე ღირსეულად დგას. ორგზის არჩეულმა დირექტორმა, იქიდან გამომდინარე, რომ იმავე სკოლაში კენჭს ვეღარ იყრიდა, მასწავლებლად დარჩენა ამჯობინა, სხვაგან დირექტორობას და ამჯერად საქმიანობას, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის რანგში აგრძელებს. ეს არცაა გასაკვირი, რადგან, როგორც ბატონი ალექსანდრე etaloni.ge-სთან საუბრისას ამბობს,  მარტვილის N1 საჯარო სკოლა მისი ოჯახია - როგორია გზა მოსწავლეობიდან ჯერ მასწავლებლობამდე, შემდეგ კი დირექტორობამდე -  ალექსანდრე კვესელავა მშობლიურ სკოლასთან ემოციურ კავშირზე გვიყვება, განათლების სისტემას აფასებს და თამამად საუბრობს განათლების ხარისხის ამაღლებისთვის საჭირო ცვლილებებზე. 

- ბატონო ალექსანდრე, რა მოლოდინი გაქვთ მიმდინარე სასწავლო წელს? 

- ავტორიზაციას გავდივართ, მთელი კოლექტივი, მოსწავლეებსა და მშობლებთან ერთად, სრული მობილიზაციით ჩავერთეთ ამ პროცესში და დიდი იმედით ველით პასუხს. ახალი სასწავლო წელი ყოველთვის ახალ იმედებთანაა დაკავშირებული, გვაქვს კარგის მოლოდინიც: განათლების სამინისტროც საუბრობს ცვლილებებზე და იმედია, ისინი სკოლებისთვის სასიკეთო იქნება. 

- ავტორიზაცია ახსენეთ... რა გამოწვევაა ეს სკოლებისთვის?

- სკოლებში უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, სასწავლო პროცესი წარიმართოს ხარისხიანად და ყველა ის საკითხი თუ პირობა, რასაც ავტორიზაცია მოითხოვს, მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს. ჩვენ სანამ ამ პროცესში ჩავერთვებოდით, გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგში გვქონდა, თუმცა გამოიკვეთა საკითხები, რაც გამოსასწორებელი იყო... წვრილმანებია, თუმცა ფაქტი, რომ ყველაფერს საფუძვლიანად, თავიდან ბოლომდე გადავხედეთ, ძალიან კარგია სკოლის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის. ჩვენთვის მთავარი გამოწვევა ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოებაა.

- რაც უამინდობამ და სტიქიურმა მოვლენებმა მეტად წარმოაჩინა. რაში ხედავთ გამოსავალს? 

- დიახ, ბოლოს მომხდარმა სტიქიურმა უბედურებებმა კიდევ ერთხელ წამოწია ეს პრობლემა, რომლის აღმოფხვრაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, ჩვენთანაც იყო ჩამოსული ექსპერტი, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან და დეტალურად შეისწავლა სკოლის მდგომარეობა; დაადგინა შენობის მდგრადობა და თამამად ვიტყვი -  ჩვენს სკოლაში უსაფრთხოების ნორმები დაცულია, ზოგადად კი გაზრდილია სტანდარტი და სწორედ ესაა გამოსავალი, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შეიქმნას სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის. 

- ამ კუთხით მოსწავლეების ცნობიერება როგორია - იციან, როგორ დაიცვან თავი? 

-  ეს ისევ წარმოადგენს პრობლემას. ევაკუაცია და საგანგაშო სიტუაციაში ოპტიმალური გამოსავლის პოვნა მნიშვნელოვანია. ამისთვის არამარტო მოსწავლეები, ჩვენც კი არ ვართ მზად. 

- რა უნდა გაკეთდეს ცნობიერების ამაღლებისთვის? 

- აუცილებელია ღონისძიებების გატარება, სკოლებში უსაფრთხოების სწავლების დანერგვა და ნებისმიერი სიტუაციისთვის მზადყოფნაა საჭირო. ბოლო მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ვერაფრისგან ვიქნებით დაზღვეულნი, ჩვენ კი უნდა ვიცოდეთ, როგორ ვიმოქმედოთ, როგორ დავიცვათ თავი და გარშემომყოფები, ვიყოთ მობილიზებულები! მიჩნდება განცდა, რომ ზერელედ ვუდგებით ამ პრობლემას, ეს კი ნამდვილად სიღრმისეულ მუშაობას მოითხოვს.

-  ბატონო ალექსანდრე, აქტიურად მიმდინარეობს დირექტორების არჩევნები... რა სიტუაციაა თქვენ სკოლაში? 

- მე ორგზის არჩეული დირექტორი ვარ, დამისრულდა ვადა და არ მქონდა ჩემ სკოლაში თავის წარდგენის უფლება, სხვა სკოლაში წასვლა კი არ მინდოდა. გვყავდა კანდიდატი, რომელსაც ჩვენს სკოლაში სურდა დირექტორობა, სამწუხაროდ გასაუბრების ეტაპი ვერ გაიარა და დავრჩი ისევ მე მოვალეობის შემსრულებლად. 

- ზოგადად როგორ შეაფასებთ დირექტორების ირგვლივ შექმნილ ვითარებას? 

- პროცესი ნორმალურია, თუმცა ვფიქრობ, დასახვეწია გარკვეულწილად, ვგულისხმობ სამეურვეო საბჭოსთვის კანდიდატის წარდგენას. მე მხარდაჭერა გამომიცხადა სამეურვეო საბჭომ და ამისთვის მადლობა მათ, მაქსიმალურს ვაკეთებდი, რათა მათი მოლოდინი გამემართლებინა, თუმცა ზოგად ჭრილში რომ განვიხილო, შესაძლოა არაობიექტურად შეაფასონ კანდიდატები, თუ მათთვის უცხო პირი წარდგენილი, შესაძლოა მისი კანდიდატურა „ჩააგდონ“. 

- რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პროცესი ობიექტურად წარიმართოს? 

- რთული საკითხია და მიჭირს ამაზე საუბარი, სამეურვეო საბჭოს აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია და ვფიქრობ, ყველაზე ობიექტურად, თავისი სკოლის საჭიროებას სწორედ ისინი დაინახავენ, თუმცა უშუალოდ პიროვნების შეფასებისას, ალბათ, მაინც იმის მხარეს დადგებიან, ვინც მათთვის ნაცნობია. სწორი გამოსავალი ნაპოვნია, იმ თვალსაზრისით, რომ მინისტრს შეუძლია თავად წარადგინოს ახალი კანდიდატურა. მე ამ პროცესების მიღმა ვიდექი და მზად ვიყავი, რომ სკოლაში ახალი დირექტორი მოვიდოდა, ვემზადებოდი, რომ მისთვის გადამებარებინა ჩემი საქმე. 

- მრავალი წელია მართავთ სკოლას; რა არის ის მთავარი ძალა, რამაც შეგაძლებინათ, ამ ხნის განმავლობაში, ენთუზიაზმით გეხელმძღვანელათ? 

- ამ სკოლის მოსწავლე ვიყავი, ჩემი წინაპრებიც აქ სწავლობდნენ და აქვე დავიწყე მასწავლებლად მუშაობა... და შემდეგ დირექტორიც გავხდი. მთავარი მიზეზი ალბათ, ის ემოციური დამოკიდებულებაა, რაც ამ სკოლასთან მაკავშირებს. ჩემს სკოლაში, თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ ოჯახში. გარდა ამისა ბავშვებისა და იმ საქმის სიყვარულია გადამწყვეტი, რომელსაც ემსახურები. სხვა სკოლაშიც მიწვევდნენ დირექტორად, მაგრამ მირჩევნია, აქ დავრჩე მასწავლებლად, ვიდრე სხვაგან - დირექტორად. 

- რამდენად გეხმარებათ „შინაურული“ გარემო ხელმძღვანელობაში და ეს ფაქტი, ხომ არ გაბრკოლებთ სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებისას? 

- ეს გარემო ძალიან ამსუბუქებს ჩემს საქმიანობს. ხელს გვიწყობს ბევრი დაბრკოლება გადავლახოთ, გამოწვევები დავძლიოთ და სკოლაში ერთიანი სულისკვეთება იყოს. თუნდაც ახლა, ავტორიზაციის პროცესში, მთელი სკოლა საერთო მიზნისთვის გავერთიანდით, ამ ერთსულოვნებას კი სწორედ ჩვენი დამოკიდებულებები განაპირობებს, თავს ყველა დიდი ოჯახის წევრებად ვთვლით. 

- პედაგოგიც ბრძანდებით, კარგად გესმით რა სირთულეების დაძლევა უწევთ მასწავლებლებს... როგორ ფიქრობთ, არის ეს პროფესია ისე დაფასებული, როგორც უნდა იყოს? 

- საკმაოდ რთული საკითხია. მასწავლებლებს ხშირად უჩნდებათ უსამართლობის განცდა, თუნდაც კვალიფიკაციის ამაღლების პროცესზე. ბევრმა, პორტფოლიოების წარდგენისას, სხვისი დახმარებით მოიპოვეს სტატუსი და დაიჩაგრნენ ისეთი მასწავლებლები, რომლებიც დამოუკიდებლად მუშაობდნენ და თავიანთი შესაძლებლობების იმედად იყვნენ. 

- ასეთი მასწავლებლები, რომ არ „დაიჩაგრონ“, როგორ უნდა გაკონტროლდეს პროცესი? 

- ალბათ რთულია ამის გაკონტროლება და მაინც, ისევ მასწავლებლების უნარებსა და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული, თუმცა ვიმედოვნებ, სამინისტრო ამ კუთხითაც ღირებულ ღონისძიებებს გაატარებს. 

- არაერთხელ ახსენეთ, რომ ცვლილებების მოლოდინში ხართ. ფიქრობთ სკოლები რეალურად არიან მზად სიახლეებისთვის

- ცვლილებები რომ საჭირო და აუცილებელია, ფაქტია. სკოლების მზადყოფნა ცალკე საკითხია, ვფიქრობ, ძალიან დაბალია მოტივაციაა მოსწავლეებში, მშობლებსა და მასწავლებლებშიც კი. როცა სასკოლო საზოგადოება დემოტივირებულია, განათლების ხარისხი, ცხადია, ვერ იქნება მისაღებ დონეზე, სწორედ ამიტომაა ცვლილებები საჭირო. 

- რა განაპირობებს მათ დაბალ მოტივაციას და ამის გამოსასწორებლად რა უნდა გააკეთოს სკოლამ?  

- ეს კომპლექსური საკითხია, მხოლოდ სკოლა ვერ აღმოფხვრის ამ პრობლემას, ამისთვის ასევე უნდა იზრუნოს სამინისტრომ, მასწავლებელმა, მშობელმა, მოსწავლემ, ერთობლივად უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა. ეს განათლების პოლიტიკაზეა დამოკიდებული. სკოლაშიც შეგვიძლია, რომ უფრო საინტერესო გაკვეთილებით, მოსწავლეთა ჩართულობა გავზარდოთ, თუმცა ეს არ არის საკმარისი გლობალურად, პრობლემის მოგვარებისთვის. მნიშვნელოვანია დიფერენცირებული სწავლება, მე მათემატიკას ვასწავლი და ის მოსწავლეები, რომლებიც ჰუმანიტარული მიმართულებით აპირებენ სწავლის გაგრძელებას, თვლიან, რომ მათემატიკა არ დასჭირდებათ, ესეც მოსაგვარებელია და უკვე საუბრობენ ამ საკითხზეც. 

- სკოლებში რომ არ არის დიფერენცირებული სწავლება, შეიძლება განაპირობებდეს რეპეტიტორის ინსტიტუტის ამდენად აქტუალობას? 

- დიახ, სწორედ ასეა და ესეც დიდი პრობლემაა. მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები დადიან რეპეტიტორებთან, ალბათ მეათეკლასელებიც დაიწყებენ, ამის გამო გაცდენებიც მრავლად აქვთ და ცხადია, რომ ეს გამოსასწორებელია. 

- რეალურად აძლევს თუ არა სკოლა მოსწავლეებს იმ საფუძველს, რომ მაღალი ქულებით ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები?

- სკოლა ნამდვილად მისცემს ბავშვს ამ ცოდნას, მთავარი მონდომება და მოტივაციაა. ვფიქრობ, მასწავლებლები მაქსიმუმს აკეთებენ, პარადოქსული ის არის, რომ რეპეტიტორები სკოლის მასწავლებლები არიან, შესაბამისად მათი კომპეტენცია არ დგას ეჭვქვეშ.

- და ბოლოს, რა არის წარმატებული სკოლის საიდუმლო? 

- პროფესიონალი კადრები, სასკოლო საზოგადოების აქტიურობა, სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების მაქსიმალური ჩართულობა, რაც უფრო მაღალია ჩართულობა, მით უკეთესია განათლების ხარისხიც.  


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

ვინ არ დაისვენებს უქმე დღეებში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა 

მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, პლაკატები, პოსტერები და ელექტრონული რესურსი აღნიშნულ თემაზე

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება