მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შესაძლებლობების წარმოჩენაზე ზრუნავს. ამჯერად, დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2023 წლის მესტიის, ჩოხატაურის, ყვარლის, სამტრედიის, გორისა და ზესტაფონის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ.
კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა და მასში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 24 ოქტომბრიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.
გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.
კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-ს სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და „ეტალონი“ მოსწავლეები ესაუბრნენ.
ლალი ჭანტურია, სამტრედიის N9 საჯარო სკოლის დირექტორი:
საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ მივესალმები. ის მოსწავლეებს სტიმულს აძლევს და სასწავლო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება. ზოგადად, მოსწავლეები რაც მეტ კონკურსში ჩაერთვებიან, მით უკეთესია - ისინი იწრთობიან და ცოდნას იღრმავებენ. რაც შეეხება მარიამ შენგელიას, ის აქტიური, ნიჭიერი მოსწავლეა, მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს - ათოსანია. მისი წარმატება სკოლაში ძალიან გვიხარია. რასაკვირველია, ფინალურ ეტაპზე გამარჯვება კარგი იქნება, თუმცა აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის ფინალში მონაწილეობაც დიდი წარმატებაა.
ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მომწონს, კარგი პროექტია, მოსწავლეები ინტერესდებიან, მეტ ინფორმაციას ეცნობიან და ცოდნას იღრმავებენ. რაც შეეხება ლიზი თავართქილაძეს, კარგად სწავლობს, ნიჭიერებითა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამოირჩევა. ყოველთვის ცდილობს, რომ სხვადასხვა ინფორმაცია მოიძიოს, თუ რაიმეს ვერ გაარკვევს, საკითხს ბოლომდე უღრმავდება. „ეტალონში“ რომ წარმატებას მიაღწევდა, ამის იმედი გვქონდა, რადგან ის თავისი ცოდნით ყოველთვის გამოირჩევა.
ლიზი თავართქილაძე, ჩოხატაურის „ეტალონი მოსწავლე“:
საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ბავშვობიდან ვმონაწილეობდი. ძალიან მომწონდა ეს პროექტი და ყოველთვის ვცდილობდი, მაქსიმალურად წარმომეჩინა ჩემი შესაძლებლობები. წელს განსხვავებული შემართებით ჩავერთე, წინასწარ არ მოვმზადებულვარ, თუმცა „ეტალონის“ ვიდეოებს ყოველთვის ვადევნებდი თვალს. შეკითხვები ძალიან საინტერესო იყო. ზოგიერთი კითხვა გამიმარტივდა, ზოგი შედარებით რთული იყო, თუმცა თავი არცერთ მათგანზე არ შემიკავებია. გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ როცა 95 ქულა დამიფიქსირდა, გამარჯვების იმედი გამიჩნდა. რასაკვირველია, ამ წარმატებამ ძალიან გამახარა. მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონი“ ის პროექტია, რომელმაც ძალიან დიდი მოტივაცია მომცა. სურვილი მაქვს უფრო მეტ ინტელექტუალურ პროექტში ჩავერთო.
ნინო გაბრიჭიძე, ზესტაფონის მომავლის სკოლის დირექტორი:
პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ მსგავს კონკურსებში მონაწილეობის მიღება მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობას ვუხდი „ეტალონის“ ორგანიზატორებს იმისთვის, რომ მოსწავლეებს ცოდნის წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. ვისურვებდი, რომ ეს კონკურსი არა ონლაინ, არამედ დასწრებით ფორმატში იმართებოდეს. მისასალმებელია ისიც, რომ ჩვენ ზედიზედ მეორე ზესტაფონის „ეტალონი მოსწავლე“ გვყავს. ქეთევან მაღლაკელიძე უაღრესად ნიჭიერი, გონიერი, მიზანდასახული და წარმატებული მოსწავლეა. მას ამ გამარჯვებას ვულოცავ, წინსვლას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, რომ კონკურსში საქართველოს მასშტაბითაც გვასახელებს.
ქეთევან მაღლაკელიძე, ზესტაფონის „ეტალონი მოსწავლე“:
„ეტალონში“ მონაწილეობა პირველად მივიღე. როდესაც გავიგე, რომ ზესტაფონის „ეტალონი მოსწავლე“ გავხდი, ძალიან გამიხარდა. სიმართლე გითხრათ, პირველი ადგილის დაკავებას ველოდი, რადგან საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვიყავი. აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობისთვის წინასწარ არ მოვმზადებულვარ, ზოგადი ცოდნით შევავსე ტესტები. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე, მოტივაცია მომემატა და „ეტალონში“ აწიც მივიღებ მონაწილეობას. ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვას სხვა მოსწავლეებსაც ვურჩევდი, რადგან თუ არ ცდიან, ვერც გაიგებენ, რა შესაძლებლობები აქვთ.
ასევე იხილეთ:
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...