მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი სკოლის ხერხემალი, ვინც არამარტო მე, არამედ ყველა კურსდამთავრებული მიგვიყვანა იმ წერტილამდე, რომ წარმატებას მივაღწიეთ, გარდაიცვალა. პატივი მქონდა, ვყოფილიყავი იმ სკოლის მოსწავლე, სადაც ქალბატონი ლამარა კოხრეიძე ასწავლიდა. იგი თითოეული მოსწავლის განვითარებაზე ზრუნავდა და პირადად მეც, დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, მისი და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“, - ამ სიტყვებით იწყებს etaloni.ge-სთან საუბარს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული რომან სურმანიძე, რომლისთვისაც დირექტორი მისაბაძი მაგალითი და სანიმუშო ადამიანი იყო.
კურსდამთავრებულზე ყველაზე კარგად, ალბათ, ის ფაქტი მეტყველებს, რომ სანამ საკუთარ თავზე საუბარს დაიწყებდა, მანამდე ახსენა სკოლის დირექტორი - ლამარა კოხრეიძე, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ დამოკიდებულებას, მადლიერებას, სიყვარულსა და პატივისცემას, რაც აწ უკვე გარდაცვლილის მიმართ ჰქონდა.
თავად რომან სურმანიძეს რაც შეეხება, ბათუმში, პროფესიულ კოლეჯში შრომის უსაფრთხოებასა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიებს ეუფლება. გარდა ამისა, სხვადასხვა პროექტისა თუ ორგანიზაციის წევრია, მათ შორის, საქართველოს სტუდენტური პარლამენტისაც. სტუდენტი პროფესიული განათლების მნიშვნელობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადრე კოლეჯში სწავლა სათაკილო იყო, ახლა კი ეს დამოკიდებულება შეიცვალა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ რომან სურმანიძე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ აქტიური მონაწილე იყო. ახალგაზრდებს კი ურჩევს, რომ მის მიმდინარეობაში ჩაერთონ.
წარმატებული კურსდამთავრებული etaloni.ge-ს სტუდენტურ ცხოვრებაზე, არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე, სასკოლო აქტივობებსა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ესაუბრა.
- თავდაპირველად, რადგან თავადაც სკოლის დირექტორი - ლამარა კოხრეიძე ახსენეთ, მინდა გკითხოთ, რა როლი შეასრულა მან თქვენს ცხოვრებაში და როგორი დამოკიდებულება გქონდათ მის მიმართ?
- ქალბატონი ლამარა დიდთან დიდი, პატარასთან პატარა იყო. მისი მოსმენა და გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი იყო. მას მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება ჰქონდა - იყო საუკეთესო ლიდერი. რა თქმა უნდა, როგორც მოსწავლე და დირექტორი სუბორდინაციას ვიცავდით.
ჩემი აზრით, სკოლა ის ადგილია, სადაც ადამიანი განათლებას იღებს და იმავდროულად, ადამიანურ ურთიერთობებს სწავლობს. სწორედ ქალბატონი ლამარა იყო ის პიროვნება, რომელმაც ეს ურთიერთობები შეგვასწავლა. მასთან კონტაქტი ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. მახარებდა ის ფაქტი, რომ ხშირად ვხედავდი, რადგან თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლის უდიდესი გულშემატკივარი იყო. მოდიოდა ყველა ღონისძიებაზე, სადაც კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დასწრებას შეეძლო და ჩვენთან ერთად, რიგითი ჯარისკაცივით იდგა. აქვე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ როდესაც არაფორმალურ განათლებაზე ვესაუბრებოდი, თვალები ყოველთვის ბედნიერებისგან უბრწყინავდა.
- თქვენი საუბრიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ იგი თქვენთვის მაგალითი იყო...
- დიახ, სწორედ ასე იყო. დაგვაკლდა ყველას - დიდსა და პატარას. სკოლა რომ დღეს ასეთი ძლიერი და მედგარია, ამდენი წარმატებული კურსდამთავრებული რომ ჰყავს, სწორედ ქალბატონი ლამარასა და მისი გუნდის დამსახურებაა. ახლა კი, დირექტორს უკანასკნელ გზაზე მისი აღზრდილები აცილებენ.
- თავად ძალიან აქტიური მოსწავლე იყავით, არაერთ პროექტსა თუ ღონისძიებაში მონაწილეობდით, მათ შორის, „ეტალონში“. რაში დაგეხმარეთ ეს ყველაფერი, რა გამოცდილება მიიღეთ?
- მიმაჩნია, რომ არაფორმალური განათლება პიროვნული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს. გარდა ამისა, გვივითარდება ისეთი უნარები, როგორიც დროის მენეჯმენტი, გუნდურობაა და ა.შ.
ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო „ეტალონში“ მონაწილეობა. უნდა ვთქვა, რომ ჩემი სკოლა ამ პროექტის დიდი გულშემატკივარი იყო, არის და იქნება. ასევე, საყურადღებოა ის წარმატება, რასაც პატარა მოსწავლეები izrune.ge-ში აღწევენ. „ეტალონში“ მონაწილეობამ პირადად მე, გამაძლიერა, თავდაჯერებულობა შემმატა და საჯაროდ გამოსვლის შიში დამაძლევინა.
- სხვებსაც ურჩევდით ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობას?
- რასაკვირველია, ახალგაზრდები აუცილებლად უნდა ჩაერთონ, თანაც, მათ ამის შესაძლებლობა უფასოდ აქვთ. ჩემი აზრით, „ეტალონი“, სკოლების წარმოჩენის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. ასევე, izrune.ge დიდ როლს თამაშობს მოსწავლეთა ცხოვრებაში. ჩვენი ახალგაზრდები მასში დაწყებითი კლასებიდანვე ძალიან აქტიურად არიან ჩართულები. ეს ფაქტი მახარებს, ამიტომაც „ეტალონის“ გუნდს, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდით დგას და ჩვენი მხარდამჭერია წარმატებებს ვუსურვებ და მადლობას ვუხდი. „ეტალონის“ უდიდეს როლს სასკოლო საზოგადოებაც ყოველთვის აღნიშნავს.
- რაც შეეხება თქვენს არჩევანს, სწავლის გაგრძელება პროფესიულ კოლეჯში რატომ გადაწყვიტეთ?
- თავდაპირველად, ვიტყვი, რომ არაფორმალური განათლება შესაძლებლობების გამოვლენაში გვეხმარება. მაგალითად, ჩემს ერთ მეგობარს ტექნიკური საგნები უყვარდა, სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ ლიტერატურაც ძალიან მოსწონდა და ლექსების წერა დაიწყო. ამით იმის თქმა მინდა, რომ არაფორმალურმა განათლებამ სხვადასხვა მნიშვნელოვანი რამ დამანახა. გვეხმარება საკუთარ თავში ის უნარები აღმოვაჩინოთ, რითაც შეიძლება დავსაქმდეთ. საქართველოში, მით უმეტეს, ბათუმში არ გვყავს მაღალკვალიფიციური კადრები მშენებლობაში, შრომის უსაფრთხოებაში. ამიტომაც, ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელება როგორც საინტერესო, ასევე პერსპექტიულია.
- საინტერესოა, პროფესიულ კოლეჯში სწავლა რამდენად პოპულარულია? თქვენ გარშემო ბევრმა ახალგაზრდამ აირჩია?
- დიახ, პროფესიულ კოლეჯში სწავლა ჩემმა ბევრმა მეგობარმა გააგრძელა. იქ ახალგაზრდები მაღალანაზღაურებად პროფესიებს ეუფლებიან, მაგალითად, სარესტორნო კონდიტერიას, საგზაო მშენებლობასა და ა.შ. როგორც უნივერსიტეტი, ისე პროფესიული განათლება შესაძლებლობას გვაძლევს, რომ განვვითარდეთ. ადრე პროფესიული განათლება თითქოს სათაკილო იყო, ახლა ეს ტენდენცია შეიცვალა.
- გარდა სწავლისა, რას საქმიანობთ, როგორი სტუდენტური ცხოვრება გაქვთ?
- სწავლის გარდა, არაფორმალური განათლების მიმართულებით, სხვადასხვა პროექტში ვარ ჩართული. ვარ საქართველოს სტუდენტური პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე. მის ფარგლებში, არაერთ საინტერესო აქტივობას ვგეგმავთ. გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამაში მოხალისეობრივად ვმონაწილეობ. ასევე, სხვადასხვა ფორუმში ვარ ჩართული. ჩემი აზრით, არ არსებობს ასაკი, როცა განვითარება გვიანია.
- ბოლოს, ერთიანი ეროვნული გამოცდები სულ უფრო ახლოვდება, თქვენ, როგორც წარმატებული სტუდენტი, რას ურჩევდით აბიტურიენტებს, მომავალი პროფესია რის მიხედვით აირჩიონ?
- პირველ რიგში, რასაკვირველია, შრომითი ბაზრის მიმოხილვა მნიშვნელოვანია, მაგრამ, მეორე მხრივ, უმნიშვნელოვანესია არჩევანი საკუთარი სურვილით გააკეთონ. ძალიან კარგი იქნება, თუ სკოლაში პროფორიენტაციის მიმართულებით იმუშავებენ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვიცი, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს, თუმცა თავიანთი პროფესია არ უყვართ. ეს, რა თქმა უნდა ძალიან ცუდია და ცოდოა ის სტუდენტი, რომელსაც თავისი მიმართულება არ მოსწონს. ვურჩევდი, სხვადასხვა ტრენინგს დაესწრონ, რომლებიც პროფორიენტაციის კუთხით ტარდება, დაფიქრდნენ და არჩევანი ისე გააკეთონ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...