სიახლეები
სკოლები

„ჩვენი მიზანია მოქალაქის აღზრდა, რომელიც ცხოვრებაში დაბრკოლებებს არ შეუშინდება“- გაიცანით, თქვენი შვილების მომავალი დამრიგებლები თბილისის N10 სკოლიდან
18-01-2024
-
+


სსიპ ქალაქ თბილისის N10 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საფუძვლიან ცოდნასა და მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობენ. მათი უშრეტი ენერგია და საქმისადმი სიყვარული ბავშვებს მოტივაციას აძლევს და სწავლის მიმართ დადებითად განაწყობს. სკოლაში, თითოეულ მასწავლებელს შემუშავებული აქვს მოსწავლეებთან განსაკუთრებული მიდგომები, რაც სასწავლო პროცესს ამარტივებს და ინტერესს სძენს. ხარისხიან განათლებას, რომ საფუძველი პირველი კლასიდან ეყრება, პედაგოგებმა კარგად იციან, ამიტომ პირველკლასელებთან შესახვედრად დიდი ხნით ადრე ემზადებიან. 

პედაგოგები ცდილობენ, ბავშვებს დაუვიწყარი დახვედრა მოუწყონ და მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვონ. 

მომავალ პირველკლასელთა მასწავლებლები იქნებიან - აზა ხურცილავა, თეა შედანია, მარინე ბეჟანიშვილი, თამარ იორამაშვილი, ნათია კუტიბაძე, ბელა გუგეშაშვილი და სოფიკო ღლონტი. 

სულ მალე პირველკლასელთა რეგისტრაციაც გამოცხადდება, ამიტომ თბილისის N10 საჯარო სკოლა მომავალ პირველკლასელებს და მათ მშობლებს დამრიგებლებს აცნობს. 

მათემატიკის პედაგოგ მარინა ბეჟანიშვილის მასწავლებლობა დიდ ბედნიერებას ანიჭებს. მოსწავლეებზე ზრუნვა და სიყვარული მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი გახადოს პედაგოგი ენერგიას არ იშურებს და ბავშვებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობს. მომავალ პირველკლასელებს კი პირობას აძლევს, რომ მისი დახმარებით მარტივად შეუყვარდებათ სკოლა.

„მიყვარს ჩემი პროფესია. დიდი ბედნიერებაა, როდესაც ვგრძნობ, რომ ბავშვებისთვის საჭირო ვარ. კარგად მესმის რა მოსწონთ, რა უხარიათ და რა სწყინთ. მათზე ზრუნვა ჩემი საყვარელი საქმიანობაა. ვცდილობ, თავიდან ავიცილო მომაბეზრებელი ერთფეროვნება, ხშირად შევცვალო აქტივობები, მივცე მყისიერი უკუკავშირი. ყოველი გაკვეთილი მათთვის მისაწვდომი, საინტერესო და სახალისო გავხადო.

წლები და გამოცდილება, პასუხისმგებლობას მმატებს და ბედნიერი ვარ, როცა შემიძლია ბავშვის გონებაში მიმალული ფიქრების წაკითხვა. ყოველთვის ვცდილობ თანამედროვე გამოწვევებს ავუწყო ფეხი და ამ საუკუნის შესაფერისი ღირსეული თაობა აღვზარდო. საკმაოდ დაგროვებული პედაგოგიური სტაჟი კი მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ აღვზარდო მომავალი თაობა ისე, რომ თითოეულმა მათგანმა მიაღწიოს საუკეთესო შედეგს, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. მოსწავლეს ვაძლევ საშუალებას სწავლის პროცესში, ყოველგვარი მორიდებისა და უხერხულობის გარეშე, დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები, დაძლიოს არსებული ბარიერები და მკვეთრად გაიუმჯობესოს შედეგები.

ერთი და იმავე მასალის სხვადასხვა ხერხით ახსნა და მარტივი გზების ძიება, ყოველთვის პოულობს თავის „ადრესატს“. წინასწარ განსაზღვრული მიზნებითა და მოსალოდნელი შედეგებით, გაკვეთილის თემიდან გამომდინარე, ვცდილობ მივაწოდო მოსწავლეებს, აქტიური და სააზროვნო პროცესებით დატვირთული პრაქტიკა. ვასწავლი, თუ რაში უნდა გამოიყენონ მიღებული ცოდნა მომავალში.

სწავლების პროცესში ვიყენებ წამახალისებელ, დამაჯილდოებელ აქტივობებს. ვქმნი თბილ და პოზიტიურ გარემოს. ყოველთვის ვიზიარებ ბავშვის აზრებსა და განცდებს. ხშირად გვაქვს პროექტები და გასვლითი შემეცნებითი ექსკურსიები. ვითვალისწინებ მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს. ჩემს პრაქტიკაში დიდი ადგილი უკავია თამაშით სწავლებას. ამ დროს გაკვეთილზე მოსწავლე ხალისიანი, მეტად ყურადღებიანი და საკმაოდ აქტიურია. მომავალში ეს ყოველივე, საგნის მიმართ დიდ სიყვარულს და ინტერესს იწვევს.

ჩემო ძვირფასებო, მოუთმენლად ველი პირველკლასელებს, რომლებსაც ჩემი დახმარებით და მზრუნველობით, ძალიან სწრაფად შეუყვარდებათ სკოლა, მათზე მორგებული სასწავლო გარემო და საგანი-მათემატიკა, რომელსაც მე ვასწავლი.

ბოლოს კი, ვეთანხმები ბერძენ ფილოსოფოს პლუტარქეს, რომ „მოსწავლე არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა აავსო, ის ჩირაღდანია, რომელიც უნდა აანთო“, - აღნიშნავს პედაგოგი მარინა ბეჟანიშვილი.

პირველკლასელებთან შეხვედრას ასევე მოუთმენლად ელის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნათია კუტიბაძე, რომლისთვისაც მოსწავლეთა სიყვარული უმნიშვნელოვანესია. ის ყოველთვის ცდილობს, რომ სკოლაში პოზიტიური გარემო შექმნას.

„გამარჯობა, მე ვარ ნათია კუტიბაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ჩემთვის ეს სკოლა არის ადგილი, სადაც ჩამოვყალიბდი როგორც პროფესიონალი. ამ სკოლის თანამშრომლობითმა გარემომ და ჩემმა უსაყვარლესმა მოსწავლეებმა შემძინეს უდიდესი ცოდნა და გამოცდილება, ასევე რწმენა იმისა, რომ ყოველი მოსწავლე თვითონაც არის ჩემი მასწავლებელი. ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე მაქვს ჩემი შეხედულებები სწორ აღზრდასა და სწავლების მრავალფეროვნებაზე. შევეცდები, მოკლედ გაგაცნოთ ჩემი მუშაობის სპეციფიკა. ვცდილობ უზრუნველვყო ბავშვების ბედნიერება სკოლაში, ვცდილობ გავაზიარო მათი წარმატება როგორც სკოლაში, ასევე მის გარეთ. ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ ვცდილობთ ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. ვსწავლობთ შეცდომების აღიარებასა და მათთან გამკლავებას. რა არის ჩემი სუპერ ძალა? - ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველა მასწავლებელი მართლაც ფლობს სუპერ ძალას, რომელსაც აღმოაჩენ შენს თავში პატარებთან ურთიერთობისას. სწორედ ეს ძალა იქცევა შენი ცხოვრების თანამგზავრად. ვმოქმედებ მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, ყოველთვის ვარ კარგი მსმენელი, ვცდილობ აქტიურად ვიყოთ ჩართულები საგანმანათლებლო არაფორმალურ აქტივობებში“, - წერს პედაგოგი.

მომავალი პირველკლასელების პედაგოგი თამარ იორამაშვილი მასწავლებლობასთან ერთად, პროფესიით ფსიქოლოგია, რაც როგორც თავად ამბობს, ბავშვებთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. მისთვის მნიშვნელოვანი მოსწავლის პიროვნული თავისუფლება. ბავშვების აზრს ყოველთვის ისმენს და მათ შესაძლებლობას აძლევს გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ნებისმიერი საკითხის მიმართ.

„დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. ვმუშაობდი თბილისის N10 საჯარო სკოლაში ფსიქოლოგად, შემდეგ ჩავაბარე მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდები და დავიწყე დაწყებითების პედაგოგად მუშაობა. ფსიქოლოგის პროფესია მასწავლებლად მუშაობისას ძალიან დამეხმარა. მასწავლებელი თავისთავადაც ყალიბდება ფსიქოლოგად, ბავშვებთან ურთიერთობა პიროვნულად გზრდის და არ გაძლევს მოდუნების საშუალებას. ვფიქრობ, სკოლამ მოსწავლეებს არა მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა უნდა მიაწოდოს, არამედ განუვითაროს სხვადასხვა უნარი. ეს შეიძლება იყოს საგაკვეთილო პროცესში საგნობრივი სწავლება თუ სხვადასხვა სოციალური პროექტი. ინტეგრირებული  გაკვეთილები და პროექტული სწავლება - სწავლების ეს მიმართულება ყველაზე მეტად ყოფით ცხოვრებაში ცოდნის გამოყენებას ემსახურება, ამიტომაც იძენს მნიშვნელოვან როლს და გარკვეულწილად მოსწავლეებს თვალსაწიერს უფართოებს. არაფორმალური განათლება ჩემთვის პრიორიტეტულია - ვცდილობ, არ ჩამოვრჩე ქალაქში მიმდინარე კულტურულ და საგანმანათლებლო სიახლეებს. მუზეუმებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის ქალაქის ტურებისა და თეატრების ხშირი სტუმარი ვარ. ვნერგავთ ახალ გამოწვევებს და არ ვუშინდებით თანამედროვე ტექნოლოგიებს.

როგორი იქნებიან ჩემი ბავშვები? - ამბობენ, ბავშვები დამრიგებლებს ემსგავსებიანო. დიახ, შესაძლოა ეს ხუმრობაა, თუმცა არც მოკლებულია საღ აზრს. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მოსწავლის პიროვნული თავისუფლებაა, მათ იციან, რომ ისინი ჩემთვის მნიშვნელოვანნი არიან, იციან, რომ ყოველთვის ვუსმენ და ვითვალისწინებ მათ შეხედულებებს, არ უჭირთ გამოთქვან თავიანთი აზრი, შესაბამისად თავად ხდებიან სხვისი აზრის პატივისმცემელნი. ვფიქრობ, ურთიერთობები მნიშვნელოვანია. მეც მათთან ერთად ვსწავლობ ყოველდღე, ვცდილობ კარგი მსმენელი ვიყო, ვცდილობთ, ვიყოთ ერთმანეთისთვის უსაფრთხო გარემოს შემქმენლები“, -  აღნიშნულია მასწავლებლის წერილში.

მომავალი პირველკლასელების პედაგოგ სოფიკო ღლონტის მთავარი მიზანი კი მოსწავლეებში ნდობის მოპოვებაა. მისი სურვილია ბავშვებს საჭირო უნარების განვითარებაში დაეხმაროს და რაც ყველაზე მთავარია, ფიქრი ასწავლოს.

„ქვეყნის მომავალი საკლასო ოთახიდან იწყება! ჩემი მიზანია მოსწავლეებში ნდობის მოპოვება, ნაბიჯ-ნაბიჯ მოსწავლეებს ვასწავლო ფიქრი, საკუთარი თავის შეფასება, ემპათია, კრიიტიკული აზროვნება. დავეხმარო მათ შესაძლებლობლების აღმოჩენაში და რეალიზებაში ! ვინ იცის ვისში ვინ იმალება!“, - წერს თავის მიმართვაში პედაგოგი.

მოსწავლის მიმართ მასწავლებლის პასუხისგებლობისა და მოვალეობის შესახებ პედაგოგი ბელა გუგეშაშვილი თავის მიმართვაში ვრცლად წერს. მას კარგად აქვს გააზრებული თუ რას ნიშნავს მისი პროფესია, სწორედ ამიტომ ენერგიას არ იშურებს და ცდილობს, მუდამ მეგობრული, გამგები იყოს მოსწავლეებთან. 

„ბავშვები უნდა აღზარდონ იმ ადამიანებმა, რომლებიც თავისი ბუნებით მიზიდულნი არიან ამ საქმისაკენ, რაც მოითხოვს მათ დიდ სიყვარულსა და უდიდეს მოთმინებას!“- გამოჩენილი მწერლის ამ შესანიშნავი სიტყვებით მინდა დავიწყო ჩემი სათქმელი! მასწავლებლობა უდიდესი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა ქვეყნის, ადამიანების, საკუთარი თავისა და მოსწავლეების წინაშე. ეს არის იმ განსაკუთრებული პედაგოგიური უნარ-ჩვევების ერთობლობა, რომელიც ეხმარება პედაგოგს საგნის სიყვარულთან და სწავლის სწავლებასთან ერთად, საკუთარ მოსწავლეებს აათვისებინოს ადამიანური, ზნეობრივი და კულტურული ქცევის ნორმები. აღმზრდელი არა მარტო სათნო, მშვიდი და გულწრფელი უნდა იყოს მოსწავლის წინაშე, რასაც პატარები წამშივე შენიშნავენ ხოლმე, არამედ იგი ბავშვად უნდა დარჩეს , მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე პირველკლასელებს შეეხება. მათ ხომ სკოლაში მოსვლისას პირველად უწევთ აბსოლუტურად ახალ გარემოსთან შეხვედრა და ამ გარემოსა და სოციუმთან ადაპტირება? ამიტომ პედაგოგის მისიაა, რომ მათი ჯერ კიდევ ძალიან ფაქიზი და ჩამოსაყალიბებელი ფსიქოემოციური ფონის მგრძნობიარე სიმებს, რაც შეიძლება ნაზად შეეხოს, რათა ამ პატარა ადამიანებში სიმშვიდე, სიყვარული და აღტაცება გამოიწვიოს ამ ახლის შეცნობის დროს! პედაგოგისათვის, იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა ხედავს საკუთარი მოსწავლის ანთებულ თვალებს, რომლებიც ხარბად იჭერენ მასწავლებლის ყოველ სიტყვას, მზერას, თუ ჟესტს. ხედავენ მის გულს, რომლის კეთილი გულისცემაც მათ არ გამოეპარებათ და მიენდობიან, შეიყვარებენ სუფთა სიყვარულით, მაგრამ ბავშვები ძალიან განსხვავებულები არიან: ზოგს უყვარს წესებით ცხოვრება, ზოგს კი სურს გააკეთოს ის, რაც შეუძლებელია. ასე იცავენ ისინი საკუთარ პიროვნებას, ამიტომ სწორედ ამ დროს მჭირდება მოთმინება, აზროვნების მოქნილობა, როგორც მასწავლებელს, რომ თითოეულთან ინდივიდუალურად გამოვიყენო პედაგოგიკის და ფსიქოლოგიის ცოდნა, რათა შევიცნო მათი სული!.... და ბოლოს, დავამთავრებ მოწოდებით, რომელიც მუდამ ჩემშია, როგორც პედაგოგიური მოღვაწეობის კრედო: კულტურული და განათლებული ახალგაზრდობა, ჩემი სამშობლოს ბედნიერი მომავლის გარანტი და აუცილებლობაა!“, - წერია პედაგოგის მიმართვაში.

მასწავლებელი თეა შედანია კი მომავალ მოსწავლეებს ჰპირდება, რომ მათ მუდამ მხარს დაუჭერს და ერთად, სიყვარულით გაივლიან სწავლების ლაბირინთებში. პედაგოგისთვის სწავლებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვების სიყვარული.

„სწავლების პირველი წლები ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდის ცხოვრებაში. მათ ამ გზაზე სითბო, სიყვარული და პროფესიონალის მხარდაჭერა სჭირდებათ. მე ველოდები პატარა ადამიანებს, რომ ჩემი მხარდაჭერით უპრობლემოდ, კომფორტულად, მარტივად და სიყვარულით გაიარონ სწავლების ლაბირინთებში.

ჩემთვის სწავლებაზე არანაკლებ პრიორიტეტულია, რომ მოსწავლეებს უყვარდეთ ერთმანეთი, იცოდნენ მეგობრობის ფასი, იყვნენ ზრდილობიანები, მოწესრიგებულები და სამართლიანები.

მშობლებს კი ჩემთან კომფორტული კომუნიკაციის საშუალება ექნებათ. ვთვლი, რომ ვფლობ პრობლემის უმტკივმეულოდ გადაჭრის რესურსს. ჩემო მომავალო მოსწავლეებო და მშობლებო, გელოდებით და იმედი მაქვს, ჩემთან ერთად გატარებული ოთხი წელიწადი შინაარსიანი, წარმატებული და დაუვიწყარი იქნება თქვენთვის!“, - წერს მასწავლებელი.

დაწყებითი კლასების პედაგოგი აზა ხურცილავას კი ყველაზე მნიშვნელოვნად მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური უნარების განვითარება მიაჩნია შემდგომ კი მათი აკადემიური მოსწრების ამაღლება. პედაგოგის მთავარი მიზანია, ისეთი მოქალაქის აღზრდა, რომელიც ყველა ცხოვრებაში დაბრკოლებებს არ შეუშინდება და მათ თავს ღირსეულად გაართმევს.

„მე ვარ აზა ხურცილავა თბილისის N10 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი. მაქვს 24-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. 2024-2025 სასწავლო წელს მიწევს პირველი კლასის აყვანა.

ბავშვის ცხოვრებაში, სკოლაში სწავლის დაწყება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. შესაბამისად, დაწყებითი კლასის პედაგოგის ფუნქციური დატვირთვა და პასუხისმგებლობაც ძალიან მაღალია. მნიშვნელოვანია მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება, მათი სიყვარულისა და ნდობის მოპოვება, რაც ბავშვებს სწავლის ინტერესს გაუღვიძებს და სწავლების სტიმულს მისცემს. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური უნარების განვითარება და შემდეგ მათი აკადემიური დონის ამაღლება.

ჩემი შერჩეული სწავლების მეთოდი, ითვალისწინებს საგნის შესწავლას და მოსწავლის ანალიტიკური აზროვნების, მსჯელობის, დასკვნების გამოტანის, გაანალიზების სწორად აღქმის, აზრის ჩამოყალიბებისა და ზოგადად აზროვნების განვითარებას. ამ უნარების განვითარება მოსწავლეებისათვის საინტერესოს და სასიამოვნოსაც კი გახდის სასწავლო პროცესს.

ჩემი მიზანია ისეთი მოქალაქის აღზრდა, რომელიც თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსა და მოთხოვნებს უპასუხებს“, - აღნიშნავს წერილში პედაგოგი.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მათემატიკაში მაქსიმალური ქულა 28 აბიტურიენტმა მიიღო - რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ აპლიკანტებს

სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით

შედეგები, ტესტი და შეფასების სქემა - NAEC საგრანტო კონკურსის ქულებს აქვეყნებს

მანდატურის სამსახური ვაკანსიას აცხადებს - უწყება 36 ახალი კადრის მიღებას გეგმავს

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება