მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2023 წელი განათლების სისტემაში საინტერესო და ცვლილებებით დახუნძლული აღმოჩნდა. შესაბამისად, ახალი წლის დადგომამდე, გადავწყვიტეთ, ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც განათლების სამინისტრომ, მთავრობამ თუ პარლამენტმა მიიღო, ჩვენს მკითხველთან ერთად გაგვეხსენებინა და წელიც შეგვეჯამებინა.
მაშ, ასე: იანვრიდან მასწავლებლებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების ანაზღაურების ტრადიციულ, მინიმალურ მატებას რომ არ შევეხოთ, პირველი მთავარი სიახლე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შეცვლა გახლდათ - 2023 წლის 20 მარტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი დაინიშნა, რომელიც მანამდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელობდა.
პარლამენტში ამილახვარი გივი მიქანაძემ ჩაანაცვლა; მანდატურის სამსახურის უფროსი, გელა გელაძე, მინისტრის მოადგილედ გადაინიშნა, მისი ადგილი კი სოფიო აბულაშვილმა დაიკავა. მასშტაბური საკადრო ცვლილებები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის წასვლამ დააგვირგვინა - 1-ელი იანვრიდან NAEC-ს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია - ვინ?!
საინტერესო სიახლე გახლდათ, 2022 წლის PISA-ს შედეგების გამოქვეყნება, რომლებიც რიგითი მოქალაქეებისთვის შოკისმომგვრელად სამწუხარო აღმოჩნდა, რადგან საქართველოს მოსწავლეთა წაკითხულის გააზრებისა და მათემატიკური უნარების შედეგები გაუარესებულია, საბუნებისმეტყველო საგნებში კი 1 ქულით გაზრდილი. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შედეგები 2018 წელთან მიმართებით სტატისტიკურად არსებითად არ შეცვლილა მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. იმასაც გეტყვით, რომ სწორედ PISA-ს შედეგებს უკავშირებდა საზოგადოება სოფიო გორგაძის თანამდებობიდან გადადგომას, თუმცა უწყება და თავად სოფიო ამ კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
წლის მიმოხილვისას, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით დირექტორთა გამოცდებს - საჯარო სკოლის დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდა ზაფხულში ჩატარდა და ვერ ვიტყვით, რომ მშვიდად... კანდიდატთა ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გამოცდის მეორე - გასაუბრების ეტაპს აპროტესტებდა; უკმაყოფილება გამოიწვია, სამეურვეო საბჭოებთან წარდგენილი კანდიდატების რაოდენობამაც, სკოლების აბსოლუტურ უმრავლესობაში საბჭოს ერთი კანდიდატი ჰყავდა შესარჩევი. საბოლოო ჯამში, ახალი ხელმძღვანელი 840 სკოლაში დაინიშნა. აღნიშნული პროცესების შედეგად, ერთ-ერთმა კანდიდატმა პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართა, ზუსტად მინისტრის ფანჯრებთან, განათლების სამინისტროს შენობის წინ.
აღსანიშნავია, რომ დირექტორობის მსურველთა ნაწილმა სამინისტროს სასამართლოშიც უჩივლა... მოგვიანებით, ამილახვარმა განაცხადა, რომ იმ სკოლებში, რომლებსაც დირექტორი არ ჰყავთ ახალი კონკურსი გამოცხადდება და მონაწილეობა სერტიფიცირებულ და სერტიფიცირების მსურველ კანდიდატებსაც შეეძლებათ.
მორიგი მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ის, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივით, 27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოცხადდა და დაწესდა პრემია 10 000 ლარის ოდენობით - 2023 წელს ეს ჯილდო 11-მა მასწავლებელმა მიიღო.
ცვლილება შეეხო, პირველკლასელთა სკოლაში მიღების ასაკსაც - 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველ კლასში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლოთ, ვისაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდა. მომავალი სასწავლო წლისთვის კი უკვე ის ბავშვებიც შევლენ სკოლაში რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.
2023 წლის დასაწყისში ამოქმედდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ახალი სტანდარტები და განახლებული პროცედურები; ავტორიზაციის ვადა 6-დან 9 წლამდე გახანგრძლივდა.
განახლდა ეროვნული სასწავლო გეგმა და როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, კერძო და საჯარო სკოლებს მეტი ავტონომიურობა მიენიჭათ. ცვლილების ფარგლებში გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები, ამასთან სკოლებს უფლება მიეცათ, თავად განსაზღვრონ სასკოლო საათობრივ ბადე.
რაც შეეხება, 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს - სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 34 800-ზე მეტმა გამოსაცდელმა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77% აღმოჩნდა. 2023 წელს დაფინანსდა 12 000-ზე მეტი გამოსაცდელი. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 450-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 080-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 500-ზე მეტი გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1 550-მდე აპლიკანტი გააგრძელებს.
გაიზარდა მანდატურის სამსახურის ფუნქციები - 2024 წლიდან მანდატურის სამსახურს ინკლუზიური განათლების კომპონენტი დაემატება.
და ბოლოს, უნდა აღინიშნოს მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკის ძირეული ცვლილებაც, რომელიც მართალია დეტალურად მაინც ვერ გავიგეთ, მაგრამ როგორც განათლების მინისტრი და პრემიერი აცხადებენ, სრულ საათობრივ დატვირთვაზე მყოფ პედაგოგებს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით 2024 წლის 1-ელი ივლისიდან გაეზრდებათ.
ბოლოს კი ცოტა იუმორითაც რომ დავასრულოთ, ყველა ცვლილებასთან ერთად, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ 2023 წლის ზაფხულში ისიც შევიტყვეთ, „შლოპანცი“ რომ ბარბარიზმია და მისი ქართული შესატყვისი შლაპუნაა!
ეს იმ ძირითადი ცვლილებების ჩამონათვალია, რომელიც 2023 წელს ვიხილეთ. შეცვლის თუ არა ისინი ძირეულად რამეს განათლების ხარისხის მიმართულებით, რთული სათქმელია და ამას დრო გვიჩვენებს; თუმცა ფაქტი ერთია - 2024 წელი დატვირთული იქნება სიახლეებით, ETALONI.GE კი კვლავ პირველი შეატყობინებს მათ შესახებ საზოგადოებას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა