სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„ერთი და ორი გაკვეთილის უსწავლელობა ტრაგედია არაა, ტრაგედიაა, როცა უპასუხისმგებლობას ეჩვევი“- პედაგოგი მაია ფუტკარაძე პროფესიულ გამოწვევებზე 
16-02-2024
-
+


„მინდა, მთელი ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა ისე გავლიო, რომ ყველა ბავშვის თვალი ავაციმციმო“, - ესაა მიზანი, რომლისკენ სწრაფვამაც, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ყოროლისთავის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მაია ფუტკარაძე 30 წელია მომავალი თაობების სამსახურში გააჩერა. მოსწავლეების უსაზღვრო სიყვარულმა, ბავშვების კარგ ადამიანებად აღზრდის მოტივმა და ბავშვობის მოწოდებამ, იგი მასწავლებლობამდე მიიყვანა, პროფესიამდე, რომელიც ყველაზე ღირებულს - განათლებული თაობების აღზრდას ემსახურება. 

იყო მასწავლებელი საკმაოდ საპასუხისმგებლოა, უფრო რთულია, ასწავლიდე მშობლიურ სკოლაში, სადაც შენივე პედაგოგები, უკვე კოლეგებად გევლინებიან. მუდმივი სწავლა, ახალ თაობებთან კომუნიკაცია, ცოცხალი სოციალური გარემოს შექმნა ტექნოლოგიების ეპოქაში... - ამ გამოწვევებს მოსწავლეებისთვის საყვარელი მაია ფუტკარაძე ღირსეულად პასუხობს და etaloni.ge-ს  ქართული ფილოლოგიის სპეციფიკაზე, საკუთარი თვალით დანახულ თანამედროვე მოსწავლეებზე, მათ ინტერესებზე ესაუბრება და საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხს - რატომ იქცა ჰაგიოგრაფიის სწავლება განხილვის საგნად ან რა მნიშვნელობა მას აქვს სასკოლო პროგრამაში - პროფესიონალი პედაგოგის პოზიციიდან ეხმაურება.  

- ქალბატონო მაია, რამ განსაზღვრა პროფესიის არჩევანი? 

- ალბათ დედაჩემმა განაპირობა, რომ ცხოვრება ამ პროფესიას დავუკავშირე, ბავშვობიდანვე მომწონდა და ჩემი მოწოდება იყო, გავმხდარიყავი მასწავლებელი. ეს ალბათ, ბავშვების სიყვარულმაც განაპირობა, გულწრფელად, უსაზღვროდ მიყვარს ყველა ბავშვი და ამ გარემოში ისე კომფორტულად ვარ, საკუთარ თავს სხვაგან ვერც წარმოვიდგენ. 

- რა გამოწვევაა ასწავლოთ მშობლიურ სკოლაში და იყოთ იმ ადამიანების კოლეგა, რომლებიც ერთ დროს თავად გასწავლიდნენ? 

- ეს ნამდვილად დამატებითი პასუხისმგებლობაა. ჩემი მასწავლებლების გვერდით მიწევდა მუშაობა წლების განმავლობაში და ეს იმხელა პასუხისმგებლობას წარმოადგენდა, რომ ძალიან მიჭირდა მათ თანატოლად და კოლეგად საკუთარი თავის აღქმა, თუმცა მათი დამოკიდებულება იმდენად სასიამოვნო იყო ჩემს მიმართ, რომ უკეთესი კოლექტივი ვერსად მეყოლებოდა, მათგან ადრე როგორც ჩემი მასწავლებლებისგან, შემდეგ კი, როგორც ჩემი კოლეგებისგან უსაზღვროდ ბევრს ვსწავლობდი. უკვე 30 წელი ხდება, რაც პედაგოგად ვმუშაობ და სამწუხაროდ, შემოგვეცალნენ ღვაწლმოსილი მასწავლებლები, თუმცა მათ გავლენას ყოველთვის ვგრძნობ, მათი გზის ღირსეულად გაგრძელება ჩემი პროფესიული ცხოვრების მთავარ მოტივად იქცა, მათივე დამსახურებაა, რომ დღეს პედაგოგი ვარ და ამ საქმეს ვემსახურები. დღემდე მომყვება მათი თბილი დარიგება, დღესაც, სამასწავლებლოში, რომ შევდივარ, მაქვს განცდა, რომ ისევ იქ სხედან.

- ქალბატონო მაია, რა გამოწვევის წინაშე დგანან სოფლის სკოლები, არის რამე, რაც მათ ქალაქის სკოლებისგან განასხვავებს? 

- სოფლის სკოლაში მთავარი გამოწვევა ალბათ მაინც ტრანსპორტირებაა, თუმცა  აქ ჯერ კიდევ შემორჩენილია დიდი პატივისცემა, მე-12 კლასსაც ვასწავლი და არ მიჭირს მათთან კომუნიკაცია, სხვადსხვა თემაზე მსჯელობა აზრების გაცვლა, ჩვენ გვაქვს გულახდილი დამოკიდებულება. ალბათ, ის ფაქტიც, რომ სკოლაში ბოლომდე გამართულად ვერ ვიყენებთ ინტერნეტს, ერთმანეთთან მეტად გვაახლოებს. თუმცა არაფერია სოფლის სკოლაში ისეთი გამოწვევა, რომლის დაძლევაც განსაკუთრებით ჭირს. პირიქით, ალბათ სოციუმი და ის ფაქტი, რომ ყველა ერთმანეთს იცნობს, ერთ დიდი გუნდად, ოჯახად, გვაერთიანებს... ჩვენც, მასწავლებლებიც ვზრდით მოსწავლეებს იმ იდეით, რომ შეეძლოთ სიყვარული, თანადგომა, მხარდაჭერა, პატივისცემა და ა.შ. მე არ ვმუშაობ ქალაქის სკოლაში, მაგრამ მიწევს ხოლმე თანამშრომლობა და აშკარად შეიმჩნევა მათგან განსხვავებული დამოკიდებულებები - ამ განსხვავებულ ჰავას, სწორედ სოციუმი განაპირობებს, ჩვენ გვაქვს ფუფუნება, რომ ვიყოთ ერთ მუშტად შეკრულნი, ეს ერთიანობა კი სასურველი შედეგისა და საერთო მიზნების მიღწევაში ძალიან გვეხმარება. 

- მრავალი თაობა აღზარდეთ... რას გვეტყვით თაობათა ცვლაზე და როგორია თქვენი თვალით დანახული თანამედროვე მოსწავლე? 

- თაობათა ცვლა მართლაც განსხვავებულია, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, თუ რამდენად განსხვავებული ინტერესები და მისწრაფებები უჩნდებათ და რამდენად განსხვავებული დამოკიდებულებები აქვთ. ალბათ, ეს დიდი განსხვავება ტექნოლოგიების დამსახურებაცაა, სოციალური ქსელების არსებობამ მოსწავლეებს სხვა ინტერესები გაუჩინა, უფროა გააფართოვა მათი თვალსაწიერი, ვერ ვიტყვი, რომ მეტად განათლებულები გახდნენ ტექნოლოგიების დამსახურებით, თუმცა მათზე დამოკიდებულები ნამდვილად არიან.

წინა თაობებისგან განსხვავებით, ეს თაობა მეტად ჩაკეტილია, მიჯაჭვულები არიან მობილურებთან, თუმცა კითხვა უყვართ, ჩვენ ხშირად განვიხილავთ წაკითხულ ლიტერატურას და მომწონს მათი აღქმა. უმთავრესი, რაც ახალ თაობას გამოარჩევს, ისაა, რომ პირველ ადგილას საკუთარ თავს აყენებენ და ალბათ, გარკვეულწილად, მართლებიც არიან - იციან უფლებები, მაგრამ ხანდახან ავიწყდებათ მოვალეობები, საბოლოო ჯამში კი ნამდვილად კარგი თაობაა, რომელსაც თავის გატანა შეუძლია. 

-  თუმცა, ჭავჭავაძის გაგებით: „ვაი იმ ქვეყანას, საცა „მე“ ხშირია, და „ჩვენ“ იშვიათი“ - როგორ ფიქრობთ, არის ეს თაობათა შორის ბრძოლის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი? „მეს“ წინა პლანზე დაყენება არ თრგუნავს მათში ჰუმანურობას

- მართალია, ამას რამდენადაც კარგი მხარე აქვს, იმდენადვე შეიძლება იყოს დამაზიანებელი. ვფიქრობ, ოჯახიდანაც მოდის ბავშვების ეს დამოკიდებულება. თუმცა, იმ გარემოში აღზრდილი ბავშვისთვის, სადაც მისი უფლებებიც და ინტერესებიც დაცულია, ყოველთვის რჩება „ჩვენ“ პრიორიტეტული, თუ ბავშვი გრძნობს თანადგომას, მხარდაჭერას და ყურადღებას, ის იაზრებს, რომ ეს სწორია და თვითონაც აკეთებს იმავეს. თუმცა ბავშვებს, რომლებსაც ბრძოლა და მტკიცება უწევთ, რომლებიც მეტად რთულ გარემოში იზრდებიან და თავის გატანაზე არიან ორიენტირებულნი, რაც ვფიქრობ, დღევანდელ სამყაროში მნიშვნელოვანია, ისინი „მეს“ აქცევენ პრიორიტეტად. 

- აღნიშნეთ, რომ ახალი თაობა მეტად ჩაკეტილია - რა უნდა გააკეთოს სკოლამ, რომ ბავშვები უფრო სოციალურები გახდნენ? 

- ბევრს ვფიქრობთ ამაზეც, სკოლაში ისეთი აქტივობები უნდა დაიგეგმოს და ისეთი მატერიალური ბაზა შეიქმნას, რომ ბავშვებმა ერთმანეთთან მეტი დროის გატარება შეძლონ. ვფიქრობ, კარგი იქნება, მათ სკოლის შემდეგაც გააგრძელონ ურთიერთობა, თუმცა ამის ხელის შემშლელი ფაქტორიც მრავლადაა, განსაკუთრებით კვების საკითხი, რაც მოუგვარებელია. როცა ბავშვი მშიერია, ის საღად ვეღარ აზროვნებს; რომ იყოს შესაძლებლობა, ბავშვებს სკოლის შემდეგ სახლში გაქცევა არ უწევდეთ, შეეძლოთ სკოლაშივე კვება და გაკვეთილების შემდეგ ურთიერთობა, ტელეფონების გარეშე, ძალიან კარგი იქნება. ვფიქრობ, ასეთი ურთიერთობები მეტად გახსნის მოზარდებს, ისინი ისწავლიან სიყვარულს და აღარ იქნება ამდენი ბულინგი თუ ძალადობა. 

- ტექნოლოგიებზე, როგორც მოსწავლეებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორზე ვისაუბრეთ, თუმცა სასწავლო პროცესში მათ დადებით მხარეებზე რას გვეტყვით? 

- ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიები, იმდენად, რომ ვფიქრობ ყველა კლასი აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო ტექნიკით, მათი წყალობით, ბავშვებს ნასწავლ ნაწარმოებზე გადაღებულ ფილმებს ვაყურებინებ და მიხარია, რომ გვაქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ ყველაფერს თავისი ზომა აქვს, გააჩნია რა დოზით ხდება მათი გამოყენება, ტელეფონებმა სოციალური გარემო არ უნდა ჩაანაცვლონ. 

- თქვენს საგანზეც ვისაუბროთ... ახალი თაობა რამდენადაა დაინტერესებული ქართული ლიტერატურით? 

- ვერ ვიტყვი, რომ არ უყვართ მოსწავლეებს ქართველი კლასიკოსები, კითხვაც უყვართ, თუმცა შესამჩნევია, რომ თანამედროვე ლიტერატურით უფრო ინტერესდებიან. მე იმ პრინციპით ვმუშაობ, რომ მათ გავუღვივო ინტერესი ქართველი კლასიკოსებისადმი, მათი მწერლობა, ჩვენთვის, ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

- ბოლო პერიოდში ჰაგიოგრაფიის სწავლება საზოგადოების განხილვის საგანი გახდა - გაქვთ რაიმე მიდგომა, რომ მოსწავლეები მეტად დააინტერესოთ? ტექნოლოგიების ეპოქაში ბავშვებს სირთულეებთან შეჭიდება ნაკლებად მოსწონთ... 

- პირველ რიგში, ვეკითხები ჩემს მოსწავლეებს: როგორც ქართველმა, როგორ არ უნდა ვიცოდე, საიდან მოდის ჩემი ქვეყნის ლიტერატურა? - მათთან ამ საკითხზე ხშირად ვმსჯელობ და სიმართლე გითხრათ, მიკვირს, ჰაგიოგრაფიის სწავლებაზე რაიმე პროტესტი რომ არსებობს.

ცხადია, ენა, რომლითაც დაწერილია ეს ნაწარმოებები, შესაძლოა რთულად გასაგები იყოს მოსწავლეებისთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ ვისწავლოთ. ჩემი მიდგომა და მოსწავლეების დაინტერესება, მასალის მათთვის გასაგებ ენაზე მიწოდებით გამოიხატება, ვცდილობ, თითოეულ მოსწავლეს, გასაგები ენით ვესაუბრო და ამისთვის ინდივიდუალურადაც ვრჩები მათთან. აღსანიშნავია, რომ გვაქვს შესაბამისი წიგნები, სადაც თანამედროვე ქართული ენით წერია, მთავარია, მოსწავლეებმა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების მნიშვნელობა და არსი იცოდნენ. არა მარტო ჰაგიოგრაფიის ინტერესზეა საუბარი - ზოგადადაც, გვყავს ბავშვები, რომლებიც ნაკლებად ერთვებიან გაკვეთილში, თუმცა ვცდილობ, მათ იოლი ფორმით მივაწოდო ინფორმაცია! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ბავშვებს მეტი დრო დავუთმოთ, გაუგებარი საკითხები მათთან ინდივიდუალურად განვიხილო, ყველა ახალი მასალა, ნაწარმოები თუ ისტორია ცხოვრებასთან დავაკავშირებინო, პრაქტიკაში გადმოვატანინო და მათთვის სწავლების პროცესი ცხოვრებისეულ გამოცდილებად ვაქციო.

...ალბათ, გამომდის კიდეც, რადგან ძალიან მოწესრიგებული მოსწავლეები მყავს, შეიძლება ეს რიდისა და ჩემთან დამოკიდებულების გამო ხდებოდეს, თუმცა იმასაც ვეუბნები, რომ ერთი და ორი გაკვეთილის არსწავლა ტრაგედია არაა, ტრაგედიაა, როცა უპასუხისმგებლობას ეჩვევი. ჩემთვის მთავარი, მათში პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებაა. სიამაყით აღვვსილვარ, როცა კურსდამთავრებულებს ჩემთვის უთქვამთ: „თქვენ, რომ პასუხისმგებლობას მიგვაჩვიეთ, ამით ცხოვრებაში ძალიან ბევრი მოგვიგია“. 

- სასკოლო პროგრამაც განვიხილოთ, როგორც სპეციალისტი რას დაამატებდით ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო პროგრამაში? 

- ნამდვილად უნდა გადაიხედოს პროგრამა, პირველი, რაზეც არაერთხელ მიფიქრია, საჭიროა, რომ ნოდარ დუმბაძის სრული შემოქმედება შევიდეს პროგრამაში, არის მისი რამდენიმე ნაწარმოები, მაგრამ მგონია, რომ არასაკმარისია. დუმბაძე, ბიოგრაფიისა და ჭირ-ვარამის მიუხედავად, მაინც მზიანი გულის ადამიანად დარჩა, იმ პიროვნებად ქართულ ლიტერატურაში, რომელიც ღრმა ადამიანურ ბუნებას გაუღვიძებს ყველას. რაც მეტ სიყვარულს ვასწავლით, მით მეტს დავიბრუნებთ უკან, ნოდარ დუმბაძის შემოქმედება კი ამის გარანტი მგონია.

- ცხადია, თქვენი მოსწავლეობის პერიოდში, განსხვავებული პროგრამა იყო...  არის რამე, რასაც თანამედროვე სკოლაში გადმოიტანდით

- სამწუხაროდ, ისეთ დროს გავიზარდეთ, რომ აზრის გამოხატვისა და თამამად მსჯელობის შესაძლებლობა არ გვქონია. თანამედროვე ცხოვრების მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა. ჩვენ დროს საქართველოს ისტორიაც არ ისწავლებოდა, ფაქტობრივად, უკუღმა ვისწავლეთ, დღეს კი ასე აღარ არის, რაც ძალიან დიდი ბედნიერებაა. ქართულ ენაშიც დიდი პროგრესია, ჩვენი პროგრამა კომუნიზმზე იყო მორგებული, გვასწავლიდნენ იმას, რაც იმ რეჟიმში ითვლებოდა საჭიროდ, დღეს უსაზღვრო შესაძლებლობები იშლება ახალგაზრდებისთვის, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. ჩემი მოსწავლეობის პერიოდშიც ძალიან ბევრი კარგიც იყო, განსაკუთრებით, ერთიანობა, გვქონდა საერთო ინტერესები, ბავშვობა გვქონდა, რომელიც ბევრი სირთულის მიუხედავად ტკბილად გვახსენდება. 

- და ბოლოს, ქალბატონო მაია, რა არის ის მთავარი მიზანი, რაც ამდენი წელია გაჩერებთ განათლების სადარაჯოზე? 

- მთელი ცხოვრება იმ პრინციპით ვმუშაობ, რომ ნამდვილ ადამიანებად ჩამოვაყალიბო ჩემი მოსწავლეები. როცა კლასში შევდივარ და ბავშვების თვალებში ნაღველს ამოვიკითხავ, მთელი გულით ვცდილობ, რომ ეს სევდა სიხარულმა ჩააქროს. მინდა მთელი ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა ისე გავლიო, რომ ყველა ბავშვის თვალები ავაციმციმო.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

ვინ არ დაისვენებს უქმე დღეებში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა 

მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, პლაკატები, პოსტერები და ელექტრონული რესურსი აღნიშნულ თემაზე

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება