სიახლეები
სკოლები

„მასწავლებლობა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა, პატივი და ბედნიერებაა“-ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლა წარმატებულ პედაგოგს გვაცნობს
15-11-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის ორიგინალური პროექტი - „მასწავლებლები განახლების სკოლიდან“, წარმატებით გრძელდება. 

პროექტის მონაწილეები საყვარელ პედაგოგებს, ფინჯან ყავაზე მასპინძლობენ და მათთან ერთად, საინტერესო თემებს განიხილავენ. 

ამჯერად, რუბრიკის სტუმარი ისტორიის მასწავლებელი - ქეთევან დეკანაძე გახლდათ. 

პროექტის მონაწილეები, პედაგოგის შესახებ მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს გვიზიარებს: 

ქეთევან დეკანაძე, 1996 წლის 28 ნოემბერს დაიბადა. 2003-2015 წწ -დაასრულა აბესერისძე ტბელის სახელობის სასულიერო სკოლა, 2015-2019 წწ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ისტორიის სპეციალობაზე სწავლობდა. აღსანიშნავია, რომ დამატებითი სპეციალობა აქვს- ტურიზმი (ბაკალავრი). 2019-2021- დაასრულა წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით და მიიღო მაგისტრის ხარისხი. 

2021-დღემდე არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, საქართველოს ისტორიის სპეციალობით.

ის უფროსი მასწავლებელი გახლავთ, როგორც სკოლაში ახასიათებენ, არის მტკიცე და ჰუმანური. მისი გამორჩეული უნარებია: მიზანდასახულობა, კრეატიულობა და შრომისმოყვარეობა.

სკოლაში, მას აფასებენ მოწესრიგებულ, უშუალო და კონტაქტურ პიროვნებად. 

აღსანიშნავია, რომ მისი საყვარელი გამონათქვამი - „ადამიანი ადამიანისათვის მზეა“, დევიზი კი, „წინ, გამარჯვებისაკენ!“. მისი საყვარელი ფილმი - პიანისტი, გახლავთ. პედაგოგი ოცნებობ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე. 

ჩვეული ტრადიციით, რესპოდენტი ფინჯან ყავასთან ერთად, პროექტის მონაწილეების საინტერესო კითხვებს პასუხობს. აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე მასწავლებლები: დარიკო მელაძე, ხათუნა დეკანაძე, თამილა დავითაძე არიან, ბავშვები კი: ნინი ბოლქვაძე, ლუკა იაკობაძე და მარად ართმელაძე.

პროექტის ფარგლებში მასწავლებელ - ქეთევან დეკანაძესთან ჩაწერილ საინტერესო ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ: 

- მასწავლებლობა თქვენთვის...

- მასწავლებლობა ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა, პატივი და ბედნიერება. იყო მასწავლებელი ნიშნავს, რომ სხვას ასწავლო, ურჩიო, მიუთითო შესაბამისად შენ თვითონ უნდა იყო ამ სიტყვების მაგალითი. ამასთან იყო მასწავლებელი, ნიშნავს მუდმივად ვითარდებოდე, სწავლობდე, ასწავლიდე, ქმნიდე, აკეთებდე, შრომობდე და გიყვარდეს.

- გვიამბეთ თქვენ მშობლებზე, ოჯახზე...

- პედაგოგის ოჯახში დავიბადე. მამა დღე და ღამე თავდაუზოგავად, პატიოსნად მუშაობდა. ის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. მიჭირს მასზე წარსულში ლაპარაკი. მამა ყოველთვის ცოცხალია ჩემთვის და მუდამ ასე იქნება. დედამ თავისი პირადი მე დაივიწყა და ოჯახს, შვილებს მიუძღვნა თავი. ოჯახში ყოველთვის განათლებას ენიჭებოდა უპირატესობა და მუდმივად მესმოდა რომ უნდა მესწავლა, რისთვისაც მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, ოჯახის. სახლში ყოველთვის სუფევდა ოჯახური სითბო, პატივისცემა. მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე, მეგობრობა, თანადგომა, თანასწორობა, ყურადღება, გვერდში დგომა უმთავრესია ჩვენთვის. ჩემი დედმამიშვილები ჩემი ყველაზე დიდი იმედები არიან, მათზე ძვირფასი ქვეყნად არაფერი გამაჩნია. ჩემს დებთან ერთად ყავის დალევა და მათთან საუბარი უდიდესი ბედნიერებაა. ჩემი ძმა კიდევ ყველაზე დიდი იმედია. საკუთარ თავს მირჩევნია. ჩემი ყველა წარმატება მათი დამსახურებაა. ბედნიერი ვარ რომ ეს ადამიანები გვერდით მყავს.

- წიგნი ან ნაწარმოები, რომელმაც თქვენზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა...

- წიგნების კითხვა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით რომანების. რთულია ასე კონკრეტულად რომელიმე გამოვყო, რადგან ყველა წიგნი ან ნაწარმოები თავისებურად საინტერესოა ჩემთვის. მიყვარს „მექანიკური ფორთოხალი“, „ ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“, „მარტოობის 100 წელი“, „დანაშაული და სასჯელი“.... ახლა მახსენდება ვლადიმერ ნაბუკოვის „ლოლიტა“, ალბათ იმიტომ, რომ აქ წიგნში ისტორიის აღქმა დამოკიდებულია მკითხველის აზროვნებაზე. სიუჟეტიც საკმაოდ რთული და ფსიქოლოგიური აღსაქმელია. როცა ამ წიგნის კითხვა დავასრულე, ბევრი ვიფიქრე ავტორის მთავარ სათქმელზე. მიყვარს როცა მწერალი მკითხელზე საფიქრალს ტოვებს. ასეთი წიგნები უფრო მამახსოვრდება და ბუნებრივია შთაბეჭდილებასაც ახდენს.

- კოლექტივის როლი თქვენს წარმატებულ კარიერაში..

- მე რამოდენიმე წელია ვარ საგანმანათლებლო სფეროში, სკოლაში როცა დავიწყე მუშაობა ბევრი რამ იყო ჩემთვის უცხო. ყველა კითხვაზე პასუხი სწორედ კოლეგებისგან მივიღე, მათ ბევრი რამ მასწავლეს. დღესაც ვსწავლობთ ერთმანეთისგან, ამის გარეშე არაფერი გამოვა. დღეს მე რომ ვარ ისტორიის უფროსი მასწავლებელი ეს ჩემი კოლეგების, მათი მხარდაჭერის, გვერდში დგომის შედეგია და მადლობა მათ რომ არიან ასეთი კარგები.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო განახლების საჯარო სკოლა. სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე მუდამ გვერდით მედგა, მირჩევდა, მამხნევებდა, მასწავლიდა რა როგორ გამეკეთებინა და სჯეროდა. მადლობა თითოეულ თანამშრომელს, ნდობისთვის და სიყვარულისთვის.

- რა არის თქვენი ჰობი? 

- ძალიან მიყვარს მოგზაურობა და შესაბამისად ვცდილობ წელიწადში რამოდენიმეჯერ სადმე წავიდე, მოვინახულო სხვადასხვა საინტერესო, ისტორიული ადგილები, ასევე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ყვავილების მოვლა. მე თვითონ დიდი სიხარულით ვრგავ, ვუვლი და მერე ველოდები როდის აყვავდებიან, ეს ჩემი ჰობიცაა და განტვირთვაც.

- როგორ უთავსებთ მუზეუმს, სკოლას და სწავლას ერთმანეთს? გაგვიზიარეთ თქვენი ოქროს წესი...

- ჩემთვის დრო ძალიან ძვირფასია, შესაბამისად ვცდილობ დღე ნაყოფიერად და საინტერესოდ დავგეგმო. ყოველთვის ვიცი რას გავაკეთებ მომდევნო დღეს, მიყვარს საღამოობით შემდეგი დღის განრიგის შედგენა. ამასთან აქტიური ცხოვრება მიზიდავს, მსიამოვნებს როცა ვიცი, რომ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, ამ დროს მეც ძალიან ენერგიული, მონდომებული ვარ და ბოლომდე ვიხარჯები, ვფიქრობ მთავარი სურვილია, გინდოდეს და მოგწონდეს ამ ყველაფრის კეთება, მაშინ ყველაფერი გამოვა.

- მეგობრებზე, ახლობლებზე უნდა გკითხოთ. თქვენი გრაფიკიდან გამომდინარე, გრჩებათ დრო მათთვის? ხომ არ გსაყვედურობენ ამისთვის?

- საყვარელი ადამიანების მოსაკითხად დრო ყოველთვის გამოიძებნება, ამიტომაც ფრაზა „ბოდიში, დაკავებული ვიყავი, ვერ მოგიკითხე“ ჩემთვის არადამაჯერებელია. დიახ, არის დღეები როცა ვერ ვიცლი, რომ დეტალურად გამოვიკითხო მათი ამბები, თუმცა მათ იციან რომ უნდა ჰქონდეთ ჩემი იმედი და ვცდილობ საჭირო დროს მეც მათთან ვიყო. ხშირად ოჯახის წევრებს ვერ ვკითხულობ ისე როგორც მინდა, თუმცა იგებენ ამას. ცდილობენ შემიქმნან სამუშაო გარემო, არ შემაწუხონ მუშაობის პროცესში და ხელი შემიწყონ პროფესიული ზრდის თვალსაზრისით.

- თქვენი სუსტი და ძლიერი მხარე...

- ზედმეტად პასუხისმგებლიანი ვარ. ხშირად მემართება, რომ ასეთი დამოკიდებულება საკითხის მიმართ, უფრო მეტ პრობლემას მიქმნის, შინაგანად მაფორიაქებს და ხელს მიშლის კიდეც საქმის კეთებაში. მუდმივად ვმუშაობ ამ საკითხზე საკუთარ თავთან. ძლიერ მხარეს რაც შეეხება რეალისტი ვარ, ყოველთვის ისე ვუყურებ სამყაროს, როგორ ფერებშიც არის და ილუზიებს არ ვიქმნი. ამიტომაც ცხოვრებისეული იმედგაცრუებები ნაკლებად მაქვს.

- საყვარელი ფრაზა...

- მოგეხენებათ, მეფე სოლომონს თითზე ეკეთა ბეჭედი წარწერით: „ესეც გაივლის“. მან ეს წარწერა გაიკეთა სიბრაზის გასაქარწყლებლად, მე კიდე, როცა ძალიან გულდაწყვეტილი, უიმედო და სევდიანი ვარ, მაშინ შემოვუძახებ თავს და ვეუბნები რომ „ესეც გაივლის“...და მშველის კიდეც.

- რა ვალდებულებებს გულისხმობს თქვენი სამუშაო ეთიკა?

- ყველა სამუშაოს თავისი ეთიკური ვალდებულებები აქვს და ვფიქრობ ამის დაცვა აუცილებელია. ჩემი სამუშაოც სხვადასხვა ეთიკურ ვალდებულებებს მოიცავს უპირველესად კი ჩემთვის მნიშვნელოვანია პატიოსნება, თმენის ვალდებულება, ასევე ობიექტურობა, პროფესიული კომპეტენტურობა, კონფიდენციალურობა...

- და ბოლოს, რამე მნიშვნელოვანი საკითხი დაგვრჩა სათქმელი?

- ბოლოს მადლობა მინდა გითხრათ, ბედნიერი ვარ რომ ასეთი ადამიანები მყავს გვერდით და საერთოდ ყველას მინდა ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა რომ არიან ჩემს ცხოვრებაში.

ასევე, მადლობა განახლების საჯარო სკოლას, მთელ კოლექტივს, დირექტორს, მოსწავლეებს ყველას სიყვარულისთვის.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 
















კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება