სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

ვინ უნდა მიულოცოს ნათლისღება პირველმა - ნათლიამ თუ ნათლულმა - დეკანოზი მირიანი (სამხარაძე) 7 საეკლესიო საიდუმლოებაზე გვესაუბრება
18-01-2024
-
+


საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე, როგორც მთელი მართლმადიდებლური სამყარო, 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

წმინდა სახარების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელმა მაცხოვარი მდინარე იორდანეში მონათლა, რა დროსაც მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ“.

ამ დღესასწაულს ნათლია-ნათლულები ერთმანეთს ულოცავენ და ამით პატივისცემას გამოხატავენ. თუმცა, საზოგადოებაში მუდამ სადავოა საკითხი - ვინ უნდა მიულოცოს პირველმა - ნათლიამ თუ ნათლულმა? 

ყველა მორწმუნე ქრისტიანისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე etaloni.ge-ს ესაუბრა:

დეკანოზმა ჩვენთან საუბრისას, აღნიშნა, რომ ნათლიას უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება თავისი ნათლულის წინაშე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნათლული პატარაა ან არასრულწლოვანი. სწორედ ნათლიაა ის ადამიანი, რომელმაც ბავშვს ეკლესიური ცხოვრება უნდა ასწავლოს და მის სულიერებაზე იზრუნოს - „როცა ნათლიებს ვირჩევთ, უნდა შევეცადოთ, რომ იგი მორწმუნე ადამიანი იყოს, რათა ბავშვი აღზარდოს ქრისტიანულად. პირველ რიგში, აუცილებლად მრწამსი უნდა იცოდეს, არა მარტო ნათლიამ, არამედ ყველა ქრისტიანმა. ესაა ქრისტიანობის ძირითადი კანონი. უფალი ბრძანებს - ვინც ნათელი ვერ მიიღოს, ჩემთან ვერ მოვაო. აქედან გამომდინარე, ნათლისღება პირველი, მნიშვნელოვანი პირობაა იმისთვის, რომ ადამიანმა სასუფეველი დაიმკვიდროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ვინც მოინათლება და შემდგომ გააგრძელებს ცოდვილ ცხოვრებას ცხონდება. ნათლისღების დროს ყველა ცოდვა მიეტევება ადამიანს, როდესაც ზრდასრული ინათლება. რაც შეეხება არასრულწლოვანის, ან ჩვილის ნათლობას, ამ დროს ნათლია უდგინდება, რომელიც აგებს მის ქრისტიანულ ცხოვრებაზე პასუხს. შემდგომ შეძენილი ცოდვების მონანიება კი აღსარების დროს ხდება“

- ნათლისღების დღესასწაულის მნიშვნელობის შესახებ რომ  გვესაუბროთ - რა დატვირთვა აქვს ქრისტიანულ სამყაროში?

- არსებობს სულ 12 საუფლო დღესასწაული, ერთ-ერთი კი სწორედ ნათლისღება გახლავთ. ეს არის ახალი აღთქმის საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაული. ჩვენ 7 საეკლესიო საიდუმლო გვაქვს. როცა ვნათლავთ ადამიანს, ესაა ზეციური საიდუმლოება. ნათლისღების (ნათლობის) დროს ორი საიდუმლოება აღესრულება - თავად ნათლობა და მირონცხება, რომელიც ასევე აუცილებელია ნათლობისას.

ჩამოგითვლით 7 საეკლესიო საიდუმლოებას: ნათლისღება, მირონცხება,  ზიარება, სინანული (აღსარება), ზეთისცხება, მღვდლობა, ქორწინება.

ნათლისღება და მირონცხება ხდება, როდესაც ინათლება ადამიანი, ზიარებისას მორწმუნე ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს; მას წინ უნდა უძღოდეს აღსარება, ანუ სინანული - ზიარება ისე არ ხდება თუ სინანული არ აქვს ადამიანს. რაც შეეხება მე-5 საიდუმლოებას, ზეთისცხებამდე იკურთხება ზეთი. ასევე, როდესაც მღვდლად აკურთხებენ ადამიანს ესეც ზეციური საიდუმლოებაა. მე-7 საიდუმლოება კი ქორწინებაა... ამ ყოველივეს საიდუმლოება იმიტომ ჰქვია, რომ მისი აღსრულება მხოლოდ მღვდელს შეუძლია.  როცა წყალს ვაკურთხებთ ის ხომ არასდროს ფუჭდება და რით იკურთხება? - სიტყვით, რომელსაც მღვდელი წარმოთქვამს. პეტრემ წყალი დაასხა თავის მოციქულებს და გადასცა მადლი (ეს მოციქულები იყვნენ პირველი ეპისკოპოსები), შემდგომ კი უთხრა: „რასაც თქვენ დედამიწაზე დაადგენთ, დადგენილი იქნება ზეცაში“. იესო ქრისტემ მოციქულებს მისცა უფლებამოსილება იმისა, რომ სხვებისთვის გადაეცათ ის მადლი, რაც თავად მიიღეს. დღევანდელი მღვდლები არიან უწყვეტი ჯაჭვის შემადგენელი ბოლო რგოლები; ამიტომ ეს მადლი გადადიოდა თაობიდან თაობაზე.

- როდის დაწესდა ნათლისღების დღესასწაული?

- ნათლისღება დაწესდა იმ დღიდან, როდესაც იესო ქრისტემ თვითონ მიიღო ნათელი. იოანე ნათლისმცემელი მანამდეც ნათლავდა ხალხს - იგი მოვლენილი იყო იმისათვის, რომ გზა გაემზადებინა იესო ქრისტესათვის, რათა ხალხს მისი შეცნობა გაადვილებოდა.

- როგორ ემზადებიან და რას აკეთებენ აღნიშნულ დღესასწაულზე მართლმადიდებლები?     

- ამ დღეს ტარდება დიდი აიაზმა - ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება. ეკლესიებში წყალი იკურთხება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ინახება და არ ფუჭდება არასდროს. ამიტომ, ნათლისღების დღესასწაულზე საღამოს ლოცვის შემდგომ, დილით წირვის მერე სრულდება წყლის კურთხევა. ამ წყალს ადამიანები იყენებენ სახლში საპკურებლად, უზმოზე იღებენ, ასევე, როდესაც შეუძლოდ არიან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შესაძლოა ნაკურთხი წყლის გამრავლება - ნახევრამდე, როცა შემცირდება ბოთლში შესაძლოა დაამატოთ ჩვეულებრივი წყალი. ნათლისღებას ასევე ღვთის გაცხადების დღეს ეძახიან.

- უფრო გასაგებად რომ განვმარტოთ, რატომ „ღვთის გაცხადების დღე“?      

- სახარებაში წერია, რომ, როდესაც ქრისტემ  ნათელ-იღო, ამ დროს ზეციდან გაისმა ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ“, ანუ, წმინდა სამება - ღმერთი სრულყოფილი სახით გამოჩნდა ნათლისღების დროს. მამა, ძე და სულიწმინდა ამ დღეს გაცხადდა. ღმერთი გაცხადდა მთელი თავისი სრულყოფილებით კაცობრიობის წინაშე. მან ჯერ იოანე ნათლისმცემლიდან მიიღო ნათელი, ხოლო მტრედი, რომელიც ამ დროს მხარზე დააჯდა იესო ქრისტეს განასახიერებდა - სულიწმინდას. ამიტომ, ნათლისღების დღეს ღვთის გაცხადების დღეს უწოდებენ.

- რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დღეს და რისი გაკეთებაა დაუშვებელი?

- წინა დღით საღამოს ლოცვას უნდა დავესწროთ, მეორე დღეს უნდა მივიდეთ ტაძარში და დავესწროთ წირვას, საღმრთო ლიტურგიას. ასევე, რა თქმა უნდა, თუ ვართ მზად, უნდა ვეზიაროთ. ადამიანები ცდილობენ ამ დღეს მოინათლონ, ან შვილები, ახლობლები მონათლონ. ასევე, ტაძარში ბოთლი მიაქვთ, რომ ნაკურთხი წყალი აიღონ. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით არსებობს ტრადიცია - ადამიანები მდინარეზე გადიან, ზოგჯერ გაყინულიც არის მდინარე, მაგრამ ყინულს ამტვრევენ და იქ ბანაობენ. მსოფლიოში, არ არსებობს შემთხვევა, რომ ვინმე ამის გამო გაციებულიყო.

რაც შეეხება აკრძალვებს, ქრისტიანულ ცხოვრებაში ცოდვა არ უნდა ჩავიდინოთ. ცოდვიანი ცხოვრებით თუ ვცხოვრობთ, უნდა შევინანოთ და დავადგეთ სწორ გზას. ასე კონკრეტული აკრძალვები არ არის. ყველა ადამიანი ცოდვილია, მაგრამ უფალი იმდენად მოწყალეა, ვინც ნანობს ყველაფერს პატიობს. პირველი ადამიანი, ვინც სამოთხეში შევიდა ავაზაკი იყო, ამიტომ, ადამიანის სინანულს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რა თქმა უნდა, ღმერთის მოწყალებას.

- როდესაც ადამიანი ნათლია ხდება რა პასუხისმგებლობები ეკისრება და რა როლი აქვს მას ნათლულის ცხოვრებაში?

- ნათლიობა საპასუხისმგებლო მისიაა. ეს უბრალო რიტუალი არაა და მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით, არ უნდა გავხდეთ ნათლიები, რადგან ნათლია პასუხს აგებს თავისი ნათლულის სულიერ ცხოვრებაზე. როცა სრულწლოვანი ადამიანი ინათლება, შეიძლება მას ნათლია საერთოდ არ ჰყავდეს, მღვდელი, რომელიც მას ნათლავს თავისთავად ითვლება ნათლიად, მაგრამ არასრულწლოვანს, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებს არ აქვთ გაცნობიერებული რა არის ნათლია, ამიტომ ის იღებს პასუხისმგებლობას, იკითხება მრწამსი (სარწმუნოების სიმბოლო) ამ დროს. ამ მრწამსიდან გამომდინარე მან უნდა აღზარდოს სულიერად ნათლული. ნათლია თავისი ნათლულის მაგივრად ამბობს: „განვაგდებ ეშმაკს და შეუდგეთ ქრისტესა“. ამიტომ, ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერსად ვერ გაექცევი. ღვთის წინაშე მას აქვს პირობა დადებული.

- კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლია ნათლიას ნათლულისთვის?

-  ნათლიამ ბავშვის ოჯახის წევრებს უნდა ურჩიოს, რომ პატარაობიდანვე ატარონ ეკლესიაში, თუ ისინი ამას არ აკეთებენ თავად უნდა წაიყვანოს და მოასმენინოს წირვა-ლოცვა, მიაჩვიოს ზიარებას. 6 წლამდე აღსარების ჩაბარება არაა სავალდებულო, მაგრამ როცა წამოიზრდება, ის ცოდვის გაცნობიერებას იწყებს და შემდგომ უნდა ჩააბაროს აღსარება. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ნათლია უნდა იყოს ჩართული. როცა ნათლიებს ვირჩევთ, უნდა შევეცადოთ, რომ მორწმუნე ადამიანი იყოს, რათა ბავშვი აღზარდოს ქრისტიანულად. პირველ რიგში, აუცილებლად მრწამსი უნდა იცოდეს, არა მარტო ნათლიამ, არამედ ყველა ქრისტიანმა. ესაა ქრისტიანობის ძირითადი კანონი. როგორც ქვეყანას აქვს კონსტიტუცია, ასევე არის მრწამსი სიმბოლო სარწმუნოებისა.

- საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ნათლისღების დღესასწაული ნათლულმა უნდა მიულოცოს ნათლიას, ნაწილს კი პირიქით მიაჩნია მართებულად. იქნებ, გვითხრათ სინამდვილეში, როგორ უნდა მოვიქცეთ?

- ნათლული ულოცავს ნათლიას, თუმცა ეს იმას არ გამორიცხავს, რომ პირიქით მოხდეს. ეს არაა საეკლესიო საკითხი. უბრალოდ ტრადიციაა. ვინ დაასწრებს მილოცვას მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანები ამით ერთმანეთის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ.  

- ადამიანის ნათლობას წინ უძღვის რაიმე მოსამზადებელი პერიოდი?      

- ნათლობის რიტუალს წინ უძღვის კათაკმევლობა -  ნათლობისთვის მოსამზადებელი პერიოდი სრულწლოვანი ადამიანებისთვის. ისინი ამ დროს ემზადებიან ნათლისღებისთვის. ეცნობიან ძირითად ჭეშმარიტებებს - სწავლობენ მრწამს, ესწრებიან საკვირაო ლიტურგიებს.

სამწუხაროდ, ჩვენთან დავიწყებას მიეცა ეს ყოველივე. ტაძარში არ ტარდება კათაკმევლობა. თუმცა, ხულოში როცა ვმსახურებდი (იქ ძირითადად მუსულმანები ცხოვრობენ) აუცილებლად ჯერ ადამიანს კათაკმევლად ვაყენებდით და როცა კარგად შეისწავლიდა სარწმუნოებას, ვნათლავდით. ახლა კი, სამწუხაროდ, ისე გაუბრალოვდა ნათლისღების საიდუმლოება, რომ გაიგებს ადამიანი, ვიღაც უნდა მოინათლოს, მაშინვე სუფრა და პურ-მარილი წარმოუდგება თვალწინ. ეს იმიტომ ხდება, რომ მას არ აქვს გათვითცნობიერებული ნათლისღების მნიშვნელობა. აი, აჭარაში, როცა ვნათლავდით მოზარდს მას უკვე გაცნობიერებული ჰქონდა, რას ნიშნავდა ნათლობა. ეს ბევრი ფიქრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება იყო. ამ დროს ადამიანი მზად იყო გარკვეული წინააღმდეგობებისთვის, რაც შესაძლოა შეხვედროდა. ის ადამიანი, რომელიც შეგნებულად ინათლება და იცის, რომ  წინააღმდეგობა, პრობლემები შესაძლოა შეხვდეს, თუმცა მაინც იღებს ამ გადაწყვეტილებას უფრო ქრისტიანია, ვიდრე ის, რომელიც გაუცნობიერებლად, ტრადიციის გამო აკეთებს ამას - ნათლობაა საწყისი ადამიანის სულის ცხონებისა.

- საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრია, რომ  ნათლისღების დღესასწაულის დადგომამდე (19 იანვრამდე) უნდა დაიშალოს ნაძვის ხე... ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, ეს ცრურწმენაა თუ ჭეშმარიტად ასე უნდა მოვიქცეთ?

- ეს არის უბრალოდ ტრადიცია. თუმცა, საეკლესიო რიტუალებსა და წესებთან საერთოდ არაა დაკავშირებული. ქრისტიანობაში, არ არსებობს დადგენილება იმისა, რომ აუცილებლად 19 იანვრამდე უნდა ალაგდეს ნაძვის ხე.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აგრძელებს მომავალი პედაგოგების წამახალისებელ სასტიპენდიო პროგრამას

რა შემთხვევაში არ შეინახავს ელჟურნალი განმავითარებელ კომენტარს - ეს უნდა გაითვალისწინოთ

ცვლილება მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესში - დოკუმენტი

მასწავლებლების დანამატები 2025 წელს ორჯერ გაიზრდება - გადაწყვეტილება უკრაინის პედაგოგებს ეხება

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება