მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ადრეული ასაკი არის საძირკველი, რაზეც უნდა დაშენდეს ჩვენი მომავალი მე“, - etaloni.ge-ს 24 წლის თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე ყველა იმ გამოწვევის შესახებ ესაუბრება, რომლის წინაშეც დგას სკოლამდელი განათლება, რას უნდა აძლევდეს საბავშვო ბაღი ბავშვებს, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული დიაგნოზიანი თუ ტიპური განვითარების მქონე ბავშვების აღზრდა, რა სტიგმები და სტერეოტიპები არსებობს ქართულ რეალობაში. ჩვენი რესპონდენტი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და ამბობს, რომ სკოლამდელ განათლებას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, რესურსის, კვალიფიკაციის, გარემოს მოწყობის ,ფინანსებისა და სიახლის კუთხით.
„არასდროს მიფიქრია, რომ ადრეული ასაკის ბავშვებთან ვიმუშავებდი, ან ამ კუთხით რაიმე დაინეტერესება მექნებოდა, მანამ, სანამ დავიწყე საქართველოში ერთადერთ არასტანდარტულ, ტყის ბაღში მუშაობა. კარვები, კომბინეზონები, ბუნება, სასიამოვნო გარემო, ბაღი კედლების გარეშე და საოცარი ბავშვები - ეს დაუვიწყარი გამოცდილება იყო, რაც ძალიან ცოტას აქვს საქართველოში, ალბათ, მაქსიმუმ 20 ადამიანს. აქ მუშაობის პერიოდში, ბავშვებთან ურთიერთობისას, არაერთ გამოწვევას წავაწყდი, მათ შორის ქცევის, მეტყველების, ემოციური ინტელექტის, კოგნიტურ, სოციალურ თუ მენტალურ პრობლემებს. ამ პრობლემაზე ჩვენი ჯგუფი ვმსჯელობდით, განვიხილავდით სხვადსხვა ვერსიებს, ვეძებდით პრობლემის აღმოფხვრის გზებს და მივხვდი, რომ ადრეული ასაკი არის საძირკველი, რაზეც უნდა დაშენდეს ჩვენი მომავალი მე, სწორედ ბავშვობა გვეუბნება იმას, თუ როგორი პიროვნება ვიქნებით, რამდენად ძლიერები, როგორ შევძლებთ პრობლემის გადაჭრას, სირთულეებთან გამკლავებას, სწავლას, მეგობრებთან ურთიერთობას, საკუთარი თავისა თუ სხვის მოსმენას.არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ თუ რამე პრობლემა გვაქვს დიდობაში, მისი საფუძველი ადრეულ ასაკშია და ძიებას, მაინც ბავშვობაში მივყავართ“, - გვიყვება ბარბარე.
ჩვენი რესპონდენტი იმ აუცილებელ უნარებს ასახელებს, რომლებიც ბავშვებს ბაღმა უნდა განუვითაროს: „პირველ ყოვლისა, ესაა ემოციური ინტელექტის ჩამოყალიბება - რასაც დიდი შრომა სჭირდება და რის გარეშც საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი, ვიცი თუ არა ფიზიკის ესა თუ ის კანონი და რამდენად მაგრად ვხსნი ამოცანებს, რადგან მერე, სკოლის პერიოდში პატარა მარცხმა შესაძლია ფარხმალი დამაყრევინოს, შესაძლოა დავნებდე და ხელი ჩავიქნიო, ან ძალიან ემოციურად მივიღო, თავი არასაკმარისად ვიგრძნო. მაგრამ თუ შევძლებ მარცხი აღვიქვა როგორც გამოცდილება, ამ შემთხვევაში მზად ვიქნები, კიდევ ერთხელ ცდისთვის. ემოციური ინტელექტი გვიყალიბებს ჯანსაღი თვითკრიტიკის უნარს - ვიაზრებ, ვაფასებ და ვცდილობ გამოსწორებას. მნიშვნელოვანია, რომ ბაღმა ბავშვს ჩამოუყალიბოს ხასიათი - ახლა ბაღებში მოდაში შემოვიდა, ასწავლონ მათემატიკა, ინგლისური... - აწვდიან დიდ ინფორმაციას, რომელიც რასაკვირველია, ცუდი არ არის, თუ ბავშვს ათვისების შესაძლებლობა და ინტერესი აქვს, მაგრამ პირველ რიგში, უნდა ვასწავლოთ, რომ არ დანებდეს, ფარ-ხმალი არ დაყაროს, მეტად ემპათიური იყოს, შეეძლოს გუნდური მუშაობა, საკუთარი თავისა და მეგობრის დახმარება, ვითარების გაანალიზება და რაც მთავარია დასვას ბევრი კითხვა, ამ ასაკში ბავშვებს ცნობისმოყვარეობა სჭირდებათ. თუ ბავშვს ასწავლით დასვას კითხვები, გაუღვიძებთ ცნობისმოყვარეობას, გაუღვიძებთ წარმოსახვას, ის თავად მოგთხოვთ გაიგოს ყველაფდერი სამყარის შესახებ. მე ძალიან მიყვარს ბავშვები, რომლებიც ხშირად სვამენ კითხვას - „რატომ?“, - მათ სურთ, ბევრი შეიტყონ სამყაროს შესახებ და გაიძულებენ, შენც ბევრი იკითხო, რათა მათი ცნობისმოყვარეობა კომპეტენტური პასუხებით დააკმაყოფილო. ისინი გაიძულებენ, რომ შენც გაიზარდო”.
ბარბარე მარგალიტაძე ბაღში, როგორც ტიპური განვითარების, ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობდა, ამ გამოცდილებამ კი, უბიძგა უფრო სიღრმისეულად შეესწავლა ეს თემა და დაინტერესდა ქცევითი თერაპიით. ამ ეტაპზე, ორ ცენტრში მუშაობს, სადაც ძირითადად, დიაგნოზის მქონე ბავშვები ჰყავს. ბაღში კი, ქეისების მართვითა და პედაგოგების მხარდაჭერით არის დაკავებული. მისი გამოცდილებით, კი აღნიშნავს, რომ საბაღო განათლებაში არ ტარდება მნიშვნელოვანი რეფორმები, არ ექცევა ყურადღება ამ მიმართულებას და არ ხდება პედაგოგების კომპეტენციიაზე ზრუნვა.
„ორ ცენტრში ვმუშაობ, სადაც ძირითადად მყავს, სსსმ ბავშვები, როგორიცაა: ADHD, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, განვითარების შეფერხება და აუტისტური სპექტრი. ამ მიმართულებით წასვლა ბაღში მუშაობამ გადამაწყვეტინა, სამწუხაროდ ეს სფერო საქართველოში მიუხედავია, არ ტარდება შესაბამისი რეფორმები, არ ხდება პედაგოგების სათანადოდ გადამზადება, არ ექცევა ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანს - ახალი თაობების აღზრდას, იმ ასაკში, როცა მათ მსოფლმხედველობა უყალიბდებათ, სამყაროს შეცნობას იწყებენ და იმ ფუნდამენტურ უნარებს ივითარებენ“, - გვიამბობს თერაპევტი.
თერაპევტი მშობლების როლზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი ჩართულობა სააღმზრდელო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ის ასევე გვიყვება სტიგმებსა და სტერეოტიპებზე, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული და ხელს უშლის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ინტეგრაციას: „მშობლები ფიქრობენ, რომ როცა ბავშვი ბაღში მოჰყავთ, ან თერაპიაზე, პასუხისმგებლობა მთლიანად ჩვენზე გადმოდის - რეალურად ეს ასე არ არის, ყველაზე კარგი შედეგი დგება მაშინ, როცა მშობლებიც აქტიურადაა ჩართული გარკვეულ პროცესებში და თანაბარი გარემოა შექმნილი, ბაღში ან თერაპიაზე და სახლში. რა საკვირველია, მე მესმის მშობლების, რადგან საკმარისი ცოდნა შეიძლება არ ჰქონდეთ და გაუჭირდეთ გარკვეულ პრობლემებთან გამკლავება. მაგალითად, აუტიზმზე ნაკლებად აქვთ ინფორმაცია და რომც გინდოდეს მეტის გაგება, ფიზიკურად არ არის ქართულ ენაზე მასალები, ყველას თარგმნის შესაძლებლობა არ აქვს და ესეც აძნელებს ამ პროცესს. ამიტომ ძალიან დაბნეულები და შეშფოთებულები არიან - მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტებმაც მშობლებს მეტი ინფორმაცია მიაწოდონ. რაც შეეხება სტიგმებსა და სტერეოტიპებს, გამომდინარე იქედან, რომ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია და არც რესურსი, რომ ამ მიმართულებით ცოდნა გაიღრმავონ, ჩამოყალიბდა ბევრი მითი, რაც ცხადია ძალიან დამაზიანებელ და უთანასწორო გარემოს ქმნის ბავშვებისთვის. მაგალითად, საზოგადოების ნაწილს ჰგონია, რომ აუტისტისტური სპექტრის ბავშვები არიან სახიფათოები, რომ ისინი ვერასდროს დაიწყებენ ლაპარაკს და რომ უარყოფით ზეგავლენას მოახდენენ ტიპური განვითარების ბავშვებზე. საზოგადოების, ჩვენი პრობლემა არის ის, რომ არ ვფიქრობთ, როგორ დავეხმაროთ მათ ინტეგრაციაში, როგორ შევუქმნათ გარემო, სადაც კიარ შევზღუდავთ, არამედ განვითარებაში დავეხმარებით და გამოვნახავთ საკომუნიკაციოდ ეფექტურ გზას. როგორ ვეურთიერთოთ და გვქონდეს კომუნიკაცია ნებისმიერი დიაგნოზის მქონე ბავშვთან - ამის მაგალითებს არ ვიძლევით, სამწუხაროდ. პირადად მე ვცდილობ და იმედია გამომდის, თუმცა პრობლემა არის ის, რომ საზოგადოება ამ კუთხით არაა ინფორმირებული“.
ბარბარე, ქართულ რეალობაში სკოლამდელი განათლების დონეს აფასებს, პედაგოგების მიდგომებზეც საუბრობს და იმ სინამდვილეს ასახავს, რაც საკმაოდ მძიმე სურათს ქმნის.
„როგორც უკვე აღვნიშნე, საბაღო განათლებას არ ეთმობა სათანადო დრო და მის განვითარებაზე არანაირი რესურსი არ იხარჯება, ცალკეა პედაგოგები, რომლების გადამზადებაც არ ხდება, მათ უნდა იცოდნენ ამა თუ იმ ქცევასა და გამოწვევას, როგორ გაუმკლავდნენ. დიდი პრობლემაა მასწავლებლების ბავშვებთან ურთიერთობაც - კომუნიკაცია ძალიან დასახვეწია, პირადად მე რაც მინახავს ბაღებში, მიუღებელია ბავშვებთან ისეთი დამოკიდებულება, რაც აქვთ ხოლმე აღმზრდელებს. ბავშვები ჩვენი კომუნიკაციიდან ძალიან ბევრს სწავლობენ, მათთვის ეს გარემო, სახლის მერე პირველი სოციალური სივრცეა და როგორი ბუნებაც ხვდებათ, ზუსტად ისე იქცევიან თვითონაც“- აღნიშნავს ის.
ბოლოს, ჩვენი რესპოდენტი, ამ პროფესიით ახალგაზრდების ნაკლებ დაინტერესებაზეც საუბრობს, ამის მიზეზებს განიხილავს და საქმიანობის მთავარ სირთულეებს ასახელებს.
„საზოგადოების მიდგომების გამო, ეს პროფესია ნაკლებ დაინტერესებას იწვევს ახალგაზრდებში, განსაკუთრებით ბიჭების, თუმცა მე ვიცნობ ბიჭ პედაგოგებს, რომლებიც საკმაოდ კარგად უმკლავდებიან პროფესიულ გამოწვევებს და სამაგალითოდ ახერხებენ ბავშვებთან ურთიერთობას. მეორე ისაა, რომ ძალიან დაბალი ანაზღაურებაა, გამოცდილებისთვის იმუშავებ, თუმცა მერე უკვე ამით ფიზიკურად ვერ იარსებებ, მატერიალური კუთხით, თითქმის შეუძლებელია, რომ მხოლოდ ბაღში რეალიზება შეძლო და ეს დამაკმაყოფილებელი იყოს. მესამე კი, საქმის სირთულეა, ამ სფეროში გჭირდება მოთმინების ყველაზე დიდი უნარი“, - აღნიშნა ბარბარემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ