მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. შესაბამისად წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე სკოლაში საინტერესოდ აღნიშნა.
IVა კლასში გამართულ ღონისძიებას გასდევდა გოდერძი ჩოხელის გენიალური ფრაზა - „დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის“.
„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე უკვე მეშვიდედ აღინიშნა ჩვენს პლანეტაზე! მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დიდი სიხარულით ხვდებიან ამ გამორჩეულ დღესასწაულს! არც ილიას, აკაკის და ვაჟას სამშობლოა ამ მხრივ გამონაკლისი! ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლეებმა ტოლი არ დაუდეს ჩვენს მკითხველებს და დიდი დღესასწაული მოაწყვეს“,- გვიყვებიან სკოლაში.
კლასის დამრიგებელმა - მაკა ცერცვაძემ, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები დაგეგმა. ჯერ საკლასო სივრცეში, შემდეგ კი სკოლის ბიბლიოთეკაში მე-4ა კლასის მოსწავლეებმა არაერთი მოთხრობა თუ ლექსი გააჟღერეს.
„ბავშვებმა მთელი სული და გული ჩადეს ამ საქმეში. დასასრულს ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ვფიქრობ, რომ ეს დღე მათ არასდროს დაავიწყდებათ“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება ახალგაზრდებს ბიძგს მისცემს უფრო და უფრო შეიყვარონ წიგნი - „ცოდნის წყარო“, გაითავისონ მისი მნიშვნელობა და მომავალ თაობას გადასცენ საკუთარი გამოცდილება!
„ყოველი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს! ვულოცავთ IVა კლასის მოსწავლეებს ამ სამყაროში შემობრძანებას და ვუსურვებთ წარმატებული ნაბიჯებით აღმასვლას!“,- აღნიშნავს პედაგოგი.
IIIბ კლასის მოსწავლეთა წიგნიერების დღესასწაულისადმი მიძღვნილი გაკვეთილი კი იაკობ გოგებაშვილის სიტყვებით - „ხალხის განათლება დედაბოძია, მთავარი ბურჯია ქვეყნის კეთილდღეობის, ბედნიერებისა!“ დაიწყო.
უკვდავი ფრაზა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნინო ხვედელიძემ 2 თებერვალს გააჟღერა და მოსწავლეებს განუმარტა, თუ რასთან დაკავშირებით აპირებდა საკლასო სივრცეში გამორჩეული და განსაკუთრებული დღის მოწყობას.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლაში დიდი სიხარულით აღინიშნა. IIIბ კლასის მოსწავლეებმა საკლასო სივრცეში სხვადასხვა საინტერესო მოთხრობა თუ ლექსი წაიკითხეს. მოეწყო შეჯიბრი კითხვაში, გაიმართა მსჯელობა წაკითხული ნაწარმოებების ირგვლივ! მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული და დიდი ენთუზიაზმით ცდილობდნენ საკუთარი აზრების დაფიქსირებას.
„კითხვა ის შესაძლებლობაა, რომლის საშუალებითაც უნებლიედ, ხშირად გაუაზრებლად, სხვის ტყავში, სხვის ხმასა და სულში აღმოვჩნდებით ხოლმე“! სწორედ ამის გააზრებასა და გონებაში ჩაბეჭდვას ემსახურება ეს დღესასწაული!
მასწავლებელმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ მიულოცა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, წიგნების სამყაროში მყარად დგომა ურჩია, მომავალში კი ცოდნით შეიარაღებულებს წინსვლა უსურვა.
ღონისძიებას IVგ კლასიც შეუერთდა. „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - ამ სლოგანის გარშემო გაერთიანდნენ პატარა მკითხველები და ხმამაღლა წაიკითხეს მათთვის საყვარელი წიგნები, გაუზიარეს თანაკლასელებს ის სიხარული, რასაც წიგნის კითხვის დროს გრძნობს ადამიანი. კლასის დამრიგებელმა, თინათინ ცუცქირიძემ, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები დაგეგმა, საკლასო სივრცეში. მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები მათთვის განსაკუთრებით საყვარელი წიგნებიდან, გაცვალეს წიგნები ერთმანეთში, იმსჯელეს კითხვის აუცილებლობაზე.
მსგავს ღონისძიებებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ კითხვის პოპულარიზაციაში, მოსწავლეებს აძლევს სტიმულს იკითხონ და შეიყვარონ წიგნები.
„ვისაც წიგნის კითხვა უყვარს, მას მუდამ გვერდით ჰყავს ერთგული მეგობარი, მხიარული თანამოსაუბრე, ბრძენი მრჩეველი და დამრიგებელი!“ვულოცავთ პატარა მკითხველებს წიგნის სამყაროში შებრძანებას და ვუსურვებთ თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კურსი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა