სიახლეები
საინტერესო , ინტერვიუ

„არასოდეს გამომაჩინოთ ფოტოზე გაღიმებული“ - კონსტანტინე გამსახურდია დიდი კონსტანტინესა და მამის შესახებ
21-08-2018
-
+


დიდი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილსა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას უფროს შვილს, პაპის მოსახელე კონსტანტინე გამსახურდიას წერა-კითხვა პაპამ ასწავლა. დიდი კონსტანტინე პატარას ათამამებდა, რის გამოც მისი მშობლებისგან საყვედურსაც იღებდა.

– მე კონსტანტინე გამსახურდიას პირველი შვილიშვილი ვიყავი ვაჟის მხრიდან. ჩემამდე კი ჰყავდა ორი შვილიშვილი ქალის მხრიდან, მაგრამ რადგან მე ვაჟის მხრიდან ვიყავი, რა თქმა უნდა, ოჯახის ყურადღების ცენტრში მოვექეცი. ძალიან ბევრი უფლება მქონდა. ვიყავი ერთგვარი საკულტო ფიგურა. წერა–კითხვა ბაბუამ მასწავლა. რა მეთოდით მასწავლიდა, აღარ მახსოვს, მაგრამ ძალიან სწრაფად რომ ვისწავლე კითხვა, ეს კი ვიცი. პირველი წიგნი, რომელიც მასთან ერთად წავიკითხე, ვაჟა–ფშაველას „ალუდა ქეთელაური“ იყო. 

– რამდენი წლის იყავით მაშინ?

– 7 წლის. ერთად ვისხედით და ვარჩევდით. მერე ზეპირად ვსწავლობდი და ნაწილ-ნაწილ ვაბარებდი. თითქმის მთლიანად ვისწავლე ზეპირად. სხვათა შორის, დიდი კონსტანტინე თავის მემუარებში ჩემ შესახებ აღნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ლექსი ვიცოდი ზეპირად და შიშობდა, ჩემი მეხსიერება ძალიან არ გადატვირთულიყო ამდენი ინფორმაციით. ჩვენ სულ ერთად დავდიოდით ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად. მივყავდი ხოლმე სვეტიცხოველში, ჯვარზე, ზედაზენზე... ბევრი რამ არ მახსოვს, რადგან პატარა ვიყავი. 14 წლის რომ გავხდი, მაშინ გარდაიცვალა. ბოლო ორი წელი საწოლად იყო ჩავარდნილი. ადრეული ბავშვობიდან კი ცოტა რამ დამამახსოვრდა.

მახსოვს, მისი სტუმრები ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროში წარჩინებული ადამიანები. ეს ნამდვილი აკადემია იყო, სადაც ყველაფერზე საუბრობდნენ და მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ქართულ კულტურაზე. ეს უაღრესად საინტერესო საუბრები იყო, მაგრამ, მე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის აღქმა მაშინ სრულფასოვნად არ შემეძლო, მხოლოდ ნაწილობრივ აღვიქვამდი.

– როგორი ბაბუა იყო დიდი კონსტანტინე – მკაცრი თუ ლმობიერი?

– გარე სამყაროსთვის ის იყო პირქუში, მკაცრი. მას ნათქვამი აქვს ფოტოგრაფებისთვის, არასოდეს გადამიღოთ გაღიმებული, ყოველთვის გადამიღეთ დამწუხრებული და მჭმუნვარეო. სახლში კი სულ სხვაგვარი იყო – თბილი და მოსიყვარულე. ამის გამო ჩემი მშობლები ბებიასა და ბაბუას ხშირად საყვედურობდნენ, ბავშვს ბევრის უფლებას აძლევთო.

– საზოგადოებისთვის მწუხარე რატომ უნდა ყოფილიყო?

– ამის ბევრი მიზეზი იყო და ის მიზეზები დღესაც არის. კონსტანტინე გამსახურდიას დღესაც რომ გადმოახედა ზემოდან, ისევ პირქუშად შეხედავდა დღევანდელ საქართველოს. 

– სკოლაში არ ატარებდნენო, თქვენზე ამბობენ.

– როგორ არა, დავდიოდი სკოლაში. მცდარი ინფორმაციაა, რომ სკოლაში არ მატარებდნენ. პირველი კლასიდან თბილისის N23 სკოლაში დავდიოდი და ყველაფერი გავლილი მაქვს, რაც სხვა მოსწავლეებს. ძალიან კარგი კლასი მყავდა და ჩემს თანაკლასელებთან დღემდე ვმეგობრობ. ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა. სკოლამდე გერმანულ ბაღში დავდიოდი, რომელიც მწერალ გურამ ფანჯიკიძის და ჩვენს სახლში ფუნქციონირებდა. გურამ ფანჯიკიძის ქალიშვილი, მაია ჩემი თანაბაღელი იყო. იქ ვსწავლობდით გერმანულ ენას, გერმანულ ლექსებსა და ზღაპრებს.

– სკოლაში ფრიადოსანი იყავით?

– მწარე ხუთოსანი არ ვიყავი, მაგრამ ცუდად არ ვსწავლობდი. სხვათა შორის, თუ შატალოზე წასვლას გადაწყვეტდნენ ჩემი კლასელები, პირველი მე მივდიოდი, არ მიყვარდა გამორჩევა და ვერც იმ ბავშვების ქცევას ვაფასებდი კარგად, ვინც არ მოდიოდა ხოლმე. ეს ამბავი მაშინაც გავიხსენე, როცა არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ. 2008 წლის არჩევნების შემდეგ მე ვთქვი, სკოლაში შატალოზე პირველი მე მივდიოდი, ახლა კი სხვები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე და არც მე შევალ-მეთქი.

– ოჯახში არ გიბრაზდებოდნენ, შატალოზე რომ დადიოდით და არც „მწარე ხუთოსანი“ იყავით?

– არა, არ მიბრაზდებოდნენ. იცოდნენ, ცუდს არაფერს ჩავიდენდი. საბოლოოდ, სამი ოთხიანის გამო ვერ მივიღე ოქროს მედალი. ეს საგნები იყო ალგებრა, ხაზვა და რუსული წერა. სხვა საგნებში ხუთები მყავდა. ხაზვაში სრულიად უსამართლოდ დამიწერეს 4-იანი, მაგრამ მათემატიკისა და რუსულის ოთხიანში მე ვიყავი დამნაშავე, რადგან დავაკელი სწავლას. მათემატიკა ცოტა მიჭირდა. მიყვარდა ქართული ლიტერატურა, ისტორია და ქიმია... 

– მამა, ბატონი ზვიადი რამდენად ერეოდა თქვენი  სწავლა-განათლების საკითხებში? 

– საკმაოდ დიდი დოზით. ინგლისურს მასწავლიდა. მუსიკასაც მასწავლიდა, მაგრამ მერე ნერვები აღარ ეყო. მითხრა, შენგან მუსიკოსი მაინც არ გამოვაო და ხელი აიღო ამ საგანზე. ინგლისურს კი მასწავლიდა და ზოგჯერ გერმანულშიც  მეხმარებოდა. ბიბლიას ვკითხულობდით ერთად ინგლისურ ენაზე.

– მისი რა შეგონება გახსოვთ?

–  სულ მეუბნებოდა, გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ და, რაც მთავარია, ადამიანი იყავიო. იყო ადამიანი, ძალიან ბევრს ნიშნავს და დიდი პასუხისმგებლობაცაა. 

– დიდი კონსტანტინე თავის ნაწარმოებებს არ გიკითხავდათ?

–  სრულფასოვნად მისი გაგება, ალბათ, გამიჭირდებოდა მაშინ, თუმცა მისი ნოველები მაქვს ბავშვობაში წაკითხული. რაც შეეხება მის ნაწარმოებებზე გადაღებული ფილმების პრემიერებს, მათ ბაბუასთან ერთად დავესწარი, როგორც „დიდოსტატის მარჯვენას“, ასევე „მთვარის მოტაცებას“. 

კარგად მახსოვს, როგორ დადიოდა „დიდოსტატის მარჯვენაში“ შორენა კოლონკელიძის როლის შესრულებამდე ქალბატონი ლალი ბადურაშვილი ჩვენთან და იჩვევდა ჩვენს შველს. ჩვენს ბაღში იყო ორი, დედალ-მამალი შველი. ერთ-ერთი „დიდოსტატის მარჯვენაში“ ათამაშეს. ბაბუას აჩუქეს ეს შვლები. სახლში გვყავდა ასევე ძაღლები, კატები, მელა... მელა როცა წამოიზარდა, გაიქცა.

– გალიაში გყავდათ მელა?

– არა, თავისუფლად დადიოდა, მაგრამ მერე გაიქცა. ცხოველებთან, ბუნებასთან სიახლოვე, ადამიანს კარგად აყალიბებს და ამიტომაც გვყავდა ცხოველები ოჯახში. 

ჩვენს სახლში ძალიან მწიგნობრული გარემო იყო. ჩემი მამიდა თამარი, რომელიც ძალიან ახალგაზრდა, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო. მეც ბევრს ვკითხულობდი და უკვე 11–12 წლის ასაკში, თავად ვუკითხავდი ხოლმე ლექციებს ჩემივე ოჯახის წევრებს ამა თუ იმ თემაზე. ძირითადად, ეს იყო ისტორია და ლიტერატურა. 20-25 წუთი მისმენდნენ ხოლმე. მამაც ესწრებოდა ჩემს ლექციებს. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება